XXI. იაკობი
ნეტარი თოეოდრიტე კვირელი
12. ერთი ასეთი შემთხვევაც გამიგია. გვიანი საღამო იყო, ტრაპეზობის ჟამი დადგა.
იაკობმა გვერდით მდგარი ჭურჭლიდან დამბალი ოსპი ამოიღო, რომელიც მისი ერთადერთი საკვები იყო. ამ დროს ქალაქიდან მომავალ გზაზე ვიღაც მეომარი გამოჩნდა, რომელსაც რაღაც საქმე ჰქონდა დავალებული. იაკობმა შორიდანვე მოჰკრა თვალი, თუმცა ტრაპეზობა განაგრძო. ფიქრობდა, ეშმაკის ჩვენებააო, მასთან, როგორც მტერთან, შესახვედრად ემზადებოდა და საჭმლის ჭამით აჩვენებდა, რომ არაფრისა ეშინოდა. მწირი კი, რომელიც მან ეშმად მიიჩნია, არწმუნებდა მას, ადამიანი ვარ და საქმის გამო მოვდივარ ქალაქიდან ასეთ დროსო. "დამშვიდდი და ნუ გეშინია, ლოცვის მერე შენი გზით წადი, ახლა კი ტრაპეზზე დამეწვიეო", - უთხრა იაკობმა და მწირს პეშვით ოსპი გაუწოდა. ამგვარად განდევნა თვისი სულიდან დიდებისმოყვარება და სხვა ვნებები. 13. მის მოთმინებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს ყველასთვის აშკარაა. ის ხშირად ზამთარში სამ დღე-ღამეს მიწაზე დამხობილი ატარებდა ღვთისადმი ლოცვაში. დაემხობოდა და ხშირად თოვლი ისე დაჰფარავდა ხოლმე, მისი სამოსის ნაწილიც კი არ ჩანდა. ხშირად მეზობლები გადათოვლიდნენ ნიჩბებით და ამოთხრიდნენ ღირს მამას.
14. ასეთი ღვაწლის გამო მოიმკო მან ღვთაებრივი მადლის ნიჭები, რომელსაც ყველა მსურველი იღებდა. მისი კურთხევის ძალით არაერთხელ დამცხრალა ცხელება. მისი ლოცვით ბევრი საერთოდ იკურნებოდა ციებისგან, განიდევნებოდნენ ეშმაკნი. მართალი კაცის მარჯვენით ნაკურთხი წყალი მაცხოვნებელ წამლად შეიქმნებოდა. ვინ არ იცის მისი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილის ამბავი. ამ ბიჭუნას მშობლები ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდნენ. ბევრი შვილი შეეძინათ, მაგრამ ყველა უდროოდ მიაბარეს მიწას. როცა ბოლო ბავშვი შეეძინათ, მამა მაშინვე გაიქცა ღვთის კაცთან და სთხოვა, ღვთისაგან ჩემი ვაჟისთვის ხანგრძლივი სიცოცხლე გამოითხოვეო. დაჰპირდა, - თუ ცოცხალი დარჩება, ღმერთს შევწირავო. თუმცა ეს ბავშვი ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა ამ დროს სახლში არ იყო, როცა შინ დაბრუნდა, ამ დროს მისი შვილი გამოასვენეს. მამამ კუბოდან ამოიტაცა შვილის უსულო სხეული და თქვა: "უნდა აღვასრულო აღთქმა და ღვთის კაცს მივცე შვილი, თუნდაც მკვდარიო" - ბავშვის ცხედარი ბერის ფერხთით დაასვენა და იგივე სიტყვები წარმოთქვა. ღვთის კაცმა თავისკენ მისწია ბავშვი, მუხლნი მოიდრიკა და სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფეს შეევედრა. საღამოს ყრმამ ხმა გამოსცა და მამას დაუძახა. დაინახა, რომ უფალმა შეიწირა მისი ლოცვა, ბერმა მადლობა შესწირა ზენაარს, რომელიც აღასრულებს თავის მოშიშთა სურვილებს, დაასრულა ლოცვა და ყრმა მამას გადასცა. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი ბავშვის მამისგან, რომელიც ყველას უყვებოდა მოციქულთა დარი სასწაულის შესახებ. ამით კი მან მსმენელთ დიდი სიკეთე მოუტანა.
15. ხშირად მეც მეხმარებოდა ხოლმე ღვთის კაცი. გავიხსენებ რამდენიმე შემთხვევას, რადგან უმადურობა მგონია, დავდუმდე და არაფერი ვთქვა მის კეთილ საქმეებზე. ბილწმა მარკიანემ უწმინდურობის ეკალნი მრავლად დათესა ქალაქ კირის ოლქში. მის ფესვიანად აღმოსაფხვრელად ყველანაირი საშუალება ვცადე, მაგრამ მათ, ვისი ცხონებისთვისაც ვზრუნავდი, წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ, "სიყვარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე. ხოლო მე ვილოცვიდე და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულვილი - სიყვარულისა წილ ჩემისა" (ფს. 108,4-5). ბოროტი ეშმაკების მოქმედებით მათ უხილავი ბრძოლა გამიმართეს. ერთ ღამეს მაცთუნებელი ეშმაკი გამომეცხდა და ასურულ ენაზე მითხრა: "რატომ ეწინააღმდეგები მარკიანეს, ომი რად გაუმართე? განა რითიმე გაწყენინა? თავი ანებე ომს და შეწყვიტე მტრობა, თორემ საკუთარი გამოცდილებით შეიტყობ, რომ მშვიდობა სჯობდა. დიდი ხნის წინ განგგმირავდი, რომ არ ვხედავდე მოწამეთა ქოროს, იაკობთან ერთად რომ გიცავენო".
16. ამის გაგონებაზე ერთ მეგობარს ვკითხე, რომელსაც იქვე ეძინა: "თუ გაიგონე, რაც ითქვა?" "ყველაფერი გავიგონე, მსურდა წამოვმდგარიყავი და მენახა, ვინ ამბობდა ამას, მაგრამ მეგონა, რომ გეძინა და ამიტომ ვდუმდიო". მერე ორივე წამოვდექით, იქაურობა დავათვალიერეთ, არსაიდან არ ისმოდა არც ხმა და არც ფაჩუნი. ეს სიტყვები კი იქ მყოფთ ყველამ გაიგონა. მაშინ მივხვდი, რომ ეშმაკმა "მოწამეთა ქორო" უწოდა ნაკურთხი ზეთით სავსე ჭურჭელს, რომელიც კურთხევის ნიშნად მრავალი მოწამის საფლავიდან მქონდა მოგროვილი. საწოლის თავთან კი მეკიდა დიდებული იაკობის ძველისძველი სამოსი, ვითარცა მტკიცე ზღუდე ანდამატისა.
17. მოგვიანებით, როცა მარკიანელთა ერთ დიდ დასახლებაში შესვლა გადავწყვიტე, წინ მრავალი დაბრკოლება გადამეღობა. ჩემს ესაიასთან დახმარების სათხოვნელად კაცი გავგზავნე. მან შემომითვალა: "იყავი მშვიდად, ყველა ეს დაბრკოლება ობობას ქსელივით მალე დაირღვევა, რამეთუ წუხელ არა ძილში, არამედ ცხადში, ხილვით განმიცხადა ღმერთმა. ლოცვა დავიწყე და იმ დასახლების მხარეს, ჰაერში, ვიხილე ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა. სამი ლოცვა წარვთქვი - გველმა თავი მოაბრუნა, კბილებით კუდს ჩააფრინდა და წრედ იქცა. რვა ლოცვის წართქმის მერე ორად გაიპო, მერე კვამლად გაიფანტა".
18. ის, რაც იაკობმა ხილვით იხილა, ჩვენ ცხადში ვნახეთ. რამეთუ დილით მარკიანეს მოძღვრების მიმდევრებმა (ისინი ახლა სამოციქულო ეკლესიის წევრნი არიან), ბნელეთის ხელმძღვანელის, გველისაგან აღძრულებმა, განაშიშვლეს მახვილნი და ჩვენკენ წარმოუძღვნენ. მესამე ჟამს წაიფორხილეს და უკვე საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ იმ გველის მსგავსად, რომელიც საფრთხის ჟამს თავს კუდქვეშ მალავს. მერვე საათზე ისინი გაიფანტნენ და ნება მოგვცეს, თავისუფლად შევსულიყავით სოფელში. იქ ვნახეთ მათ მიერ ჩამოსხმული სპილენძის გველი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ - აშკარად წინ აღუდგნენ ყოველთა შემოქმედს და ემსახურებოდნენ წყეულ გველს, ღვთისა მტერს. ასეთი წყალობის ღირსი შევიქმენი ჩემი პატივცემული მასწავლებლისგან.
19. რადგანაც საუბარი საღვთო გამოცხადებას შეეხო, მოვყვები იმას, რაც ამ მართალი კაცისგან გამიგონია, ის ამას გვიყვებოდა არა პატივმოყვარეობით, რამეთუ ეს უცხო იყო მისი წმინდა სულისთვის, არამედ მხოლოდ აუცილებლობის გამო ამხელდა იმას, რის დაფარვასაც ალბათ ისურვებდა. მე მას ვთხოვე, უფლისთვის ელოცა, რათა ჩემი ყანა სრულიად განწმენდილიყო ეკალთაგან და ერეტიკული თესლისგან - უზომოდ მაწუხებდა ფართოდ გავრცელებული ბილწი მარკიანეს საცთური. ღვთის კაცმა თხოვნაზე მიპასუხა: "შენ არც ჩემი და არც სხვისი შუამდგომლობა არ გჭირდება, რადგან გყავს მუდმივად შენთვის მლოცველი დიდებული იოანე - ხმა ღვთისა და უფლის წინამორბედი, რომელიც მოუკლებლად ლოცულობს შენთვის". როცა ვუთხარი, რომ მჯერა როგორც მისი ლოცვის, ასევე სხვა წმინდანთა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა, რომელთა ნაწილნიც ჩვენთან ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს, ბრძანა: - გწამდეს, რომ შენ განსაკუთრებით იოანე ნათლისმცემელი გმფარველობსო.
20. ამის მერე გაჩუმება აღარ შემეძლო და დაჟინებით გამოვკითხე, თუ რატომ მახსენებდა განსაკუთრებით იოანე ნათლისმცემელს. მითხრა: "ვისურვებდი, შევხებოდი ამ სასურველ სიწმინდესო". ვუთხარი, მანამდე არ მოვატანინებ, ვიდრე არ დამპირდებით, რომ თქვენს ხილვაზე მომითხრობთ-მეთქი. იაკობი დამპირდა და მეორე დღეს მოვუტანე, რაც ასე სურდა (წმინდა იოანეს ნაწილნი). ყველას გასვლა ვუბრძანე და მარტოდ დარჩენილს ნეტარმა მომითხრო: როცა შენ ფინიკიიდან და პალესტინიდან ჩამოტანილ სიწმინდეებს ქალაქის მცველთა ფსალმუნთ გალობით შეხვდი, დავეჭვდი: ნეტავ მართლა დიდებული იოანეს და მისი თანამოსახელე მოწამის ნაწილებია-მეთქი? მეორე ღამეს ფსალმუნთა საგალობლად წარმოვდექი; ამ დროს ვიხილე ერთი თეთროსანი, რომელმაც მკითხა, - რატომ არ შეგვხვდი, როცა ჩამოვედითო. გავიკვირვე. მან კი - ჩვენ ის ვართ, ვინც გუშინ ჩამოვედით ფინიკიიდან და პალესტინიდან. ყველა ღვთისმოსავმა მოშურნეობით მიგვიღო - მწყემსმაც, ხალხმაც, ქალაქელებმა და სოფლელებმა; სხვებთან ერთად მხოლოდ შენ არ მოგვაგე პატივიო. ამით მან ჩემს ეჭვზე მიმანიშნა. მივუგე, - თუნდაც ვერ ვჭვრეტდე თქვენს ან სხვა წმინდათა ნაწილებს, მაინც პატივს მოგაგებთ თქვენ და თაყვანისვცემ ყოველთა მეუფეს-მეთქი. მეორე დღეს, იმავე დროს, იგი კვლავ გამომეცხადა და მითხრა: "ძმაო იაკობ, ხედავ თოვლივით თეთრი სამოსით მოსილ კაცს, წინ რომ ცეცხლით სავსე ჭურჭელი უდგას?" მივიხედე და ვიფიქრე, რომ იოანე ნათლისმცემელს ვხდავდი, რადგან მისდა შესაფერისად ეცვა და ხელი წინ ისე გაეშვირა, როგორც ნათლისცემისას. იმავე ხმამ განაგრძო: "სწორედ ისაა, ვისზეც ფიქრობ".
21. ამის მერე იაკობმა დაუმატა: "როცა შენ ღამე სოფელში მოჯანყეთა დასასჯელად მიდიოდი და ღვთისადმი ლოცვას მთხოვდი, ის ღამე ლოცვაში გავათენე. უფალს ვევედრებოდი. მერე გავიგონე ხმა: "ნუ გეშინია, იაკობ! დიდებული ნათლისმცემელი იოანე დაუცხრომლად ევედრება ყოველთა მეუფეს. დიდად დამარცხდებოდა მართლმადიდებლობა, მისი შუამდგომლობით რომ არ დასცხრებოდეს ეშმაკის კადნიერება". მითხრა ბერმა და ამიკრძალა ამის შესახებ სხვებისთვის მეამბა. მაგრამ ხალხის სიკეთისთვის არათუ სხვებს არ მოვუყევი, არამედ ყველას სანუგეშოდ წერილებშიც გადმოვეცი.
22. იაკობმა მითხრა, რომ უნახავს ჭაღარა თმაწვერიანი პატრიარქი იოსები, რომელიც სიბერეშიც კი ბრწყინავდა ახალგაზრდული სილამაზით, მან სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და ამ დროს თავს წმინდათა შორის უკანასკნელს ეძახდა, აკლდამაში მასთან ერთად მწოლთაგან თავს უკანასკნელად აღიარებდა.