მოძღვარი მამა არსენი
(გაგრძელება)
ისინი ამგვარი ტიპიკონით ცხოვრობდნენ: ტრაპეზის მერე მწუხრამდე კელიებში სასულიერო შინაარსის ნაწერებს კითხულობდნენ.
მერე კი ტიპიკონის მიხედვით მწუხრს ატარებდნენ - ყოველთვის ყურადღებით და ცრემლმორეულნი კითხულობდნენ, მშვიდად და ჩუმად, შემდეგ მცირე სერობას ჩამოილოცავდნენ ღვთისმშობლის კანონთან ერთად და ძილად მისვლის ლოცვებს იტყოდნენ. მთელ ღამეს მღვიძარებაში, ლოცვასა და მუხლთადრეკაში ატარებდნენ. როცა ძილი მოერეოდათ, მთელი ღამის მანძილზე ერთ საათს თუ ჩათვლემდნენ მიმსხდარნი, უფრო კი აიძულებდნენ საკუთარ თავს, ეფხიზლათ და ამისთვის ხშირად ღამით დადიოდნენ. საათი მათ არ ჰქონდათ, მაგრამ რა დრო იყო, ყოველთვის იცოდნენ, რადგან მთის ძირში ივერთა მონასტერში სამრეკლოზე საათი რეკავდა ხოლმე და ყოველთვის ესმოდათ ეს ხმა. შუაღამისას საერთო ლოცვისთვის შედიოდნენ ეკლესიაში და იქ კითხულობდნენ შუაღამიანს, მერე ცისკარს ჩამოილოცავდნენ, ტიპიკონის მიხედვით. ცისკრის შემდგომ ყოველთვის კანონს კითხულობდნენ ღვთისმშობლის დაუჯდომლით. მერე მყუდროებას მიეცემოდნენ, ვიდრე გათენდებოდა. შემდეგ კი ხელსაქმობდნენ, თითო ძმა ათ კოვზს აკეთებდა. სხვადასხვა ადგილას მუშაობდნენ. ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, მხოლოდ საჭიროსა და აუცილებელს იტყოდნენ, მუდამ ლოცვასა და გულის დამარხვაში იყვნენ, კოვზებს კი უბრალო სახისას აკეთებდნენ. მერე კითხულობდნენ ჟამნსა და ღვთისმშობლის პარაკლისს, ხოლო შემდეგ ტრაპეზობდნენ. აი, ასე ატარებდნენ დღეებსა და ღამეებს მოუკლებელ ლოცვასა და ხელსაქმობაში.(გაგრძელება)
მოძღვარს ხშირად ლიტურგიის ჩატარებაც უყვარდა: როცა ღვინო და სეფისკვერები ჰქონდა, თითქმის ყოველდღე მსახურებდა. მაგრამ დიდად აკლდათ ორივე. ლიტურგიას უფრო მეტად ორნი ატარებდნენ. ზოგჯერ მიხდებოდა მათ გვერდით ყოფნა და მათი ცრემლებით შეზავებული "მქუხარე" ლიტურგიისა და "მუსიკალური გალობის" მოსმენა. ვუცქერ მარხვით მოუძლურებულ და გამომხმარ ორ ბერიკაცს: ერთი საკურთხეველში დგას, უფლის ტრაპეზის წინაშე, დგას და ტირის, ცრემლების გამო ასამაღლებლის ხმამაღლა თქმა არ შეუძლია, მხოლოდ გულისმიერი ამოოხვრით ჩუმად წარმოთქვამს, მეორე კი კლიროსზე დგას და ქვითინებს. მათი ტირილის, ქვითინისა და კიდევ ხორციელი უძლურების გამო ცოტას თუ რამეს მოისმენ. მე კი, ცოდვილი, ამ დიდებულ ცეცხლის სვეტებს შორის მყოფი მთლიანად შიშითა და ძრწოლით ვიყავი შეპყრობილი და არ ვიცოდი, საითკენ მიმემართა სმენა: საკურთხევლისკენ თუ უკან. ორივე ტირილს მაიძულებდა. თუმცა ადამიანის ყურებს ცოტა ესმოდა, მაგრამ მათ ლიტურგიას, აღთქმისაებრ, თვით უფალი მოხედავდა: ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა (ესაია 66,2). აქ "წმინდა არსის" საგალობელს აღავლენდნენ ბერნი, რომელთაც ერთი მიწიერი საზრუნავი, ერთი მიწიერი გულისთქმა არ ჰქონდათ, აქ ორს შორის, აღთქმისაებრ, თვით უფალი იმყოფებოდა: რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათე 18,20). ამ ორმა ბერიკაცმა იმდენად შეიყვარა თავიანთი უფალი, რომ წუთითაც კი არ უნდოდათ მასთან განშორება, ყოველთვის მასთან საუბრით თანადატკბებოდნენ, გონებით, გულით და ბაგეებით. ისინი მხოლოდ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე საუბრობდნენ. თუ ვინმე მათთან ძმაზე დაიწყებდა წუწუნს, ისინი მაშინვე წყვეტდნენ საუბარს. ყოველი მოყვასი საკუთარ თავზე მეტად უყვარდათ და ამას ცხადად აჩვენებდა მათი საქმეები. ყოველთვის ცდილობდენ, ყველა დაემშვიდებინათ. ვინც არ უნდა მისულიყო მათთან რაიმე გაჭირვებით, თავიანთი კელიიდან მწუხარეს არ გაუშვებდნენ. ვინც ხორციელი საჭიროების გამო ჯავრობდა, მას, რაც შეეძლოთ, იმაზე მეტადაც კი ასაჩუქრებდნენ: თავიანთ უკანასკნელ წიგნებს აგირავებდნენ და მერე კი, როგორც ღმერთი შეეწეოდათ, გამოისყიდიდნენ ხოლმე. ვისაც სულიერი შეჭირვება ჰქონდა, მათ თავიანთი კეთილი საუბრებით ანუგეშებდნენ. ღარიბები მათში დამხმარეს ხედავდნენ, მწუხარენი - ნუგეშინისმცემელს, ვნებიანნი და ცოდვით უძლურნი - სწრაფად გამოსწორებას და განთავისუფლებას.
მე კი საკუთარ თავზე ვიტყვი: როცა ათონის მთაზე მოვედი, კაპიკიც არ მქონდა. მამა არსენმა კოვზების გამოთლის შესწავლაზე მაკურთხა, მე კი სამუშაო იარაღის ყიდვაც არ შემეძლო. ჩემი გასაჭირი გავუმხილე. ნუ იდარდებო, - სარკმლიდან ჩანთა აიღო, იქიდან ფული ამოიღო, მომცა, - აიღე, სულ 30 ლევი მაქვსო. ავტირდი - წმინდა მამაო, შენთვის არაფერი დაიტოვე-მეთქი? ჩვენზე ნუ იჯავრებ, ღმერთი გამოგვიგზავნის. რა ღირს ინსტრუმენტიო. 50 ლევი-მეთქი. ეკლესიაში შევიდა, წიგნი გამოიტანა - წაიღე და კორენევებთან (ბიძაშვილები იყვნენ და ყუთლუმუშის მონასტრის პირდაპირ, ფერისცვალების კელიაში ცხოვრობდნენ) დააგირავე, აიღე ფული, რამდენიც გჭირდება, მე კი მერე გამოვისყიდიო. ჰოი, რამდენი ცრემლის ფასი დამიჯდა ეს: მთელი გზა ვტიროდი. პირველი კითხვა, რასაც ყველას ეკითხებოდა, გახლდათ: კმაყოფილი ხარ? რაიმე ხომ არ გჭირდება? ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ერთმა ჩემმა სულიერმა ძმამ, თეოკლიტემ, მთელი ფული - 150 ლევი, დღესასწაულზე წაიღო ანაფორისა და უხეში ტილოს საყიდლად. ყველაფერი დაკარგა და ძალზე დამწუხრდა. მოძღვარმა, მამა არსენმა, ჰკითხა: - რამ დაგამწუხრაო. ფული დავკარგეო. ბერმა - განა ეგრე ძალიან გიჭირსო? - ჰკითხა, ჩანთა გახსნა და მისცა ფული: - აი, 60 ლევი, წაიღე და რაც გჭირდება, იყიდეო. თეოკლიტემ გამოართვა, წავიდა და მერე თავისთვის ფიქრობდა: მე ახალგაზრდა კაცი ვარ, მუშაობა შემიძლია, ისინი კი მოხუცები და უძლურნი არიან, მათ კი უკანასკნელი ფულიც მომცეს. იმედი აქვთ, რომ მაძღრები იქნებიან. მე რა, უფალმა დამიტევა? წავალ და ფულს დავუბრუნებ! - ასეც მოიქცა. დიდი ვედრების მერე ბერმა ფული აიღო და ჰკითხა, - არ იდარდებო? არაო, - მიუგო მამა თეოკლიტემ, - ახლა მიხარია კიდეც, რომ ფული დაიბრუნეთო.
საკმაოდ დიდხანს იცხოვრეს უდაბნოში, მერე კი სურვილი აღეძრათ წმინდა ქალაქ იერუსალიმში წასვლისა და ქრისტეს ცხოველსმყოფელი საფლავის თაყვანისცემისა. უფალმაც არ დაუტევა თავისი მონები. 1836 წელს რუსეთიდან მთაწმინდაზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი ანიკიტა, თავადი, გვარად შირინსკი-შიხმატოვი, უდიდესი მმარხველი. შემოიარა მთელი ათონის მთა, უდაბნოში ეწვია ამ ორ მმარხველსაც, გამართა მრავალგზის მათთან სულიერი საუბარი, ძალზე შეუყვარდა ისინი და მამა არსენი აირჩია თავის მოძღვრად. შემდეგ კი შესთავაზა, - ჩემთან ერთად იერუსალიმს მოგზაურობას ხომ არ ისურვებდითო. ისინი დათანხმდნენ. თავადს გაუხარდა, რომ ასეთი თანამგზავრები ეყოლებოდა. ჩავიდნენ იერუსალიმში, იცხოვრეს იქ მთელი ზამთარი, გააცილეს წმინდა აღდგომის დღესასწაულიც, დაბრუნდნენ მთაწმინდაზე თავიანთ კელიაში. თვითონ მოძღვრისაგან გამიგონია, რომ იერუსალიმში წასვლისას ღმერთმა იცის, რა მწუხარებაც გადაიტანეს. ვეკითხებოდი: რა იყო ეს მწუხარება და რატომ შეგემთხვათ. ნუთუ ხორციელი საჭიროებისთვის გაკლდათ რაიმე-მეთქი. არა, ღვთისა და კაცისგან ჩვენ კმაყოფილნი ვიყავით, უკეთესიც რომ არ შეიძლება იყოს. იერუსალიმში მომლოცველები თუმნიანებს გვჩუქნიდნენ. მაგრამ ჩვენ ყველაფერი ღვთის წყალობით ღარიბ არაბებს დავუბრუნეთ. სხვა რამ გვტანჯავდა: ამდენი წელი უდაბნოში ყოფნისას თითქმის დავივიწყეთ სოფელი, აქ კი ამაოებაში მოვხვდით. დიდ მწუხარებას დავითმენდით მარხვის გამო: ყველა გვანუგეშებდა, ყველა გვეპატიჟებოდა, ყველა პატივს გვცემდა, თუმცა ჩვენ ამის დატევა ვერ შევძელით, ვწუხდით და არ ვიცოდით, როგორ ჩავსულიყავით მთაწმინდამდე.
მთაწმინდაზე დაბრუნებულმა მამა ნიკოლოზმა მოძღვარს სთხოვა, მნახველები მასთან კელიაში არავინ შეეშვა, რათა არავის შეეწუხებინა. მამა ნიკოლოზის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ორივეს ხილვა ჰქონდა: მამა ნიკოლოზს ხმა ესმა, რომ მან უკვე გადაცურა დიდი და მღელვარე ზღვა და მყუდრო ნავსაყუდელს უახლოვდებოდა. მამა არსენს კი მოესმა ხმა, რომ უახლოვდებოდა დიდსა და მშვენიერ ქალაქს და მთავრდებოდა მისი მოგზაურობა. მამებმა ერთმანეთს ხილვების შესახებ მოუთხრეს, მიხვდნენ, რომ ეს ღვთისგან იყო და აღსასრული მოუახლოვდათ. გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე მამა ნიკოლოზი ხორციელი თვალებით ხედვას მოაკლდა, თუმცა სავსებით ჭვრეტდა სულიერად. რამეთუ ღმერთმა განუმხილა მას ათონის მთაზე მცხოვრები მოსაგრეების შესახებ. მან ხილვა მოუყვა არსენს, რადგან ხიბლში ჩავარდნის ეშინოდა. არსენმა კი მკაცრად გააფრთხილა, რომ ხილვებისთვის არ დაეჯერებინა, არამედ მხოლოდ ღვთის წინაშე ეტირა და ცოდვათა მიტევება ეთხოვა. მამა ნიკოლოზს სხვა ხორციელი სნეულებებიც ეწვივნენ: ეკლესიაში სიარული აღარ შეეძლო, უფრო მეტად საწოლზე იჯდა, იმასაც თავს აიძულებდა, რადგან ბეჭებზე წოლა აღარ უნდოდა. მაგრამ, როცა შაბათს ან კვირას მოძღვარი წირვის გადახდას მოინდომებდა, მივიდოდა მამა ნიკოლოზის კელიაში და ეტყოდა, - მამა ნიკოლოზ, წირვა უნდა გადავიხადოთ! - ის კი მხიარულად უპასუხებდა: - მოვალ და დაგეხმარები! - ადგებოდა საწოლიდან და წავიდოდა: კანონსაც წაიკითხავდა, ლიტურგიასაც გადაიხდიდა. მამა ნიკოლოზი ეზიარებოდა წმინდა საიდუმლოს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აიღებდა სეფისკვერს და იმით თითქმის მთელი კვირა იკვებებოდა, სხვა საკვებს არ იღებდა. ასე იცხოვრეს ნახევარი წელი. ყოველ კვირას ლიტურგიას იხდიდნენ, ზოგჯერ ორსაც კი, მგალობელი და წიგნის მკითხველი ავადმყოფი და ბრმა იყო. თუმცა არასოდეს დაბრკოლებულა და ყოველთვის მზად იყო მორჩილების აღსასრულებლად. ხორციელის შაბათს ასევე იმსახურეს ლიტურგია, მერე კი თავ-თავიანთ კელიებში შევიდნენ. მალევე მამა ნიკოლოზი მივიდა მოძღვართან, ჩაუვარდა მუხლებში და უთხრა: - მაპატიე, მამაო წმინდაო, რომ უდროო დროს მოვედი, რამეთუ სათქმელი მაქვს! მოძღვარმა უთხრა: - შეგინდოს ღმერთმა, თქვი, რაც გაქვს სათქმელი! ცრემლმომდგარმა მამა ნიკოლოზმა უთხრა: - წმინდა მამაო, როცა წირვის მერე კელიაში შევედი და საწოლზე დავჯექი, განმეხსნა თვალნი და უეცრად ყველაფერი კარგად დავინახე. გაიღო ჩემი კელიის კარები და მთელი ოთახი სინათლით აივსო. შიგნით სამი კაცი შემოვიდა, ორ ახალგაზრდას ხელთ ანთებული სანთლები ეპყრა, მათ შუაში კაცი იდგა, გამოუთქმელი დიდებით ბრწყინვალე. იგი მომიახლოვდა და მითხრა: - მიცანი, ვინ ვარ? კადნიერებით აღვივსე და ვუპასუხე: - ჭეშმარიტად მამა ანიკიტა ხარ, ჩვენი მეგობარი და იერუსალიმის მეგზური და სამი წელია, რაც გარდაიცვალე! - მან კი მითხრა: - ჭეშმარიტად, მამა ნიკოლოზ, ეს მე ვარ. ხედავ, რა დიდებით დამაჯილდოვა ჩემმა ზეციურმა მეფემ, იესო ქრისტემ? უფალმა გამომგზავნა შენს სანუგეშოდ, შენც ასევე დაგაჯილდოებს, ოთხი დღის მერე განთავისუფლდები ყოველგვარი მწუხარებისა და სნეულებისგან! - ისინი მაშინვე გავიდნენ კელიიდან, დავრჩი მარტო, კვლავ დამევსო თვალნი, გული კი გამოუთქმელი სიხარულით ამევსო! - სულიერმა მოძღვარმა უთხრა: გაფრთხილდი, მამა ნიკოლოზ, საცთური არ იყოს, ნუ დაუჯერებ, ღმერთის იმედი გქონდეს და მას სთხოვე შეწყალება! მამა ნიკოლოზმა უთხრა: - შემინდე, მამაო წმინდაო. იყოს ნება ღვთისა ჩემზედა: მაგრამ გული გამოუთქმელი სიხარულით ამევსო. ამიტომაც, გევედრები, ამიერიდან ყოველდღე სწირე, მეც მოვემზადები და ვეზიარები წმინდა საიდუმლოს! მოძღვარმა უთხრა, კარგი, ყოველდღე ვიმსახურებ, ოღონდ შენგან არ მქონდეს შეფერხება! - და მამა ნიკოლოზი თავის კელიას დაუბრუნდა.
კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს სწირეს, მამა ნიკოლოზი მაზიარებელი იყო და უკეთესად გახდა. ყველიერის ოთხშაბათს ჟამნები ილოცეს, ხუთშაბათს - ლიტურგია. მამა ნიკოლოზი კითხულობდა და გალობდა ლიტურგიისას და ეზიარა. შემდეგ კი მოძღვარმა სეფისკვერი გაუწოდა, მაგრამ არ გამოართვა, უთხრა: - მამაო წმინდაო, შემოდი ჩემთან კელიაში. მოძღვარი გაჰყვა. მამა ნიკოლოზი დაჯდა საწოლზე, ბეჭები კედელს მიაყრდნო, სახე შეეცვალა და ზედ სიწითლე დასთამაშებდა, თვალები ზეცას მიაპყრო და გონებით აღიტაცა. მერე კი გონს მოვიდა და თქვა: - გმადლობ შენ, მამაო წმინდაო, რამეთუ ვიდრე სიკვდილამდე დაითმინე ჩემგან ყოველი ნაკლულოვანება და ზეციურ სასუფევლამდე მიმიყვანე! მოძღვარმა ჰკითხა: - მამა ნიკოლოზ, რას ხედავ? მიუგო: - ვხედავ, მამაო, რომ ჩემს წასაყვანად მოვიდნენ მოციქულები და დახიეს ჩემი ცოდვათა ხელით წერილნი: უკვე დროა, მამაო, მაკურთხე! - მოძღვარმა უთხრა: - ღმერთმა გაკურთხოს! - მან სთხოვა: - ხელით მაკურთხე! - მოძღვარმა ხელით აკურთხა. მან მისი ხელი აიღო, ემთხვია, არ გაუშვა, თვალები ზეცად აღაპყრო და ჩუმად წარმოთქვა: - ხელთა შენთა შთავაბარებ სულსა ჩემსა, უფალო! და მაშინვე სული ჩააბარა უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე რწმენითა და სიყვარულით ემსახურა. ჭეშმარიტად, პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა (ფს. 115,6). გარდაიცვალა იგი 1841 წელს, 6 თებერვალს, ყველიერის კვირადღეს. ჩვენ მაშინ რუსიკში ვცხოვრობდით. ეს შაბათ საღამოს გავიგეთ და კვირას მივედით. მთელი რუსული საძმო შეიკრიბა, მამა არსენის მოწაფეები. ყველანი გაოცდებოდნენ: ცოცხალივით, სახეშეუცვლელი იწვა მამა ნიკოლოზი, ხელი-ფეხი არ გაშეშებია, სხეულის ყველა კუნთი რბილი ჰქონდა და მის ბაგეთაგან, საკმევლის მსგავსი კეთილსურნელება მოედინებოდა. მთელი ძმობა ხარობდა და განადიდებდა ღმერთს. დაკრძალეს ყველიერის კვირას და კელიებში მიმოიფანტნენ.