კურნება. 90-ე ფსალმუნთან კურნების კიდევ ერთი შემთხვევაა დაკავშირებული. ერთელ ჩვენთან, ნოვოსიბირსკში, ამაღლების ტაძარში ერთი ხნიერი კაცი მოვიდა, სახელად ნიკოლოზი, და შემომჩივლა:
- მამაო, სკოლის IVკლასიდან მოყოლებული, ცუდად მესმოდა, ახლა კი ოდნავღა მესმის, ამასთან ღვიძლი მაწუხებს, კუჭიც მტკივა.
- მარხვებს იცავ? - ვეკითხები.
- არა, რა მარხვები! სამუშაოზე რაც მოაქვთ, იმას ვჭამ.
არადა დიდი მარხვის მეხუთე კვირა იდგა.
- ნიკოლოზ, - ვუთხარი მას, - აღდგომამდე მხოლოდ სამარხვო საჭმელი ჭამე და ყოველდღიურად 90-ე ფსალმუნი წაიკითხე.
აღდგომის მერე ნიკოლოზი აცრემლებული მოვიდა, თან ძმაც მოიყოლა.
- მამაო, ღმერთმა გიშველოს!.. აღდომას როცა "ქრისტე აღსდგა" იგალობეს - ვერაფერი გავიგონე. ვიფიქრე, მოძღვარმა მითხრა, - იმარხულე, ღმერთი შეგეწევა, მე კი როგორი ყრუც ვიყავი, ისეთივე დავრჩი-მეთქი. ამის გაფიქრებაზე ყურებიდან საცობებივით გამომივარდა რაღაც. იმ წამიდან ნორმალურად მესმის.
აი, რას ნიშნავს მარხვა, აი, რას ნიშნავს ლოცვა. ძალზე გვჭირდება ჩვენ წმინდა სინანულით ლოცვა - პურზე და წყალზე მეტად. ჭიქაში ამღვრეული წყალი რომ იდგეს, არ დავლევთ. უფალსაც ასევე სურს, რომ აუმღვრეველი წმინდა ლოცვა გადმოიღვაროს ჩვენი სულებიდან და ჩვენგან წრფელ სინანულს ელის... ამისთვის მოგვეცა დროც და თავისუფლებაც. ოღონდ კი მისწრაფება გვქონდეს.
მაცნე. ფრონტიდან დაბრუნების მერე ტომსკის ოლქში, სოფელ გრიშკინოში დავიწყე მუშაობა გამყიდველად. არადა სემინარიაში ჩაბარება ან მონასტერში წასვლა მინდოდა, მაგრამ სამსახურიდან არ მიშვებდნენ.
იდგა 1948 წელი. მაშინ მოხდა შემთხვევა, რომლის გახსენებაც აუღელვებლად არ შემიძლია. საღამოს შვიდი საათი იყო, სამუშაო დღე უკვე დასრულდა. უეცრად მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა - დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. შესახედაობით 55 წლისას ჰგავდა, ძალზე კეთილი სახე ჰქონდა, მაშინვე კეთილად განვეწყვე მისადმი - სახე ხომ სულის სარკეა. უცნობმა კარი გადარაზა და მითხრა:
- დაიჩოქე, ვალენტინ, პირით აღმოსავლეთით, სამჯერ გამოისახე ჯვარი, მისმინე: მე შენს წარსულ და მომავალ ცხოვრებაზე მოგიყვები, შენს მეგობრებზე, ის, რაც თავს გარდაგხდა. ყურადღებით მომისმინე.
ნელა საუბრობდა, თითქოს სურდა, რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა გამეგო და დამემახსოვრებინა. მომიყვა, თუ სად, როდის, რა შემემთხვა, აღმიწერა ყველა ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მიხსენა ჩემი ნათესავები და მეგობრები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი და ვომობდი. მომიყვა ჩემს ჭრილობებზე, ოპერაციაზე, მომავალ სნეულებაზე.
უნდობლად გავიფიქრე: "შეუძლებელია, მან ეს ყველაფერი იცოდეს! საიდან იცის, რომ ბლოკადაში ვიყავი?" როცა იმ კაცმა მითხრა, რომ ბეჭებში ნაღმის ნამსხვრევი მქონდა, შეძრწუნებული ავტირდი - აქ, ციმბირში, ხომ არავინ არაფერი იცოდა ამ ნამსხვრევზე, არავინ! გავიფიქრე: თუ სად ვიყავი, ამან შესაძლოა იცის, ვაითუ მზვერავია. თუ რა მედლები მქონდა და რისთვის, ამის შეტყობა ძნელი არ იყო, სუკი კარგად მუშაობდა, მაგრამ მეორე და მესამე მალას შორის ჩაჭედილი ნამსხვრევის შესახებ მშობლებისთვისაც არ მითქვამს - არ მინდოდა ენერვიულათ. ვიფიქრე, ტკივილს დავითმენ-მეთქი.
შემდეგ ეს კაცი მეკითხება:
- გახსოვს, როცა ექვსმა კაცმა მოილაპარაკეთ, რომ არასოდეს შეიგინებდით და ერთმანეთს არ აწყენინებდით?
- როგორ არ მახსოვს, - ესღა ვუთხარი (ჩემი მეგობარი ჯარისკაცების გარდა, ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა?!).
შეძრწუნებულს ცრემლები წამომივიდა, - მან ყველაფერი იცის. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს ასეთი საიდუმლოებები - მე არასოდეს არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ. ანდა ვის სჭირდებოდა ამის მოთხრობა?
- თქვენ ილოცეთ, უფალს შესთხოვეთ, რომ ცოცხლები დარჩენილიყავით. გადარჩით. არადა ნახე, რომ გარშემო გვამები იყო მიმოფანტული? თუ თქვენ დედას შეიგინებოდით ანდა ცუდ სიტყვას იტყოდით - ასევე იწვებოდით და ახლა თქვენი ძვლებიც არ იქნებოდა. აი, რას ნიშნავს დედის გინება და რას ნიშნავს ლოცვა... ყველას უთხარით, რომ არასოდეს შეიგინონ...
ბევრი რამ მითხრა ამ კაცმა მომავალზე. ის, რაც დღეს ხდება და მოგვიანებით მოხდება. იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები მილიონებს მიიღებენ ხელფასად, ორ-სამ მილიონსაც და მეტსაც.
- შენც მილიონერი იქნებიო! - მითხრა.
გავოცდი: - რა ვუყო მერე იმ მილიონებს?!
მაშინ, 1948 წელს, 46 მანეთს ვიღებდი ხელფასს. მითხრა: - ნუ იჯავრებ, ეს ფული ფუჭი იქნებაო.
რას ნიშნავს ფუჭი? მაშინ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. როგორ დამეჯერებინა? მილიონი და ფუჭი? დიდად აღარ აუხსნია: - მერე გაიგებ!
და აი, 90-იან წლებში გასაგები გახდა, როგორი "მილიონერები" გავხდით. მხოლოდ ნულები იყო!
მანვე მითხრა, რომ მალე ეკლესიების მშენებლობას დაიწყებენ, ცხოვრება კი უფრო და უფრო გაუარესდება. თქვა, რომ მართლმადიდებლების უკანასკნელი დევნა იქნება, მაგრამ როდის, ზუსტად არ უთქვამს. მერე კი თქვა: - მე შემიძლია მოგიყვე შენი მომავალი ცხოვრების თითოეულ დღეზე, მაგრამ ვერ დაიმახსოვრებ. არც არის საჭირო...
რაც მიწინასწარმეტყველა - ყველაფერი ასრულდა. მომიყვა ბარდსკის ეკლესიასთან აღმართულ ფიჭვის ხეებზე, სადაც მე უნდა მემსახურა. ამ ხეებისგან ახლა ანალოღიაა გაკეთებული... ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ღვთის კაცმა იცოდეს. არ ვიცი, ის ზეციური ანგელოსი თუ იყო, ადამიანის სახემიღებული, - ვერ განვსჯი! მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ამბობდა. წმინდა გამოხედვა ჰქონდა! მისგან თითქოს მადლი მოედინებოდა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს.
"ახლა მორწმუნე ხალხი გვჭირდება". იმავე მაცნემ ჩემს მომავალ მეუღლეზეც მიწინასწრმეტყველა. ვერ ვიტყვი, რომ მისგან ამ სიტყვების მოსმენა ძალზე გამიხარდა, - შენ უნდა დაქორწინდე.
არ დავმალავ - მე მაშინ სხვა გეგმა მქონდა. ვცოდი, რომ ძნელი იყო ოჯახის გაძღოლა, ბავშვის გაზრდა. ვფიქროდი: მე კი მწამს, მაგრამ ბავშვები როგორები გაიზრდებიან? მაშინ ხომ ღვთის სიტყვების გამო ციხეში სვამდნენ, ხვრეტდნენ, მე კი ეს მაფრთხობდა.
ამიტომაც შევეწინააღმდეგე, - არ მინდა დაოჯახება-მეთქი. მან მიზეზები დამისახელა, რატომაც არ მინდოდა დაოჯახება, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი. მერე კი ისე მითხრა, თითქოს ბრძანება წამიკითხა:
- შენ უფალი გაკურთხებს, რომ დაქორწინდე!
მე კი კვლავ ვეწინააღმდეგებოდი.
- ავადმყოფი ვარ, უძლური, ცოლქმრული ცხოვრებისთვის უმაქნისი.
- ჰოდა, უფალი მოგცემს მოთმინებას. მოვა აქ მხევალი ღვთისა ანტონინა, ექიმად იმუშავებს, შენ მას გაიცნობ, მერე კი დაქორწინდებით.
ბოლო ხავსღა ვეჭიდებოდი: - ჩემს გარშემო ისედაც ბევრი ხალხია.
- არა, - თქვა მან, - მორწმუნე ადამიანებია საჭირო. ახლა უფრო მეტი ურწმუნო აჩენს შვილებს და რწმენასთან არ მიჰყავს. თქვენ კი შვილებს რწმენას ასწავლით.
მაშინ კი დავდუმდი, აღარაფერი მითქვამს, გავიფიქრე: - ეს მაინც ჩემი ნება არ არის-მეთქი.
ცოტა ხანი გავიდა, დაახლოებით ორი წელი - და ეს სიმართლე გამოდგა. სოფელ მაკარევკაში ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა. შემოვიდა მაღაზიაში, სადაც ვმუშაობდი, შევათვალიერე და ვკითხე:
- დიდი ხნით ჩამოხვედით?
- ვფიქრობ, რომ დიდი ხნით. აქ ექიმად ვიმუშავებ, - მითხრა.
- რა გქვიათ?
- ანტონინა.
"ანტონინა! - გამახსენდა, - ექიმი ანტონინა, მე ხომ მასზე მაცნემ მაუწყა!"
- საიდან ხართ? - გავაგრძელე გამოკითხვა.
- ვოლგიდან.
- მორწმუნე ხართ თუ არა?
- მორწმუნე ვარ.
საუბარი გავაბით. გავიცანით ერთმანეთი, შინ რამდენჯერმე მივიპატიჟე. საკუთარ თავზე ყველაფერი მოვუყევი. მანაც მიამბო: მამა ფრონტზე დაღუპვოდა, უმცროსი ძმა ჯერ კიდევ სწავლობდა. სამი თვის მერე ოჯახი შევქმენით, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ, რადგან ეკლესიები მაშინ ჩვენთან ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, შორს წასვლასაც ვერ ვახერხებდით, ისიც მუშაობდა და მეც.
- კარგი, როგორმე მოვახერხებთ წასვლას და ჯვარს დავიწერთ, - ვუთხარი ცოლს.
ისიც ასე ფიქრობდა.
50-იან წლებში ვაჟი შეგვეძინა, ვლადიმერი. მაშინ ვთქვი: - უფალო, დაე, მან მხოლოდ ღმერთი ადიდოს, ჩვეულებისამებრ კი არა, ღვთის სადიდებლად იცხოვროს.
მეორე ვაჟზე, ნიკოლოზზეც ასევე ვლოცულობდი, მესამე ვასილიზეც, ქალიშვილზეც. მთელი ეს ხანი უფალს შვილებზე შევთხოვდი, რადგან მე მიწინასწარმეტყველეს: მორწმუნე ხალხია საჭიროო. ვცდილობდი, ისინი რწმენით აღმეზარდა. სამივე ვაჟი მღვდელი გახდა. ვლადიმერი და ვასილი ჩვენთან, ციმბირში მსახურობენ. ნიკოლოზი კი პეტრეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა და ბელორუსში ჟიროვიცკის მიძინების სახელობის მონასტრის იღუმენია. "რწმენა არ მქონდა და უფალმა შემიწყალა".
წინასწარმეტყველება. 1948 წელს, როცა საკვირველ მაცნესთან ერთად ღვთის წინაშე მუხლებზე ვიდექი, შიშითა და თრთოლით დავუჯერე მას, მისი სიტყვა ჭეშმარიტად მივიღე. რწმენით მივიღე ამ კაცის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: - დადგება დრო, როცა ბარნაულში უფალი ქალს მკვდრეთით აღადგენს, მას კლავდია ერქმევა და შენ მასთან ხუთჯერ მიხვალ. მერე კი ადამიანებს მოუყევი, ეს ყველაფერი თუ როგორ მოხდა. თავიდან გუნდში იგალობებ, მერე კი ღვთის დიდებას დაიწყებ.
ეს ყველაფერი 1948 წელს მოხდა, ანუ ბევრისთვის ცნობილი ბარნაულის სასწაულამდე 16 წლით ადრე! ღვთის წინაშე უფლის სახელით ვმოწმობ: ჭეშმარიტებას ვამბობ! ამ სიტყვების გამო ღვთის წინაშე საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი