07.06.2012
როცა ქალაქ ედესაში შიმშილობა ჩამოვარდა, ღვთაებრივ წმინდა ეფრემს შეეწყალა უბრალო ხალხი, მივიდა მდიდრებთან და უთხრა:
"ხალხი იღუპება და რატომ არ თანაუგრძნობთ, რატომ ალპობთ თქვენს სიმდიდრეს საკუთარი სულების წარსაწყმედად?!" მათ თავი იმართლეს: "ვაჭრები ვართ, ჩვენ დრო არ გვაქვს ამისთვის, თანაც საიმედო კაცი არ გვყავს, ვინც მშივრებს საჭმელს გაუნაწილებსო". "მაშინ მე ვიზრუნებ თქვენთან ერთად გლახაკებზეო", - თქვა წმინდა ეფრემმა, გამოართვა ვერცხლი, იქირავა დიდი სახლი, სადაც 300 საწოლი მოაწყო, აპურებდა მშივრებს, მკურნალობდა სნეულებს, მარხავდა მკვდრებს, მოკლედ, ყველას ეხმარებოდა, ვინც ამ ნავსაყუდელს თავს შეაფარებდა. ერთი წლის მერე ქვეყანა დაწყნარდა, ხალხი სახლებში დაბრუნდა. წმინდა ეფრემიც დაუბრუნდა თავის კელიას და ერთი თვის მერე გარდაიცვალა.