პირველი სიძნელეები და მადლის გამოვლენა. მამა იოსები მოგვიანებით გვიყვებოდა: "მე მაშინ ვცდილობდი, ამეხსნა ჩემი მდგომარეობა და მოძღვრის ჩემდამი მოპყრობა, რომელიც სიმწარით იყო ავსებული.
ნუგეშს ვერ ვპოულობდი, მე ხომ მხურვალედ მსურდა მომეპოვებინა ის, რისთვისაც ღმერთისკენ ვისწრაფოდი. მაგრამ არათუ ვპოულობდი მას, კაცთაგან შეწევნასაც ვერა ვხვდებოდი. ერთ უდაბურ ადგილას გავედი, რომელიც მღვიმეს მაგონებდა და დიდი გოდებით ღვთისადმი ლოცვა დავიწყე. "ყოვლადსახიერო უფალო, - ვამბობდი, - რომელმაც მე, არარაობა, სოფლის ამაოებას მომაშორე და მომეც ძალა შენ გამოგყოლოდი, რატომ მიმატოვე? მე კომპრომისს არ ვეძებ და როგორც შენ იცი, შევთხოვ შენს მოწყალებას მადლს, რათა მივდიო მას, რასაც მასწავლიდა შენი წმინდა ცხოვრება. შემეწიე მე, ყოვლადსახიერო უფალო, და ნუ დაუტევებ შენს ქმნილებას, რამეთუ შენ იცი, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი მაქვს, შენი სახიერების გარდა, რამეთუ მე უარი ვთქვი ყველაფერზე, მომესმა რა შენი ხმა. მასწავლე მე, რაითა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი".
არაფერია გასაოცარი, თუ გზის დასაწყისში გამოუცდელობით და უკიდურესი მოშურნეობით კაცი დაუდევრად მოიქცევა, ან ზედმეტი მოუვა. ღვთის მაცხოვნებელი განგებულების გზანი კი, მსგავსნი უფსკრულისა, არა მხოლოდ მიიღებს მათი გულმოდგინების წმინდა აღძვრას, არამედ ბრძნულად წარმართავს მათ მომავალი წარმატებისკენ.
ისედაც მუშაკმა და ბუნებითაც დაჯილდოებულმა ფრანცისკმა არ დააყოვნა და გულგრილობით შეეწინააღმდეგა მოწეულ განსაცდელს და იმ შეურაცხყოფას, რომელსაც აყენებდნენ იქაური მონაზვნები. ამ მდგომარეობით და მოძღვრის საქციელით გულმოკლული განმარტოვდა და ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს. "მე იმდენს ვტიროდი იმ დღეს, რამდენიც ადრე ჩემს სიცოცხლეში არ მიტირია, შევჩიოდი უფალს და ვსაყვედურობდი, რომ ისე არ დამეხმარა, როგორც მწამდა. ვევედერბოდი და ვამბობდი, რომ არ წავიდოდი მანამ, ვიდრე არ გამოაჩენდა წყალობას და არ გამამხნევებდა. შეწევნას შევთხოვდი ჩვენს დედოფალსაც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. და აი, როცა ათონის მწვერვალს შევცქეროდი იმ მხარეს, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი დგას, სიხარულის თრთოლამ მომიცვა - ვიხილე იმ ტაძრიდან გამომავალი სინათლის სხივი, რომელიც, ვითარცა ზეციური ისარი, მომიახლოვდა და შემეხო. იმავე წამს სრულიად შევიცვალე და თავდავიწყებაში ჩავვარდი. სინათლით ავივსე, ვეღარ ვგრძნობდი საკუთარი სხეულის სიმძიმეს. ჩემს გულში კი საგალობელი გაისმა. იმდენად