მამა ეფრემ ფილოთეველი
გვსურს ჩვენს მკითხველს შევთავაზოთ თანამედროვე ღირსი მამის, ეფრემ ფილოთეველის მშვენიერი წიგნი, სადაც ის ათონზე მისვლასა და მამა იოსებ ისიქასტის გვერდით გატარებულ წლებზე ჰყვება.
წიგნი 2008 წელს გამოიცა საბერძნეთში და მართლაც სახელმძღვანელოა თანამედროვე ბერმონაზვნობისთვის.თავი პირველი
ერში. გერმანული ოკუპაციის პირველ წლებში, როცა სამუშაოს გამო სკოლაში სწავლა მივატოვე, ვოლოსის მეძველსტილეთა ორი ეკლესიიდან ერთ-ერთში სამრევლო მღვდლად მთაწმინდელი მღვდელმონაზონი მოვიდა. მისი მოძღვარი იყო მამა იოსებ ისიქასტი - ის მას ასე ეძახდა. ეს მთაწმინდელი მღვდელმონაზონი იმ დროს ჩემთვის უძვირფასესი მრჩეველი და შემწე შეიქმნა სულიერ ცხოვრებაში. მე ის ჩემს მოძღვრად ავირჩიე და მისი მონათხრობისა და რჩევების წყალობით მალევე ვიგრძენი, რომ გულს სოფლიდან განდგომა და მთაწმინდაზე წასვლა სურდა. განსაკუთრებით მაშინ ავენთე, როცა მამა იოსების ცხოვრებაზე მომიყვა და უფრო მხურვალედ დავიწყე ლოცვა, რათა მალე გამეცნო იგი. ვცდილობდი, რამდენადაც ეს ბავშვისთვის არის შესაძლებელი, ერში მეღვაწა. 14 წლიდან მონაზვნობა მსურდა. მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მამა ეფრემმა მითხრა: - იანიკის (იოანეს კნინობითი ფორმა), შენ ჯერ ვერ შეძლებ, მონაზონი რომ გახდე, ძალზე ნორჩი ხარ, მოიზრდები და ვნახოთ.
დედაჩემი მონაზონივით ცხოვრობდა, გულმოდგინედ მარხულობდა, ლოცულობდა, სათნო ადამიანი იყო და მონაზვნობა უყვარდა. ყოველთვის გვერდით ვყავდი, რადგან, როცა ჩვილი ვიყავი, მას ღვთისგან ეუწყა, რომ მონაზონი გავხდებოდი. მან ლოცვისას ვარსკვლავი დაინახა, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და მთაწმინდისკენ გაფრინდა. ამ დროს მას ხმა მოესმა, - შენი სამი შვილიდან ეს ერთი იცოცხლებსო. დედაჩემს შეეშინდა: - ვაიმე, ორი შვილი მომიკვდება და ეს ერთიღა დამრჩებაო.
მან არ იცოდა, რომ ეს წინასწარმეტყელება ასე უნდა განემარტა: ბავშვებიდან ერთი ღმერთთან ახლოს იცხოვრებდა. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ეს ხილვა ჩემს მთაწმინდაზე წასვლას ეხებოდა. ამიტომაც მმეთვალყურეობდა ასე მკაცრად და განშორების ნებას არ მაძლევდა, რათა ღვთისთვის, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, წმინდა ძღვენი შეეწირა. თვითონ იგი იყო ჩემთვის სამაგალითო ადამიანი. ხშირად მინახავს, ჩაიკეტებოდა სამზარეულოში და მთელი საღამო მუხლმოდრეკილი აცრემლებული ლოცულობდა.
რამდენადაც დედაჩემი ყურადღებით მადევნებდა თვალს, ღვთის მადლით, ძალზე მკაცრი იყო ერში ჩემი ცხოვრება. როგორც უკვე ვთქვი, მომიწია სამუშაოს გამო სკოლის მიტოვება, რამეთუ ოკუპაციის მძიმე წლებში შიმშილი ჩვენი ყოველდღიური ტიპიკონი იყო. უჭმელობის გამო ძლივსღა ვიდექით ფეხზე.
ძირითადად მამაჩემის სადურგლო სახელოსნოში ვმუშაობდი, მაგრამ ზოგჯერ მიწევდა ქალაქის ბაზარში ქინაქინა, ღილები, ასანთი მევაჭრა. ოჯახის დასახმარებლად, რასაც შევძლებდი, ვყიდულობდი და მაშინვე მეტ ფასად ვყიდდი და მუდმივად ვრისკავდი, რომ გერმანელებს ან იტალიელებს არ ჩავვარდნოდი ხელთ.
ერთხელ გერმანელებმა ჩემი ძმა და მეგობრები შეიპყრეს, უწვერული ყმაწვილები. მათ კონდახით სცემდნენ, თითქოსდა უკანონოდ ვაჭრობდნენ ბაზარში. სინამდვილეში საქონლისა და ფულის წართმევა სურდათ. გავოცდით - კეთილშობილი ჯარისკაცები პატარა ბავშვებს იმის გამო სცემდნენ, რომ ისინი ასანთს და რაღაც სამოსს ყიდდნენ ბაზარში.
მეორე შემთხვევა, რომელიც ცხოვლად შემომრჩა მეხსიერებაში - როგორ დახვრიტა გესტაპომ ბერძნები და კომენდატურის გვერდით ჩამოკიდა. წამებულებს ხელები დასივებული ჰქონდათ, რადგან მათ ფრჩხილებქვეშ ნემსებს უყრიდნენ. მათი გვამები რამდენიმე დღე ეკიდა სხვათა ჭკუის სასწავლებლად.
ამ მძიმე წლებში ჩვენი ერთადერთი სასოება და ნუგეში გახლდათ ღმერთი. როგორც კი სამუშაოს დავასრულებდი, მე და დედაჩემი მივდიოდით ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე და აღსარების სათქმელად მამა ეფრემთან. ის ჩვენ ამ წუთისოფლის მერყეობაზე, ღვთის სიყვარულზე, აღსარებაზე, გონებისმიერ ლოცვაზე, მამა იოსებსა და მთაწმინდაზე გვესაუბრებოდა. ასე თანდათანობით ჩემში გაიზარდა სურვილი, რომ თავი ღვთისთვის მიმეძღვნა.
იმ დროს შიმშილმა და მალარიამ სიკვდილის კალო დაატრიალა. მეც ავად გავხდი, არ ვიცი, რით. მუდმივად სიცხე მქონდა. იძულებული გავხდი, საავადმყოფოში დავწოლილიყავი. ექიმებმა იმ დროს არასაკმარისი საშუალებებით ვერ შეძლეს დაედგინათ, რა მჭირდა და სიკვდილის პირას ვიყავი. საბოლოოდ გამომწერეს და მთელი ეს მოვლენები დამეხმარა, რომ შემეცნო, თუ რამდენად ცრუ და ამაოა მიწიერი ცხოვრება. ამგვარად გამიმტკიცდა მონაზვნებობის სურვილი.
გავიდა წლები. 19 წელი შემისრულდა. ერთი თვით ადრე, ვიდრე სოფელს დავტოვებდი, ვოლოსელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მთაწმინდას სტუმრებოდნენ და მამა იოსებიც მოენახულებინათ. მასზე ვოლოსში ბევრი რამ იცოდნენ, ვინაიდან ჩემი მოძღვარი მისი მორჩილი იყო და ხშირად იმეორებდა: "მამა იოსები მოსაგრე და წმინდა კაციაო".
