მამა იოსებ ვათოპედელი. მამა იოსებ ისიქასტის ცხოვრება
გაგრძელება
მოსაგრეები ადრინდელზე მეტად მყოფობდნენ თავიანთ კალივაში
, მაგრამ ზოგჯერ ზაფხულობით ესტუმრებოდნენ მიუვალ ადგილებს და იქ სიმყუდროვეში მოსაგრეობდნენ. ერთხელაც წმინდა გრიგოლ პალამას კელიისკენ გაემართნენ, სადაც პატარა ტაძარიც არის და გადმოცემის თანახმად აქ ოდესღაც წმინდა გრიგოლი ეწეოდა მეუდაბნოე ცხოვრებას. მოსაგრეები კელიაში შუადღის მერე მივიდნენ. ისინი ერთი კვირით აპირებდნენ დარჩენას, რადგან მამა იოსები აქ დიდ სიმსუბუქეს გრძნობდა. დაისვენეს და საღამოს შეუდგნენ ღამისთევის ლოცვას, ისინი ყოველთვის ცალ-ცალკე ლოცულობდნენ ხოლმე, ამ დროს ეშმაკებმა ხმაური ატეხეს და ყვირილი დაიწყეს: "შენ ჩვენ გაგვაწვალე, შენ ჩვენ გაგვტანჯე, წადით. მათი ხმა მამა არსენმაც გაიგო, რომელმაც შეძრწუნებულმა მიირბინა მამა იოსებთან და ჰკითხა: "რატომ ყვირიან, მამაო? ვინ არიან?" ბერდიდმა ის დაამშვიდა: "ეს განსაცდელია. მე მათი არა მარტო მესმის, ვხედავ კიდევაც. მშვიდად იყავი და ისინი წავლენ. მათ არ მოსწონთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ". მეორე დღეს მონასტრიდან მეტყევე გამოგზავნეს, რომელმაც გააფრთხილა მონაზვნები, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებიათ ეს ადგილი. მამა არსენმა თავისი ჩვეული უბრალოებით მიმართა მოძღვარს: "ლავრაში სიადან შეიტყვეს, რომ აქ ვართ? ანდა რატომ გვიბრძანეს წასვლა, რით შევაწუხეთ ისინი?" მან უპასუხა: "არსენი, ჩვენ არაფრით ვაწუხებთ ლავრას, მაგრამ ისინი შევაწუხეთ, ამ ღამეს რომ ყვიროდნენ. მე დავინახე, რომ მათ შეწყვიტეს ყვირილი, მონასტრის ეზოში დაეშვნენ და იქ შფოთი ატეხეს. ამითაც, წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაც განსაცდელი გველოდა. კარგია, რომ ეს განსაცდელი უმნიშვნელოა".გაგრძელება
მოსაგრეები კვლავ დაბრუნდნენ თავიანთ კალივაში და რამდენადაც შეეძლოთ მყუდროებასა და ლოცვას მიეცნენ. იმავე დროს მამა იოსებმა გადაწყვიტა, სრული დაყუდების ღვაწლი გამოეცადა და მას მამა არსენი ემსახურებოდა. ბუნებრივია, ის ლიტურგიაზე ვეღარ დადიოდა. მხოლოდ მამა არსენი თუ ახერხებდა ლიტურგიაზე წასვლას, ისიც დიდ დღესასწაულებზე.
