ნეტარი თეოდორიტე კვირელი
23. ბერი ასევე მიყვებოდა ეშმაკის თავდასხმებზე: "როგორც კი მოსაგრე ცხოვრება დავიწყე
, გამომეცხადა ეთიოპისსახიანი სრულიად შიშველი არსება, თვალთაგან ცეცხლს აფრქვევდა.შევშინდი, დავიწყე ლოცვა, ჭამა ვეღარ შევძელი, რადგან ყოველთვის, როცა ჭამას დავაპირებდი, გამომეცხადებოდა ხოლმე. გავიდა ათი დღე. მშიერი ვრჩებოდი; ბოლოს არად ჩავაგდე ბოროტის თავდასხმა, დავჯექი და ჭამა დავიწყე. აშკარად ვეღარ დაითმინა ჩემი სიმამაცე და კვერთხის მოქნევით დამემუქრა. ვუთხარი: "თუ ყოველთა მეუფეს შენთვის ამის ნება მოუცია, მაშინ დამარტყი და სიხარულით დავითმენ, თითქოს ათასჯერ მომიქნიო". ეშმაკი მაშინვე გაიქცა.
24. თუმცა ამ ეშმაკმა მაინც განაგრძო ჩემთვის მახეების დაგება. კვირაში ორჯერ ჩემთვის მთის ძირიდან წყალი მოჰქონდათ. ეშმაკი ჩემს სახეს იღებდა, ხვდებოდა წყლის მომტანს, გამოართმევდა, უკან წასვლას უბრძანებდა, წყალს კი ღვრიდა. ეშმაკი ასე ორჯერ თუ სამჯერ მოიქცა და წყურვილით გამტანჯა. შეწუხებულმა ვკითხე მეწყალზედეს, მთელი ორი კვირა წყალი რატომ არ მომიტანე-მეთქი. სამ-ოთხჯერ მოგიტანე წყალი და შენც გამომართვიო და მიჩვენა ადგილი, სადაც ეს ხდებოდა. იმ ადგილას ათასჯერაც რომ დამინახო, ჭურჭელი არ მომცე, ვიდრე აქ არ მოხვალ-მეთქი, - ვთხოვე.
25. როცა ამგვარად დავარღვიეთ ეშმაკის ქსელი, მან სხვა რამ მოიფიქრა. შუაღამისას ყვირილი მორთო: - ისე დაგამცირებ და შეურაცხგყოფ, რომ აქ არასოდეს არავინ შემოიხედავსო. საპასუხოდ ვუთხარი: "მაშინ მადლობას გადაგიხდი, რადგან შენ შენი ნების საწინააღმდგოდ კეთილსმყოფობ შენსავე მტერთათვის, რამეთუ მომცემ იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად დავტკბე ღვთის ხილვით, მეტი თავისუფალი დრო მექნება და მივეცემი ღვთის სილამაზის ჭვრეტას". რამდენიმე დღის მერე, შუა ადგილას, როცა ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებას აღვასრულებდი, მთიდან მომავალი ორი დედაკაცი დავინახე. გამაბრაზა მათმა კადნიერებამ და ქვის სროლა დავუპირე, მაგრამ გამახსენდა ბოროტის მუქარა და მივხვდი, რომ ეს ის დამცირება იყო, რომლითაც მემუქრებოდა. დავუყვირე, თუნდაც კისერზე დამასხდეთ, მაინც არ გესვრით ქვებს და არ გამოგეკიდებით, არამედ ვილოცებ-მეთქი. ისინი იმწამსვე უკვალოდ გაქრნენ და ამით დასრულდა ეს მოჩვენებითი ხილვა.
26. ამის მერე, - განაგრძო თხრობა მოსაგრემ, - შუაღამის ლოცვისას მომესმა ეტლის ხმა, მეეტლის ყვირილი და ცხენების ჭიხვინი. ჩავფიქრდი: არ გამიგია, რომ ვინმე უფროსს ქალაქისკენ წასვლა დაეპირებინოს, თანაც ეს გზა ეტლისთვის ძნელად სავალია და მოუხერხებელი სამგზავროდ. როცა ამას ვფიქრობდი, მოახლოებული ბრბოს ხმა მომესმა. თითქოს მათ წინ მორბოდნენ ლიქტორები, ყვირილითა და ხტუნვით ფანტავდნენ ხალხს და გზას უთავისუფლებნენ უფროსს. როცა პროცესია მომიახლოვდა, მივხვდი ბოროტის მზაკვრობას და ვუთხარი: "ვინა ხარ და საიდან მოდიხარ? რა გაგიჭირდა, რომ ასე უდროო დროს მოხვედი? შე უბედურო, ვიდრემდე გაერთობი და ბოროტად მოიხმარ ღვთის დიდმოთმინებას? ამას ვეუბნებოდი პირით აღმოსავლეთით მდგარი და ლოცვას შევწირავდი ღმერთს. ეშმაკმა ჩემკენ გამოიწია, მაგრამ ვერ შემეხო, რადგან ღვთის მადლი შეეწინააღმდეგა. მერე კი ყველაფერი უკვალოდ გაქრა".
27. იაკობი ასევე გვიყვებოდა, რომ უცხოტომელ მძარცველთა შემოსევისას, რომლებიც ისავრიიდან გამოვიდნენ და ყველაფერი დაწვეს და გაძარცვეს აღმოსავლეთში, ძლიერ ეშინოდა არა სიკვდილისა (რამეთუ არ იყო მიჯაჭვული მიწიერს), არამედ მონობისა, ტყვეობისა, რამეთუ მხილველი გახდებოდა სხვათა უსჯულოებისა და უბედურებისა. ჩემი შიში მეგობრებს გავუმხილე და ეშმაკმა ღამით ქალის ქვითინი მომასმენინა, - ჰყვებოდა ბერი, - ეს გავიგონე, ვიფიქრე, - მტერი უკვე მოვიდა და სოფელი გადაწვა-მეთქი. მაშინვე შუაზე გადავიყავი თმა, მხრებზე ჩამოვუშვი, მარცხნივ და მარჯვნივ, კისერი განვიშიშვლე მახვილის შესაგებელად, რათა მალევე მივცემოდი სიკვდილს და არ ვყოფილიყავი მხილველი საშინელი სანახაობისა. მტრის თავდასხმის ლოდინში გავათენე. დილით ზოგიერთი მოვიდა ჩემთან, ვკითხე: - ხომ არაფერი იცით ისავრიელებზე-მეთქი. არაფერი გაგვიგიაო. მაშინ მივხვდი - ეს ეშმაკის საცდური იყო.
28. სხვა დროს კი, - განაგრძო მან, - ეშმაკმა ოქროსთმიანი, მშვენიერი ჭაბუკის სახე მიიღო, მოვიდა ჩემთან და მიღიმოდა. მე რისხვით გავაგდე, მაგრამ ის მაინც იდგა, მეგობრულად მიღიმოდა და მეხუმრებოდა. უფრო დიდი რისხვით აღვივსე და ვკითხე: - როგორ შეგიძლია მთელი სამყარო მოიარო და ყველგან მახე დააგო-მეთქი. მე მარტო არ ვარ, მთელ სამყაროში უამრავი ეშმაკია გაფანტული, რომლებიც ერთობიან და ამავე დროს სერიოზულადაც მოქმედებენ. ასე ცდილობენ კაცთა მოდგმის დაღუპვასო. განვედ ბრძანებითა ქრისტესითა, რომელმაც ოდესღაც ეშმაკთა მთელი ლეგიონი განდევნა ღორებისაგან და ზღვაში ჩაყარა (მათე. 8,28-34; მარკ. 5,1-20; ლუკა 8,26-33). ეშმაკმა როგორც კი მოისმინა, მაშინვე გაიქცა - ვერ დაითმინა ჩვენი უფლის სახელის ძალა და არ ძალუძდა ეცქირა ღვთის მონის სიბრძნისმოყვარების ბრწყინვალებისთვის.
29. ბევრი მსგავსი შემთხვევა ვიცი, მაგრამ მათი დაწერა არ მსურს, არ მინდა, მათი სიმრავლე რწმენაში უძლურთათვის ურწმუნოების საბაბად იქცეს. ვინც საკუთარი თვალით ხედავს ღვთის კაცს, მსგავსი მონათხრობი დაუჯერებლად არ მოეჩვენება: იაკობის სათნოებათა მაცქერალნი დაადასტურებენ, მასზე რასაც ჰყვებიან. მაგრამ რადგანაც ჩვენი მონათხრობი წერილების სახითაა დაბეჭდილი და თაობებს გადაეცემა, ხოლო ზოგიერთის ყურნი უფრო მძიმედ იჯერებენ, ვიდრე თვალნი, ამიტომაც ჩვენი თხრობა მსმენელთა უძლურებას უნდა შევუთანადოთ.
30. ამ ნეტარისთვის ზოგიერთმა მეზობელ სოფელში საძვალე ააგო, რომელიც რამდენიმე სტასიდიით იყო დაშორებული მისი მოღვაწების ადგილიდან. მეც მოვამზადე მისთვის აკლდამა ძლევაშემოსილ მოციქულთა ტაძარში. ღვთის კაცმა შეიტყო ეს და ყველას მოუწოდა, მისი სხეული იმ მთაზე დაეკრძალათ, სადაც მოღვაწეობდა. არაერთხელ ვუთხარი, - არ ეგების, თავის დაკრძალვის ადგილზე იზრუნოს მან, ვინც თავის სხეულზე სიცოცხლეშივე არ ზრუნავდა-მეთქი. მაგრამ ბერი არ ტყდებოდა და დავთანხმდი სურვილის აღსრულებას: ვბრძანე, ქვის კუბო გამოეთალათ და მთაზე აეტანათ. ვიცოდი, რომ ქვას ყინვა აზიანებს, ამიტომ კუბოს გარშემო პატარა შენობა ავაგებინე. როცა, მოძღვრის ნებისაებრ, მშენებლობა დასრულდა და გადავხურეთ, მან თქვა: - არ დავუშვებ, რომ ამ აკლდამას ეძახდნენ იაკობის აკლდამას, მაგრამ მსურს იგი იყოს ძლევაშემოსილ მოწამეთა სახლი, მე კი, ვითარცა მწირი ვინმე, მათთან თანაცხოვრების ღირსქმნილი, დაე, ვიწვე სხვა აკლდამაშიო. ის ასე მოიქცა. ყველა მხრიდან შემოკრიბა წმინდა ნაწილნი მრავალი წინასწარმეტყველის, მოციქულისა და მოწამისა, ერთ აკლდამაში დაასვენა. ამით სურდა, წმინდათა საზოგადოებაში დასახლებულიყო და იმედი ჰქონდა მათთან ერთად მკვდრეთით აღდგომისა, ღვთის ჭვრეტის ღირსქმნისა.
31. ეს აჩვენებს მის სიბრძნისმოყვარებას. იგი, სათნოებათა უდიდესი შემგროვებელი, სრულ სიღარიბეში ცხოვრობდა და მოისურვა მდიდართა საზოგადოებაში დამკვიდრება. ამგვარად, თუ რაოდენ დიდი იყო ამ ფრიად პატივცემული კაცის ღვაწლი, თუ როგორი მადლის მიღების ღირსი შეიქნა ღვთისაგან, რამდენი გამარჯვება მოიპოვა და როგორი გვირგვინებით განმშვენდა, ცხადად ჩანს შემდგომი მონათხრობიდან.
32. მაგრამ რადგან ზოგიერთნი განიკითხავენ იაკობს სიმკაცრის გამო და საყვედურობენ განმარტოებისა და სიმშვიდისადმი ზედმეტ სიყვარულს, ამიტომაც ვიდრე მასზე საუბარს დავასრულებ, ამასაც მოვყვები. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ხედავდა, რომ იგი რაიმე კედლით არ იყო მოზღუდული, არც კარავი ჰქონდა და არც ქოხი. სხვებს, ვისაც შეჰყვარებია სიბრძნისმოყვარება, გარს არტყიათ კედლები, აქვთ კარები: ისინი ტკბებიან მყუდროებით: განდეგილი თავისი კელიის კარს აღებს, თუ მოისურვებს, მაგრამ შეუძლია არც გააღოს, როცა სული ღვთაებრივ ჭვრეტას არის მიცემული. იაკობს კი ამნაირი არაფერი ჰქონდა. ამიტომაც ძალზე ბრაზობდა მათზე, ვინც ლოცვის ჟამს შეაწუხებდა. თუ მნახველები დაემორჩილებოდნენ მის სიტყვას და მიდიოდნენ, იგი კვლავ უბრუნდებოდა ლოცვას, მაგრამ თუ გაძალიანდებოდნენ, მაშინ ის გაბრაზებული საყვედურებით გაუშვებდა ხოლმე უკან.
33. მე მისაუბრია მასთან ამის შესახებ. ვეუბნებოდი: - ზოგიერთი, რომელიც შენ უკან გაუშვი კურთხევის მიუცემლად, ძალზე დრტვინავს. ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შენი კურთხევისათვის მრავალი დღის სავალ გზას გადიან, კარგი იქნებოდა, გაბრაზებული კი არა, სიხარულით აღსავსენი გაგეგზავნა, რათა შენს სიბრძნისმოყვარებაზე მონათხრობით კმაყოფილება მოჰგვარონ მათ, ვისაც შენ არ უნახიხარ-მეთქი. მიპასუხა: - მე ამ მთაზე სხვებისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის დავსახლდი. მე თვითონვე დამფარავენ შეცოდებათა მრავალრიცხოვანი წყლულები და მევე მჭირდება კურნება. ამიტომაც ვევედრები ჩვენს მეუფეს, რომ ცოდვათაგან კურნება მიბოძოს. რამდენად უწესობა და უგუნურება იქნებოდა ჩემგან, ლოცვის მძივი გამეწყვიტა და ადამიანებთან საუბარი დამეწყო! მე რომ ჩემივე მსგავსი კაცის მონა ვყოფილიყავი და ბატონის მსახურებისას დამევიწყებინა მისთვის სასმელ-საჭმლის მიტანა და თანამსახურთან საუბარი გამება, რამდენი შოლტი მომხვდებოდა სამართლიანად! ანდა, თუკი მე მივალ მმართველთან და ვინმესგან მოყენებულ წყენაზე მოვუყვები, შუაში გავწყვეტ საუბარს და იქვე მყოფთან გავაჩაღებ ლაპარაკს, როგორ გგონია, მსაჯული არ გაწყრებოდა? განა არ მომაკლებდა თავის შუამდგომლობას და სამსჯავროდან ჩემს გაგდებას არ ბრძანებდა? ამგვარად, თუ მსახურს ბატონის წინაშე და მომჩივანს მსაჯულის წინაშე მართებს წესიერად მოქცევა, მაშინ მე, როცა ვუახლოვდები ღმერთს, ჩემს საუკუნო მეუფეს, მართალ მსაჯულსა და მეფეს ყოველთა, განა კეთილკრძალულებით არ უნდა მოვიქცე და ლოცვისას ჩემს თანამონებთან საუბარი უნდა გავაბა?
34. ბერის ნათქვამი იმ ხალხს გადავეცი, ვინც მასზე ბრაზობდა. მგონია, რომ მან ყველაფერი სწორად და კარგად თქვა. შეიძლება ასევე დავუმატოთ: როცა ვინმეს ვიღაც მხურვალედ უყვარს, მაშინ, როგორც წესია, სხვებს არაფრად აგდებს და მხოლოდ მიიზიდება ერთისკენ, ვინც უყვარს და მისკენ ისწრაფვის: ღამით ძილში მას ხედავს და დღისით მასზე ფიქრობს. ამიტომაც, როგორც მე მგონია, იაკობი იმიტომაც ბრაზდებოდა, რომ როცა იგი თავის გულის საყვარელს ჭვრეტდა, წინაღუდგებოდნენ საყვარელი უფლის ზეციური სილამაზით ტკბობაში.
35. იაკობზე, ვეცადეთ, მოკლედ მოგვეთხრო, რომ გრძლად ნათქვამი დამღლელი არ ყოფილიყო მკითხველისათვის. თუ ნეტარი იაკობი შეწუხდება ჩვენი მონათხრობით და ძველ ღვაწლს მრავალ სხვასაც შემატებს, მაშინ მას სხვანი აღწერენ. რამეთუ ჩვენი სურვილია, მალევე დავტოვოთ ეს სოფელი. ღვთისმოსაობაში მოშურნეთა უმაღლესმა მსაჯულმა, დაე, უბოძოს ამ ნეტარ კაცს მისი ღვაწლის შესაფერისი აღსასრული; დაე, შეეწიოს მას ზეციური სარბიელის ისევე ღირსეულად დასრულებაში, როგორც დაიწყო; შეეწიოს ძლევაშემოსილს, რათა მან გვირგვინი მოიპოვოს და თავისი ლოცვებით გააძლიეროს ჩვენი უძლურება, რათა ჩვენ, ამგვარი დახმარების მიღების მერე, ეშმაკთა თავდასხმები ავირიდოთ და ძლევაშემოსილად დავტოვოთ მიწიერი ცხოვრება.