ის ერთ მღვიმეში დასახლდა, მე - მეორეში. ერთხელ უდაბნოში საკვების მოსაგროვებლად წავედით. უეცრად შევნიშნე, რომ ჩემი ძმა ერთ ადგილას შეჩერდა, მერე კი შეშინებული გადახტა და თავის მღვიმეს შეეფარა. ვერ მივხვდი, რამ შეაშინა. მივედი და რას ვხედავ: მიწაზე უამრავი ოქრო ეყარა. დიდხანს არ მიფიქრია, მოვიხსენი მანტია, შევაგროვე საგანძური და დიდი გაჭირვებით კელიაში მივიტანე. მერე ისე, რომ მისთვის არაფერი მითქვამს, წავედი ქალაქში, ვიყიდე იქ დიდი სახლი, სადაც გლახაკთა თავშესაფარი და საავადმყოფო მოვაწყვე. დავაარსე მონასტერი ორმოცი მონაზვნით, დავუდგინე იღუმენი, მას ათასი ოქრო სავანის საჭიროებისთვის გადავეცი, სხვა ათასი კი გლახაკებს დავურიგე და ძმასთან დავბრუნდი. გულში ძმას განვიკითხავდი, რომ მას ნაპოვნი ოქროთი სიკეთის გაკეთება არ უნდოდა, გულში მედიდურობის და თავის ქების ფიქრებმა დაისადგურა. ამ დროს გამომეცხადა უფლის ანგელოზი და მითხრა: "იცოდე, რომ ყველაფერი ის, რაც გააკეთე, არ ღირს იმ ნახტომად, შენი ძმა ოქროს რომ გადაახტა. იგი შენზე შეუდარებლად მაღლა დგას ღვთის თვალში. შენ იმის ღირსიც კი არა ხარ, იგი იხილო, და ვიდრე სინანულით არ განიწმინდები, ვერ იხილავო". წავედი ძმის მღვიმეში. ვეღარ ვიხილე. საშინლად შევწუხდი, ბოლოს შემიწყალა უფალმა და მითხრა, რომ აქ წამოვსულიყავი და სვეტზე დავყუდებულიყავი. 49 წელი სვეტზე გავატარე და მხოლოდ 50-ე წელს მეუწყა უფლის მიერ, რომ შემენდო ცოდვა და მალე ჩემს ძმას ვიხილავ ზეციურ სავანეებში".
***
ერთმა დიაკვანმა მშვენიერი თმის გამო შეაქო სიმეონ ფილოთეველი, რომელიც ყოველთვის შიშველი დადიოდა და მხოლოდ ერთი ქიტონი ჰქონდა. მაშინ წმინდანმა მოიჭრა თმა და მას მისცა, ამიტომაც მას სიმეონ თმაკვეცილსაც ეძახდნენ.