ამ განწყობით ზოგიერთმა დედაკაცმა მოინდომა მთაწმინდაზე რაღაც ნივთები და პროდუქტი გაეგზავნათ. მსურდა ბიჭებთან ერთად წავსულიყავი ათონზე, მაგრამ ვინ გამიშვებდა! - მამაჩემს არ შეეძლო ამგვარი რამის ნება მოეცა... მე ვმეგობრობდი ამ ბიჭებთან, თუმცა ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ. მინდოდა, მათ მამა იოსებისთვის ჩემგან რაიმე გადაეცათ. ღარიბ-ღატაკს არაფერი მებადა. შევედი სახლში, გამოვაღე დედაჩემის კარადა და იქ ცოტაოდენი ვერმიშელი ვიპოვე. პატარა ტომარაში ჩავდე და წერილი დავწერე: "მამა იოსებ, გიგზავნით ამ ამანათს, ჩემი თქვენდამი სიყვარულის და პატივისცემის მცირე მოწმობას. გთხოვთ, ილოცეთ ჩემი ცხონებისთვის. ვეამბორები თქვენს მარჯვენას. იოანე". ასე მეძახდნენ ერში. ამანათი ბიჭებს გავატანე. ბიჭები მივიდნენ მამა იოსებთან და მან ამანათების გახსნა დაიწყო. ჩემი ამანათის გახსნისას თქვა: - ეს ბავშვი აქ მონაზვნად შედგებაო.
ბიჭებმა უპასუხეს: - ეს გამორიცხულია. მას მოძღვარი არ უშვებს, ვინაიდან იგი მონასტრის აშენებას აპირებს, იოანეს კი თავის შემცვლელად ამზადებსო.
- ის აქ მოვა, შენ წახვალ ერში და დაბრუნდები მონაზვნად აღსაკვეცად, შენ კი მღვდელი გახდები და ერში დარჩები, ხოლო შენ მეტად აღარ მოხვალ მთაწინდაზე, - სათითაოდ უთხრა მოძღვარმა ბიჭებს, რაც ელოდათ.
ყველაფერი, რაც თქვა მოძღვარმა, აღსრულდა. ბიჭები დაბრუნდნენ და მისი ნათქვამი გადმომცეს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. ანუ არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ მასთან მივიდოდი და სავსებით დამავიწყდა. როცა წერილი გავგზავნე, მაშინ მთაწმინდაზე წასვლის მიზანი არ მქონია. მინდოდა მონაზვნად აღვკვეცილიყავი, მაგრამ თუ სად, ვერ გადამეწყიტა. მე ჯერ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა ჩემს მომავალზე, მაგრამ ეს საღმრთო გამოცხადებით უკვე იცოდა მამა იოსებმა.
ამასობაში მამა ეფრემმა მითხრა: - დარჩი ჩემთან, მე მონასტერს ავაშენებ, შენ მე მჭირდები, შენს გარდა არავინ მყავს. დავეთანხმე.
თუმცა გულისთქმა მარწმუნებდა, რომ მონასტრის აშენებას ვერ მოახერხებდა. ოთახში ჩავიკეტე და ლოცვა დავიწყე: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, განმიღე კარი შენი და შემიყვანე. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, განმიღე კარი მოწყალებისა შენისა და შემიყვანე შენთან".
ხშირად ჩავუვლიდი ხოლმე ციხეს. იქ იყო წმინდა ელეფთერის ეკვდერი, სადაც პატიმრებისთვის მოწყალებას ტოვებდნენ. იქ ჩავლისას ვტოვებდი, რაც მებადა და წმინდა ელეფთერს შევთხვდი განთავისუფლებას, მონაზვნად წასვლა რომ შემძლებოდა. მრცხვენოდა, ეს მოძღვრისთვის მეთქვა, ამიტომაც მივწერე. ცოტა გაბრაზდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დამამშვიდა და შეურიგდა ამას: "წადი, ჩემო შვილო, მე წინ არ აღგიდგები".
ვიდრე მთაწმინდაზე გავემგზავრებოდი, ერთი მონაზონი გავიცანი, რომელმაც შემომთავაზა, მასთან ერთად მეღვაწა. დავთანხმდი და მასთან ცხოვრება გადავწყვტე, მაგრამ ღმერთი წინ აღუდგა. მან გულისხმაყო ჩემი მოძღვარი და დედაჩემი. მათ სათითაოდ მითხრეს: - არა, იქ არ წახვალ, მე შენ ჩვენს მოძღვართან, მამა იოსებთან გაგგზავნი.
- მაკურთხე, - ვუპასუხე, მაგრამ სიამაყე მომეწყლა. მიუხედავად ამისა, ყური ვუგდე დედის რჩევას და დავემორჩილე მის გადაწყვეტილებას რწმენით. ღმერთმა ღირსმყო, ბერდიდ მამა იოსების სახით შემეძინა სულიერი დამრიგებელი და ზეცისა შუამდგომელი.
