მამა არსენი
დასასრული
მამა არსენი მარტო დარჩა ღმერთთან ერთად.
ბევრი სთხოვდა მოწაფედ აყვანას, ბევრს სურდა მასთან ცხოვრება, მაგრამ ის მთელი წელი არავის იღებდა. მერე კი ღვთისაგან ეუწყა, რომ ძმათა გამო კიდევ უნდა დარჩენილიყო ამ სოფელში. იწყო მიღება ყველასი, ვისაც მასთან ცხოვრება სურდა. რვა კაცი შეიკრიბა. მალე იძულებული გახდა, დაეტოვებინა მცირე კელია და მოწაფეებთან ერთად ყველაზე შორეულ უდაბნოში, ლაკის სკიტში, დიდ კელიაში დასახლდა. დასასრული
სკიტელ მამებს ძალზე გაუხარდათ, მათთან ასეთი ლამპრის მისვლა, რომელსაც შეეძლო ყველა გაენათლებინა თავისი ცხოვრებით. კარიესსა და კაპსალში მცხოვრები რუსი ძმები ძალზე წუხდნენ სულიერი მამის წასვლის გამო. თუმცა შორი და ძნელად სავალი იყო გზა, მაგრამ თავიანთ ნუგეშისმცემელთან იქაც მიდიოდნენ. მოძღვარმა მათ უთხრა, - აქ სიარულით თავს ნუ გაუჭირვებთ, თქვენთან ახლოს სხვა აირჩიეთ მოძღვრადო. მათ უპასუხეს: - წმინდა მამაო, მრავალი მოძღვარია, მაგრამ მამა და განსაცდელებში ნუგეშისმცემელი ვერ გვიპოვიაო.
მამა არსენთან მცხოვრებმა ბევრმა მოწაფემ ვერ დაითმინა მისი ცხოვრება და უპოვარება, მისგან წასვლა მოისურვა და კურთხევა სთხოვა, საცხოვრებლად ათონზე სხვა ადგილი აერჩიათ. მან მათ დაუყვავა, უთხრა: "ჩემო საყვარელო შვილებო, რითი ხართ უკმაყოფილო? ხომ არაფრით დაგამძიმეთ? თუ იმაზე წუხხართ, ბევრია სამუშაოო, ყველანი თქვენს კელიაში დაეყუდეთ, ოღონდ ნუ დაუტევებთ თქვენს საკელიო და საერთო ღვისმსახურების კანონს, ღმერთზე ფიქრსა და მოუკლებელ გონებისმიერ ლოცვაში იმეცადინეთ. ეცადეთ, განიწმინდოთ შინაგანი კაცი და ეშმაკი არ დაგეუფლოთ. იქნებ საჭმლით ხართ უკმაყოფილო? ამაზეც ნუ ჯავრობთ: ყველაფერს, რაც გვჭირდება, უფალი გამოგვიგზავნის სანუგეშებლად, რამეთუ მან თქვა: "ეძებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველივე შეგეძინოს თქვენ" (მათე 6,33). მაგრამ ზოგიერთი მოწაფე ყურს არ უგდებდა მის დარიგებას და ამბობდა: "ვინ დაითმენს შენს უპოვარებას? რასაც უფალი გამოგვიგზავნის, შენ მაინც ყველაფერს სხვებს დაურიგებო". მანვე უთხრა მათ: "ვისაც სურს ჩემთან ცხოვრება, დაე, მომბაძოს მე, ხოლო ვისაც არ სურს, დასახლდეს, სადაც უნდა, მე მათ ვაკურთხებ - ოღონდ ათონის წმინდა მთის შიგნით უნდა იცხოვრონ და მთაწმინდის გარეთ გასვლაზე კურთხევას არ ვიძლევი, თუ ამაში ღვთის განსაკუთრებული ნება არ იქნება". ამის მერე ბევრი მიმოიფანტა, თუმცა ხორცით განშორდნენ, სულით და სიყვარულით კი ისევ მას იყვნენ მიჯაჭვულნი.
სკიტში სამწლიანი ცხოვრების მერე, ზოგიერთი გარემოების გამო, იგი, დარჩენილ მოწაფეებთან ერთად, სტავრონიკიტას მონასტრის სიახლოვეს, წმინდა სამების სახელობის კელიაში დასახლდა.
