ტაძრის გადასარჩენად თავის გაწირვა გადაწყვიტა
24.11.2011
ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებმა 1938 წელს დახურეს, გერმანელების შემოსვლის წინ კი ერთმა საბჭოთა მეთაურმა, სტრატეგიული მოსაზრებით, ეკლესიის აფეთქება ბრძანა.
გაგზავნეს კიდეც ასაფეთქებლებით ლეიტენანტი და წითელარმიელები. ლეიტენანტი მორწმუნე კაცი აღმოჩნდა. ბრძანების შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერც ტაძარს ააფეთქებდა. ტაძრის გადასარჩენად თავის გაწირვა გადაწყვიტა. ლეიტენანტი ტაძრის ჩრდილოეთ კედლისკენ გავიდა და რამდენიმე წამში წითელარმიელებმა სროლის ხმა გაიგონეს. მიირბინეს - ლეიტენანტი მკვდარი დახვდათ. გვერდით რევოლვერი ეგდო. ლეიტენანტი საზიდარზე დაასვენეს და უკან დაბრუნდნენ. ჯარი სასწრაფოდ უკან იხევდა და ტაძრის აფეთქება დაავიწყდათ. მალე ვირიცაში გერმანელები შევიდნენ.