სიტყვა გულისთქმათა გარჩევის სათნოებაზე
წმინდა დიონისეს მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გაბრიელი ეუბნებოდა მღვდელმონაზონ იოაკიმეს (სპეციარისი):
- სადაც განსაცდელი და დაბრკოლებაა, იქ არის გვირგვინებიც. რომელიმე მონასტერი მხოლოდ ანგელოზთაგან რომ შედგებოდეს და შენ იქ გაგამწესონ საცხოვრებლად, ალბათ ვერ გადარჩებოდი. იცხოვრებდი შენთვის მშვიდად და არავინ შეგაწუხებდა. ასე რომ, ასრულდებოდა შენზე იგავის სიტყვები: "მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა" (ლუკა 16,25).
- მამაო, თავს ვკარგავ საშინელი ხორციელი ბრძოლისგან, - უთხრა მან ერთხელ, - არც დღისით მაქვს სიმშვიდე და არც ღამე.
- მხნედ იყავი, - უპასუხა, - ეს ნიშანია იმისა, რომ გვირგვინთა მოპოვების დრო მოვიდა, ნუ გეშინია, ქრისტე იმაზე მეტ განსაცდელს არ შეგამთხვევს, რისი დათმენაც შეგიძლია.
და როგორც კი ბერდიდმა აკურთხა, განსაცდელმა გაუარა.
თქვა ბერმა:
- ჰაჯი-გიორგი თავის დროზე თვითონვე იყო მორჩილი და ამიტომაც შეეძლო მორჩილისთვის გაეგო. ამბობდა: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.
ერთმა მეუდაბნოემ თქვა: - თუ ამ ცხოვრებაში გასცემ იმას, რის მოვალეც ხარ, მაშინ გადარჩები. თუ დაითმენ რაღაცას ამაზე მეტად, მაშინ კიდევ მეტ ფრანკს მიიღებ. თუ ვინმე დაითმენს უსამართლო დარტყმებს, ნამდვილი ჯილდო მოელის. საკმაოდ ხშირად ძალზე სათნო ადამიანები თავიანთი ცხოვრების გზაზე განსაცდელებს ხვდებიან. თუ მათ ღმერთი დაუშვებს, რა მიზნით?
მაგალითს მოვიყვან: ცხოვრობს ერთი კარგი ოჯახი. ქმარიც, ცოლიც, ბავშვებიც დადიან ეკლესიაში, ეზიარებიან. ერთხელაც უბედურება მოხდა - ვიღაც მთვრალმა თუ გიჟმა ოჯახის მამა მოკლა. ამ დროს ღვთისგან შორს მყოფნი იწყებენ განსჯას: "ხედავთ, ნახეთ? ილოცა, ილოცა და გამოილოცა".
ეს უსინდისობაა. ღმერთი უშვებს, რომ იტანჯებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მთლად უდანაშაულონი არ არიან, რათა საშუალება მისცეს სრულიად ურცხვთ, თქვან იგივე, რაც თქვა კეთილმა ავაზაკმა. რას ვხედავთ ორი ავაზაკის ამბავში? ერთი მათგანი ლანძღავდა ქრისტეს: "თუ ღმერთი ხარ, ჩამოდი ჯვრიდანო" და სხვა მსგავსი. მეორე კი ამბობდა: "არცღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაი უჯეროი ქმნა" (ლუკა 23,40-41).
ანუ ურცხვ ადამიანებს გონს მოსვლის საშუალება რომ მისცეს, ღმერთი დაუშვებს, რომ ზოგიერთები უდანაშაულოდ იტანჯებოდნენ, თუნდაც ისინი ღვთის უსაყვარლესი შვილები იყვნენ. მწამს, რომ სამოთხეში უფალი მათ არ ეტყვის: "ამ ადგილზე დაჯექი", არამედ ეტყვის: "აირჩიე საუკეთესო ადგილი". ეს მართლაც ასეა. საკუთარი სამართლიანობის ძიებაში ჩვენ ვკარგავთ ყველაფერს. სიმშვიდესაც ვკარგავთ და საკუთარ ჯილდოსაც.
ერთ-ერთი ყველაზე განწმენდილი და განმსჯელი მამა იყო ათონელთა შორის მამა დანიელი, მაშენებელი კატუნაკის წმინდა მამათა სახელობის კალივისა, იშვიათი პიროვნება, მრავალნაირი ნიჭით დაჯილდოებული. მისი სახელის მიხედვით ახლა საძმოს დანიელის საძმოს ეძახიან.
იგი გახლდათ მრჩეველი სულიერ საკითხებში მრავალი კინოვიელი მონაზვნისა, ერისკაცისა და მეუდაბნოისა. ის მათ დაამახსოვრდათ, როგორც ბრძენი ხელმძღვანელი, მდიდარი როგორც სათნოებებით, ისე ერისკაცული განათლებით.
სულიწმინდით განათლებულ მამა დანიელს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ბოროტ სულთა მახეების განრჩევისა, რომელიც ხდებოდა ეშმაკის ეგრეთ წოდებული "მარჯვენა მხრიდან" თავდასხმისას. ეს გახლდათ მოჩვენებითი და ცრუ სათნოებები, ხიბლის მდგომარეობა, კურთხევის გარეშე უზომო მოღვაწეობა, რომელსაც თავის ამაღლებისკენ, პატივმოყვარეობისა და სატანური სიამაყისკენ მიჰყავს კაცი.
ერთ-ერთი ასეთი მოხიბლული მამა გახლდათ კოსტამონიტის სავანის მონაზონი მამა დამასკინი. ეგონა, მოსაგრეთა მსგავსად შეეძლო დაყუდებული ცხოვრება, რომლისთვისაც საჭიროდაც კი არ თვლიდა იღუმენისგან კურთხევის აღებას. ის არ გადიოდა მონასტრიდან, კელიიდან კი მხოლოდ ეკლესიაში, ტრაპეზზე და თავის მორჩილებაზე გადიოდა. ათი წელი მამა დამასკინი ასე სიამაყით ცხორობდა.
იმისდა მიხევით, თუ როგორ ზრდიდა ეს ცრუ სათნოება მასში ეგოიზმს, ასევე უფრო და უფრო უგულებელყოფდა იგი მამებსა და ძმებს, განიკითხავდა მათ, ეკამათებოდა და მტრობდა კიდეც.
ეს ბოროტება დიდი ხნის მანძილზე არ სწორდებოდა. იღუმენი იძულებული გახდა, ყველასგან პატივცემული მამა დანიელი მოეწვია.
გონიერმა მამამ მოუხმო მოხიბლულ მამა დამასკინს და ჩვეული ალერსიანი სიტყვით ნელ-ნელა გონს მოიყვანა და სინანულში ჩააგდო, არიგებდა ძველი და ახალი აღთქმის მაგალითებით და წმინდა მამათა ნაწერებით, ბოლოს კი უთხრა:
- ძმაო, ამიერიდან ყურადღებით იყავი და ნუ დაუჯერებ საკუთარ გულისთქმას, არამედ უთხარი მას ამბა დოროთეს ბრძნული სიტყვები: "ანათემა შენ და განსჯასა შენსა".
მთაწმინდელი მამები ამბობდნენ, - ადგილი კი არა, არამედ ცხოვრების წესი აცხოვნებს ადამიანსო.
