არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა მოსაგროებაზე. ღირსმა იეროთეოს ახალმა, რომელიც ივერონის მონასტერში მოღვაწეობდა
, იცოდა, რომ მარხვაა საფუძველი ყველა სათნოებისა, რამდენადაც თვით უფალი შეაქებს მას: "ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ" (ლუკა 6,21). არსობის პურს ის ორ-სამ დღეში ერთხელ ჭამდა, ხან ოთხ დღეშიც კი. ამასთან, პურს წიწიბურას ანდა ქატოსაგან აცხობდა. ზოგჯერ პურის ნაცვლად ობიან ოსპს ჭამდა, რომელსაც მხოლოდ იძულებით ყლაპავდა. როცა ერთხელ ერთგულმა მოწაფემ, მელეტიმ უსაყვედურა, თვითმკვლელივით იქცევიო, ბერმა უპასუხა: "არა, თვითმკვლელი ისაა, ვინც არაფერს ჭამს და შიმშილით კვდება, მე ჩემს კუჭს რაღაც მივეცი, არ ვეკითხები, ეს მას მოსწონს თუ არა". წმინდა დიდმარხვაში გამკაცრებულ იყო მისი ღვაწლი: კვირაში ერთხელ ჭამდა და მზად იყო, აღმატებოდა ძველ მოსაგრეებს, ბევრს აღემატა კიდეც, როცა გადაბმით თხუთმეტი დღე იმარხულა. წმინდა ბასილი დიდის სკიტში გონებისმიერი ლოცვის უდიდესი ამბას, ხუცეს ბარნაბას დროს, ისიქასტები ძალზე თავშეკავებულად ცხოვრობდნენ. თითოეულ კალივაში ორი პატარა ჭურჭელი ჰქონდა. ერთში ზეთი ესხა, მეორეში - ძმარი, რომელთაც გახსნილებისას იყენებდნენ. როცა ერთხელ ბარნაბამ ერთი კალივა მოინახულა და იქ სამი ჭურჭელი ნახა, მკაცრად ჰკითხა კალივის მამას:
- ერთი ჭურჭელი ზეთისთვის გაქვს, მეორე - ძმრისთვის, მესამე რაღად გინდა?
აიღო ზედმეტი ჭურჭელი და ქვაზე დაამსხვრია. ამით თებაიდელ მამათა ძველი გამოთქმა შეახსენა: "თუ სუპის ჭამა გინდა, ალექსანდრიაში წადი". ანუ თუ ბოთლებსა და ქოთნებს ეძებ, წადი კინოვიურ მონასტერში და უქმად ნუღარ ზიხარ უდაბნოში.
ჯვრის კელიელი მამა ექვთიმე პატიოსანი არა მხოლოდ შესანიშნავი მოძღვარი იყო, არამედ "ცოცხალი ენციკლოპედიაც". წმინდა მამათა სიტყვები ზეპირად იცოდა. გლახაკი, ძონძებით შემოსილი, მთელი დღე ბაღში მუშაობდა და ამბობდა: "იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელ ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ" (იოანე 6,27).
მე ვიცნობდი ღვთისმოსავსა და დაუღალავ მამა ნიფონტ კოსტამონიტელს, რომელსაც გულის შემუსვრილება და ცრემლები არ აკლდა ნებისმიერი მორჩილებისას. სიცოცხლის ბოლოს თავი იმდენად შეიმუსრა, რომ იატაკზე ეძინა.
მახსოვს ღირსსახსოვარი მამა ისააკ ლიბანელი (+1998), განმსჯელი მოძღვარი, სათნო მღვდელმონაზონი, კარგი სმენისა და ხმის პატრონი. იგი გახლდათ სულიერი შვილი მამა პაისი მოსაგრისა (ეზნეპიდისი) და მის კვალს მიჰყვებოდა. მთელი მისი ცხოვრება ლოცვა იყო და სწრაფვა ლოცვისკენ. ერთხელ, რომელიღაც დღესასწაულზე, ტრაპეზის მერე გავიგონე მამა ისააკის ნათქვამი: "ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ავსებული კუჭით ძნელია წმინდა ლოცვის პოვნაო".
ღირსსახსოვარი პაპა, თანამოსაგრე მამა იოსებ ისიქასტისა, მამა არსენი ჰყვებოდა: "მთელი წლის მანძილზე დღეში ერთხელ ვჭამდით. ხუთი დღე უზეთოდ, შაბათსა და კვირას კი რამდენიმე წვეთ ზეთს დავუმატებდით ჩვენს უბრალო საჭმელს, რომელიც ყოველდღე ერთი და იგივე იყო. ჩვენი ჩვეული სადილი ორცხობილა(!) გახლდათ. იშვიათად გვიწევდა ახალი პურის ჭამა. მამა დანიელმა წმინდა პეტრე ათონელის მღვიმიდან მარხვის საზომი დაგვიდგინა - მუჭით აიღო საჭმელი და თქვა: "აი, ამდენს შეჭამთ". თუ ჩვენ გარეულ კომბოსტოს ვიპოვიდით, მას ორცხობილებს ვუმატებდით. შაბათ-კვირაობით, თუ შეგვხვდებოდა, შეგვეძლო, ცოტაოდენი ყველი ანდა ქაშაყის ნაჭერი შეგვეჭამა".
სიტყვა დედაკაცის სულის თვისებაზე. ჩვენი დროის პატივცემულმა მეუდაბნოემ, მამა პაისიმ, მონაზვნებთან ერთ-ერთი საუბრისას თქვა:
- როცა კაცი მოსწყდება ყოველგვარ ამაოებას, მაშინ მისი გონება აუცილებლობის გამო ღვთისკენ მიიმართება. თქვენ, დედაკაცებს, ადვილად შეგიძლიათ ღმერთს მიენდოთ, რადგანაც ამაში გეხმარებათ საკუთარი გული. კაცებს ამის გაკეთება უჭირთ, რადგან მათ ხელს უშლის ლოგიკა. კაცებმა კარებში ურდული გაუყარეს და დაიმალნენ, დედაკაცები კი გულმა გოლგოთაზე და უფლის საფლავთან მიიყვანა. მაგრამ საფრთხილოა, წვრილმანებში არ დაიხარჯოთ. თქვენ ადვილად აძლევთ საკუთარ გულს ამაო და არაფრისმქონე საგნებს და ბოლოს და ბოლოს ქრისტესთვის აღარაფერი გრჩებათ. თქვენთვის საკმარისი არ არის სამოსი, რომელიც აუცილებელია და გსურთ შეიძინოთ ლამაზი, დახატული, მშვენიერი ტანსაცმელიც, რომელი ჭიქაც მეტად მოგეწონათ, რადგან მასზე ყვავილია გამოხატული. მაგიდისთვის სუფრა გინდათ, მაგიდა და სკამი სხვადასხვანაირი და ა.შ. ასე გული გაიფანტება. ნუ დახარჯავთ მას ტყუილ-უბრალოდ... დედაკაცებს როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში უყვართ დახვეწილი მუშაობა, ასევე სულიერ ცხოვრებაშიც ისწრფვიან მოქმედების დასახვეწად და ამ საქმიანობისას ეშმაკს საშუალებას აძლევენ, თავისი დახვეწილი სამუშაო შეასრულოს და ზიანი მიაყენოს. ნუ მისცემთ საკუთარ გულს ამაოებას, ღმერთს მოუძღვენით, ნუ მისდევთ წვრილმანებს, უფრო გაიმარტივეთ თქვენი ღვაწლი, რათა არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში. თუ მოიკვეთთ უხეშ ვნებებს, მაშინ წვრილ-წვრილი ვნებები უფრო ადვილად მოიკვეთება და განქარდება. ნუ ფიქრობთ თქვენს ადრინდელ ცხოვრებასა და ახალგაზრდობის შეცდომებზე, რამეთუ თქვენს წინ გადაშლილია ახალი გზები და ახალი წიგნები.
იცხოვრეთ მუდმივად ღვთისადმი მადლიერებისა და განდიდების ატმოსფეროში, რამეთუ ყველაზე დიდი ცოდვა უმადურობაა და ცოდვილთა შორის უარესი - უმადური ადამიანია.
მამა პაისივე ამბობდა: - დედაკაცებს დიდი სიყვარული აქვთ, მაგრამ ეშმაკი წამლავს ამ სიყვარულს და ეჭვად გადააქცევს. პიროვნება ძლიერ იტანჯება ამგვარი სიყვარულით. თუ სიყვარულს საკუთარი თავის სიყვარულისგან ჩამოვაშორებთ, მაშინ მთელი სიყვარული დაგვრჩება ქრისტესა და მოყვასისთვის. მამაკაცი როცა ეჭვიანობს, სხვისი დანახვა აღარ უნდა. ქალი კი, როცა ეჭვიანობს, არ დამშვიდდება, ვიდრე მეტოქეს არ გაანადგურებს...
ადამიანურ უთანხმოებაში იმალება ღვთის თანხმობა. მაგალითად, ცოლ-ქმრის სხვადასხვანაირი ხასიათი ჰარმონიას ქმნის. ამიტომაც დედაკაცებმა, თავიანთი მდიდარი გულის დახმარებით, მამაკაცები ღმერთთან უნდა მიიყვანონ.
სიტყვა გულისთქმებისა და სულიერი მდგომარეობის განრჩევის სათნოებაზე. წმინდა ანას სკიტში მამა საბაზე ადრე ცხოვრობდა ცნობილი მოძღვარი და ისიქასტი გრიგოლი. ის მდუმარე იყო, განუწყვეტლივ ლოცულობდა და მხოლოდ აუცილებლობისას იღებდა ხმას. როცა საუბარს იწყებდა, გაგაოცებდათ მისი სიტყვის ნიჭი და საღვთო ძალმოსილება. მამა გრიგოლი შემწე და დასაყრდენი იყო კინოვიის მონაზვნებისთვის, ერისკაცებისთვის, მეუდაბნოეებისა და მომლოცველებისთვის.
ამ ძალზე ბრძენმა და წინდახედულმა მოძღვარმა დიდი ხელოვნებით სინანულში მოიყვანა და ცხოვრება შეუცვალა ავაზაკთა კაპიტან იორგაკისს. მამა გრიგოლმა უთხრა, - მეც ვავაზაკობდი და ბევრი დანაშაული მაქვს ჩადენილი, უარესიც კიო. ამით იორგაკისის პატივისცემა და ნდობა მოიპოვა, რაღაც დროის მერე ავაზაკის სიველურე მოთვინიერდა, იგი დამდაბლდა და შეინანა. გრიგოლი დაჰპირდა კიდეც ავაზაკს, ყოველდღე გაზიარებ, თუ ჩემთან ერთად ორმოცი დღე იმარხულებო. კაპიტანი იორგაკისი დათანხმდა და მარხვა დაიწყო, მოძღვარი კი მას აზიარებდა, ოღონდ არა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, არამედ უბრალოდ პურსა და ღვინოს, ვიდრე არ დასრულდა ორმოცდღიანი მარხვა, ანუ ეპიტიმია, მაშინ კი უწმინდეს საიდუმლოს აზიარა.
წმინდა დიონისეს მონასტრის იღუმენი, ბრძენი მამა გაბრიელი გვიყვებოდა: - ორმოცდაათზე მეტი წლის წინ კარიესის შორიახლოს (წმინდა პანტელეიმონის სკიტში) ცხოვრობდა მამა გრიგოლი, უბრალო, მცირედ განსწავლული, მაგრამ წმინდა გონების პატრონი და მოშურნე ღვთის სიტყვის შესწავლაში. წვივსაკრავებს ქსოვდა, რომელზეც დიდი მოთხოვნილება იყო ბერძენ გვარდიელებსა და რუმელასა და ეპირის მთის მცხოვრებთა შორის, რომლებიც ფუსტენელებს (ბერძნეთა ნაციონალური სამოსისა და სამხედრო ფორმის ნაწილი) იცვამდნენ. ყოველ შაბათს კარიესის ბაზრობაზე მიდიოდა თავისი ხელსაქმის გასაყიდად. იდგა გაუნძრევლად ცენტრალურ ქუჩაზე, სასაფლაოს ჩარდახის ქვეშ, მარჯვენა ხელში სკვნილი ეჭირა, მარცხენაში - ნაკეთობები. მიწას დაჰყურებდა და განუწყვეტლივ თავისთვის იმეორებდა: "უფალო იესო ქრისტე..." როცა ვინმე ეტყოდა, - მიმოიხედე, მამაო, ეგებ, მყიდველი მონახოო, პასუხობდა: - ისინი მე მხედავენ, ჩემთვის კი მათი დანახვა ზედმეტიაო.
ამ განმსჯელ მამაზე ამბობდნენ, - იმდენად ღრმად ჭვრეტს აღმსარებლის სულს, რომ ხედავს მის მთავარ ნაკლს და გამოსასწორებლად მოკლე დარიგებას აძლევსო. როცა მასზე შეიტყო მაშინ მთაწმინდაზე მცხოვრებმა პენსიაზე მყოფმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმე მესამემ, მონახა და უთხრა, - საღამოსპირზე შენთან მოვალ სააღსარებოდო.
- ჩემი კალივა პატარაა, უწმინდესო, პატრიარქის მისაღებად, - უპასუხა ბერმა.
- პატარა იყოს, ამაზე ნუ ჯავრობ, - უთხრა პატრიარქმა.
- კარები ძალზე დაბალია იმისათვის, რომ თქვენი სიწმინდე შემობრძანდეს.
- თავს მოვიდრეკ, რათა შემოვიდე, - ჯიუტობდა პატრიარქი.
- სამწუხაროდ, თავს ვერ მოიდრეკ. თავის მოდრეკა რომ შეგეძლოს, დიდი ხნის წინ დაუბრუნდებოდი შენს პატრიარქობას, - უპასუხა ბერმა, გულისხმობდა მედიდურობას და ადმინისტრაციულ შეუვალობას. შემდგომში ღირსსახსოვარი იოაკიმე ხშირად ამბობდა, - ამ უბრალო და განმსჯელ მოძღვართან საუბარი არასოდეს დამავიწყდებაო.
ამ მოძღვართან მივიდა ერთი მამა და თავის ახალგაზრდა მორჩილს უჩივლა, - მას ფიზიკური შრომით არ ვამძიმებ, მხოლოდ ჟამნს ვაკითხებ. მისი კელია ყველა სიკეთითაა ავსებული, მაგრამ ახალგაზრდას არეული ფიქრები აქვს, შფოთავს და მეშინია, მწუხარებისგან ჭკუიდან არ შეირყესო და რჩევა სთხოვა.
- ადექი და დააქორწინე, - უთხრა მამა გრიგოლმა.
მოძღვარი გაოგნდა, გაოცებით უცქერდა ბერდიდს და ვერ ხვდებოდა ნათქვამის აზრს.
- დატვირთე ის სამუშაოთი, - გაუმეორა მას მოძღვარმა, - ახალგაზრდები მხოლოდ მუდმივი სამუშაოს უღლის დადგმით მდაბლდებიან და მშვიდდებიან. მონაზვნისთვის ლოცვა სამუშაოს გარეშე იგივეა, რაც სამუშაო ლოცვის გარეშე. დააქორწინე ის სამუშაოზე.