სიტყვა უბრალოებაზე: კარულზე - მთაწმინდის ყველაზე უწყლო ადგილას - ცხოვრობდა ერთი მოსაგრე, რომელსაც სანუგეშოდ და გველ-თაგვებისგან დასაცავად კატა ჰყავდა.
ერთხელ ერთმა მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა უდაბნოს და კატა გაიტაცა.
გამწარებულმა მოსაგრემ არ იცოდა, რა ექნა, შევიდა ტაძარში, ასკეტერიონის მფარველის ხატთან ჩააქრო კანდელი და ამგვარი სახით ითხოვა მისი ყურადღება. წმინდანს შესტირა, - რატომ არ დაიცავი იგიო. იმავე წამს კარებთან კატის კნავილი გაიგონა, რომელსაც თავი დაეღწია ფრთოსანი მტაცებლისაგან.
ერთი კელიოტ-მონაზონი კარიესში საქმეზე წავიდა, კელიის კარი ღია დატოვა, წმინდა ნიკოლოზის მფარველობით დაიმედებულმა. მისი არყოფნისას მძარცველებს კელია დაეცარიელებინათ. მონაზონმა მეგობრული და, იმავე დროს, მომხიბვლელი გამომეტყველებით წმინდანს მიმართა: "წმინდანო, რატომ არ დაიცავი შენი კელია მძარცველთაგან? დღეიდან, ვიდრე ამის ჩამდენებს არ მაჩვენებ, კანდელს არ აგინთებ!"
ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის მერე, მოხუცი მონაზვნის რწმენისა და უბრალოების, ასევე წმინდა ნიკოლოზის სიახლოვის დასამოწმებლად, მძარცველები აღმოაჩინეს - ისინი თვითონვე მივიდნენ სიმდაბლით და სულისშემუსვრილებით და ბერს დაუბრუნეს მოპარული ნივთები.
დიდ ლავრაში ცხოვრობდა ერთი ძალზე უბრალო მონაზონი ერმოლაოსი. ერკემლების მწყემსვა ევალებოდა. სკვნილით ხელში დაფლეთილი სამოსით დადიოდა. უეშმაკო ადამიანი იყო, მასზე ღვთაებრივი მადლი განისვენებდა.
ამბობენ, რომ ერთხელ მან ლავრისკენ მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, მაგრამ ვერ იცნო და ჰკითხა:
- რა საქმე გაქვს, დედაკაცო, ლავრაში?
ერთი მსახური მას ძალზე ცუდად მოექცა, ლანძღავდა და ზამთარში ქუჩაში აგდებდა, ის კი სულგრძელად დაითმენდა ამას.
ერმოლაოსზე წმინდა ვასილის სკიტელი მოსაგრე მამა დამასკინოსი ამბობდა, - ძველი მონაზვნები ადრე უფრო უბრალო ადამიანები იყვნენ: უეშმაკონი, უბოროტონი, ნამდვილად ღვთის ბატკნებიო.
- ლოცვა არ ღლის ადამიანს, პირიქით, დაღლილობას უხსნის. მაგალითად, რას გრძნობს დედას ჩახუტებული ბავშვი? ჩვენ ამის გაგება არ შეგვიძლია. მხოლოდ მაშინ გრძნობ ღვთის სიახლოვეს, როცა თავს პატარა ბიჭად იგრძნობ. ვინმემ რომ მოუსმინოს ასეთ ადამიანებს ლოცვისას, იტყვიან, - პატარა ბავშვები არიანო. ხოლო თუ ვინმე მათ მიერ ამ დროს შესრულებულ მოქმედებას იხილავს, იტყვის, - ჭკუაზე აღარ არიან, ვინაიდან პატარა ბავშვებივით გარბიან მამისკენ, ფეხზე ეკიდებიან და სთხოვენ: "არ ვიცი, როგორ, მაგრამ, შენ ესა და ეს უნდა გააკეთოო". თუმცა ადამიანები, რომლებზეც გესაუბრებით, ფიზიკური სამუშაოსთვის თითქმის გამოუსადეგარნი ხდებიან. მუშაობა არ შეუძლიათ, სხეული დასუსტებული აქვთ, კიდურებს ვეღარ ხრიან. როცა ღვთის სიყვარული უხვად გადმოიღვრება ადამიანზე, მას უმოძრაოს ხდის.
ბერმა თქვა:
- ერთხელ ერთი უბრალო, მაგრამ წმინდა კაცი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, რათა ეზრუნა ავადმყოფ გლახაკზე, მივიდა ზღვის პირას, ამაღლების სახელობის ტაძარში. განართხა ხელნი და თქვა: "წმინდაო ანალიპსია (ბერძნული სიტყვაა და "ამაღლებას" ნიშნავს. მდედრობითი სქესის სიტყვაა. ბერი ფიქრობდა, რომ ტაძარი რომელიმე წმინდა დედის სახელზე იყო ნაკურთხი), რაიმე თევზი მომეცი სნეულისათვის".
მოხდა სასწაული! - მის ხელებში თევზი აღმოჩნდა, რომელიც მან ღვთისადმი და ანალიპსიასადმი მადლიერებით სნეულს მოუმზადა!
თუმცა უბრალო და წმინდა კაცმა, რომელსაც განსჯის უნარი არ აქვს, შესაძლოა ხიბლში ჩავარდნილი წმინდანად მიიღოს. გონიერსა და გამოცდილ წმინდანს განსჯის უნარი აქვს და განარჩევს სიწმინდეს ხიბლისგან. გონება - ღვთის ქარიზმა და ღვთის ნიჭია, ისევე როგორც ხორციელი ძალა. ამიტომაც ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც სურს ღმერთს, ანუ ჩვენი ცხონებისა და განწმენდისთვის.
კარულელი მოსაგრე მამა ფილარეტი თესალონიკის სასამართლოში მიიყვანეს ერთი ტურისტის მიერ მოპარული რომელიღაც ძველი წიგნის გამო. მონაზონს ფული არ ჰქონდა, რომ უსამართლოდ დადებული ჯარიმა გადაეხადა.
- მამაო, ან გადაიხადე, ან ციხეში წახვალ, - უთხრა მოსამართლემ.
- ციხეს ავირჩევ, მე ფული არ მაქვს. სხვა მხრივ, ეს იქნება შეხსენება ჩემთვის საუკუნო საპყრობილისა, - უპასუხა მან.
ბოლოს ერთმა მორწმუნემ გადაიხადა ჯარიმა და გამოიხსნა იგი ციხიდან.
მთაწმინდაზე დაბრუნებული მამა ფილარეტი ეუბნებოდა მამებს:
- მიწიერი ციხიდან კი განვთავისუფლდი, მაგრამ განა გავექცევი საუკუნო საპყრობილეს?
როცა ეკითხებოდნენ: მამა ფილარეტ, როგორ გაატარე დრო თესალონიკში, როგორ დაინახე სოფელიო (ის სოფელში 50 წელზე მეტხანს არა ყოფილა), ბერმა უპასუხა:
- რა გითხრათ, მამებო? ადამიანები იქ ჩქარობენ, თავიანთი სულის ცხონებისთვის ჩქარობენ. მხოლოდ მე ვარ ზარმაცი და უგულისხმო...
ერთხელ ძალზე უეშმაკო და უბრალო მამა არტემი გრიგორიატელი პირეის პორტში აღმოჩნდა თავისი მონასტრის საქმეების გამო. მეძავი დედაკაცი მიეჭრა და შინ შეიპატიჟა. იგი ძალზე გულუბრყვილო იყო და გაჰყვა - დიდება ღმერთს, ამ ორომტრიალში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მიმასპინძლებსო.
ქალმა ის ერთ ოთახში შეიყვანა, დააპურა და მარტო დატოვა. ბერმა სკვილზე ლოცვა დაიწყო. ცოტა ხნის მერე ქალმა დაუკაკუნა. მაგრამ მამა არტემი მიჩვეული იყო, კაკუნთან ერთად "ლოცვითა..." გაეგონა (როცა ბერის კელიაში შედიან, ჯერ ლოცულობენ "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა", თუ შიგნიდან "ამინ" მოესმებათ, მაშინ შევლენ შიგნით), ისე როგორც მთაწმინდელი მამები ამბობენ.
- თქვი "ლოცვითა", - გასძახოდა ქალს, როცა ის დაჟინებით უკაკუნებდა კარზე, - თორემ ისე არ გაგიღებ.
"თუ არ ამბობს "ლოცვითა", ესე იგი ნამდვილად ეშმაკის სულია", - დაასკვნა ბერმა და ლოცვა განაგრძო.
ორი წლის მანძილზე წმინდა ნილოს მირონმდინარის ისტორიულ კელიაში ვცხოვრობდი. ამ განმარტოებულ სავანეში ცხოვრობდა ღირსსახსოვარი მამა მეთოდე, ძმა მამა ფოტი სიმონპეტრელისა. მამა მეთოდე გარეგნულად ისეთი მკაცრი ჩანდა, რომ, როგორც თვითონ ამბობდა, ადრინდელი მონაზვნები მას მეტსახელად "ჩხუბისთავს" ეძახდნენ. ის არ იყო სალოსი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ მთელი მისი მოქმედება და შინაგანი პოზიცია, როგორც მონაზონთა უმეტესობისა, შეიცავდა სალოსობის ელემენტებს. მეთოდე გახლდათ უშუალო, პირდაპირი, საკუთარი თავის განმკითხველი და სრულ თვითდამცირებამდე დამდაბლებული. იგი ამბობდა: - ბავშვობაში ძალზე მკაცრი და მოუთოკავი ვიყავი, თუმცა ჩემს მამებს ვუპატრონე. გიჟმა, გადარეულმა, როგორც ისინი მეძახდნენ, კელიაში დროზე ადრე სიკვდილის ნება არ მივეცი. მამისა და დედისთვის არ მიპატრონია, ჩემს მამებთან - ნილოსთან, მეთოდესთან, ხარიტონთან და ანტონისთან დავდიოდი და ვპატრონობდი. ნუთუ მეც არ მაცხონებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი? ვისაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უყვარს, აქ რჩება.
მამა მეთოდე სრულიად უსწავლელი იყო. ყოველთვის, როცა მწუხრზე ღვთისმშობლის კანონს კითხულობდნენ, სურდა აღმოეთქვა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ". ის ამ სიტყვებს მთელი ხმით, ისეთი უშუალობით და გულშემუსვრილი ამბობდა, რომ მთელი არსებით შეძრწუნებულა.
- ყველაზე მცირეს გამო, შესაძლოა, გეენიაში მოხვდე ან ცხონდე. ნავში ერთი ნიჩბით შესაძლოა გადარჩე.
ის ადრეც მეთევზე იყო. მას და მის მოძღვარს "ხელსაქმედ" მეთევზეობა ჰქონდათ და თავიანთ მონაპოვარს ყიდიდნენ. მთელი ზღვა და ხმელეთი იცნობდა მამა მეთოდეს, ვინაიდან ის თავგამოდებული მონადირეც იყო.
მრისხანე სახის მამა მეთოდე შემწყნარებელი სულისა იყო. არ სალოსობდა, მაგრამ იყო ვითარცა გრანიტი, ვითარცა მისი კელიის ზემოთ გადმოკიდებული კლდეები, თავისი სიჯიუტითა და მარტოობით. მაგრამ სულით კეთილი გახლდათ, სტუმართმოყვარე, ბავშვი უშუალო. ბუმბულს ჰგავდა. ერთხელ მითხრა: "წავალ, ბილიკს ტოტებისგან განვწმენდ, ხალხი დადის, არ წაიბორძიკონ. ვინმე იტყვის: "აცხოვნე, უფალო, ამის გამკეთებელი". თუნდაც არაფერი თქვას, დალოცვილო, შენს ჯილდოს მიიღებ, - ვეუბნები საკუთარ თავს".
ეს უბრალო მონაზონი მუდმივად ასეთ ლოცვას წარმოთქვამდა: - უფალო, დღევანდელ დღეს წაიყვანე ეს საცოდავი (საკუთარ თავზე ამბობდა). დააწესე შენს მონებთან ერთად. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მეუფეებისა და მღვდლების გვერდით ვიყოთ, ნეტავ სადმე კუთხეში დაგვსვამდე...
ვიცნობდი ორ მონაზონს, რომელთაც სახეზე ყველაზე ცხადად აღბეჭდვოდათ უბრალოება და უბოროტობა. ნეტარნი, უშუალო სულიანი, რომელთაც არ იცოდნენ სიცრუე და მზაკვრობა. უფლის ბატკნები, რომლებიც შინაგანად მდაბალნი და მშვიდნი იყვნენ. ყველას აზრით, ეს ორი მოსაგრე, წმინდა ანას სკიტელი მამა ა. და ახალსკიტელი მამა პ., უკვე სამოთხეში იმყოფებიან.
მთაწმინდის დედაქალაქ კარიესში უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა ძალზე უბრალო მამა იანისი, რომელსაც ძველს ეძახდნენ, რადგან ფერხთ ცარუხი (უხეში გლეხური ფეხსაცმელი) ეცვა და მარჯვენა ხელში ყოველთვის კვერთხი ეპყრა. ერთხელ ის იოსებიანელთა საძმოში მივიდა და მამა ვ-ს უთხრა:
- ერთი ხატი გამიკეთე. მინდა, ღრუბლებში მყოფ ღვთისმშობელს თეთრი სამოსი ეცვას (ამბობდა, ასე გამომეცხადა ღვთისმშობელიო).
- გავაკეთებთ, მამა იანის, მაგრამ ძვირი დაგიჯდება.
- შენ ბევრს მთხოვ, მე კი ცოტას მოგცემ, - უპასუხა მან.
ერთხელაც მან მამა აღათანგელოსის კელიის გვერდით მგელი დაინახა, რომელიც იღრინებოდა. მან ჯვარი გამოისახა და თქვა: - ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადამარჩინე და ქილით ზეთს მოგიტან.
მართლაც, დილით წავიდა მაღაზიაში, იყიდა ზეთი და "ღირს არსის" კელიაში მოიტანა.
ქსეროპოტამის მონასტრის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა ერისკაცი, მამა ანტონ ცუკასი, უბრალო გულით და მდაბალი სულით. ერთმა მონაზონმა ჰკითხა:
- როგორა ხარ, პაპა?
- როგორა ვარ? აღდგომას ველი...
- აღდგომამ გაიარა! უკვე სულთმოფენობაა...
- როდის გავიდა? სულთმოფენობა? მაგრამ მე ხომ ვმარხულობ! მე ხომ ჯერ არ ვზიარებულვარ! - წამოიძახა გაოცებულმა პაპამ თავისი საკვირველი უბრალოებით.
დროის უმეტეს ნაწილს დიაკონ ფირფირისთან ატარებდა. როცა ხედავდა, რომ ვინმე მომლოცველი პროტატის ეზოში სიგარეტს ეწეოდა, აღშფოთებული თავისთვის ამბობდა:
- ვინც ეწევა, უმადურობას გამოხატავს, ეკლესიას სიაგრეტი არ უნდა. მას სჭირდება საკმეველი, ასანთი და სანთლები...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი