მამა იოსებ ისიქასტი
მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ ღირსი მამის, იოსებ ისიქასტის ცხოვრებას, რომელიც მონაზონმა იოსებმა შეადგინა.
წინასიტყვაობა. "ლავსაიკში" ნათქვამია: "მონაზონ პავლეს იმიტომ ეძახდნენ საუკეთესოს, რომ მოუკლებელ ლოცვას მოიმუშაკებდა".
სწორედ ასეთი მონაზონი გახლდათ მამა იოსებ ისიქასტი, რომელიც თანამედროვე ათონის ისტორიაში შექების საგანი გახდა. არახელსაყრელ დროს მან აღადგინა ლოცვისა და დაყუდების ტრადიცია, რომელიც ათონზე საუკუნეების მანძილზე არსებობდა. მისმა დაძაბულმა და დაუღალავმა მოსაგრეობამ, სულიერმა ცხოვრებამ და დამრიგებლურმა ღვაწლმა მოამზადა იესოს ლოცვის მუშაკთა ახალი თაობა, რომელთა გავლენაც ათონის საზღვრებს გარეთაც იგრძნობა.
მამა იოსები, ეს ახალამობრწყინებული ვარსკვლავი ათონის ცისა, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა. მისი წმინდა სახე გაწმენდილ სარკედ შეიქმნა - ყოველი, ვინც მასში წმინდა გულით იხედება, თვითონვე ხდება მღვიძარების მიმდევარი მამის მსგავსი. ბევრმა მათგანმა, ვინც გაჰყვა ნეტარ მამას და მიენდო მას, ამის წყალობით შეძლო რძითა და თაფლით დატკბობა. ბევრი ახალგაზრდა, რომელიც თავის ერისკაცულ ცხოვრებაში გაეცნო ღვთივსულიერ ასკეტურ თხზულებებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ათონზე გაემგზავრა და თითოეული მათგანი ამ სამოთხის ბაღის ხედ შეიქნა. ისე მოხდა, რომ მისმა ქრისტესმიერმა შვილებმა მრავალრიცხოვანი სულიერი შვილები შეიძინეს, მათ ახალი მონაზვნური საძმოები შექმნეს როგორც მთაწმინდაზე, ისე საზღვარგარეთ, რათა თავიანთი სულიერი მემკვიდრეებისთვის მონაზვნური ცხოვრების ესტაფეტა გადაეცათ.
მამა იოსებმა მოსაგრეობის და გონებისმიერი ლოცვის სათნოებები გააშენა. მისი წყალობით მრავალი ღვთისმოყვარული მოსაგრე მამა იყო და არის. რა დროშიც არ უნდა გამოჩნდეს თავმდაბალი და კეთილკრძალული მაძიებელი ლოცვისა, ყოველთვის პოულობს სულიწმინდის ამ წმინდა ნაყოფით ავსებულ მამას. მათგან კი სიხარულით აღმოიწევენ ქრისტესკენ ნორჩი ყლორტნი და უფლის მადლით გამოკვებილნი მდიდრდებიან მამათა კურთხევითა და დარიგებებით.
მამა იოსები მოკლებული იყო ერისკაცულ განათლებას. მან ვერ ნახა სულიერი ცხოვრების დამრიგებელი, რომელიც შეძლებდა გაეცნო მისთვის დაყუდების სიღრმეები, თუმცა თვით ღვთისგან იყო განსწავლული. ბერს ბუნებით მახვილი გონება ჰქონდა და როგორც მგონია, მას ზეითგან დამოძღვრილს გაენდო ზეციური სასუფევლის საიდუმლოებანი. ამგვარად, მამა იოსები, მსგავსად მწიგნობრისა, თვისი საგანძურიდან გამოიტანდა ძველსა და ახალს (შეადარე მათე 13,52), უფრო სწორად, ძველს ახლებურად გამოხატავდა. მან იოტითაც არ გადაუხვია წმინდა მამათა ხაზს, რომელიც შემოინახეს XIX საუკუნის ისიქასტებმა და წმინდა ნიკოდიმოს მთწმინდელმა, რომლებიც დღემდე განამხნევებენ და აღზრდიან ყველას, ვისაც სურს ამ გზას გაჰყვეს, კალივის მკვიდრთაგან ვიდრე ანონიმურ ავტორამდე, რომელმაც დაწერა წიგნი "ფხიზელი ჭვრეტა". თავისი ასკეტური ცხოვრების წყალობით, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატება, მამა იოსები ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიარი გახდა და როგორც ნამეტნავისაგან, გადასცა ყველას, ვინც მას მიუახლოვდა, თავისი იდუმალი და სრულყოფილი ბრწყინვალება...
ამგვარად, ამ ღირსმა მამამ დაგვიტოვა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მაგალითი საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრისა და ქრისტესმიერი ძმების უსაზღვრო სიყვარულისა, დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობისა. ღრმა თავმდაბლობით მას მშვენივრად ესმოდა, რომ ყველა ეს ნიჭი გახლდათ არა მექანიკური შედეგი განსაზღვრული ასკეტური მოღვაწებისა, არამედ საჩუქარი ღვთისა, "რომელი ჰნებავს, შეიწყალებს" (რომ. 9,18). ამასთან, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური თვისებები განსაზღვრავენ მისი შესაფერისი მოღვაწეობის სახესა და საზომს. ამიტომაც, თავისი შედარებით მცირე ხნის სიცოცხლის ბოლოს მამა იოსები უფრო შემწყნარებელი გახდა სხვების მიმართ, თვითონ კი მცირედითაც არ გადაუხვევია უმკაცრესი მოსაგრეობიდან, თუმცა ხორციელი უძლურებანი ძლიერ ტანჯავდა.
ჩვენს დროში, ათონის მთის მკვიდრთა გამრავლების მერე, ბევრმა შეაფარა თავი ღვთისმშობლის შუამდგომლობასა და ზრუნვას. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ღირსი სილუან ათონელი და მრავალი ღირსი მამა, აქ მცხოვრებნი, რომელთა სახელები მარტო ღმერთმა იცის. ამ წიგნში საუბარია ერთ-ერთ მათგანზე - მამა იოსებ ისიქასტზე. ღვთისაკენ სწრაფვით მოწყლულმა მამამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე მთაწმინდელებსა და ერისკაცებზე, როგორც პირადი ცხოვრებით, მოღვაწებითა და მოძღვრებით, ასევე თავისი მოწაფეებისა და მათ აღზრდილთა მიერ. მათგან პატივცემული მამა კი გააძლიერებს თავის მოწაფეებს ქრისტეში განწმენდის რთულ გზაზე.
გვმართებს მადლობა გამოვხატოთ ღირსი იოსებ მონაზვნის მიმართ, რომელმაც თავისი სულიერი მამობისას გამოკვება და გამოზარდა ვათოპედის მონასტრის საძმო. მრავალი წელი გაატარა ნეტარი მამის იოსებ ისიქასტის გვერდით, ისწავლა მისგან დაყუდებული მონაზვნური ცხოვრება და იზრუნა, რომ მოძღვრის სულიერი გამოცდილება თავისი სულიერი შვილებისთვის გადაეცა: ახლა კი მან თავისი ღვაწლი მისი ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერას მიუძღვნა. თავისი სულიერი მამის სიყვარულით, იგი წვრთნიდა თავის ქრისტესმიერ შვილებს და მრავალ სხვა ადამიანს, რომლებიც აქებენ ამ ნიჭს - სულიერ მოწყალებას ღვთაებრივი სიმართლისათვის მშიერთა და მწყურვალთათვის.
სიყვარული და პატივისცემა სულიერი მამისადმი, ისევე როგორც მთელი ვათოპედის მონასტრისა იოსების საძმოს მიმართ, განადიდებს ყოვლისშემძლე ღმერთს და ღირსი მამის კურთხევა ღირსეული მისაგებელი იქნება მათი შრომისთვის.
საქმიანი მიბაძვა მისი ცხოვრებისა გახლავთ შესაფერისი მოხსენიება და საუკეთესო აღსრულება სულიერი შვილების მოვალეობისა".
სიმონპეტრას წმინდა სავანის იღუმენი არქიმანდრიტი ემილიანე
ამონარიდები წიგნის შესავლიდან. "ვაპირებ მოგითხროთ ერთ-ერთ მათგანზე იმ ურიცხვთაგან, ვისაც კი გმირობის გზით უვლია და ვის გვერდითაც, ღვთის კაცთმოყვარებით, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მომიხდა ცხოვრება. მე პირადად "მესმა და ვიხილე" ნამდვილი ცხოვრება ამ ადამიანისა და ასევე შევიცანი მისი აზრები, რა თქმა უნდა, ჩემთვის ხელმისაწვდომი საზომით.
განმასხვავებელი თვისება ამ ნეტარი მამისა იყო აღსრულება ყოვლისმომცველ მცნებათა: მისთვის ნიშანდობლივი იყო, პირველ რიგში, სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასის მიმართ, ისე როგორც საკუთარი თავისა. და მეორე - მკაცრი მოსაგრეობა ამ პირველი მცნების აღსასრულებლად, რომელიც მთელი სიცოცხლე გაგრძელდა და ათასნაირი გამოცდა გამოიარა. სათნოებათა ვიწრო გზით მავალს არ შეუძლია მისწვდეს თვის მიზანს, ანუ ზეცას, თუ სიძნელეებს არ შეეჯახება, რამეთუ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე მოციქ. 14,22). თუმცა მათთვის, ვისაც ღმერთი თავისი განგებულებით ამზადებს სხვების გასაძლიერებლად და ვინც ერთგვარად განაახლებს, გააცოცხლებს მივიწყებულ ტრადიციებს, მისი ბრძოლა შეუდარებლად მკაცრი, სასტიკი და ხანდახან უიმდო მოჩანს. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ გადავხედავთ მონაზვნური ცხოვრების წესის დამფუძნებელ დიდ მამათა ცხოვრებას, რომლებიც ერკინებოდნენ მათი მისიის მნიშვნელობის შესატყვის განსაცდელებს. სიცოცხლის განმავლობაში ჩვენი საერთო მდგომარეობის შესაბამისი მრავალი ბუნებრივი ცვლილება ხდება, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ან გვავნოს. ეს უკანასკნელი კი, ბუნების კანონების გარდა, არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მოგვითხრო ერთხელ მამა იოსებმა: "ხდება ხოლმე, სიყვარული, თანამოძმეთა, გარშემომყოფთა თანაგრძნობა გვიმსუბუქებს უღელს და განსაცდელებს თითქმის ვერ ამჩნევ".
ჩვენ მოძღვრის ცხოვრებიდან და ნათქვამიდან ბევრი რამ სასარგებლო ვისწავლეთ. ამათგან უმცროსნი, რომლებიც საძმოს მისი ცხოვრების დასასრულს შემოუერთდნენ, მოითხოვდნენ ჩვენგან, ამ გამოცდილებაზე რაიმე დაგვეწერა - ზეპირგარდამოცემა მალე მიეცემა დავიწყებასო. და აი, ამ მონაზონთა და ყველა იმათ დაჟინებულმა მოთხოვნამ, ვინც იცნობდა მამა იოსებს, მაიძულა, ამ საქმეს შევდგომოდი, მიუხედავად უმწეობისა. ეს საქმე ალბათ სხვას, უფრო ღირსეულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ეს ალბათ ასე ადვილი არ იქნება, რადგან მამა იოსები განსაკუთრებულ ცხოვრების წესს მისდევდა და მოწმენი, ვინც საკუთარი თვალით ნახა და საკუთარი ყურით მოუსმინა მას, არცთუ ბევრია. შესაძლოა, მომავალში მასზე დაწერენ სხვა მოშურნენიც (სარწმუნოებაში), რომლებიც საკმაოდ ფლობენ სიტყვის თქმის ოსტატობას.
როცა ნელ-ნელა დავიწყე მოგონებების ჩაწერა, სასოწარკვეთის მსგავსმა გრძნობამ მომიცვა. დავკარგე ის ენთუზიაზმი, რომლითაც საქმეს შევუდექი. ჩემი ჩანაწერები კარადაში შევინახე და ვთვლიდი, მის წერას მალე არ განვაახლებდი. ამგვარი დუმილი დაახლოებით ორი თვე გამიგრძელდა. ერთ დილით მამამ, რომელიც ჩემს გვერდით ცხოვრობდა, განცვიფრებულმა მაუწყა: "წუხელ ძილში მამა იოსები ვნახე. მიბრძანა, შენთვის ორი დიდი ბეჭედი (სეფისკვერების, - კ.კ.) გადმომეცა. ერთი უკვე გამზადებული იყო, მეორეზე კი ასოები იყო ამოსაკვეთი. ვკითხე: - რა ვუთხრა მას, მამაო? რა უნდა უქნას ამათ-მეთქი. ცხადად მითხრა: "მიეცი და თვითონ იცის, რაც უნდა ქნას". იმ დროს ჩემი ხელსაქმე გახლდათ სეფისკვერის ხის ბეჭდების დამზადება. როცა ძმამ სიზმარი მითხრა, მაშინვე მივხვდი მის მნიშვნელობას და სიხარულით დავასრულე მამა იოსების ცხოვრება.
ახლა მე თვითონაც ვაღიარებ, რომ ღვთისმოსავ და სათნოებით აღსავსე ადამიანებთან პირად ნაცნობობას შეუძლია დიდი სიკეთე მოიტანოს ახალგაზრდა თაობის გასაძლიერებლად და დასამოძღვრად. ყურადღებითა და პასუხისმგებლობით, ყოველგვარი ფანატიზმისა და სიცრუის გარეშე აღვწერ მოვლენებს ღირსახსოვარი მამის ცხოვრებიდან, რაც ვნახე, გავიგონე და იმ ადამიანთა ნაამბობით, ვინც მას ჩემზე ადრე იცნობდა.