ერთხელაც რომელიღაც დღესასწულზე მამა არსენი მეზობელ კალივაში წავიდა საზიარებლად. მამა იოსები კი მარტო დაყუდებული თავისთვის დადგენილ ტიპიკონს ასრულებდა. მამა იოსები იხსენებს: "მთელი საღამოს განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი, რომ სხვა მამები ეზიარებიან, მე კი ჩემი ცოდვების გამო ამ მადლის მიღების ღირსი არა ვარ. ვიჯექი და რამდენადაც შემეძლო, ლოცვას გულში ვაკავებდი. უეცრად რაღაც მომენტში შევჩერდი და ყურადღება მოვიკრიბე. კვლავ გამიჩნდა სურვილი ცხოვრების პურის გემოსხილვისა. მე დავიწყე ლოცვის წართქმა, თითქოს დაბეჭდილს ვკითხულობდი, რომელიც უფრო თავის განწირვა იყო. უეცრად ვიღაცის სიახლოვე ვიგრძენი. თვალები გავახილე (ყოველთვის სიბნელეში ვლოცულობდი, თუმცა თვალების დახუჭვასაც მივეჩვიე). ჩემს წინ ბრწყინვალე ანგელოზი დავინახე - იმგვარი, როგორადაც გამოხატავს ჩვენი ეკლესია. ირგვლივ ყველაფერი არამიწიერი სინათლით განათდა. ანგელოზს ხელთ მდიდრული მბრწყინავი ჭურჭელი ეპყრა. მან ის გახსნა, საჭირო ადგილზე მომიახლოვდა და დიდი კრძლავითა და ყურადღებით, უფლის სხეულის ნაწილი ჩამიდო ბაგეში. შემდეგ შემომხედა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით. ჭურჭელი დახურა და აფრინდა ზემოთ, საიდანაც ჩამოეშვა. მთელი ის დღე ჩემი გონება ამ ჭვრეტით იყო დაკავებული, გული კი ქრისტეს სიყვარულით მქონდა ავსებული. მიწიერზე აღარაფერზე ვფიქრობდი".
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მამა არსენი და მამა იოსები ახლა ისე ხშირად აღარ მოგზაურობდნენ, როგორც ადრე, დიდხანს რჩებოდნენ თავიანთ კალივაში, ისინი მაინც არ ივიწყებდნენ თავიანთ საყვარელ ათონის მწვერვალს. ერთხელაც თავისი ზამთრის დაყუდებისა და აღდგომის დღესასწაულის გავლის მერე ბერები წლის მანძილზე პირველად ავიდნენ მწვერვალზე. მათი საყვარელი ადგილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატარა საყდარი იყო, სადაც პირველ წლებში დიდ დროს ატარებდნენ.
მოკლედ, ერთხელაც მოსაგრეები კვლავ მწვერვალისკენ გაემართნენ. აღდგომა ახალი ჩავლილი იყო. აქა-იქ ჯერ კიდევ თოვლი იდო, ათონის ჩრდილოეთ მხარეს ღრანტები სულ გადათეთრებული იყო. მონაზვნებს სპილენძის პატარა ქვაბურა ედოთ. რუსული ტყაპუჭები კი მათ ანაფორისა და საწოლის მოვალეობასაც უწევდა. ძილით კი, სადაც მოუხერხდებოდათ, იქ იძინებდნენ. როცა გარშემო წყალი არ იყო, ისინი ქვაბურაში თოვლს ადნობდნენ და ასე იკლავდნენ წყურვილს. ზოგჯერ ისინი ბოსტნეულსა და ხახვს ხარშავდნენ, რომელიც იშოვებოდა იმ მხარეში. იქ ორასი ათასი მეტრის სიმაღლეზე ყოველთვის ძლიერი ქარი უბერავს, მაგრამ ისინი ათონის მწვერვალზე ეკვდერში ჩერდებოდნენ, თუ მხოლოდ ეს იყო მათი მიზანი. საქმე ისაა, რომ ამ ეკვდერს ხშირად ანგრევს მეხის დაცემა და დიდი ლავრა ჩვეულებისამებრ მისი აღდგენისათვის ზრუნავს ხოლმე.
როცა მოსაგრეები უფრო მაღლა ავიდნენ, კარგი ამინდი იდგა და ისინი პირდაპირ მწვერვალისკენ გაემართნენ. ტაძარი კარგ მდგომარეობაში დახვდათ, მის გვერდით იდგა პატარა აუზი წვიმის წყლისათვის. "როცა ტაძარში შევედით და თაყვანისცემა დავაპირეთ, წმინდა ტრაპეზზე ახალმოწყვეტილი სამი წითელი ვაშლი ვნახეთ. უკვე შევჭამეთ, რომ ყოვლადუბრალო მამა არსენმა მკითხა: "მამაო, ვინ მოიტანა ვაშლები აქ, ასეთ დროს, და საიდან გაჩნდნენ, როცა ახლახან იწყეს ვაშლებმა გაყვავება?" მე დღემდე არ დამვიწყებია იმ ვაშლების გემო, რადგან არ მახსოვს როდესმე მეჭამოს ასეთი გემრიელი ვაშლები". უნდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ 1935 წლამდე არ არსებობდა ხილისა და ბოსტნეულის გადაზიდვისა და შენახვის თანამედროვე საშუალება. ამიტომაც შეუძლებელია, ისინი იქ ვინმეს დაედო. უცხოები, დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ათონს არ სტუმრობდნენ, მამები და ღვთისმშიში მომლოცველები კი იქ შუა ზაფხულში ადიოდნენ, ამინდი სწორედ მაშინ იყო შესაფერისი. მონაზვნები მწვერვალზე რჩებოდნენ, ვიდრე ყინვის დათმენას შეძლებდნენ, შემდეგ კი ღვთისმშობლის ტაძარში ჩადიოდნენ, სადაც დიდხანს რჩებოდნენ.
შემდგომში მოთმინებისა და რწმენის სხვადასხვა მაგალითს მოვიყვან, რომელიც მოგვითხრო მამა იოსებმა და შემოინახა ჩემმა მდაბალმა მეხსიერებამ. თუმცა ახლა საუბარი შეეხება ერთ შემთხვევას, რომელშიც გამოჩნდა ნუგეშინისცემის სახე, რომელიც გვევლინება ჩვენი მოთმინებისა და მზადყოფნის პასუხად, როცა ღვთის ნებას მივანდობთ იმ პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც გვაღელვებს. "ერთხელაც, - გვიყვებოდა მამა იოსები, - როდესაც მუდმივად ჩვენს კალივაში ვიმყოფებოდით, ჩვენს გარშემო სხვა მონაზვნებმაც მოისურვეს დასახლება, რომლებიც უწესრიგობის მოთავენი გახდნენ. მე აქედან გამოსავალს ვერ ვხედავდი, მოთმინებით ვლოცულობდი, თუმცა დიდ სიმძიმეს ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოწაფეები არ აგვირჩევია, მაგრამ თანაგრძნობის კანონით, ვიღებდით მათ, ვისაც ჩვენთან ცხოვრება უნდოდა, რადგან, როგორც მათ ეჩვენებოდათ, მყუდროება და სულიერი ცხოვრება სურდათ. სამწუხაროდ, სინამდვილეში საპირისპიროდ გამოვიდა. ეს ადამიანები ყველაზე ნაკლებად ჰგავდნენ დაყუდებისა და მორჩილების მოყვარულებს. ისინი უფრო ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ღვაწლს, ვიდრე თვითონ ცდილობდნენ სიკეთის მიღებას. როცა კაცს სიზარმაცესთან ერთად ძველი ჩვეულებებიც ჩაითრევს, მაშინ მდგომარეობა მძიმე და პრაქტიკულად გამოუვალი ხდება. ამგვარად, განკრძალული ვლოცულობდი და საღმრთო წყალობას ვითხოვდი, უეცრად გაბრწყინება ვიგრძენი. როგორც ჩემი გრძნობა, ისე ჩემი ვიწრო კელიის სახე შეიცვალა და ვიხილე, რომ ზემოდან ჯვარცმული უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეშვებოდა, რომელსაც თავისი ღმერთკაცობრივი ჰიპოსტასისთვის ბუნებრივი ხორციელი ზომა ჰქონდა. ის ჩემს წინ დადგა თავის ჯვართან ერთად, მშვიდად შემომხედა და მითხრა: "შეხედე, რა დავითმინე თქვენთვის. თქვენ კი ასე ადვილად იღლებით?" ეს სიტყვები მომესმა თუ არა, მის წინ პირქვე დავემხე და აცრემლებულმა შევყვირე: "უფალო, შეგვეწიე ჩვენ ცოდვილებს და ნუ დაგვიტევებ!" ვიდრე მიწაზე ვიწექი და ვტიროდი, ის ამაღლდა, იქ, საიდანაც ჩამობრძანდა და კეთილსურნელება და თავისი ღვთაებრივი სიყვარულის ნუგეშინისცემა დატოვა. ამის მერე საცდურები შეწყდა და ვინც ჩვენთან დარჩენა ვეღარ შეძლო, ნელ-ნელა გაგვცილდა.
ბასილი დიდის სახელობის თავიანთ კალივაში მოსაგრეებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა საყდარი ააშენეს და აკურთხეს. გადაწყვიტეს, სხვადასხვა ადგილებში აღარ ემოგზაურათ და მონაზვნისთვის ჩვეული ხელსაქმისთვის მოეკიდათ ხელი. მამა იოსები ხეზე არაჩვეულებრივად კვეთდა და შეეძლო დიდი წარმატებისთვის მიეღწია. მაგრამ ის რთულ და დავეწილ სამუშაოს არ ასრულებდა, რადგანაც ის მას ძალზე ამძიმებდა და ღვთისკენ მიმართულ გონებას უფანტავდა, ამიტომაც ბერდიდი პატარა ჯვრის გარდა არაფერს აკეთებდა, მასზე ერთ მხარეს უფლის ჯვარცმა იყო გამოსახული, მეორე მხარეს - ღვთისმშობელი. მამა არსენი ამ ხელობისთვის განკუთვნილ ნამზადს აკეთებდა, ხეზე კი მხოლოდ მამა იოსები კვეთდა. შემდგომში როცა ვკითხეთ, თუ რატომ არ ინტერესდებოდა სხვა ნაკეთობებითაც, თქვა: "ადრე ეს ხელობა ყვაოდა ათონელ მონაზონთა შორის და დიდადაც დახელოვნდნენ. ჩვენი მარტივი საქმიანობის მიზანი კი ის იყო, რომ ჩვენი ცხოვრებისეული მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა. ჩვენ რომ რთული საქმეებისთვის ხელის მოკიდება მოგვესურვებინა, მაშინ საზრუნავი მოგვემატებოდა. თანაც გაიზრდებოდა ხალხის ინტერესი ჩვენი მხატვრული შემოქმედებისადმი, რაც ჩვენს მყუდროებას წინ აღუდგებოდა. მაშინ ეს საცდური იქნებოდა გონებისთვის, რომელიც ღვთის ხსოვნისაგან განიფანტებოდა. როცა მონაზონი მუშაობს, ეს ეწინააღმდეგება გონების ღმერთში ყოფნას. მას მართებს, რომ მუშაობა აღარ გააგრძელოს, რადგან მაშინ მისი მონაზვნური ცხოვრება დაზარალდება"; და ჩვენს გასაძლიერებლად დაუმატა: "ქრისტემ ზედმეტი ზრუნვა სიმთვრალისა და მრუშობის კატეგორიაში ჩარიცხა (შეადარე ლუკა 21,34). ასე უნდა განსაჯოთ: ჩვენ შეგვიძლია შიმშილით დავიხოცოთ და იმავე ხვედრის ღირსნი შევიქმნათ, რაც მრუშებს მოელით. ეს სამი საგანი ხომ ერთნაირად იწვევს სიმძიმეს და გულის გასასტიკებას და შესაბამისად ჩვენს დაცემასაც".
ღირსსახსოვარ მამა იოსებს ჩვეულებად ჰქონდა, ზედმეტი ცხოვრებისეული საზრუნავი შეედარებინა იმ დროს გავრცელებული ტუბერკულოზისთვის - სახიფათო, დამღუპველი და სიკვდილისმომტანი სნეულებისთვის. როცა ჩვენ რაიმე საგნის გაუმჯობესებას ვცდილობდით, ის მეტად მოხერხებული და პრაქტიკული რომ ყოფილიყო, ხშირად შენიშვნას გვაძლევდა: "ნუ დაჭლექიანდებით ცხოვრებისეული საზრუნავით, შვილებო!"
მათ ხშირად სტუმრობდნენ სხვა მონაზვნებიც, რომელთაც დაყუდება და ლოცვა აინტერესებდათ, მათ შორის იყო ღირსსახსოვარი მამა გერასიმე მენაისი. მას, უკვე ავადმყოფს, სიცოცხლის ბოლო წლებში ვესტუმრეთ წმინდა პავლეს მონასტერში, როცა გაიგო, რომ იოსების საძმოდან ვიყავით, საწოლიდან წამოდგა, მე მუხლის მოდრეკას ვაპირებდი, მან გულში ჩამიკრა და ატირდა. ცოტათი რომ დამშვიდდა, აღელვებულმა მითხრა: "მე არასოდეს დავივიწყებ მამა იოსების გვერდით გატარებულ დროს და ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი მონაზვნური ცხოვრების საუკეთესო დღეები. სამწუხაროდ, ხორციელმა უძლურებამ ნება არ მომცა გამეგრძელებინა მათთან ცხოვრება".
მას მერე, რაც მოსაგრეებმა მუდმივად ერთ კალივაში იწყეს ცხოვრება, მამა იოსებს დიდი სახელი გაუვარდა და მრავალმა იწყო მასთან რჩევისთვის მისვლა.