ვაღიარებ იმ ცოდვებს, რომლებიც აღარ მახსოვს ანდა არ მითქვამს
12.04.2012
ერთი ღვთისმოშიში ქალი მთელ ცხოვრებას ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, დიდი რწმენა ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მფარველობას შესთხოვდა.
მას ახალგაზრდობაში ჩადენილი ჰქონდა რაღაც ცოდვა, რომელსაც ცრუ სირცხვილის გამო მოძღვარს უმალავდა და "მოხერხებულად" ამბობდა: "ვაღიარებ იმ ცოდვებს, რომლებიც აღარ მახსოვს ანდა არ მითქვამსო". ცალკე დარჩენილი კი სინანულით ტიროდა. ასე გაატარა სიცოცხლე, მიაღწია სიბერემდე და გარდაიცვალა. როცა მესამე დღეს მის დასაკრძალად ემზადებოდნენ, უეცრად ქალი მკვდრეთით აღდგა და შეშინებულ ქალიშვილს უთხრა: "ჩემთან ახლოს მოიწიე, ნუ გეშინია, დაუძახე ჩემს მოძღვარს". როცა მღვდელი მოვიდა, ქალმა იქ შეკრებილ ხალხს უთხრა: "ნუ გეშინიათ ჩემი, ღვთის მოწყალებით და ღვთისმშობლის შუამდგომლობით დავბრუნდი ამქვეყნად. როგორც კი გარდავიცვალე, გარს ბოროტი სულები შემომერტყნენ - ჯოჯოხეთის ღირსი ხარ, რადგან ცოდვა დამალეო. ამ საშინელ დროს გაიბრწყინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ვითარცა ცისკრის ვარსკვლავმა. მან, ვითარცა ელვამ, განდევნა ბოროტი ძალნი და მიბრძანა, ცოდვები მეღიარებინა სულიერი მამის წინაშე". ქალმა მხნედ აღიარა თავისი ცოდვა, მერე კი მიდო თავი ქალიშვილის მხარზე და საუკუნოსა და ნეტარ ცხოვრებაში გადავიდა.