დინჯად, რომ გავოცდი, რადგან არანაირ ძალისხმევას არ ვიჩენდი, მხოლოდ აღფრთოვანებული ვუცქერდი. მომეჩვენა, რომ ორად ვიყავი გაყოფილი - ახლა შემეძლო ჩემი შინაგანი მდგომარეობის ხილვა, რომელიც ერთიანად ნათლით, სულიერი კეთილსურნელებით და სიხარულით იყო ავსებული მოუკლებელი ლოცვისგან. ამასთან, მთლიანად სინათლით ვიყავი დაფარული და განცვიფრებული ღვთაებრივი მოწყალების დიდებულებით. რამდენადაც შესაძლებელია ამ მომენტში, ბუნდოვნად ვადევნებდი თვალს ჩემს გულისთქმებს, ვფიქრობდი, რომ ეს იყო მადლი, რომელიც, თანახმად მამათა გარდამოცემისა, ანუგეშებს მათ, ვისაც უნდა. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა. შემდეგ კი ეს მბრწყინავი თეთრი ნათელი აიკრიბა იქ, საიდანაც მოდიოდა. როცა გონს მოვედი, მივხვდი, რომ იმავე ადგილას ვიდექი, სადაც ლოცვა დავიწყე. საკმაო დრო იყო გასული, მზე ჩადიოდა. მოძღვარმა დამიძახა, შეინანა თავისი ადრინდელი საქციელი და ჩვენ კალივაში დავბრუნდით. მას მერე ჩემს გულს არ მოსცილებია ეს ლოცვითი მდგომარეობა. ლოცვა წარმოითქმებოდა დაუძაბავად, მაგრამ უკვე აღარ ფლობდა ისეთ უზომო ძალას, როგორც იმ მომენტში, როცა ის ჩემთან პირველად მოვიდა".
მას მერე ახალგაზრდა ისწრაფოდა, მუდმივად ლოცვისა და განმარტოებისთვის შესაფერის ადგილებში გასულიყო. მერე კი ვიგლიდან წავიდა და სხვადასხვა მღვიმე და ადგილი შემოიარა, სადაც სულიერი ხალხი ცხოვრობდა. ის იქ მოღვაწეობდა, რათა თავის გულში ლოცვა დაემარხა. ფრანცისკი წკნელის ცოცხებს აკეთებდა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ათონზე იყენებენ და დიდი ლავრის კართან მიჰქონდა. იქ მას გუდაში ორცხობილას უყრიდნენ, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. გადიოდა კვირები და იგივე კვლავ მეორდებოდა. ახალგაზრდა მთელი ზაფხული ათონზე მოგზაურობდა. უფრო ხშირად ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში იყო ხოლმე, რომელიც მისთვის უდიდესი მოვლენების წყაროდ იქცა და აქ უდიდესი სიმკაცრით მიეცემოდა ლოცვას.
მაცხოვრის ღვთაებრივი ფერისცვალების დღესაწაულზე მამებთან ერთად მწვერვალზე ადიოდა, იქ შეხვდა მამა არსენს, რომელიც შემდგომში მის გაუყრელ თანამებრძოლად და თანამგზავრად იქცა.
მამა არსენი დიდსქემოსანი მონაზონი იყო და ცხოვრობდა იდიორითმულ სტავრონიკიტას მონასტერში. იგი იქ დასახლდა, უფრო მკაცრად მოსაგრეობდა, რაც მას ყოველთვის იზიდავდა. წარმოშობით პონტოელი გახლდათ, მაგრამ თურქების სიმხეცემ აიძულა, კავკასიაში გადასულიყო. სიყმაწვილეში პალესტინაში ჩავიდა, რათა სიგლახაკისა და დაყუდების გარემო ეპოვა, ბოლოს კი ათონის წმინდა მთაზე დაეყუდა.
იმ დროს მამა არსენი ათონის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა. დაყუდება სურდა, მაგრამ განმარტოებას ვერ ბედავდა. როცა გაიგო, ერთ ახალგაზრდა მონაზონს ამგვარივე ცხოვრება სურსო, მასთან შეხვედრა მოისურვა. მოსაგრეები შეთანხმდნენ ერთად ცხოვრების განრიგზე, გადაწყვიტეს, ერთად ეღვაწათ და რჩევისთვის მიმართეს განსჯის უნარით დაჯილდოებულ მამა დანიელ კატუნაკელს. როცა მშვიდი მამა დარწმუნდა მათ მოშურნეობასა და სულიერი ღვაწლისადმი კეთილ განზრახვაში, არ შეეწინააღმდეგა მათ სწრაფვას, ურჩია, არ დაეწყოთ საქმე, თუ მას მორჩილების კურთხევით არ დაჰბეჭდავდნენ. გონიერმა და "მარილით შეზავებულმა" ბერმა უთხრა: "დამრიგებელი გყავთ? მოძღვრის კურთხევის გარეშე არ იქნება წარმატება. აუცილებლად უნდა გაიაროთ ეს საფეხური, მაშინ მთელ თქვენს ცხოვრებას თან გაჰყვება ღვთის მადლი. მონახეთ რომელიმე მოძღვარი და დაემორჩილეთ. როცა ის მოკვდება, თქვენი ხელით ჩაუშვით საფლავში, მაშინ დაიმკვიდრებთ ღვთის კურთხევას, რომელიც გაგიძღვებათ წარმატებისაკენ". ახალგაზრდა მოსაგრეებმა მოძღვრის სიტყვა ისე მიიღეს, როგორც სიტყვა ღმრთისა, როგორც ჭეშმარიტი გამოცხადება.
3. დასახლება კატუნაკში მამა ეფრემის ხელქვეშ. ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მამა დანიელს, დაჰპირდნენ, რომ მორჩილებას გამოიჩენდნენ. მიენდნენ მის ლოცვასა და კურთხევას და მალევე იპოვეს მოძღვრები: მამა იოსები და ეფრემი, რომლებიც ხარების კალივაში ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ღვიძლი ძმები, წარმოშობით ალბანეთიდან, და ღრმა სიბერეს მიაღწიეს. აქ ახალგაზრდობიდან ცხოვრობდნენ, გულმოდგინედ ყველანაირ ღვაწლს ეწეოდნენ. მამები მემკვიდრენი იყვნენ ნიკოდიმოს დიონისიატელისა, კალივის პირველი მკვიდრისა - მეცნიერის, მწერლისა და დაყუდებულისა. მამა ნიკოდიმოსი ყოველგვარი ქებისა და კეთილად ხსენების ღირსია, რამდენადაც მან ღვთაებრივი მოშურნეობით უარი თქვა დიონისიატის მონასტრის ხელმძღვანელობაზე, სადაც საპატიო მდგომარეობას მიაღწია და ამ ადგილას განმარტოვდა. აიშენა კალივა, შიგ პატარა ტაძრით, რომელიც ჩვენი დედოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე აკურთხეს. ამ ღირსსახსოვარმა ადამიანმა დატოვა წმინდა მამათა თხზულებების ხელნაწერნი, რომლებიც ძალზე პოპულარული იყო იმ დროს და შემდგომში მისმა მემკვიდრეებმა, უპოვარების სულის მოთხოვნით, სხვებს დაურიგეს. ეს ორი მამა იყო უდაბნოს ჭეშმარიტი მკვიდრი და მემკვიდრე ამ უდაბნოსი, არა მხოლოდ მკაცრი ცხოვრებით, არამედ თავიანთი მოძღვრის კურთხევითაც. ადრე მათ კალივაში კიდევ ორი მკვიდრი იყო - პირველი ორი მამის ღვიძლი ძმები. ნიკოლოზი იმ დროისთვის გარდაიცვალა, ნიკოდიმოსი კი ახალ სკიტში წავიდა და წმინდა ანტონინეს კალივაში დასახლდა, იქ მან იოსები დაიმოწაფა, რომელსაც სარაჯს ეძახდნენ, მისი ხელობის მიხედვით. იმ დროს გარდაიცვალა მათგან მესამე იოსები და მამა ეფრემიღა დარჩა, რომელსაც მეკასრეს ეძახდნენ, რადგანაც ხის კასრებს აკეთებდა და დურგლობდა. იგი გახლდათ გულწრფელი, უბოროტო, მშვიდი, მშვიდობისმოყვარე, ძალზე კეთილი და უჩვეულოდ მდუმარე.
მამა ეფრემმა არ იცოდა, როგორ გამოეხატა ორი მოწაფის გამოჩენით გამოწვეული სიხარული, ტიროდა მღელვარებისა და სიხარულისგან, რადგან ხედავდა თავის ახალ მოწაფეთა მიზანსწრაფვასა და თავგანწირვას, რომლებიც სავსებით შეეწყვნენ მისი ცხოვრების წესსა და განგებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი