ღვთისმშობლის ცრემლები
ათონის მთაზე მარცვლოვანი კულტურა იზრდება, რომელიც მუქი ფერის, მკვრივ მარცვალს ისხამს.
მას "პანაგიის ცრემლებს" ეძახიან. მარცვლებისგან კრიალოსნებს ამზადებენ. ძირითადად ეს მცენარე წმინდა ანას სკიტში ხარობს. ამ მცენარით გაბიბინებული მინდვრები სერბული მონასტრის ჰილანდარის კუთვნილ მარუდის კელიის ტერიტორიაზეც გვხვდება. ათონზე "პანაგიის ცრემლების" შესახებ უძველესი გადმოცემა არსებობს. ის წმინდა ანას სკიტის უხუცესი ბერის მონათხრობის მიხედვითაა შედგენილი.
ყველამ იცის, რა ძნელია ფსკვნილის ქსოვა. ეს ხელოვნება ხანგრძლივად ისწავლება, მაგრამ ზოგჯერ თანაბარი, ლამაზი ნაქსოვი სწავლის შემდეგაც არ გამოდის.
ერთი ბერი, რომელიც აგია ანას სკიტაში ცხოვრობდა, დიდხანს სწავლობდა ფსკვნილის ქსოვას, მაგრამ თანაბარი ნაქსოვი არ გამოსდიოდა. ერთხელაც იმედგაცრუებული დაჯდა შუაგულ ბილიკზე და ტირილი დაიწყო.
უეცრად მის წინ ღვთისმშობელი აღიმართა.
- რატომ დაღონებულხარ, შვილო? - ჰკითხა მან ბერს.
- ვერა და ვერ ვისწავლე!
- მაშინ აიღე ჩემი ცრემლები, რომლებსაც თქვენთვის, ბერებისათვის ვღვრი, დათესე ისინი და იმ მცენარიდან, რომელსაც მოისხამენ, შენ შეძლებ ფსკვნილის აწყობას; უბრალოდ აასხი ისინი ძაფზე...
წმინდა მთაზე იზრდება ბამბუკისებრთა ოჯახის მცენარე, რომელიც ივლისიდან ოქტომბრამდე მკვრივ, მრგვალ ნაყოფს ისხამს. ათონის მთაზე მას "ღვთისმშობლის ცრემლებს" ეძახიან.