XXI. იაკობი. 1. უკვე გიამბეთ სათნოებათა მოპოვებისთვის მებრძოლთა გმირობაზე, მათ მიერ ძალისხმევისა და ზეციურისკენ სწრაფვის უმთავრესი მაგალითები
, ასევე მძიმე შრომით, ოფლით მოპოვებული ნაყოფნი და ბოლოს მათი დიდებული და ღირსსახსოვარი გამარჯვევები, ახლა კი ვწერთ ჯერ კიდევ ცოცხალ დიდებულ მოსაგრეთა შესახებ, რომლებიც ისწრაფვიან, თავიანთი შრომით აღემატონ წინამორბედთ. ამგვარად, მომავალ თაობებს დავუტოვებთ სულისმარგებელ მოგონებებს. რამეთუ, როგორც უკვე დიდი ხნის წინ განდიდებულ წმინდანთა ცხოვრებებმა მომავალ თაობებს უდიდესი სიკეთე მოუტანა, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალ მოსაგრეებზე მოგონებები სათნოებათა ღირსეულ მაგალითებს დაუსახავს შემდგომი თაობების ქრისტიანებს.
2. მოგითხრობთ დიდებული იაკობის შესახებ, რომელიც პირველობს ასაკითა და ღვაწლით. სხვები უკვე მისი მიბაძვით აღასრულებენ გასაოცარ და საკვირველ საქმეებს. იმ ნეტარმა იაკობმა ხომ ლოცვით სპარსეთის არმია გაფანტა და არ დაუშვა, დაეპყროთ ქალაქი, რომლის გალავანიც უკვე დანგრეული იყო. მან მტერზე კოღო-ბუზები მიუშვა და გააქცია ისინი. პატივითა და ცხოვრების წესით იმ იაკობის თანასწორმა ჩვენმა თანამედროვე იაკობმა უნდა დაიკავოს პირველი ადგილი ჯერ კიდევ ცოცხალ მოსაგრეთა შორის, არა მხოლოდ როგორც თანამოსახელემ ძველი იაკობისა, არამედ ვითარცა ისეთმავე მოშურნემ სათნოებათა მოსახვეჭად, რომელიც სიბრძნისმოყვარების მაგალითი გახდა სხვებისთვის.
3. ის დაუახლოვდა დიდებულ მარონს, მიიღო მისი მოძღვრება და დაჩრდილა კიდეც მასწავლებელი თავისი დიდი ღვაწლით. მარონმა საბინადროდ აირჩია კორომი, სადაც ადრე წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, აიგო ტყავის ქოხი, იაკობი კი ტრიალ მინდორში ცხოვრობდა დარსა და ავდარში, რასაც ეს მართალი კაცი სულგრძელად დაითმენდა, მოღვაწეობდა ისე, თითქოს უსხეულო ყოფილიყო და ცდილობდა, ეძლია თავის ბუნებისთვის. მოკვდავი სხეულით შემოსილი და სატანჯველებს მიცემული, ის ცხოვრობდა, ვითარცა უვნებო; ხორცში მყოფი ბაძავდა უხორცოთ და ღვთაებრივ პავლესთან ერთად ამბობდა: "რამეთუ ხორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ხორციელად განწესებულ ვართ, რამეთუ საჭურველი ჩვენისა მის მხედრობისაი - არა ხორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა, გულის სიტყვათა დავარღვევთ და ყოველსა სიმაღლესა, აღმაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა და წარმოვსტყვევნავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა" (2 კორ. 10,3-5).
4. თუმცა ასეთ ადამიანურ ბუნებაზე აღმატებულ გამარჯვებებს იაკობმა მცირე საქმეებში გულმოდგინებით მიაღწია. თავიდან ერთ მომცრო ქოხში დაეყუდა და სული გარეგნული ღალვისაგან გაითავისუფლა, გონება ღვთის ხსოვნას მიაჯაჭვა და ამგვარად განემზადა სრულყოფილ სათნოებებში მოღვაწებისთვის. შემდგომში ქალაქიდან 30 სტადიონზე მდებარე მთაზე დაეყუდა და იგი აქამდე უცნობი და უნაყოფო, დიდებული და ფრიად პატივცემული გახადა. ახლა ამ მთამ ისეთი კურთხევა მოიპოვა, რომ აქედან აღებულ მიწასაც კი პატივს მიაგებენ. ყოველი მხრიდან ჩამოსულ მოლოცველებს მიაქვთ ამ მიწის ნაწილი იმ იმედით, რომ მისგან სიკეთეს ნახავენ.
5. აქ მოღვაწე გამოჩენილად არის, რამეთუ არა აქვს საყუდარი, რომელიც მას დაიფარავდა, გამოჩენილად არის ლოცვისას, დასვენებისას, მჯდომარე თუ მდგომარე, ჯანმრთელი თუ სნეული. ამიტომაც იძულებულია, ბუნებრივი მოთხოვნილებები შეიკავოს. 14 წლის წინ, შუა ზაფხულში, იაკობს მძიმე ავადმყოფობა შეეყარა. მზის სხივები აცხუნებდნენ, ნიავიც არ იძვროდა და ჰაერი ჩახუთულიყო. იგი კუჭის აშლილობით იტანჯებოდა, რომელიც ქვემოთ ეშვებოდა, მთელ შინაგანს უფლეთდა და გარეთ გამოსვლას მოითხოვდა. მაშინ ვიხილე დიდი მოთმინება და სიმტკიცე. ბუნება განთავისუფლებას მოითხოვდა, მაგრამ იქ მყოფი ბრბოს წინაშე სირცხვილი ადგილზე აჩერებდა. ვიცოდი ეს და იქ მყოფთ ვუბრძანებდი კიდეც, წასულიყვნენ. როცა შეგონებამ არ გაჭრა, შევახსენე ჩემი სამღვდელო ხარისხი და დიდი წვალების მერე, უკვე საღამოს, გავყარე ისინი. მაგრამ ღვთის კაცმა ყველას წასვლის მერეც კი სძლია ბუნებას და დაღამებამდე შეიკავა თავი.
6. მეორე დღეს მასთან მივედი. სიცხე უფრო გაძლიერდა და წვავდა ყველაფერს. ხვატისგან თავი ამტკივდა-მეთქი და ვთხოვე, საჩრდილობელს გავმართავ-მეთქი. იაკობმა ნება დამრთო, სამი მარგილი ჩავარჭვე და მათზე ორი ტყავი გადავჭიმე. ნეტარმა მიბრძანა, ჩრდილში შევსულიყავი. ვუთხარი: - მრცხვენია, ახალგაზრდამ და ჯანმრთელმა ამით ვინუგეშო მაშინ, როცა შენ დახაშმულს სიგრილე გჭირდება, ამ დროს კი მზისგულზე ზიხარ, დაითმენ მწველ სხივებს. თუ გინდა, ჩრდილით ვისარგებლო, შენც შემოდი. მე მსურს შენთან ვიყო-მეთქი. ეს რომ მოისმინა, დამთანხმდა.
7. ერთად ჩრდილში ყოფნით ვტკბებოდით, ვუთხარი, დიდხანს ჯდომით ფეხები დამეღალა და წამოწოლა მჭირდება-მეთქი. დაწოლის ნება მომცა, მაგრამ გავჯიუტდი, - თუ გინდა, რომ დავტკბე მოსვენებით, შენც წამოწექი, მამაო, მაშინ მეც არ შემრცხვება მოსვენება-მეთქი. ამგვარი მოხერხებით ნუგეში მოვგვარე მას.
8. როცა წამოვწექით, შევეცადე, საუბარი წამომეწყო სასიხარულო და მისი გულისთვის სასიამოვნო საგნებზე. მერე კი აზრად მომივიდა ბერისთვის ნელ-ნელა ზურგი დამეზილა. შევუყავ სამოსის ქვეშ ხელი და რკინის ჯაჭვს წავაწყდი, რომელიც იაკობს წელსა და ყელზე ჰქონდა შემოხვეული, სხვა ჯაჭვები კისრის ახლოს რგოლზე იყო მიმაგრებული (ორი წინ და ორი უკან) და ირიბად ეშვებოდნენ ქვედა რგოლამდე, წინიდან და უკნიდან ასო X-ს გამოხატავდნენ. ამგვარი ჯაჭვები მას ხელებზეც ჰქონდა იდაყვამდე. ასეთი დიდი სიმძიმე რომ ვიხილე, მოსაგრეს ვთხოვე, შვება მიეცა თავისი ავადმყოფი სხეულისთვის, რომელსაც არ შეეძლო ერთდროულად დაეთმინა ნებაყოფლობითი სიმძიმე და უნებური ავადმყოფობა: "ახლა, მამაო, სიცხე შეგიცვლის რკინის ჯაჭვს. როცა სიცხე გადაივლის, მაშინ კვლავ დაიდე სხეულზე ჯაჭვები". დაჟინებული თხოვნით დავარწმუნე და დამთანხმდა ამაზე.
9. კიდევ რამდენიმე დღე იავადმყოფა იაკობმა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ მალე კვლავ დასნეულდა. უამრავი ადამიანი შეიყარა ყველა მხრიდან, რათა დაუფლებოდნენ მის სხეულს. ეს რომ შეიტყვეს, მოსაგრესთან მოვიდნენ მახლობელი ქალაქის მკვიდრნი - სამხედროებიც და უბრალო ადამიანებიც - ერთნი იარაღში იყვნენ ჩამჯდარნი, მეორეებს კი, რაც ხელთ მოხვედროდათ, იმით იყვნენ შეჭურვილნი. მათ ხელშუბები და ქვები დაუშინეს უცხო მხარის ხალხს, მხოლოდ შესაშინებლად და არა მოსაკლავად, და გაყარეს ისინი.
შემდეგ ძლევაშემოსილი მეომარი დააწვინეს საკაცეზე და ქალაქში წაიყვანეს. იგი ვერ ხვდებოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, არც კი ინძრეოდა, როცა ზოგიერთი სოფლელი სამახსოვროდ თმას აგლეჯდა.
10. წმინდა წინასწარმეტყველთა ტაძრამდე მიაღწიეს და იაკობი იქვე, მონასტერში დატოვეს. ერთმა კაცმა იაკობის სიკვდილის ამბავი მომიტანა. მაშინვე გავიქეცი. მთელი ღამე ვიარე და დილით ღვთის კაცთან მივედი. ის უკვე ვეღარაფერს ამბობდა და ვერც იქ მყოფთ ცნობდა. მაგრამ როცა თაყვანი ვეცი და დიდებული აკაკისგან მოკითხვა გადავეცი, თვალები გაახილა და მკითხა, - როგორაა აკაკიო. ვუპასუხე თუ არა, მაშინვე დახუჭა თვალები. სამი დღის მერე იაკობი კვლავ გონს მოვიდა და იკითხა, სად ვარო. როცა შეიტყო, ძალზე შეწუხდა და მთხოვა, უკანვე წამეყვანა. დავემორჩილე და მოძღვარი ძველ ადგილას წავაყვანინე.
11. მაშინ კიდევ ერთხელ ვიხილე, თუ რამდენად უვნებო იყო პატივისადმი ჩემთვის პატივსაცემი მართალი კაცის სული. მეორე დღეს ცივი ქერის ნახარში მივუტანე, თუმცა ვიცოდი, იაკობი თავს ნახარშის დალევის ნებას არ მისცემდა - სრულიად არ იღებდა ცეცხლზე მომზადებულს. ახლაც არ იკარებდა, მაგრამ ვუთხარი: "შეგვიცოდე, მამაო! შენს ჯანმრთელობას ჩვენ კეთილდღეობად ვთვლით, რამეთუ არა მხოლოდ სამაგალითო ხართ ჩვენი სულის სასიკეთო საქმეებით, არამედ გვეხმარებით თქვენი ლოცვებით და მოსდრეკთ ჩვენზე ღვთის კურთხევას. თუკი გეძნელება შენი კანონის დათმობა, მაშინ დაითმინე ესეც; ამგვარი მოთმინება ხომ სიბრძნისმოყვარების ერთ-ერთი სახეა. როგორც მაშინ, ჯანმრთელი რომ იყავი და შიმშილს მოთმინებით სძლევდი, ახლაც, როცა ჭამის არანაირი სურვილი არ გაქვს, მოთმინება აჩვენე და მიიღე იგი". ჩვენს საუბარს ესწრებოდა ღვთის კაცი პოლიქრონი, რომელმაც მომიწონა ნათქვამი და თვითონ პირველმა მოისურვა საჭმელი, თუმცა ჯერ კიდევ დილა იყო და იგი ჩვეულებრივ კვირაში ერთხელ იხმევდა. დაუჯერა იაკობმა, მოსვა მცირეოდენი ნახარში, მოჭუტა თვალები, თითქოს რაიმე მწარე შეესვას. რადგან სისუსტის გამო სიარული აღარ შეეძლო, დავარწმუნეთ, ფეხები წყლით დაებანა.
საჭიროდ ვთვლი, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიბრძნისმოყვარეობა. სავსე ჭურჭელი მოშორებით იდგა და ერთმა მოსამსახურემ მოისურვა იგი კალთით დაეფარა, რათა იაკობთან მისულებს არ დაენახათ. ნეტარმა ეს შეამჩნია და ჰკითხა: "რატომ მალავ ჭურჭელს?" მსახურმა უპასუხა, - მოსულთა თვალის ასარიდებლადო. ბერმა უთხრა: "თავი ანებე, შვილო. ნუ დამალავ კაცთათვის იმას, რაც ყოველთა მეუფის წინაშე განცხადებულია - როცა მხოლოდ ღმერთისთვის ცხოვრება მოვისურვე, ადამიანთა შეხედულებებზე არ ვფიქრობდი. რა სარგებლობა მექნება, თუ ადამიანები ჩემს შრომას დიდად ჩათვლიან, ღმერთი კი პატარად-მეთქი. შრომის საზღაური ხომ კაცთაგან კი არ მომეცემა, არამედ ღვთისგან - ყოველთათვის მბოძებელისგან". ძნელია, არ გაგაოცოს ბერის ამ სიტყვებმა და მისმა წარმომშობმა გონებამ, რამეთუ იგი ადამიანურ პატივზე მეტად აღმაღლდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი