* მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) ჰყვებოდა: ათონის მთაზე ბერობის მსურველი ახალგაზრდა მიიღეს მორჩილად. მოძღვარმა ურჩია, აღარ ეფიქრა ოჯახზე და მასზე ზრუნვა უფლისთვის მიენდო.
ერთხელ მათთან, სენაკში, ერთი გლახაკი მივიდა. ახალგაზრდა მორჩილს დაავიწყდა მოძღვრის კურთხევა და ვინაობა ჰკითხა. გლახაკი მისი ქალაქიდან აღმოჩნდა. ვაჟმა ახლა თავისი ქვრივი დედისა და დების ამბავი ჰკითხა. ერისკაცმა აუწყა, უჭირთ, თავის სარჩენად ათასგვარ სამუშაოს ასრულებენ და მრავალ ხიფათს ხვდებიანო. "ჰყავდათ ძმა, - უთხრა გლახაკმა, - მაგრამ მან ისინი მიატოვა და ბერად წავიდა ათონზე".
მორჩილს ოჯახზე ფიქრი შეუჩნდა და თუმცა მოძღვარი უშლიდა, მშობლიური ქალაქის გზას დაადგა. ერთგან შეისვენა. ჩამოჯდა და დაღლილს ჩაეძინა. ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "რაც ათონზე წახვედი უფლის სამსახურისთვის, ღმერთმა შენს მაგივრად გამომგზავნა შენი დედისა და დების მფარველად. ახლა, რაკი უკან ბრუნდები და გსურს, თავად იზრუნო მათზე, მე საჭირო აღარ ვარ, მივდივარ და ვტოვებ მათო". გაიღვიძა ბერმა და შეშინებულმა ისევ თავის მოძღვარს მიაშურა. "რა კარგია, შვილო, რომ დაბრუნდი, - უთხრა მან, - რაც წახვედი, სულ ამას ვევედრებოდი უფალს, გაენათებინა შენთვის გონება და გაქცეოდი ეშმაკის საფრთხესო".
* მამა ეფრემის დედა, მარიამი, ძალზე მოწყალე და ღრმად სულიერი ადამიანი იყო. შვილიშვილებს ხშირად ესმოდათ, როგორ ევედრებოდა ჩურჩულით ღვთისმშობელს: "ყოვლადწმინდაო დედოფალო, ცოდვილი დედაკაცი ვარ, მაგრამ გთხოვ, შემეწიე, მონაზონი გავხდეო".
ქალი გულით ავადმყოფი იყო. მომაკვდავი ჰოსპიტალში მიიყვანეს. მამა ეფრემმა, ეს ამბავი რომ შეიტყო, სამონაზვნო ტანსაცმელი გაუგზავნა და ახლობლებს სთხოვა, მონაზვნად აღეკვეცათ, რადგან ჰოსპიტლიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა.
მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მარიამს სახე უბრწყინავდა, რაღაცას ჩურჩულებდა და ზეცისკენ იყურებოდა. "რას ამბობდი, დედიკო? რას ხედავდი?" - ჰკითხა ქალიშვილმა. "რა გითხრა, შვილო, იქ ისეთი სილამაზეა! ეჰ, რას ვხედავდი და სად ვარო", - უპასუხა დედამ. ეგონათ, გამოკეთდებოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ, ვნების პარასკევს, გარდაიცვალა. როცა საერო ტანსაცმელი გახადეს და მონაზვნის შესამოსელი ჩააცვეს, გარდაცვლილის სხეულს კეთილსურნელება აუვიდა, წესის აგებისას კი მირონით დაიცვარა. ვინც კი ცხედარს შეეხო, სამოსელი ნელსურნელებით გაეჟღინთა. დაკრძალვისას ნეშტი ისეთ კეთილსურნელებას აფრქვევდა, თითქოს ყვავილებით შემკული გარდამოხსნააო.
"ეს რომ მიამბეს, - ამბობდა მამა ეფრემი, - თითქოს შემშურდა კიდეც და ვაღიარებ ამ ცოდვას. უბრალო ქალმა, სოფლელმა, უსწავლელმა, რა სიმაღლეს მიაღწია! ათონზე კი წლობით ვიღვწით, რომ ასეთ სიმაღლეს მივაღწიოთ. მისთვის რომ ვლოცულობდი, კი არ გავცემდი, პირიქით, სიხარულით ვივსებოდი; ხილვასავით მქონდა: მივიდა დედაჩემი ქრისტესთან; "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ", - უთხრა უფალმა... ხშირად ვხედავდი, თითქოს დედაჩემი მამა იოსები (მღვიმელი, მისი მოძღვარი) იყო, მამა იოსები კი - დედაჩემი, ვხედავდი, რომ მათ ერთნაირი სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ. ღვთისაგან მეუწყა, რომ დედაჩემმა დიდი მადლი მიიღო. მას თვალწინ არავინ ჰყავდა მისაბაძი, თავად ცხონდებოდა განსაცდელთა დათმენით".
* მამა არსენი ათონელი (მღვიმელი, +1983) მამა ეფრემ კატუნაკელზე ჰყვებოდა: "ღირსი მამა მეტისმეტად ახალგაზრდა დასახლდა ათონზე. ეშმაკმა მას ხორციელი ბრძოლები აღუძრა და ერში დააბრუნა. წასვლის წინ მუხლი მოუდრეკია ღვთისმშობლის ხატის წინ და შევედრებია: ღვთისმშობელო, ვხედავ, რომ ბერობა ძნელია, ამიტომ ასეთი რამ ვიფიქრე - წავალ ერში, დავქორწინდები, რათა ბრძოლები არ მქონდეს; გპირდები, უკან აუცილებლად დავბრუნდებიო. ერში ერთი გოგონა გაიცნო, მოეწონათ ერთმანეთი. საქმე ქორწინებამდე რომ მივიდა, ვაჟმა ქალიშვილს ჰკითხა: გადავწყვიტე, მცირე ხნით დავქორწინდე, მერე კი ბერად შევდგე, თანახმა ხარ? გოგონამ იფიქრა, ხუმრობსო და დათანხმდა. დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ ბავშვი შეეძინათ, მონათლეს, ხალხი მიიწვიეს... წვეულება რომ დასრულდა, ახალგაზრდა ჩაფიქრდა - თუ აქ დავრჩი, მიზეზი არ დამელევა და მონასტერს თვალით ვეღარ ვნახავო. მოიხმო ცოლი და აუწყა, შეთანხმებისამებრ, მონასტერში უნდა წავიდეო. ქალი ატირდა, შვილს რაღას უშვრებიო? - ჰკითხა. თუ ბავშვის ბედი გაღელვებს, ცოტა ხანს მოიცადე და ნახავ, რაც მოხდებაო, უპასუხა ქმარმა, მიეახლა ღვთისმშობლის ხატს და უთხრა: დედავ ღვთისაო, უარს კი არ ვამბობ ბერობაზე, მაგრამ ბავშვი მიშლის ხელსო. იმავე ღამეს პატარა ღვთისმშობელმა წაიყვანა. ბავშვის დაკრძალვის შემდეგ კაცმა უთხრა ცოლს: აი, შვილი აღარ გვყავს, დროა, აღთქმა აღვასრულოო. კი მაგრამ, მე რაღა ვქნაო? - ჰკითხა ცოლმა. მაშ, ცოტა მაცადე, შენთვისაც შევევედრები ღვთისმშობელსო, მიუგო კაცმა. ცოლი შეაძრწუნა ქმრის სიტყვებმა, მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა: საყვარელო, ნება მომეცი, ვიცოცხლო, შენ კი სადაც გინდა, წადიო. ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა ათონზე, კატუნაკის უდაბნოში დასახლდა და სახელგანთქმული ღირსი მამა გახდა.
* მამა მაკარ გრიგორიატელი ახალგაზრდობაში დედის სიყვარულმა მონასტრიდან ერში დააბრუნა. იქ დაოჯახდა და ვაჟი შეეძინა. ერთხელ ბავშვმა უთხრა: მკერდზე წითელი ჯვარი გაქვსო (ათონელ ბერებს სამოსზე წითელი ჯვარი აქვთ ამოქარგული). კაცს ჩვეულებრივი, ერისკაცული სამოსი ეცვა და მიხვდა, რომ შვილმა იგი ანგელოზებრივი სქემით იხილა, სინდისისგან მხილებული ათონზე დაბრუნდა და სინანულით სხვებს წარემატა. როცა გარდაიცვალა, მისი სხეულიდან მირონი წარმოედინა.
* ახალგაზრდობაში ერში სხვა ათონელი ბერიც დაბრუნებულა, დაქორწინებულა, ბავშვი შესძენია. ბოლოს, თურმე, თავისი საბერო შესამოსლის დაწვა გადაწყვიტა. როცა ბავშვის აკვანთან გაიარა, მისმა სამი თვის პატარამ ენა ამოიდგა და უთხრა: "რომც დაწვა კაბა, მაინც ბერივით განგიკითხავენო". ცოლმა გაიგო ბავშვის ნათქვამი და უთხრა ქმარს: "არ ვიცოდი, თუ ბერი იყავი. მაშ, მშვიდობით დაუბრუნდი შენს ადგილსო". კაცი მართლაც დაბრუნდა ათონზე, დიდად იღვაწა და სინანულით აღესრულა.
* მამა ანტონ ბალაამელი უდაბნოში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა ის ადგილი. როცა მონასტერში გადასვლის კურთხევა მისცეს, შეწუხდა, მივიდა წინამძღვართან და თავისი კუნკულ-ბარტყული ფეხთით დაუდო - უდაბნოდან მიგყავართ და ბარემ ბერობაც ჩამომართვითო.
* "რა არის ბერი? ეს უფსკრულია მოთმინებისა, ზღვა სიმდაბლისა და ოკეანე მორჩილებისა", - ბრძანებდა მამა იუსტინიანე ბალაამელი.
* ათონის მთაზე დარაჯად განწესებული პოლიციელი დააბრკოლა ზოგიერთი ბერის საქციელმა და შეშფოთებული კალივაში მამა კალენიკეს ეახლა. "მამაო, - შესჩივლა მოძღვარს, - ძალიან გამიტყდა გული. დიდი სურვილი მქონდა, ათონზე მოვსულიყავი და საკუთარი თვალით მეხილა მამების წმინდა ცხოვრება, აქ კი სულ სხვა რამ ვნახე. თუ ამ წმინდა ადგილას ასეთი სისაძაგლე ხდება, ათონს იქით რაღა იქნება!" მამა კალენიკემ მიუგო: "მადლმოსილება თეთრეული კი არ არის, სხვების დასანახად გასაშრობად რომ გაფინო! შენ აქ იმისთვის როდი გამოგაგზავნეს, მადლმოსილი მამები იპოვეო, არამედ იმისთვის, რომ ბოროტება ამოძირკვო, შენ კი შენი მოვალეობა დაივიწყე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ამიტომაც ხარ ასე ფიქრებამღვრეული და სასოწარკვეთილი. გახსოვდეს - მადლმოსილება ფარულია, ის საიდუმლოდ აღმოცენდება გულის სამალავიდან".
* ერთხელ მამა ვიტალის (სიდორენკოს) ალასკელი ბერები ესტუმრნენ და ჰკითხეს: მამაო, ახლაც თუ არსებობენ ისეთი მოსაგრე მამები, წინათ რომ იყვნენო? მამა ვიტალიმ უპასუხა: ჩვენ მათ ვხედავთ, გვესმის მათი ხმა, ხშირად მათ გვერდითაც ვცხოვრობთ, მაგრამ ვინაიდან არ გაგვაჩნია ძველი მამების დარი მორჩილება და რწმენა, ამიტომაც ვერ ვცნობთო.
* ერთხელ წმინდა ამბროსი ოპტელს ორი და ესტუმრა. უმცროსი, მხიარული, ხალისიანი გოგონა, გათხოვებას აპირებდა, უფროსი, წყნარი, მოკრძალებული ქალიშვილი კი სამონაზვნედ ემზადებოდა. მივიდნენ მოძღვართან და კურთხევა სთხოვეს. ქორწინების მოსურნეს მამა ამბროსიმ სკვნილი მისცა, უფროსს კი უთხრა: "რომელი მონასტერი? სულ მალე გათხოვდებიო", - და გუბერნიაც კი დაუსახელა, სადაც ქალიშვილი არასოდეს ყოფილიყო.
დები შინ დაბრუნდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ უმცროსმა შეიტყო, რომ საქმრომ უღალატა, სოფელმა მისთვის აზრი დაკარგა და მონაზვნად აღიკვეცა, უფროსმა კი შორეული გუბერნიიდან დეიდის წერილი მიიღო - ქალი იქაური დედათა მონასტრის მოსანახულებლად ეპატიჟებოდა. იქ ქალიშვილი შეხვდა კაცს, რომელთანაც დიდი სულიერი სიახლოვე იგრძნო და მალე ცოლადაც გაჰყვა.
* ოთხი წლისა იყო პაისი ველიჩკოვსკი, მამა რომ გარდაეცვალა, 13 წლისას ძმა მოუკვდა და ერთადერთ იმედადღა შერჩა დედას. ჩვიდმეტი წლისამ მიატოვა ეს სოფელი და მონასტერში გაიპარა. დედამისი ირინე მორწმუნე ქალი იყო, მაგრამ შვილის გაპარვამ ჯავრისგან ლოგინად ჩააგდო. არც ჭამდა და არც სვამდა - თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული. გონებითაც მოუძლურდა და ნათესავები უკვე მის გარდაცვალებას ელოდნენ. უეცრად ავადმყოფი წამოდგა, ახლობლებს ღვთისმშობლის დაუჯდომელი მოსთხოვა და ლოცვა დაიწყო. დიდხანს ილოცა, შემდეგ მოძღვარი იხმო და ასეთი რამ უამბო: "როცა მწუხარებისგან დავსუსტდი და სიკვდილის პირას მივედი, გარს უამრავი დემონი შემომეხვია. მაშინ აკათისტო მოვითხოვე და კითხვა დავიწყე. დღედაღამ ვკითხულობდი. ეშმაკები შიშისგან კანკალებდნენ და მოკარებას ვერ ბედავდნენ. გული სიხარულით ამევსო. უცებ ცა გაიხსნა, იქიდან, ვითარცა ელვა, ანგელოზი ჩამოეშვა, წინ დამიდგა და მითხრა: "ჰოი, უგუნურო, ეს რა ქენი? ნაცვლად იმისა, რომ მთელი სულითა და გულით გყვარებოდა უფალი, ქმნილება - შენი ძე - შეიყვარე და ამ უგუნური სიყვარულის გამო თავი სიკვდილისა და საუკუნო სატანჯველისთვის გაიმეტე. იცოდე, შენი ვაჟი ღვთის მადლის შეწევნით ბერი გახდება. შენც მის კვალზე შედგომა და მონაზვნობა გიჯობს, რადგან ასეთია ღვთის ნება, ხოლო თუ მას წინ აღუდგები, ნაბრძანები მაქვს, მიგცე ამის მომლოდინე ეშმაკებს, რათა გტანჯონ და შეგარცხვინონ, რათა სხვა მშობლებმა დაინახონ, რომ შვილები ღმერთზე მეტად არ უნდა უყვარდეთო". ამის გაგონებაზე წამოვიძახე: თუ ასეთია ნება ღვთისა, ჩემს ვაჟზე აღარ ვიდარდებ-მეთქი. ეშმაკები მყისვე გაქრნენ, გახარებული ანგელოსი კი ზეცად ავიდა".
მალე მამა პაისის დედა მონასტერში წავიდა და ათი წლის შემდეგ მშვიდობით აღესრულა.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებდა: მონაზვნობის მსურველმა რომ იცოდეს, რა განსაცდელი ელის, არაფრით ისურვებდა მონასტერში მოხვედრას... მაგრამ ის რომ იცოდნენ, რა ნეტარება ელით სანაცვლოდ მონაზვნებს, მთელი ქვეყანა მონასტერში გაიქცეოდაო.
* ღირსი მამა ბარსანოფი ბრძანებდა: "ახლანდელი მონაზვნები ცდილობენ, თავიანთი ნება აღასრულონ. მე ბერისთვის იმაზე მეტი დაცემა არ ვიცი, ვიდრე საკუთარი ნების აყოლააო, ამბობდა ამბა დოროთე. დღეს მონაზვნობამ თავის გზას გადაუხვია... მონაზვნობაზე დგას მთელი სამყარო. როცა ის აღარ იქნება, მაშინ დადგება ჩვენი განკითხვის დღე".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი