გადმოცემა
დიდ ლავრაში ბერი აბაკუმი ცხოვრობდა. ის უჩვეულო მეხსიერებით გამოირჩეოდა: ზეპირად იცოდა წმინდა წერილი, წმინდა გადმოცემა.
თავდაპირველად ის ვიგლაში აღიკვეცა. თუმცა ერთი შემთხვევის გამო დიდ ლავრას მიაშურა და იქ ცხოვრობდა მანამ, სანამ არ განემზადა სასუფევლისათვის.ერთხელ, ვიგლაში ცხოვრებისას მამა აბაკუმი თავდავიწყებით ლოცულობდა. უეცრად მას ანგელოზის ფორმით ეშმაკი გამოეცხადა და ეუბნება:
- აბაკუმ, აბაკუმ, შენთან უფალმა გამომგზავნა, სამოთხეში უნდა წაგიყვანო და რადგან უკვე ანგელოზი ხარ, წამოდი, ერთად გავფრინდეთ.
დაიბნა მოხუცი აბაკუმი და შეშინებულმა უპასუხა:
- აბა, როგორ გავფრინდები? შენ ფრთები გაქვს და შეგიძლია ფრენა.
მაშინ ცრუ ანგელოზმა უთხრა:
- ფრთები შენც გაქვს, აბაკუმ, შენ ხომ ანგელოზი გახდი, მაგრამ ჯერ ვერ ხედავ მათ.
მოხუცმა აბაკუმმა მორჩილად გადაიწერა პირჯვარი და დასძინა:
- ღვთისმშობელო მარიამ, ვინ ვარ მე, რომ შევძლო ფრენა?
არც კი ჰქონდა ეს მოკრძალებული სიტყვები დასრულებული, რომ უეცრად ცრუ ანგელოზი შავრქებიან და ღამურისფრთებიან თხად გადაიქცა და ქვესკნელში გაუჩინარდა.
ბერი აბაკუმი ჯერ შეშინდა, შემდეგ კი მადლიერებით მიმართა ღვთისმშობელს, რომელმაც დაიფარა ბოროტისაგან და იხსნა ქვესკნელისაგან. ამის შემდეგ აბაკუმმა დიდ ლავრას მიაშურა. ის თავის კელიას წელიწადში სამ-ოთხჯერ ეწვეოდა ხოლმე, ატარებდა ლიტურგიას და შემდეგ კვლავ უბრუნდებოდა ლავრას.
როდესაც გარდაცვალებლის დრო მოუახლოვდა, მან უფლის ნებით თავის კელიას მიაშურა, რათა იქ, სადაც აღიკვეცა, დაეტოვებინა თავისი ძვლები. კელიაში მას ხშირად სტუმრობდნენ მამები და მუდამჟამ სიხარულით აღვსილს პოულობდნენ. ერთმა მათგანმა გაკვირვებით ჰკითხა:
- ვხედავ, მამაო, სიხარულით სავსე ხარ, თუმცა საცაა უნდა განეშორო ამ ქვეყანას!
- რატომაც არ ვიხარო, - უპასუხა აბაკუმმა, - ღვთის წყალობით, ყმაწვილობიდან აღვიკვეცე, რაც შემეძლო ერთგულად ვიღვაწე უფლისათვის და ახლა ვხარობ, რომ მალე უფალს მივეახლები.
აი, ასე სიხარულით ასრულებენ მიწიერ ცხოვრებას ქრისტეს ერთგულნი.