მამა არსენმა დიდი დევნა და ცილისწამება დაითმინა და ნაწილობრივ განდევნაც კი შურიან კაცთაგან. ჭეშმარიტად თქვა მოციქულმა: "ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესუს მიერ, იდევნენ" (2 ტიმოთე 3,12).
* * *
მამა არსენმა მთაწმინდაზე დიდებული ბრძანება გასცა და მისი შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა: მისი კურთხევით შევიდნენ რუსები რუსიკში, ბევრი დატოვა მთაწმინდაზე საცხოვრებლად, თუმცა ეს კი არ სურდათ, ბევრი კი მთაწმინდიდან სხვადასხვა ადგილას გაგზავნა. 1839 წელს რუსი ძმების კორენევების კელიაში ავადმყოფი მონაზონი იოსები იწვა. ერთ საღამოს ცუდად შეიქნა და მოძღვრის ნახვა მოისურვა. კორენევებთან მაშინ უცხოებიც ათევდნენ ღამეს, ორი მათგანი ფანრით წავიდა მოძღვართან. გაიარეს 5 ვერსი. მივიდნენ მოძღვართან - ბერი იოსები კვდება და შენი ნახვა სურსო. სთხოვეს, რომ სწრაფად გაჰყოლოდა ფანრით, რადგან უკუნი, წვიმიანი ღამე იყო. მამა არსენმა უთხრა: - მართლაც სწრაფად უნდა წავიდეთ, კვდება კაცი. წადით, მოვემზადები და მოგეწევითო.
მათ თხოვეს - ჩვენთან ერთად წამოდი, ვიჩქაროთო, მაგრამ მაინც გაგზავნა და დაჰპირდა, დაგეწევითო. ისინი სწრაფად წავიდნენ, თან მამა არსენზე წუხდნენ, მარტო ტყეში, წვიმაში როგორ წამოვაო და უფრო მეტად კი ეშინოდათ, რომ ავადმყოფი მოძღვრის მოსვლამდე არ მომკვდარიყო. კელიაში მისულებს მონაზონი ფილიპე შეეგებათ, - მამა იოსები უკვე მოკვდა, ამდენ ხანს სად იყავითო. "რაც შეგვეძლო ვჩქარობდით, ცოცხლისთვის რომ მოგვესწროო". მონაზონმა ფილიპემ უთხრა: "თავს რას იმართლებთ? ეტყობა, ვინმესთან სტუმრად შეიარეთ; მოძღვარი ნახევარი საათის წინ მოვიდა, აღსარება ათქმევინა, აზიარა და სულის განსვლის ლოცვები წაუკითხაო". მათ ეს რომ გაიგონეს, ძალზე გაოცდნენ, ისინი ხომ ერთი საათის წინ წამოვიდნენ მოძღვრის კელიიდან.
მივიდნენ მასთან, თაყვანი სცეს და ჰკითხეს: "მამაო წმინდაო, ასე სწრაფად როგორ წამოხვედი? არ დაგვინახავს, რომ ჩვენთვის გაგესწრო". მან უთხრა: "დაყოვნება არ შეიძლებოდა, ძლივს მოვუსწარი, პირდაპირი გზით წამოვედი, რომელიც თქვენ არ იცით!" ისინი გაჩუმდნენ, თუმც ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა გზა არ არსებობდა და ფიქრობდნენ, იმავე გზით ხომ არ წამოვიდა, რომლითაც წინასწარმეტყველ ამბაკუმს პალესტინიდან ბაბილონში ორმოში მჯდარ წინასწარმეტყველ დანიელთან სადილი მიჰქონდაო! კაპსალაში კიდევ ორ სნეულთან მივიდა მამა არსენი ამგვარი სახით.
* * *
კიდევ ერთი საკვირველი რამ მოხდა 1845 წელს: 4 ივლისს, დღისით, მან ლავრაში ღირს ათანასე ათონელის დღესასწაულზე წასვლა მოისურვა. იმ დღეს ლიტურგია ჩაატარა და ათონის შემოვლით ღამისთევის ლოცვაზე წავიდა ლავრაში: მისი კელიიდან წმინდა პავლეს ტაძრამდე 8 საათის სავალი იყო, წმინდა პავლედან ლავრამდე კი 7 საათისა. ლავრაში ღამისთევასა და ლიტურგიას დაესწრო, რომელიც 16 საათი გრძელდებოდა, ტრაპეზზე არ წასულა, პური აიღო, გზას გაუდგა და საღამოს თავის კელიაში მივიდა, რომელიც 8 საათის სავალზე იყო. ყველა ძალზე გაოცდა ამით: ახალგაზრდა 3 დღე მოუნდებოდა სიარულს, ის კი, 70 წლის ბერიკაცი, თანაც ფეხებმტკივანი, ლოცვაზე 16 საათი იდგა და ყველაფერს დღე-ღამენახევარში მორჩა. მერე ჰკითხეს: "მამაო, როგორ შეძელით ასე სწრაფად სიარული მთებიდან მთებზე, ამ ბასრ ქვებიან გზაზეო?" მან კი უპასუხა: "განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე ჩემი, არა ბუნებით, არამედ ღვთის შეწევნით!"1846 წლის დასაწყისში მამა არსენს აღსასრულის ჟამი მოუახლოვდა; ჯერ კიდევ ადრე მომლოცველები უყურებდნენ, თუ როგორ ბარავდა მარტო მთელ ბოსტანს: "მამაო, ამდენს რატომ შრომობთ და არ ამუშავებთ თქვენს მოწაფეებს..." მან უპასუხა: "მე უკვე ცოტა დამრჩა საბარი, ისინი უჩემოდაც დაბარავენო!" მერე კი ფეხები დაუსნეულდა და არც მუშაობა და არც სიარული აღარ შეეძლო, მაგრამ კვირაში ოთხ დღეს ლიტურგიას იხდიდა: კვირას, ოთხშაბათ-პარასკევსა და შაბათს, თუმცაღა დიდი გაჭირვებით. როცა ბარძიმს გამოაბრძანებდა, იგი მოწაფეებს ეკავათ. დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს ძლივსღა იმსახურა. იმავე შაბათს, 23 მარტს, ათონზე მთელ მოწაფეებს შეატყობინეს, რომ მოძღვარი ავად იყო და უკანასკნელი კურთხევისათვის მისულიყვნენ. 24 მარტს, ადრიანად შეკრიბნენ მთელი მისი სულიერი შვილები: რუსიკიდან მოძღვარი მამა იერონიმე, ილიას სკიტიდან - იღუმენი მამა პაისი და სხვა მრავალი. მასთან მივიდა ყოფილი მოწაფე მამა პავლე და ჰკითხა: "მამაო წმინდაო, ნუთუ გინდა მიგვატოვო და წახვიდე?" მან უპასუხა: "დიახ, მოვიდა დრო, ვალი უნდა გადავიხადო". პავლემ კვლავ ჰკითხა: "სიკვდილის ჟამის არ გეშინია, მამაო, არ შეგაძრწუნებს, აგათრთოლებს ის, რომ პირუთვნელ მსაჯულს სიტყვა უნდა მიუგო? შენ ხომ 30 წელზე მეტი აღსარებებს იღებდი". მან კი მას მხიარულად შეხედა და უთხრა: "შიში და ძრწოლა არა მაქვს, არამედ ერთგვარი სიხარული ამივსებს გულს. დიდი სასოება მაქვს ჩემი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, რომ არ დამიტევებს თავისი მოწყალებით, თუმცა კეთილი საქმეები არ ჩამიდენია, რითაც თავს მოვიწონებდი, თუ არა ოდენ საკუთარი უძლურებებით. ჩემი ნებით არაფერს არ ვაკეთებ, ხოლო რაც აღმისრულებია, ისიც ღვთის ნებითა და ჩემი უფლის შეწევნით". შემდეგ უბრძანა სულიერ შვილებს სათითაოდ მისულიყვნენ, თითოეულს ემშვიდობებოდა, ცოდვებისგან განხსნიდა და უკანასკნელ კურთხევასა და დარიგებას აძლევდა, თუ ვის სად უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება და ამ საქმეებს წყვეტდა თავისი ცხოვრების თითქმის მთელი უკანასკნელი წუთები. მერე ყველას წასვლა უბრძანა და ისინიც დაბლა ჩავიდნენ. მან ლოცვა დაიწყო, მაგრამ არ ისმოდა, თუ რას ამბობდა. სამჯერ ზეცად აღაპრო ხელები. შემდეგ დაუშვა და ჩაჩუმდა. როცა მიუახლოვდნენ, უკვე გარდაცვლილიყო და სული თვისი ჩაებარებინა თავისი უფლისთვის, რომელიც სიყმაწვილიდანვე შეიყვარა და მისი გულისთვის სიცოცხლის ბოლომდე ხორცს მოაუძლურებდა. ჭეშმარიტად, პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
მერე დაკრძლავისთვის განბანეს, როცა მისი ფეხები ნახეს, საშინელი რამ იხილეს, ორივე ფეხი მუხლს ქვემოთ თითქმის ცარიელი ძვლებიღა ჰქონდა, ხორცი კი ამდენი დგომისა და მრავალი წლის ჭრილობებისგან შემომპალიყო, ყველა განცვიფრდებოდა იმით, თუ როგორ იდგა ფეხზე და ასე სწრაფად რითი დადიოდა. მამა არსენს არასოდეს უთქვამს, რომ ფეხები სტკიოდა, არამედ ყოველთვის იდგა ფეხზე და მთელ მთაწმინდაზე ჩიტივით დაფრინავდა, თანაც ფეხებიდან მყრალი სუნი არ მოდიოდა. დაკრძალეს ის საკურთხევლის გვერდით წმინდა სამების კელიაში 1846 წლის 25 მარტს.
მოაკლდა მთაწმინდას ასეთი სვეტი და ლამპარი, რომელიც განამხნევებდა და განანათლებდა რუსულ საძმოს 24 წელიწადი და არ მხოლოდ რუსებს, არამედ ბერძნებსაც, ბულგარელებსა და მოლდაველებს.
მამა არსენი შუა ტანისა იყო, ქერა, ჭაღარა, თავი მარჯვენა მხარეს ჰქონდა დახრილი, სახე წმინდა და მხიარული, თვალები ცრემლით ავსებული, იყო ხმელ-ხმელი, სახეზე მუდამ სიწითლე დასთამაშებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლიტურგიას მსახურებდა. მამა არსენი ცოტას ლაპარაკოდა, ყველთვის უბრალოდ, მოფერების გარეშე, მტკიცედ და გაუმეორებლად. ძალზე განსწავლული იყო წმინდა წერილსა და მამათა ნაწერებში, ყოველთვის ზეპირად ციტირებდა, რითიც განსწავლულებსაც აოცებდა. მასთან მცხოვრებ მოწაფეებს არასოდეს უნახავთ მძინარე და ზურგით დაწოლილი, უფრო მეტად ფეხზე იდგა ანდა იშვიათად თუ დაჯდებოდა. ადამიანურ ბუნებას მცირეოდენ ძალას უბოძებდა, შეუმჩნევლად, ისიც დამჯდარი. ყოველთვის ლოცულობდა, კითხულობდა ანდა ხელსაქმობდა.
მამა არსენის სწავლება და დარიგებანი ძველი მამებისას ეთანხმებოდა. თითოეულს ღვთის ნებითა და მამათა რჩევის მიხედვით ცხოვრებას ასწავლიდა და არა საკუთარი გონებისა და სურვილის მიყოლას, რისთვისაც ზოგ-ზოგიერთს ის ზედმეტად მკაცრი ეჩვენებოდა. მაგრამ, როგორც თვითონ ცდილობდა, ასევე სხვებსაც მკაცრად შთააგონებდა, რომ ყოველივე ღვთის ნების მიხედვით გაეკეთებინათ. ასეთი მამა რუსებს აღარ დარჩათ, ალბათ მერე ოდესმე ვინმე გაბრწყინდება. თუმცა ბევრია მოსაგრე, უფრო მეტად უბრალო კაცთაგან, მაგრამ მათ ასეთი განსჯის უნარი არ მოუპოვებიათ.
სამი წლის მერე, ათონური ჩვეულების თანახმად, გათხარეს მისი ძვლები - ცვილივით ყვითელი იყო და კეთილსურნელებდა.