ბერდიდი მამა გრიგოლი. მამა გრიგოლი დიდასკალი (მასწავლებელი) 1799 წელს დაიბადა. მისი მშობლები შეძლებული ვაჭრები იყვნენ.
ჩვიდმეტი წლისა მთაწმინდაზე გაემგზავრა და ერთ მოძღვართან დასახლდა ღირსი ანტონის სახელობის საპატრიარქო კელიაში, ანდრიას სკიტის ქვემოთ. სამი წლის მერე ღირსი ექვთიმეს კელიაში გადავიდა, რუსიკთან ახლოს, მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მასთან ერთი წელი იცხოვრა. იმ დროს მოხდა ბერძნების აჯანყება და ის სამშობლოში, მორეაში წავიდა და სასწავლებელში მოეწყო. შემდეგ ათენში ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას და სხვა მეცნიერებებს სწავლობდა. აჯანყების დასრულების მერე ათონზე წავიდა, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ თურქები, ამიტომაც თესალონიკში დარჩა და იქაურ სასწავლებელში კიდევ ორი წელი ისწავლა. 1835 წელს დაბრუნდა მთაწმინდაზე, რუსიკში დასახლდა და მალე კაბით შემოსეს. სამი წლის მერე კაფსალაში გადავიდა, სადაც შვიდი წელი იცხოვრა. ამ დროს ის ქილანდარის მონასტერში სქემაში შემოსა ცნობილმა მოძღვარმა, ღირსი ათანასეს მღვიმელმა მამა ნეოფიტემ. თავის მოძღვართან ახლოს რომ ყოფილიყო, მამა გრიგოლი ვიგლაზე კელიაში დასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. ეს კელია ძალზე ძველი გახლდათ, შიგნიდან ფარეხს ჰგავდა და ისეთივე საცოდავი შესახედაობის იყო, როგორიც თვითონ მამა გრიგოლის სამოსი.
გთავაზობთ მამა გრიგოლის პასუხებს მამა პანტელეიმონის კითხვებზე, რომელმაც ბერდიდი დაახლოებით 1870 წელს მოინახულა.
* მონასტრის გარეთ, კელიაში ცხოვრება ძალზე კარგია, ოღონდ გონება-გულისმიერი ლოცვა უნდა გეპყრას, წიგნებიდან სხვა კანონებიც უნდა წაიკითხო, ოღონდ გონების დასასვენებლად. როცა გონება იღლება, შვება უნდა მისცე - ერთი კანონი ან სხვა რაიმე უნდა წაიკითხო, რომელიც განაცოცხლებს სულს, ვიდრე გონება სიმსუბუქეს არ იგრძნობს, მაშინ კვლავ იესოს ლოცვაში იმეცადინე. ვინაიდან იესოს ლოცვისგან იშვება ნაყოფი, მხოლოდ ერთი კანონისგან ადამიანი ვერ შეძლებს მოიპოვოს თავმდაბლობა, გლოვა, გულის შემუსვრილება, სიყვარული და უნაყოფო რჩება. რამეთუ ბევრი კითხვისგან განიფანტება გონება, ლოცვა კი შეჰკრებს. ოღონდ ამ დროს უნდა ჰქონდეს თავშეკავება, თავმდაბლობა, სიყვარული ძმების მიმართ, გონებისმიერი და ხორციელი ღვაწლიც - ამაში დევს წარმატება. ადამიანი რომ იღვწოდეს ლოცვაში და სწორად ასრულებდეს ყველა სათნოებას, მაგრამ არ ჰქონდეს თავმდაბლობა და სიყვარული, მაშინ ამაო იქნება მისი ყოველი შრომა და ღვაწლი. კელიაში ყოფნისას ყველაფერში უნდა ვაიძულებდეთ საკუთარ თავს, შინაგანშიც და გარეგანშიც.
ძმების სტუმრობასთან დაკავშირებით ბერი ამბობდა:
* თუ ვინმე ღვთის სიტყვის მოსასმენად და სულიერი დამოძღვრისთვის მოდის, ასეთნი ურცხვენელად უნდა მიიღო, ვინაიდან დრო, რასაც მათთან საუბარში ვხარჯავთ, არ არის დაკარგული. უფალი მოგვაგებს ამისთვის. თუ ისინი მხოლოდ დროის გასატარებლად, უქმმეტყველებისთვის, სამონასტრო საქმეების განსაკითხად მოდიან, უნდა მოიკვეთოთ. ამბა ისააკ ასური ამბობს, რომ ასეთებს უნდა ვუთხრათ: მე დაკისრებული კანონი მაქვს შესასრულებელი და თუ არ ვილოცებ, ვღელავ ხოლმე, ამიტომაც გთხოვ, მამაო, რადგან ჩემი კანონის შესრულების დრო დადგა, იშრომე ჩემთან ერთად ცოტა ხანს. თუ წასვლას დააპირებს, აიძულე, შენთან ერთად ლოცვაზე იდგეს და მაშინ შენი კანონი ჩვეულებრივზე ორჯერ და სამჯერ გაზარდე და სხვა დროს ის უკვე აღარ შეგაწუხებს!
* ტრაპეზზე იმდენი უნდა ჭამო, რომ ამდგარს ლოცვა შეგეძლოს, ვინაიდან ნაყროვანება აბნელებს, აზარმაცებს გონებას და კაცს ყურადღებით ლოცვა აღარ შეუძლია. ბევრი ჭამისგან ძლიერდება ხორციელი ბრძოლა, ხორციელი უძლურებისას კი ორი-სამი ჭიქა ღვინის დალევა შეუძლია მოზრდილს მთელი დღის განმავლობაში. გზაში, ანდა როცა კაცი მძიმე სამუშაოს ასრულებს, შეუძლია დანაყრდეს, ხოლო როცა განმარტოებულია, მაშინ თავი უნდა შეიკავოს!
* ლოცვისაგან მოდის გლოვა, გულის შემუსვრილება და სხვა სათნოებები. წმინდა მამები ლოცვას ასე ჰყოფენ. პირველია დიდებისმეტყველება, მეორე - მადლიერება, მესამე - აღმსარებლობა, მეოთხე - ვედრება. მე სამჯერ ვამბობ ხოლმე: დიდება შენდა, მიუწვდომელო, ყოვლისშემძლევ, სახიერო შემოქმედო ყოველთაო! შემდეგ ვმადლობ მას: გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, ყველა იმ კეთილმოწყალებისთვის, რომელიც ჩემზე გამოაჩინე სიყრმითგან ვიდრე დღევანდელ ჟამამდე - და სხვა ამგვარს სამჯერ ვიტყვი. შემდეგ უკვე აღვიარებ მას, ოღონდ უფრო მეტად და ხშირად: განგარისხე შენ, სახიერი ღმერთი, მთელი ჩემი ცოდვებით და სხვა... შემდეგ კი ღვაწლში გაძლიერებას და ეშმაკის საცთურთა წინააღმდეგ შეწევნასა და შეწყალებას ვთხოვ, უფრო კი შეწყალებას!
* იესოს ლოცვა შეცვლის ყველა კანონსა და ლოცვას!
* ამბა მაკარი დიდი ამბობდა: ვინმეს რომ ადამიდან უკანასკნელ დღემდე ეცხოვრა და ისეთ უდიდეს ღვაწლში ყოფილიყო, როგორშიც დიდებული ანტონი და სხვა წმინდანები, მაშინაც კი ვერაფერს გააკეთებდა იმ დიდების შესაფერისს, რომელიც ჩვენ დიდების უსაზღვრო საუფლოში მოგველის!
* ჩვენ რომ 60 და მეტი წლის მანძილზე ამ სამყაროში ყველაზე მკაცრ ღვაწლში ვცხოვრობთ, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს ნეტარებასთან შედარებით. წუთისაა ეს წუთისოფელი, მომავალს კი დასასრული არა აქვს. პავლე მოციქული ამბობს, რომ უფალი მადლით დაგვიხსნის და არა საქმეთაებრ (შდრ. რომ. 11,16), მაგრამ მცნებებსაც უნდა აღვასრულებდეთ, რადგან რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (შდრ. იაკობი 2,20) და სათნო საქმე კი განაცხოველებს მას. უნდა, რომ ჩვენ განვშორდეთ ცოდვას და ის მზადაა თავისი მადლიანი შეწევნით იმოქმედოს. მცნებები იმისთვის მოგვეცა, რომ ცოდვა მოვიკვეთოთ. მაგალითად: ქალწულება უდიდესი სათნოებაა, სიძვა კი ცოდვაა; მაგრამ ჩვენ თუ არ ვიღვაწებთ მარხვით და ლოცვით, მაშინ ცოდვა გვძლევს და ვისიძვებთ. ასევე: სიამაყე უდიდესი ცოდვაა, თავმდაბლობა კი უდიდესი სათნოება; მაგრამ ჩვენ თუ არ ვიღვაწებთ, ვერ მოვიპოვებთ თავმდაბლობას, ისევე როგორც სხვა სათნოებებს და ვერ გავექცევით ცოდვას. ამისთვისაც მოგვეცა წმინდა მცნებები, რათა ცოდვის ძლევისთვის ვიღვაწოთ. სიყვარული ყველა ძმის მიმართ უნდა გვქონდეს, უნდა გვიყვარდეს მაწყინარნი და დამამცირებელნი ჩვენნი და მათ მიმართ ბოღმას არ უნდა ვინახავდეთ. ზოგიერთი წმინდა მამა, მასწავლებელი მონაზონთა, ასე ამბობს: ერთი საათი ილოცე გონებით, შემდეგ კი ერთი საათის მანძილზე მამათა წიგნები იკითხე: "სათნოებათმოყვარება", პატერიკი, იოანე კლემაქსი, ისააკ ასური და სხვები, რომლებიც გონების მღვიძარებაზე წერენ, რამეთუ წმინდა მამათა წიგნებით კაცს თითქოს ძალა ემატება; შემდეგ კი გულისმიერ ლოცვაში დაჰყოფს რაც შეიძლება დიდხანს, რისი ნაყოფიცაა გლოვა, გულის შემუსვრილება, თავმდაბლობა, სიყვარული და სხვა სათნოებები.
* წმინდა მამები განსაზღვრავენ, პირველ საათს სკვნილი რამდენჯერ უნდა ჩამოილოცო, სხვა ღვთისმსახურებაზე - რამდენჯერ; ამიტომაც უნდა ვნახოთ, რამდენ ხანში შეგვიძლია ამის აღსრულება, განვსაზღვროთ ჩვენთვის გონებისმიერი ლოცვის საათები. ახალდამწყებს შეუძლია ხელში სკვნილი ეჭიროს, ვინაიდან ის მას განაღვიძებს, მის გარეშე მას სიზარმაცე ანდა ძილიანობა დაეცემა.
* ღვთისგან ნიჭებს ნუ ეძიებთ და ნუ მოითხოვთ - მან იცის, რა და როდის მოგცეთ. სულიწმინდის მადლს უფალი ახლა ზოგიერთებს სიცოცხლეშივე აძლევს, სხვებს სიკვდილის პირას, ზოგიერთებს კი გარდაცვალების მერე; ჩვენ მხოლოდ მტკიცედ უნდა გვეპყრას ლოცვა. ისინი, ვინც იღვწიან და არაფერს იღებენ, დაე, ნუ შეეჭვდებიან და ნუ მოუძლურდებიან; ისინი თავიანთი ძალდატანებული შრომის საზღაურს მიიღებენ. ვინც ღვთისგან ნიჭებს ეძებს, მასზე ღვთის რისხვა მოიწევა!
* გულის გასახსნელად წლებია საჭირო. ცვლილებები მუდმივად ხდება; დგება ჟამი მწუხარებისა, თუ დავითმენთ, ვიცოდეთ, რომ მოვა ნუგეშინისცემაც.
* თუ კაცი ლოცვის დროს სინათლეს ანდა სხვა რამე მის მსგავსს დაინახავს, დაე, ნუ მიაქცევს მას ყურადღებას, რამეთუ მტერი ნათლის ანგელოზად და უფრო მეტადაც კი გარდაისახება!
ბერდიდს საკუთარ თავში ჩაღრმავებისას და მუდმივად გულისმიერ ლოცვაში ყოფნისას თავი სულ მოდრეკილი ჰქონდა, ისე რომ, ნიკაპი მკერდს ეყრდნობოდა და საუბარშიც კი არ იცვლიდა თავის მდგომარეობას. ზოგჯერ როცა რაიმეს განსაკურებულად ძლიერ სიტყვას გვეტყოდა და აინტერესებდა, მივუხვდით თუ ვერა ნათქვამს, ანდა როცა თავის სათქმელს კითხვით ასრულებდა, იგი ოდნავ თუ აწევდა ხოლმე თავს.
1871 წელს ბერდიდი ერთ ნაცნობ ერისკაცთან ერთად მოვინახულეთ, რომელსაც თავისი ოჯახური მდგომარეობის გამო განსაკუთრებული შეკითხვები ჰქონდა მასთან, რაზეც ამგვარი პასუხები მიიღო:
* სნეულება ჩვენზე ზოგჯერ ჩვენი ცოდვების გამო დაიშვება, ზოგჯერაც ღვთის სახიერებით, რათა მათ მიერ საუკუნო ნეტარება მოვიპოვოთ. ძალზე ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა ეშმაკის რაიმე სიცრუე არ მივიღოთ; ეშმაკი მუდმივად ცდილობს ჩვენს გონებაში გულისთქმები ჩადოს რაიმე უსჯულო საქმეზე. მაგალითად: სხვისი სილამაზისა და სხვა მსგავსი რამის ხილვისას, ვინაიდან უფალი თვითონ სურვილსაც კი განიკითხავს და ამბობს: "ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5,28).
* თუ ვინმე იტყვის, ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჩემს ყველა ვნება-სურვილს აღვასრულებ და ბოლოს შევინანებო, და ამგვარად სცოდავს - ასეთებს უფალი სიცოცხლეს შეუწყვეტს და სინანულის ღირსს არ გახდის.
* მტკიცედ დაიცავით თავი სასოწარკვეთისაგან, თუ რაიმე ცოდვაში ჩავარდით, თუდაც ის სასიკვდინე იყოს, მაშინვე მიისწრაფეთ ღვთისკენ სინანულით და მაშინვე აღიარეთ ღვთისგან შეწყალების იმედით. ასეთ ადამიანს, თუნდაც დაეცეს, უფალი აძლევს სინანულს და მიიღებს მას.
* კაცმა ყველა სათნოება რომ აღასრულოს, ხოლო თავმდაბლობა არ ჰქონდეს, მაშინ ის დაკარგავს მათ. უფალს უნდა, რომ ჩვენ სათნოებებიც აღვასრულოთ და თავმდაბლებიც ვიყოთ, ვინც სათნოებებს აღასრულებს და ამით თავს იწონებს, ამ ქედმაღლობის გამო სანაცვლო ჯილდოს დაკარგავს. მოციქული პავლე ამბობს, რომ უფალი უსასყიდლოდ აცხოვნებს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიმარხოთ სახარებისეული მცნებები, შეცოდების შემთხვევაში კი ყოველთვის შევინანოთ, სული შევიმუსროთ, ვიტიროთ და მაშინ უფალი გვაცხოვნებს ჩვენ თავისი წყალობით და არა ვალად. თუ ვინმე მცნებებს არ ასრულებს, უფალი მას არ აცხოვნებს, ასევე თუ ვინმე თავის შეცოდებებს არ ინანიებს, ისიც არ ეღირსება შეწყალებას.
* უფალს უნდა, წმინდა ვიყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ამ სამყაროში, ყველაფერი ამაოებაა, მაგრამ ახლა თქვენ რომ იღვწით, მოგზაურობთ წმინდა ადგილებში, ეს საუკუნოდ თქვენთან დარჩება!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი