დასახლება კატუნაკში, მამა ეფრემის მორჩილებაში
(გაგრძელება)
მამა ეფრემის უბრალოებამ და მისმა სურვილმა, არაფერი ვნებოდა ახალგაზრდების მოშურნე დამოკიდებულებას
მათთვის სასურველი მოსაგრეობისადმი, საბაბი მისცა, მოეწესრიგებინა თავისი კალივის ცხოვრება, შეეზღუდა ხალხთან უაზრო ურთიერთობა, ეცადა, ნაკლებად ეზრუნა ფიზიკურ სამუშაოზე, რომელიც ჩვეულებისამებრ მძიმე ტვირთად აწვა და მეტი ყურადღება დაეთმო გონების მოკრებისა და ლოცვისთვის. როცა ზოგჯერ ტიპიკონი დაირღვეოდა, ახალგაზრდები მოძღვარს შესჩიოდნენ. იგი პასუხობდა, რომ ეს არც მას მოსწონდა. "მეუხერხულება მათთვის ამის თქმა, - ამბობდა იგი, - მორიდებულობა მიშლის ხელს. ითავეთ და დავიცვათ ჩვენი მყუდროება, რამდენადაც შევძლებთ". სამწუხაროდ, კიდევ იყო ერთი მიზეზი, რომელიც არღვევდა მათ მყუდროებას: კატუნაკში მოსიარულე გარშემო მცხოვრებნი გზის შესამოკლებლად მათი კალივის ეზოზე გაივლიდნენ ხოლმე. იმ ადგილებში ჩვევად ჰქონდათ დღესასწაულების ერთად აღნიშვნა. ამის გარდა, მეკასრეობაც არანაკლებ ჩოჩქოლს ქმნიდა და ეწინააღმდეგებოდა ახალი საძმოს ტიპიკონს, რომლის შედეგადაც უცილობლად უნდა წარმოქმნილიყო უთანხმოება.(გაგრძელება)
ორი ახალგაზრდა, განსაკუთრებით მომავალი მამა იოსები, რომელსაც უკვე ჰქონდა მხურვალე ლოცვის გამოცდილება, არაფერს თმობდა, რადგან ლოცვის შეწყვეტის შემდეგ საოცარ სიმძიმეს გრძნობდა. მამა იოსებმა, გულმოდგინედ რომ მისცემოდა ლოცვას, რომელიც მოითხოვს მყუდროებას და, ზოგიერთი მამის აზრით, გონების განსაკუთრებულ დაცვას, დიდი კლდის ქვეშ მღვიმე მოიწყო, სადაც განმარტოვდებოდა ხოლმე ყოველ საღამოს, მზის ჩასვლის მერე, და ექვსი საათი მოუკლებლად იმეორებდა იესოს ლოცვას. იჯდა პატარა ხის სკამზე და გონებას გულში აკავებდა. ეს გახლდათ განსაკუთრებული ფორმის დაძაბული სულიერი მოღვაწეობა, რომელსაც მოსაგრე, სხვა მონაზვნურ მოვალეობათა გარდა, მიეცემოდა. ყოველდღიური მძიმე ღვაწლის მერე იგი თავის კელიაში ისვენებდა. ტიპიკონის ზუსტად დასაცავად თან მაღვიძარა მიჰქონდა, რომელსაც ექვს საათზე აყენებდა. ზარის დარეკვა ყოველდღიური კანონის დასრულებას აუწყებდა.
მამა იოსები შეუპოვარი, უშიშარი, დისციპლინირებული და მოუდრეკელი გახლდათ თავისი ცხოვრების წესის დაცვისას. მის მთელ ძალისხმევაში, რომელიც განუწყვეტელ ღვაწლს მოითხოვდა, ლოცვას პირველი ადგილი ეკავა - ლოცვას, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, გონების გულში დამარხვას, ისე როგორც ეს მას ღვთის მადლმა ასწავლა. დიდი გულმოდგინებით მიეცემოდა ამ ღვაწლს.
ერთხელაც, საუფლო დღესასწაულზე (სავარაუდოდ, ნათლისღებისას), მამა არსენი მამა ეფრემთან ერთად ჩვეულებისამებრ მეზობელ კალივაში წავიდა ღამისთევის ლოცვაზე. მამა იოსები მათ არ გაჰყოლია, გონებისმოკრებასა და ლოცვას იყო მიცემული თავის მღვიმეში. ის ჰყვებოდა: "მე იქ, საკუთარ თავში ჩაღრმავებული და ლოცვის სიტკბოებას მიცემული, უეცრად სინათლით აღვივსე. მერე სინათლე იმდენად გაძლიერდა, მთელი ეს ადგილი ნათლით აივსო. უეცრად ჩემს წინ გაჩნდა ექვსი-რვა წლის სამი ყრმა, რომლებიც ერთმანეთს ჰგავდნენ გარეგნულად. იმდენად მადლმოსილნი და მშვენიერნი იყვნენ, რომ მათმა ცქერამ დამატყვევა. არაფერს განვიცდიდი, გაოცების გარდა. ისინი ჩემს შორიახლოს იყვნენ და ერთნაირად მიახლოვდებოდნენ, ერთნაირი ნაბიჯით, ერთნაირი მოძრაობით, თითქოს ჩემ წინ ერთი არსება იყო, თუმცა ისინი სამნი იყვნენ, ამასთან უტკბესად გალობდნენ: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია". ისე ერთობით მომიახლოვდნენ, მეგონა, ხელითაც კი შევეხებოდი. მერე კი იმავე წესით, ზურგშექცეულად უკან დაიხიეს, თან განაგრძობდნენ გალობას. "ალილუიას" თქმისას მაკურთხეს თავიანთი პატარა ხელებით, ისე, როგორც ამას მღვდელი აკეთებს".
ვკითხე მამა იოსებს, რას ფიქრობდი იმ წუთებში-მეთქი. ამ მომენტში არ შეიძლება გქონდეს რაიმე აზრი თუ შეკითხვა, რამდენადაც გონება ჭვრეტით დატყვევებული და ღვთაებრივი მადლით გაბრწყინებული თავისით არაფერს აკეთებს. "ერთადერთი, რაც მახსოვს, - განაგრძო მამა იოსებმა, - ეს ის არის, რომ განვიცდიდი მსგავსად იმისა, რაც თქვა პეტრე მოციქულმა: "კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი". გაოცებული ვიყავი - როგორ შეეძლოთ კურთხევის მოცემა ასეთ პატარებს. იმის მერე, რაც ეს მდგომარეობა გაგრძელდა იმდენ ხანს, რამდენიც ინება ღვთაებრივმა მადლმა და კაცთმოყვარებამ, სამი ყრმა, სინათლესთან ერთად, უჩინო შეიქნა. მაშინ მოვედი გონს და ვნახე, რომ ჩემი ლოცვისთვის განკუთვნილი დრო გასულიყო, მაღვიძარას ზარსაც დიდი ხნის წინ დაერეკა, მაგრამ ეს არ მესმოდა".
ამ ხილვის მერე ლოცვის მადლი მრავალგზის გაუმრავლდა. განსაკუთრებით გაეზარდა დაყუდების წყურვილი. მისი გონება, არავითარ მიწიერ საგანზე აღარ წუხდა. თუმცა იზრდებოდა განსაცდელებიც, ირგვლივ არსებული მდგომარეობისგან გამოწვეული წინააღმდეგობა აუტანელი გახდა. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ან უნდა დაეტოვებინათ საკუთარი განრიგი და ცხოვრების წესი და გარშემომყოფთა მოთხოვნებს შეწყობოდნენ, ანდა წასულიყვნენ სხვა მხარეში. ეს უკანასკნელი აირჩიეს. მათ უყვარდათ გარშემო მყოფი მამები, მათთან ყველანაირი კონფლიქტი არანორმალურობა იქნებოდა. ამგვარად, ახალგაზრდებმა თავიანთ მამა ეფრემს დაწვრილებით უამბეს ყოველივე. ეს მდგომარეობა მისთვის გასაგები იყო. მაშინ მოსაგრეებმა ჰკითხეს, - რა გამოსავალი აჯობებსო. მამა ეფრემმა - დაყუდება სჯობია მამებთან კონფლიქტსო. ახალგაზრდებმა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტეს იმ ადგილიდან წასვლა და წმინდა ბასილი დიდის სკიტში დასახლება, მაღალ, უდაბურ და მყუდრო ადგილას. ვიდრე ისინი კატუნაკში ცხოვრობდნენ, მამა ეფრემმა მომავალი მოძღვარი (მამა იოსები) დიდ სქემაში აღკვეცა წმინდა ათანასეს მღვიმეში, ღვთისმსახურება კი იმ დღეს იქ მოღვაწე მოძღვარმა შეასრულა.
გადასახლება წმინდა ბასილი დიდის სკიტში და მამა ეფრემის გარდაცვალება
ყოველგვარი გადასახლება თავისთავად სიხარულის მომნიჭებელი არ არის. მაგრამ თუ ეს აუცილებელი ხდება და სასარგებლოა საერთო მიზნისთვის, მაშინ გვიწევს ამ გზის არჩევა და ამით სარგებლობა. ეს ალბათ ნაცნობია მამათა უმეტესობისთვის. ბოროტების მოთავე ერთ საშუალებასაც კი არ უშვებს ხელიდან, რომ შეეწინააღმდეგოს სულიერი მიზნისთვის ჩვენს მოძრაობას. ის იყენებს ადგილს, სხეულის ნაწილებს, ადამიანებს, საგნებს და შინაგან მდგომარეობას, სიტუაციას... ჩვენს წინააღმდეგ მიმართავს ყველაფერს, რათა დაამციროს ჩვენი რწმენა ღვთისადმი, დაანგრიოს ჩვენი სიმტკიცე და გვაიძულოს იმედის გაცრუება. მაგრამ განსაკუთრებული გამძვინვარებით იგი ესხმის მათ, ვინც წარემატა გულსა და გონებაზე მუშაკობაში. მსგავსს გულისხმობს ღირსი ისააკ ასური, როცა ამბობს: "როცა ეშმაკი შეამჩნევს, რომ დასაბამი დაედო ამგვარი სახის წარმატებას, მოიყვანს ნებისმიერ ადამიანს, ანდა საგანს, თუნდაც დედამიწის მეორე ბოლოდან, რათა წინაღობა აღმართოს და გონება მადლს ვეღარ გრძნობს".მამა იოსები მადლს ეძებდა და მისი მოპოვებისკენ ისწრაფოდა. ის უკვე საკმარისი დონით იყო განსწავლული მისით, შეიცნო მისი ფასიც და უდიდესი სირთულე და სიძნელე მისი დაბრუნებისა, თუ მადლი ადამიანს უყურადღებობის გამო განშორდება. აი, ამიტომ იცავდა მკაცრად დაყუდების კანონს და მოკრებილ გონებას, როგორც უმთავრეს საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს დაყუდების შენარჩუნებას. ძნელი გახლდათ უგულებელყოფა მადლის მოპოვების იმ საშუალებებისა, რომლებიც ეხებოდა სხვა გარეგნულ გარემოებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თავი დაეღწიათ ადამიანური ამაოებისგან. ერთადერთი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში - ადგილის შეცვლა დარჩა.
ამგვარად, სამი მოსაგრე შეთანხმდა, თავიანთი კალივა გადაეცა მამა ეფრემ კატუნაკელის საძმოსთვის და თვითონ წმინდა ბასილი დიდის სკიტში გადავიდნენ. თან მხოლოდ ის წაიღეს, რისი წაღებაც ხელით შეეძლოთ: მცირეოდენი წიგნები და სამოსლის ნაწილი. წმინდა ბასილი დიდის სკიტში თავისუფალი კალივა არ აღმოჩნდა. იძულებული გახდნენ, დამოუკიდებლად დაეწყოთ მშენებლობა, რომელიც არცთუ ადვილი აღმოჩნდა - იქ მშენებლობისთვის საჭირო მასალაც კი არ იყო. მამა ეფრემმა აქ მცირე ხანს იცოცხლა. იწინაწარმეტყველა თავისი სიკვდილი, სათანადოდ მოემზადა ამისთვის და მიიცვალა ნეტარი სიკვდილით.