იოანე მოსხი მოგვითხრობს სელევკიის ეპისკოპოსის, ამბა თეოდორეს ნაამბობს:
მისი წინამორბედი ეპისკოპოსის, ნეტარი დიონისეს დროს ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი ღვთისმოშიში ვაჭარი. სევეროსის ერესის მიმდევარი იყო. მსახური კი მართლმადიდებელი ჰყავდა. ერთხელ, იმ ქვეყნის ტრადიციის თანახმად, მსახურმა დიდ ხუთშაბათს წმინდა ნაწილები (უფლის ხორცი) მიიღო, სუფთა ტილოში გაახვია და კარადაში შეინახა. ნააღდგომევს ვაჭარმა მსახური კოსტანტინოპოლში გაგზავნა საქმეზე. მას წმინდა ძღვენი კარადაში დაავიწყდა, გასაღები კი ბატონს დაუტოვა. ერთხელ, როცა ბატონმა კარადა გააღო, იქ ეს სიწმინდე იხილა, რადგანაც ეკლესიის წევრი არ იყო, არ მიუღია და ისევ კარადაში დატოვა, - იფიქრა ჩემი მსახური მოვა და ეზიარებაო. დადგა მეორე დიდი ხუთშაბათი და მსახური ჯერ კიდევ არ ჩანდა. მაშინ ვაჭარმა გადაწყვიტა, წმინდა ნაწილები დაეწვა, რათა კიდევ ერთი წელი არ დარჩენილიყო იქ. გააღო კარადა და რას ხედავს - წმინდა ნაწილი აჯეჯილებულიყო და თავთავი მოესხა. შიშით ატანილმა აიღო სიწმიდე და "უფალო, შემიწყალეს" გალობით ეპისკოპოს დიონისეს მიაშურა. ამ დიდმა სასწაულმა სევეროსის ბევრი მომხრე დააფიქრა, მოაქცია და წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას შეუერთა.
* წმინდა კირილე ბელოეზერელთან მოიყვანეს მძიმე სნეული, რომელიც სიკვდილის წინ მონაზვნად აღკვეცას ითხოვდა. წმინდა კირილემ ის მონაზვნის სქემით შემოსა და დალმატი უწოდა. რამდენიმე დღის მერე უკვე მომაკვდავი კაცი ზიარებას ითხოვდა. მაგრამ მღვდელმა დააგვიანა ლიტურგიის აღსრულება და როცა წმინდა ნაწილები კელიაში მიიტანა, ავადმყოფი გარდაცვლილი დახვდა. დაბნეული მღვდელი ღირს კირილესთან გაიქცა. წმინდანი ამ ამბავმა ძალზე შეაწუხა, ჩაიკეტა თავის კელიაში და ლოცვა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ მასთან დალმატის მესენაკე მოვიდა - დალმატი ჯერ კიდევ ცოცხალია და ზიარებას ითხოვსო. წმინდა კირილემ მაშინვე გაგზავნა მღვდელი. მან აზიარა დალმატი და ისიც, ძმებთან დამშვიდობების მერე, მშვიდად მიიცვალა.
* ერთ განდეგილთან მოდიოდა ხოლმე მეზობლად მდებარე ეკლესიიდან მღვდელი და აზიარებდა. ერთხელ ვიღაცამ განდეგილს მღვდელი უძაგა. მან დაიჯერა და როცა მღვდელი მივიდა მასთან საზიარებლად, კარი აღარ გაუღო. მღვდელი წავიდა და განდეგილს მოესმა ხმა: "მიიტაცეს ადამიანებმა ჩემი მსჯავრი". ამის მერე მას განკვირვება დაეცა, დაინახა ოქროს ჭა ოქროს თოკითა და ჭურჭლით. განდეგილს ამ უგემრიელესი წყლის დალევა მოუნდა. ჭასთან კეთროვანი იდგა. წყალი ამოუღო და დაუსხა, მაგრამ დალევისგან თავი შეიკავა. ამ დროს ხმა მოესმა: რატომ არ სვამ ამ წყალს? რა შენი საქმეა, ვინ იღებს ჭიდან. ის მხოლოდ იღებს და ჭურჭელში ასხამს". განდეგილი გონს მოვიდა, მიხვდა შეცდომას, მოუხმო მღვდელს და ვიდრე ეზიარებოდა, შენდობა სთხოვა.
* დიმიტრი შეპელევმა წმინდა სერგის უდაბნოს წინამძღვარს, მამა ეგნატეს უამბო: შეპელევი პაჟთა კორპუსში სწავლობდა. ერთხელ, დიდმარხვისას, ზიარების დროს, ეჭვი გამოთქვა, რომ ბარძიმში უფლის სისხლი და ხორცი იყო. როცა მას წმინდა საიდუმლო მიუტანეს, იგრძნო, რომ პირში ხორცი ჩაუდეს. ძრწოლამ შეიპყრო, წმინდა ნაწილის გადაყლაპვა ვეღარ შეძლო. მღვდელმა შეამჩნია ცვლილება და უბრძანა, საკურთხეველში შესულიყო. როგორც იქნა, მოახერხა და მოძღვარს თავისი ცოდვა აღუარა. მერეღა მოახერხა უფლის ხორცის გადაყლაპვა.
* უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარება მაკურნებელია როგორც სულისა, ისე ხორცისა: წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის დედა მძიმედ სნეული იწვა. როგორც კი მიიღო საღვთო ზიარება თავისი ვაჟის ხელიდან, მაშინვე განიკურნა.
* წმინდა ღირსმოწამე ეპიქტეტეს ერთმა ცნობილმა დიდებულმა თავისი თხუთმეტი წლის ქალიშვილი მოუყვანა, რომელიც სამი წლის განრღვეული იყო და მისი განკურნება სთხოვა. წმინდა ეპიქტეტე ღმერთს შეევედრა, ზეთი აკურთხა და სცხო. ქალიშვილი მაშინვე განკურნებული წამოდგა ფეხზე. წმინდანმა უთხრა დიდებულს: "თუ გინდა, რომ სნეულებამ თქვენს სახლში არ დაისადგუროს, ყოველ კვირა შინაურებთან ერთად წმინდა გულით ეზიარე უფლის სისხლისა და ხორცის ღვთაებრივ საიდუმლოს".
* წმინდა საიდუმლოსთან ზიარებით უფალი მუნჯსაც მეტყველებას უბოძებს. წმინდა ანდრია, კრიტელი მთავარაეპისკოპოსი, შვიდ წლამდე მუნჯი იყო, მაგრამ როცა მშობლებთან ერთად წმინდა საიდუმლოს ეზიარა, ალაპარაკდა.
* წმინდა საიდუმლოებასთან ზიარებით უფალი ბრმას თვალისჩინს უბოძებს. წმინდა იოანე მმარხველმა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, ერთ ბრმას თვალებზე უფლის ხორცის ნაწილი დაადო და თქვა: "რომელმან შობითგან ბრმა განკურნე, განკურნე ესეც" და მას თვალთ აეხილა. ასეთი ძალმოსილია ქრისტეს საიდუმლო.
* წმინდა იოანე კრონშტადტელსაც ვუსმინოთ: მაოცებს ღვთაებრივ საიდუმლოებათა დიდებულება და ცხოველმყოფელობა! დედაბერმა, რომელიც სისხლს არწყევდა, დაუძლურებული იყო და ვერაფერს ჭამდა, წმინდა ზიარებისთანავე დაიწყო გამოკეთება.
მომაკვდავმა გოგონამ ზიარების მერე იმავე დღეს იწყო გამოჯანმრთელება, ჭამა, სმა და საუბარი. არადა, სრულიად უგონოდ იყო, შფოთავდა, პირში არაფერს იკარებდა.
* ერთს კუჭი სტკიოდა. ექიმების ჩარევამ ვერაფერი უშველა. მეცხრე დღეს, როგორც კი ეზიარა, საწოლიდან სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. დიდება, უფალო, შენს ძლიერებას.
* მწერალი ფილიპ ვიგე იგონებს თავისი სნეულებისა და მისგან განკურნების ამბავს: "ექიმი ადრიანად მოვიდა, პულსი გამისიჯნა, ენა მინახა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვკითხე: - სხეული წითელი ლაქებით მქონდა დაფარული, რომლებიც გაიისფრდა, მერე კი გაშავდა, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი. ენაც კი შავი გაქვსო, - მითხრა. ეს პასუხი მართლაც რომ საკმარისი იყო სასიკვდილო განაჩენისთვის. გარეთ რომ გავიდა, კარებთან გაჩერდა და ხმამაღლა უთხრა ჩემს მსახურს: - ტყუილად ნუღარ აწვალებთ, წამალს ნუღარ მისცემთ, ვფიქრობ, ერთ დღე-ღამესაც ვეღარ იცოცხლებსო.
ავადმყოფის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი გადაიხადეს და ჯვართამაღლებას წმინდა ზიარების მიღების ღირსი შეიქნა. "ამის მერე უეცრად ისე სწრაფად მომემატა ძალ-ღონე უწამლოდ, რომ ჩემმა ძმამ იფიქრა, ჩემთან მუდმივად ყოფნა აღარაა საჭიროო და ორ დღეში ერთხელ მოდიოდა..."
* წმინდა ანტონი ოპტელი ბრძანებს: "ძალზე მაცხოვნებელია, საკუთარი სული გამოკვებო წმინდა და უხრწნელი პურით. თუ ისე მოხდა, რომ კაცი იმ დღეს გარდაიცვლება, როცა წმინდა საიდუმლოს ეზიარა, მის სულს უფლის ანგელოზნი თავიანთ ხელებში მიირქვამენ ზიარების პატივის გამო და ზეციურ საზვერეებს უჭირველად გაივლის".
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "სინანულის საიდუმლოში, ანუ აღსარებაში, განადგურდება ხელითწერილნი ჩვენი შეცოდებებისა, ხოლო უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით სულიერად ხელახლა შობის ძალები გვეძლევა".
* წმინდა ამბროსი ოპტელი კი ბრძანებს: "ზიარების მერე უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ მიღებული საჩუქარი ღირსეულად შევინახოთ და რომ უფალმა მოგვცეს ძალა, რათა ძველ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ".
* წმინდა ნიკონ ოპტელი გვასწავლის: "ძნელია თქმა, რომელი სჯობს - იშვიათად თუ ხშირად ზიარება. ზაქემ სიხარულით მიიღო ძვირფასი სტუმარი და კარგადაც მოიქცა. ასისთავი გრძნობდა თავის უღირსობას, ამიტომაც უფალი ვერ მიიწვია და ისიც კარგად მოიქცა. მათი საქციელი თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ ერთნაირი სურვილი აღძრავდათ და უფლის წინაშე ერთნაირად ღირსეულნი გამოჩნდნენ. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღირსეულად მოვემზადოთ წმინდა საიდუმლოსთვის".
* ღირსი პალადი თავის "ლავსაიკონში" წერს: "ჩვენ ვიცნობდით თებეს მთაზე მღვდელს, სახელად ევლოგის. როცა ის ღმერთს წმინდა ძღვენს შესწირავდა, ჭვრეტის იმგვარ მადლს იღებდა, რომ თითოეული მონაზვნის აზრი იცოდა, ვინც ღვთისმსახურებაზე იყო მისული და საზიარებლად ემზადებოდა. იგი მათ შეაჩერებდა და ეტყოდა: "როგორ კადნიერდებით და წმინდა ზიარებასთან მოდიხართ, როცა მხოლოდ ბოროტს ფიქრობთ? აი, შენ, მაგალითად, ღამე სიძვის გულისთქმები გქონდა და ფიქრობდი, რომ ღვთის მადლი არ განარჩევს ცოდვილსა და მართალს, შენ კი ეჭვი გქონდა, გაგწმენდდა თუ არა წმინდა ზიარება. წადით და სხვა დროს მოდით, ახლა კი შეინანეთ თქვენი გულსთქმები, განიწმინდეთ მათგან და უფლება მიიღეთ ქრისტეს საიდუმლოებასთან მიახლებისა".
* ძმამ ჰკითხა წმინდა ბარსანოფი დიდს: "თუ მე ღამე ძილში შევიბილწე, დილით კი ევქარისტიაა, რა უნდა ვქნა?" "ბარძიმთან დასახიჩრებული კაცივით უნდა მიხვიდე, - უპასუხა წმინდანმა, - რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მაშინ განგვკურნავს სისხლმდინარი დედაკაცის განმკურნებელი უფალი. შევიყვაროთ უფალი, რათა გვითხრას: "მოგეტევებათ ბევრი ცოდვა, რამეთუ ბევრად შემიყვარეთ". როცა მიდიხარ საზიარებლად, თქვი: "ნუ წარსაწყმედელად მექმნება წმინდა ზიარება, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა" - და მაშინ მივიდეთ შიშით და უფალიც თავის წყალობას მოიღებს ჩვენზე".
* ერთმა ავხორცმა ეგვიპტელმა ერთი გათხოვილი, პატიოსანი ქალი შეიყვარა და მისგან თანაგრძნობა რომ ვერ მიიღო, დასახმარებლად ჯადოქარს მიმართა. ჯადოქარმა ბევრი იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს ისღა ქნა, რომ ქალი გარშემო ყველას ცხენად ეჩვენებოდა. ქალის ქმარმა მოიწვია მღვდლები. მათ ვერაფერი გაარკვიეს. გავიდა სამი დღე. ქალი ვერაფერს ჭამდა. ბოლოს ქმარი მიხვდა, რომ იგი წმინდა მაკარი მეგვიპტელთან უნდა წაეყვანა. მოაბა აღვირი და მივიდნენ წმინდანთან. როცა ბერდიდს მიუახლოვდა, მონაზვნებმა ჰკითხეს: "ცხენი რატომ მოიყვანეო?" "რათა წმინდანის ლოცვით შეწყალებულ იქმნასო", - უპასუხა უბედურმა ქმარმა. წმინდა მაკარის უფალმა განუცხადა ამ ამბის მიზეზი. როცა ბერებმა უთხრეს: ვიღაც კაცმა თქვენთან კვიცი მოიყვანაო, წმინდა მაკარიმ შენიშნა: თქვენ თვითონ ხართ კვიცები, რადგან ყველაფერს კვიცის თვალებით უცქერით. ის დედაკაცია და ასეთი იყო შობითგან. მას მხოლოდ თვალნი ხედავენ შეცდომით სხვა სხეულითო. ცხენი კელიაში შეიყვანა. მაკარი დიდმა წყალი აკურთხა, ასხურა, ლოცვა წაიკითხა და უეცრად ყველამ დაინახა, რომ იგი არსებით ქალი იყო. წმინდანმა ქალს პური აჭამა და მერე დამოძღვრა: "არასოდეს დაივიწყო ეკლესიაში სიარული და წმინდა საიდუმლოსთან ზიარება. ეს შენ იმიტომ შეგემთხვა, რომ ხუთი კვირაა, არ ზიარებულხარ უფლის წმინდა საიდუმლოს". ასე განკურნა მან იგი სულით და ხორცით და მშვიდობით გაუშვა.
* ღირსი მამა ფილოთეოსი (ზერვაკისი) ამბობდა: "კაცთაგან ერთნი ურწმუნოებისა და ცოდვიანობის გამო საერთოდ არ ეზიარებიან; სხვები კი მცირედი რწმენის, სიზარმაცისა და ღვთსადმი ჭეშმარიტი და წმინდა სიყვარულის უქონლობის გამო წელიწადში ერთი-ორჯერ ეზიარებიან, ისიც - ჩვეულების გამო, რწმენის, სიყვარულისა და შიშის გარეშე. სამწუხაროა და დიდად სატირალი, როცა მღვდელი ადამიანებს სამეუფო კარებთან მოუწოდებს ზიარებისთვის, მაგრამ არავინ ეზიარება".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი