თქვა ბერმა: - ადამიანებთან კადნიერება ლოცვაში კეთილ კადნიერებად შეგიძლია გადააქციო, ხოლო ყბედობა - ღმერთთან მუდმივ საუბრად.
სული არ იღლება ღმერთთან საუბრით, ვინაიდან ლოცვა დასვენებაა. ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ვიღაც სნეულისთვის ვლოცულობთ, ლოცულობენ სხვებიც. ბოლოს ის კვდება და ზოგიერთი გაოცებული იკითხავს, - ღმერთმა რატომ არ შეისმინა ჩვენი ლოცვებიო. მათ არ იციან, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვები, მაგრამ მან რაღაც მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდებოდა მაშინ, თუ ღმერთი მას აცოცხლებდა. ვადიდოთ ღმერთი.
ერთმა მოხუცმა მონაზონმა თქვა: - მონაზვნებისთვის კლდეები დიდებული პალატებია, მღვიმეები - სამეფო დარბაზები, მათი საბანი ზეცაა, საწოლი - მიწა; მათი საკვები თხილი და ბალახია, მეზობლები კი გარეული ცხოველები.
შეწევნის მისაღებად ადამიანს გულში მიმღები მომართული უნდა ჰქონდეს, რათა სხვისგან შეტყობინება მიიღოს. ვისაც გულში მიმღები გამორთული აქვს, მათთვის ღმერთს უნდა შევევედროთ, რომ ეს მიმღები ჩაურთოს, შემდეგ უნდა გადავცეთ უფლის ღვთაებრივი სიტყვა. მიუახლოვდი ადამიანებს, რამდენადაც შეძლებ, უბრალოდ, თავმდაბლობით და ჭეშმარიტი სიყვარულით. შენიშვნები მიეცი მხოლოდ სერიოზულ შემთხვევებში, დანარჩენ დროს კი ისეთი სახე მიიღე, თითქოს ვერ ამჩნევდე. ვინაიდან ხალხს სულში შფოთი და დაღლილობა აქვს და არ ძალუძს მუდმივად თუნდ სწორი შენიშვნების მოსმენა.
მღვდლობა ადამიანისადმი ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა, - ასე ამბობდა ივერიელი მღვდელმონაზონი ათანასე. ღმერთმა შეგვიყვარა და ამიტომაც გაგვხადა მღვდლები. მღვდლები ათხოვებენ უფალს თავიანთ ხმას და ხელებს საღმრთო საიდუმლოებათა შესასრულებლად. როცა მღვდელი შეიმოსება, ის განიწმინდება, ოღონდ მაშინ, თუკი მასში არ არის ზნეობრივი უწმინდურება, დაფარული ბოღმა და ბილწი ვერცხლისმოყვარება. სახარების მუშაკმა საკუთარი თავი ასკეზაში უნდა აღზარდოს.
მამა ამბაკუმ ფეხშიშველი მოძღვრებს ეუბნებოდა: - რჩევა წმინდა რამ არის: ერთობლიობაა ცოდნისა, სიყვარულის ნაყოფისა და მაჩვენებელია სიმდაბლისმოყვარებისა.
ის განსაკუთრებით ითხოვდა, რომ ჰქონოდათ სიყვარული, შემწყნარებლობა, მოთმინება და შინაგანი სიმშვიდე. ადამიანი მათთან რა დროსაც უნდა მისულიყო, ღიმილით უნდა მიეღოთ და დასახმარებლად მზად ყოფილიყვნენ, რათა კაცი უკან დამშვიდებული და ღვთის მადიდებელი წასულიყო.
თქვა ბერმა: - ნუ ჩავაგდებთ ღმერთს რთულ მდოგმარეობაში. ის მთლიანად სიყვარულია. მას არ სურს, უბედურებაში გვიხილოს. მაგრამ რა ქნას: თუ ბევრ მადლს მოგვცემს, ჩვენ თავს ავიმაღლებთ, თუ არ მოგვცემს - ვიტანჯებით და როცა გზას ავცდებით, ესეც, ერთგვარი აზრით, სასარგებლო ხდება - ღვთის მადლი შეგვაფერხებს, რათა დავმდაბლდეთ. მერე კი მოდის ღვთის მადლი, ის შეიცნობს საკუთარ თავს, მას აღარ დაუჯერებს და უკვე ღვთის შეწევნას იგრძნობს.
ბავშვი რომ ცოტათი მოიზრდება და სიარულს სწავლობს, დედას ხელჩაკიდებული დაჰყავს, დიდ ნაბიჯებს დგამს და ჰგონია, რომ არ ირწევა. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, ბავშვი არასწორად განვითარდება, რადგანაც მუდმივად ხელჩაკიდება ბავშვს სინამდვილის არასწორად აღქმას განუვითარებს და როგორც კი მარტო მოისურვებს გავლას, მაშინვე წაიფორხილებს. ახლა კი ხედავთ, რომ ამ ნაბიჯებს არ შეიძლება ვუწოდოთ მისი საკუთარი ნაბიჯები.
როცა ვლოცულობთ, რომ ღმერთმა სიყვარული მოგვცეს, მაშინ შეიძლება რომელიმე ძმა გახდეს ავად, რათა ღმერთმა ამ ძმის სნეულების მიერ ჩვენ სიყვარული მოგვცეს. ძმამ შეიძლება ჩაი ან სხვა რამე გვთხოვოს, რათა შეგვეძლოს, დავეხმაროთ და ღმერთიც იხილავს ჩვენს სიყვარულსა და მოთმინებას.
ზოგჯერ ღმერთი სულიერ ხელმძღვანელებს თავის მცირე მადლს წაართმევს, რათა ისინი უხეშად გვესაუბრონ და ჩვენ სათნოებებში გამოცდის ჩაბარება შევძლოთ. უფალი გვიცქერის, განვიკითხავთ ჩვენ თუ არა. განსაკუთრებით, თუ ვთხოვთ ღმერთს, გვასწავლის, რომ არავინ განვიკითხოთ.
ერთი თანამედროვე ღმრთივგანბრძნობილი ბერი ამბობდა: - თუ ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ყველაფერი ნებადართულია, ეს არ არის თავისუფლება, მონობაა. წარმატების მოსაპოვებლად შევიწროება უნდა დავითმინოთ. მაგალითად, ჩვენ ნერგი გვაქვს, ვუვლით, შევუდგამთ ჭიგოს და მასზე თოკით მივაბამთ. რომ არ დავაზიანოთ, რკინის მავთულს არ ვიყენებთ. ამით ვზღუდავთ ნერგს, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. შევხედოთ ბავშვს. ჩვენ თავიდანვე ვუზღუდავთ მას თავისუფლებას. ჩასახვისთანავე საცოდავი ბავშვი ცხრა თვე დედის მუცელში იმყოფება. შობის შემდეგ სახვევებში ვახვევთ, მოზრდილს მანეჟში ვსვამთ და ა.შ. ყველა ეს ღონისძიება კი საჭიროა მის გასაზრდელად. ერთი შეხედვით მას თავისუფლებას უკლავენ, მაგრამ ამ დამცველი ღონისძიების გარეშე ბავშვი ალბათ გაჩენისთანავე მოკვდებოდა.
მადლმოსილი მამა ამბაკუმ ლავრელი ყოველთვის ამბობდა: - სიხარული ღმერთთან კავშირია, მასთან შეერთებაა, ადამიანი მწუხარებისთვის კი არა, სიხარულისთვის არის გაჩენილი. რატომ ეძებს ის ამას კერპებთან? დამერწმუნეთ, ასეთს ძვირად უჯდება ეს სიხარული. ღვთისმიერი სიხარული კი საზღაურს არ ითხოვს. მე, მაგალითად, ვერ გადავიხდიდი საღმრთო სიხარულისთვის, რადგან არაფერი მაქვს, არა მარტო მე, არამედ ყველა ჩემი ძმა მონაზონიც, რომელთაც ღვთის გარდა არაფერი აბადიათ. ყველა მათგანი სიხარულით არის ავსებული. მე ჩემი თავი ქრისტესთვის გავათავისუფლე! არაფერი მაქვს ქრისტეს გარდა და სიხარულისა. სიღარიბე მშვენიერია, ვინაიდან ამსუბუქებს და ამარტივებს ცხოვრებას. ქრისტე რომ შემოვიდეს, თავისუფალი უნდა იყო. როცა ქრისტე ჩემთანაა, სიხარული ამავსებს. აქ ყოველი მღვიმე სიხარულითაა ავსებული.
მოსაგრე ბერმა სტურმად მისულ სასულიერო პირებს უთხრა: - ლოცვისთვის დრო რომ გვქონდეს, არ არის საჭირო იმ საგანს მოვკიდოთ ხელი, რისი გაკეთებაც სხვასაც შეუძლია. მაგალითად: ექიმი არ უნდა აკეთებდეს იმას, რისი გაკეთება ექთანსაც შეუძლია. ექიმს უფრო სერიოზული მოვალეობები აკისრია - დიაგნოსტიკა, ოპერაცია და ასე შემდეგ. თუ ის გადახვევებს დაიწყებს, მაშინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას ვერ შეძლებს და ბევრი ავადმყოფი დროული დახმარების გარეშე დარჩება. ასევე ხართ თქვენც. ილოცეთ თქვენი გატანჯული მრევლისთვის, მოიხსენიეთ მათი სახელები და ორმაგად ილოცეთ ღვთის წინაშე მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. კარგია, თუ გეცოდინებათ, თითოეულს რა აწუხებს, მაშინ ლოცვაც უფრო თბილი იქნება.
ერთი მოხუცი მოსაგრე ურჩევდა მღვდელს: - ეცადე, რამდენადაც შეგიძლია, კარგი მღვდელი გახდე, იმუშავე საკუთარ თავზე და დაინახავ, თუ როგორ მოგბაძავენ მრევლის წევრები და კარგი ადამიანები გახდებიან შენი ძალისხმევის გარეშე. ღირს, რომ იმუშაო საკუთარ თავზე, რადგანაც ეს შრომა შეუმჩნევლად გავრცელდება მოყვასზეც.
მან ასევე თქვა: - გავაღვიძოთ კაცში კეთილი შფოთი და ყველაფერი მოგვარდება. თუ მას ეს კეთილი შფოთი არა აქვს, მაშინ ეშმაკი ხელმძღვანელობს და ასეთი ადამიანი დემონის ხელშია. ჩვენი რეგულატორები მის სიხშირეზე უნდა მოვმართოთ, რათა მან ჩვენი მოსმენა შეძლოს და სიკეთე მიიღოს, რათა მისი რეგულატორებიც მოიმართოს. ახალგაზრდებმა, რომლებიც სულიერად ცხოვრებას იწყებენ, დაე, ყურადღება ცოდვის მიზეზებისკენ მიმართონ და ყოველთვის კარგი გულისთქმები ჰქონდეთ. დაე, ახსოვდეთ იმ მოსაგრის ამბავი: მან ქალაქში საქმე მოილია. დაბრუნებულს ჰკითხეს, რა ნახაო. ხეების გარდა არაფერიო.
ადამიანებს დღეს უნდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით წმინდანები გახდნენ. ზოგიერთი ამას სხვებსაც ასწავლის. სხვადასხვანაირი საღვთისმეტყველო თეორია წმინდა მამათა მიერ საცერში უნდა გავატაროთ და ჩენჩი მოვისროლოთ. უნდა ვიხელმძღვანელოთ წმინდა მამებით და ასე ვეძიოთ ჭეშმარიტება. აი, თქვენ მაგალითი: არსებობს ბრინჯაო, სპილენძი და ოქრო. ამასთან, ბრინჯაო კარგიც არის და ცუდიც, ოქრო - 12-კარატიანი და 24-კარატიანი. უნდა ავირჩიოთ 24-კარატიანი. სხვა ლითონიც საჭიროა, მაგრამ უპირატესი ოქროა.
ერთმა ისიქასტმა ბერმა ჰკითხა: - გონება და გული არასოდეს განიწმინდება, თუ მუდმივად უცქერს სოფელს და იმას, რაც სოფელშია.
ერთ კატუნაკელ მეუდაბნოეს ჩვევად ჰქონდა გაემეორებინა: - სულო, რაც აქაა, დროებითია, იქ რაცაა - საუკუნოა.
წმინდა ანას სკიტში წმინდა სამების კალივაში ცხოვრობდა ერთი მორჩილი, რომელსაც მწუხარების დემონი ესხმოდა თავს და ზოგჯერ სასოც კი წარეკვეთებოდა.
ერთხელ თქვა: - ავძვრები კლდეზე, დავჯდები ნაპირზე და ფეხების ქნევას დავიწყებო.
ეს ამბავი წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის წინა დღეს მოხდა. დიონისეს მონასტერში პანიგირიკი (საზეიმო ღვთისმსახურება) მიმდინარეობდა. მორჩილი კლდეზე აცოცდა, დაჯდა და ფეხების ქნევა დაიწყო, თან ხანდახან თავისთვის ლოცულობდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სასოწარკვეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დროს ბოროტ სულთა ლეგიონი სოფლიდან დიონისეს მონასტერში მიდიოდა მონაზვნების საცდუნებლად. ერთმა დემონმა უთხრა მეორეს: "წავალ და დავცინებ იმას, რომელიც კლდეზე ზისო". "ნუ მიხვალ, ეს შავი არამზადა მოგწვავსო", - უთხრა მეორემ.
დემონი მიუახლოდა მორჩილს მონაზვნის სახით და ჰკითხა: - აქ რას აკეთებო. მეტი რაღა ვქნა? - უპასუხა ძმამ თავმდაბლად, - სასოწარკვეთილს ეშმაკი მებრძვის და სხვა არაფერი შემიძლია მივუძღვნა ჩემს უფალს, გარდა იმისა, რომ ვიჯდე აქ და ფეხები ვაქნიო.
როგორც კი დემონმა ეს თავმდაბლური სიტყვები გაიგონა, უმალ განეშორა და თვისიანებთან დაბრუნდა.
ეს ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა და მამათა შეკრებაზე მოუთხრობენ მორჩილებს, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი სულიერი მოვალეობის შესრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი