21.06.2012
წმინდა ნიკიტა (ხსენება 24 მაისს) ახალგაზრდობაში ღვთისმოშიშებით არ გამოირჩეოდა. იყო მკაცრი, მაწყინარი, ადამიანებს ძარცვავდა, სასამართლოში უჩიოდა და ბევრ ცუდს აკეთებდა.
როგორიც თვითონ იყო, მეგობრებიც ისეთი ჰყავდა. ერთხელ მწუხრის ლოცვაზე შევიდა ეკლესიაში და იქ წმინდა წერილიდან შემდეგი სიტყვები მოისმინა: "ამას იტყვის უფალი, განიბანენით და წმინდა იქმენით, განაშორეთ მზაკვრობა თქვენი სულისგან" (ესაია 1,16) და სხვა. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ნიკიტაზე, რომ შინ დაბრუნებულმა მთელი ღამე მათ შინაარსზე ფიქრში გაატარა. დილით კი გონს მოვიდა, მთელი გულით ამოიოხრა და თქვა: "ვაი მე, რომ ბევრი რამ შევცოდე!" გამოვიდა სახლიდან ტირილით და მოთქმით. მივიდა ერთ-ერთ მონასტერში, ჩაუვარდა ფეხებში იღუმენს და უთხრა: "გადაარჩინე ჩემი დაღუპული სული!" იღუმენმა ეპიტიმია დაადო, სამი დღე იდგა მონასტრის კარებთან, ტიროდა და ყველა შესულ-გამოსულს თავის ცოდვებს აღუარებდა. შემდეგ სრულიად შიშველი შევიდა ჭაობში და ასე ილოცა. სავანეში ცხოვრებისას მრავალი ღვაწლის გამო ღვთისაგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო. მრავალი ადამიანი მიდიოდა მასთან სხვადასხვანაირი სნეულებით შეპყრობილი და მისგან კურნებას იღებდა.