კურთხეულ იყოს ის დღე და ის წამი, როცა უფალმა და ღმერთმა ჩემმა დამარიგა და დავუჯერე მოძღვრის რჩევას და ჩემს ღირს დედას (მამა ეფრემმა თავისი დედა 1962 წელს თეოფანიას სახელით დიდი სქემით შემოსა ვოლოსში, ოდიგიტრიას მონასტერში, იგი 1986 წელს გარდაიცვალა), რომელმაც მკაცრად მიბრძანა, მამა იოსების მორჩილი გავმხდარიყავი. იქ რომ წავსულიყავი, სადაც მინდოდა, დავმარცხდებოდი. ვინ დაიღუპა, ვინც საკუთარ მოძღვარს დაუჯერა?
თავი მეორე
მთაწმინდაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს ჟამიც დადგა. 1947 წლის სექტემბერს პატარა გემმა მიგვიყვანა სოფლიდან მთაწმინდაზე - თითქოსდა ამსოფლიური ცხოვრების ნაპირიდან საპირისპიროდ მდებარე მარადისობის ნაპირზე. დაფნაში შევედით, ათონის მთავარ ნავსადგურში. გემიდან ჩასული, რამდენიმე ადამიანთან ერთად ნავში ჩავჯექი, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტისკენ მიცურავდა და ყოველ მონასტერთან ჩერდებოდა. მონასტერსა და მამებს ისე ვუცქერდი, როგორც ციხეში დამწყვდეულ ტუსაღებს და ჩემთვის ვამბობდი: როგორ შეუძლიათ მონაზვნებს აქ ცხოვრება? თვითონ შენ ამას როგორ გაუძლებ? სად მიდიხარ? სრულიად გამოუცდელი ვიყავი. აქამდე არსად არ ვყოფილვარ ეკლესიის, ბაზრისა და მამაჩემის სახელოსნოს გარდა. ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავდი, ჩემთვის სიახლე იყო. აქამდე არსად მიმოგზაურია და ახლა მივდიოდი სოფლიდან საკუთარი ნებით და არ ვიცოდი, სად.
ეშმაკებმა ყოველი მხრიდან გულისთქმები მომაყარეს: "როგორ წახვალ იქ და დაეყუდები? ვაი შენ! დაბრუნდი უკან!" თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი, როგორც ხორციელად, ისე სულიერად. ჩემს გვერდით, ნავში ერთი მონაზონი იჯდა. ის გალობდა "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ". მშვენიერ განწყობაზე იყო, მე კი გულისთქმებით ვდუღდი და ვშფოთავდი. მას გალობა შევაწყვეტინე:
- მამაო, სად არის მამა იოსების კალივა?
- რატომ მეკითხები?
- იქითკენ მივდივარ.
- რატომ მიდიხარ?
- რათა მონაზონი გავხდე.
მან თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
- შენ ამისთვის მიდიხარ იქ?
- დიახ.
- შენ ეს ადგილი არ გამოგადგება. იქ მარხვა, მღვიძარება და მუხლთადრეკაა. ხელი მოგწყდება ჯვრის გამოსახვით. ვერ შეძლებ იქ ცხოვრებას.
მანამდე დიდხანს ვავადმყოფობდი. მაღალი სიცხე მქონდა და ექიმებმა ვერ გაარკვიეს, რა მჭირდა. სახელოსნოში ყოველდღე ვმუშაობდი, ხშირად მშიერი, მისუსტებული.
- თუდაც ხელ-ფეხი მომძვრეს, მაგრამ მე მამა იოსებთან წავალ! სად არის? ხომ არ მაჩვენებთ?
- ხედავ იმ მთის პატარა თეთრ კალივას? იქაა.
თვალი მოვკარი თუ არა კალივას, ნათელი ვიხილე! იქ თავისუფლებაა! იქ არ არის ციხე. დავმშვიდდი. ღვთის ნება იყო ჩემი იქ წასვლა.