თქვა ბერმა: - ჩვენ სიხარულს უნდა ვგრძნობდეთ და არ ვჯავრობდეთ, როცა ადამიანები სრულიად უმიზეზოდ ცუდად გვექცევიან. არასოდეს ვეცადოთ კაცთა წინაშე თავის მართლება, როცა ჩვენ უსამართლოდ გვაწყენინებენ. თუ ღმერთი სამართლიანია და ჩვენ მომავალი ცხოვრებისკენ ვისწრაფვით, მაშინ არ გვჭირდება კაცთაგან ყურადღების ძიება, რომ კარგად მოგვექცნენ, აღიარონ ჩვენი ღირსება, არ გვაწყენინონ და ასე შემდეგ. თავის ცხოვრებაში მხოლოდ ამგვარი გზების მაძიებელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი სამოთხეში მიიყვანენ.
ერთი უსწავლელი, ძალზე უბრალო მეუდაბნოე მეუბნებოდა:
- უზომოდ "ჭკვიანები" ძალზე სწრაფად ხვდებიან ეშმაკის მახეში. იმიტომ, რომ დიდი ეგოიზმით იტანჯებიან საცოდავები და კიბორჩხალებისთვის დაგებულ ბადეში იხლართებიან.
დიდი ხნის წინ შევხვდი კინოვიელ შუახნის მონაზონს, რომელიც უზომოდ ხატოვნად საუბრობდა. ლაპარაკობდა ღვთის შიშზე, კრძალვასა და კაცის გონიერებაზე. ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ამგვარი ცხოველი სიტყვები, თითქოსდა წყაროდან გადმომდინარე, დინამიკური, თანამიმდევრული, უმანკო, მხურვალე, მკვეთრად ჟესტებით გამოხატული: - ვისაც აქვს მოკრძალება, მას აქვს ღვთის შიში, ვისაც აქვს ღვთის შიში, მას აქვს თავმდაბლობა. მხოლოდ თავმდაბლებს მოხედავს ღმერთი. გონიერი მხოლოდ თავმდაბალი ადამიანია. ამაყი და ეგოისტი ადამიანი უგუნურია. ვინც თავისი სულისთვის არ ზრუნავს, ან პირუტყვს ემსგავსება, ან მხეცს, ანდა მოიხიბლება.
ერთ ამბას ჰკითხეს, - რა არის მონაზონიო. შრომაო, - უპასუხა მან.
"ჭეშმარიტად ასეა, - ეუბნებოდა ერთი თანამედროვე მოსაგრე ქრისტეს არმიის ახალწვეულს, - ერთი რამ შემიძლია გითხრა, შვილო ჩემო: თუ გსურს აღასრულო შენი მონაზვნური მოწოდება, შეიყვარე ხორციელი შრომა".
დიდებული ისიქასტი ხარიტონ მოძღვარი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იღებდა სტუმრებს, მას უყვარდა ამის თქმა: და ამ დროს იწყო იესო ყოფად და სწავლად (შეად. მოც. საქმე 1,1).
ის გაურბოდა უქმმეტყველებასა და ჭორაობას, როგორც მრავალი ბოროტების მიზეზს.
ერთი პატივცემული ახალსკიტელი მონაზონი მეუბნებოდა: "ყოველთვის, როცა აღდგომას ამბობენ: "ქრისტე აღსდგა!", ჩვენ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ცარიელ საფლავთან ანგელოზის ხარებას ვიხსენებთ. ვინც "ქრისტე აღსდგას!" მოსმენის მერე მიდის, ის არსებით ქრისტიანი არ არის (საბერძნეთში და, სამწუხაროდ, ჩვენთანაც ნელთბილი ქრისტიანები ამ სასიხარულო სიტყვების მოსმენის მერე შინ მიდიან და ქეიფობენ. ამასთან დაკავშირებით ერთი ბერძენი მღვდელი წუხილით ხუმრობდა: "აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი..."), ქრისტიანი ის არის, ვინც საღმრთო ლიტურგიაზე რჩება".
ნახევარ საუკუნეს გადაცილებული ქსენოფონტეს მონასტრის სკიტელი მამა ტირილით გვეუბნებოდა:
- როცა ახალბედა მონაზვნები ვიყავით, მოძღვრებს ვთხოვდით, ჩვენთვის ეკლესიაში ლოცვები წაეკითხათ, უქმმეტყველების ვნების საწინააღმდეგოდ.
ის აგრეთვე ამბობდა: - მონაზონი კანონის გარეშე მონაზონი არ არისო.
"იდიორითმული ცხოვრება იდიოტურია (არაფრის მაქნისი)", - ხშირად ამბობდა ლავრელი სათნო მონაზონი მამა თეოფილე, ამით სურდა ხაზი გაესვა იდიორითმული მონასტრის უამრავი ნაკლულოვანებისთვის.
გასაოცარი მორჩილი კავსოკალივის სკიტისა, თეოფილაქტე, ეუბნებოდა ერთ ახალბედა მონაზონს: - თუ გსურს კარგი მონაზონი გახდე, არ დაივიწყო შენს ცხოვრებაში მადლობდე ღმერთს საკუთარი უფლებების აღკვეთისათვის, თუნდაც ისინი ყველაზე კანონიერი იყოს. ასე რომ, დაიძინე ხის საწოლზე, შეხვდი აღდგომას მხოლოდ ქარსალათი, ჭამე მწვანილი, ერთი კოვზი ზეთი. მონაზონს არანაირი უფლება არ აქვს ამ ცხოვრებაში და ამიტომაც არის თავისუფალი. რამდენი დაღუპა ეშმაკმა - შეკრა უფლებათა მოპოვების ვნებით.
ამბობდა ბერი: - რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით უფრო ნაკლებ უფლებას მოითხოვს ამ ცხოვრებისაგან.
ერთ ბერდიდს ვკითხეთ, რამდენი წელია, რაც მთაწმინდაზე მოღვაწეობო. გვითხრა: - მე დიდი ხნის ბერი ვარ, მაგრამ სრულიად წარუმატებელი. უდაბნოში ტურებიც ცხოვრობენ, მაგრამ ტურებადვე რჩებიანო!
ერთმა ბერდიდმა მოსაგრემ თქვა: - როცა ადამიანი შეიძენს ღვთის შიშს, მაშინ იგი პატივს სცემს ყველა ადამიანს.
მისი მოძღვარი ყველზე უბრალო და უმნიშვნელო ადამიანის წინაშეც კი იდრეკდა მუხლს.
თქვა ბერმა: - ადამიანები განშორდნენ მოძღვრებს და მათ გულისთქმები და სხვადასხვანაირი ვნება აღავსებდს. ყველაფერი კი ფსიქიატრებთან აღსარებით მთავრდება. მტანჯველი პრობლემების დასავიწყებლად ისინი აბებს სვამენ. როცა რაღაც დროის შემდეგ პრობლემა კვლავ აინთება, კვლავ იმავეს აკეთებენ. და აი, ასე იტანჯებიან, არადა, თუ ადამიანი თავის შინაგან სამყაროში გაერკვევა, ბატკანივით სძინავს.
სხვა დროს კი მან თქვა: - მე არ მაცხოვნებს უდაბნო, თუ უდაბნოში საკუთარ სულს ვნებათაგან არ გავაუდაბურებ.
თქვა ბერმა: - ღმერთი წინასწარ კი არ განსაზღვრავს, არამედ წინასწარ იცნობს.
თქვა ერთმა მოხუცმა მონაზონმა: - მონაზვნისთვის კლდეები მდიდრული პალატებია, მღვიმეები კი - სამეფო სასახლეები. მათი საფარველი ზეცაა, საწოლი - მიწა, მათი საჭმელი - თხილი და ბალახია, მეზობლები კი გარეული ცხოველები.
- მძიმეა მონაზვნური ცხოვრება, მამაო? - ჰკითხეს ერთ ბრძენ მონაზონს.
- არა, - უპასუხა მან, - დადგება დრო, როცა საკუთარ თავს ივიწყებ და ხედავ, რომ ეს ყველაზე მსუბუქი უღელია.