02.02.2012
ზოგიერთი მშობელი თავისი ხორციელი სიყვარულით რყვნის შვილებს, არ უფრთხილდება მათ სულს. ალბათ გინახავთ, როცა პატარა იგინება, მის ახლობლებს კი უხარიათ.
"ბავშვს გინება უხდებაო", - ამბობენ. მათთვის საგულისხმო ერთ ამბავს გავიხსენებთ. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი მოგვითხრობს: ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე. ბიჭს, დაბრკოლებისას, ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: - დამიცავი, მამიკოო. თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამამ ჰკითხა, - რას ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა - შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა. ყოვლადძლიერმა ღმერთმა, იმისთვის, რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის, - ბრძანებს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი.