შენ კი პირდაღებული ნუ მიაჩერდები ეშმაკის ხიბლებს
კონსტანტინოპოლში მყოფ ბაგრატ მეფეს უამბეს საკვირველი და ყოვლად დაუჯერებელი ამბავი - აქ სახლობენ სამარიტელები, სვიმონ მოგვის ტომელები, რომელთაც აწინკიანთ ეძახიან და განთქმულნი არიან გრძნეულებითო.
თურმე ბიზანტიის იმპერატორის, ფილოპატის, ბაღს მხეცნი შეჩვევიან და დარევიან მეფის სანადიროდ განკუთვნილ ნადირთ. იმპერატორს აწინკიანთათვის უბრძანებია, თავიანთი გრძნეულებით იმ მხეცთა მოწყვეტა. მათაც შელოცვებით მრავალი მხეცი დაუხოცავთ. ამის გამგონე ბაგრატ მეფესაც მოუნდა აწინკიანთა ხილვა. იხმო ისინი და ჰკითხა, - მხეცნი როგორ მოწყვიტეთო? მათ მიუგეს: - მეფეო, ძალზე დახელოვნებულნი ვართ ამ საქმეში. ხორცს შევულოცავთ, დავდებთ იმ ადგილას, სადაც მხეცნი მიდიან, ჩვენ ხეზე ავალთ და ნადირს მისივე ხმით ვუხმობთ. მოდიან, ჭამენ ხორცს და მეყსეულად იხოცებიან. ეგ არის, დიდ შაბათს შობილი მხეცი არ გვიჯერებს, - თუ კარგია, ჩამოდით ხიდან და თქვენ თვითონ ჭამეთო. ბაგრატმა თქვა, - ვიდრე თვალით არ ვიხილავ, არ დავიჯერებო. მხეცი რომ ვერ იპოვეს, მოაყვანინა ძაღლი, რომელიც "დიდ შაბათს" არ იყო დაბადებული. აწინკიანთ შეულოცეს ხორცს და ძაღლს დაუგდეს. ამის მხილველი წმინდა გიორგი მთაწმინდელი ძალზე შეწუხდა და მეყსეულად გამოსახა ჯვარი ხორცს. შეჭამა ძაღლმა ნუგბარი, მაგრამ, გრძნეულთა გასაკვირად, ძაღლს არაფერი დამართნია. მიხვდნენ, რომ წმინდა მამამ გააუქმა მათი გრძნეულება. ევედრნენ მეფეს, - სახლში შეიყვანე ბერი და სხვა ძაღლი მოაყვანინეო. როცა წმინდა გიორგი წავიდა, მაშინვე მოიყვანეს მეორე ძაღლი, მიუგდეს შელოცვილი ხორცი, ჭამა და უმალ მოკვდა. აღფრთოვანებულმა მეფე ბაგრატმა თქვა, - როცა ეს წმინდა მამა ჩემს გვერდითაა, არც გრძნეულების მეშინია და არც საწამლავისო. ეს ამბავი იმპერატორ კონსტანტინესაც მოახსენეს.* მთაწმინდის ახლოს ერთი სოფელი იყო, ლივიზდია, სადაც ბორღალნი ცხოვრობდნენ, ყოვლითურთ უგუნურნი და პირუტყვთსახენი. ედგათ დედაკაცის სახის ძველი მარმარილოს კერპი, მსახურებდნენ მას და ამბობდნენ: - მზე, წვიმა და ყოველი კეთილი მისგან მოგვეცემა. ვისაც ინებებს, ყველას დახოცვა და გაცოცხლება შეუძლიაო. კაცთა კერპთმსახურება და ცრუსარწმუნოება ძალზე აწუხებდა წმინდა გიორგის. ერთხელ, როცა კონსტანტინოპოლში მიმავალმა გზად ამ სოფელში გაიარა, იქაურებმა უთხრეს: - თუ გინდა მშვიდობით მობრუნდე, წამოდი და ჩვენს ღმერთს შეევედრე, შეგეწიოსო. წმინდანმა მიუგო, - კარგი, წამიყვანეთ და მაჩვენეთ. მადლიერი დაგრჩებით ამისთვისო. წაიყვანეს და ანახეს. წმინდანმა თქვა: - დღეს იყოს, ხვალ მოვალ და დაველაპარაკებიო. მეორე დილით მჭედელთან კაცი გაგზავნა და ურო მოატანინა. წავიდა, დადგა კერპის წინ, გამოისახა ჯვარი პატიოსანი და დაიწყო თქმა იოანეს სახარებისა: "პირველითგან იყო სიტყვა". იქ მყოფთ გააფრთხილეს - მოგკლავსო. ბერს გაეცინა, აიღო ურო და საცთური დალეწა.
* აგრაფინა სოფელში ცხოვრობდა და ძროხას უვლიდა. ერთ ღამეს ღირსი სერაფიმე საროველი გამოეცხადა და უბრძანა, მოეწველა ძროხა და რძე მამა ზოსიმესთვის (მინაევისთვის) გაეგზავნა. აგრაფინა ასეც მოიქცა. რძე მეზობელ ქალს გაატანა მოძღვართან, ქალმა კი მამა ზოსიმეს მორჩილს გადასცა. ხორციელის კვირა გახლდათ. გახარებულმა მორჩილმა შეუტანა რძე მოძღვარს - წმინდა სერაფიმეს გამოუგზავნია თქვენთვისო. მამა ზოსიმემ შორიდანვე გადასახა ჯვარი რძეს და თქვა: - ისეთ ადამიანებს, როგორიც აგრაფინაა, არ შეიძლება წმინდა სერაფიმე გამოეცხადოს. ეს ეშმაკი იყო, მისგან კი მე რძეს არ მივიღებო.
* წმინდა ამბროსი ოპტელი ამბობდა: - სიზმრად რაიმეს ნახვა არ უნდა ისურვო, თორემ რქიანს იხილავ. დილით, როცა გაიღვიძებ, თქვი: დიდება შენდა, ღმერთო (მამა მაკარი ყოველთვის ამას ამბობდა)! და არ გაიხსენო სიზმრად ნანახიო. წმინდა ამბროსი გვასწავლის: ნუ დაუჯერებთ ნიშნებს და არც ასრულდებაო. ეშმაკი ათჯერ სიმართლეს გაჩვენებს და ერთხელ სიცრუეს, დაიჯერებ და ყველაფერი დაიკარგებაო.
* ერთხელ ხუთმა გლეხის გოგომ, როცა ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ, გადაწყვიტა, ახალი წლის დღეს თავიანთი მომავალი გაეგო. მომავლის გაგების მოსურნე წვებოდა სანთლებით განათებული ხატების თაროს ქვეშ და მიცვალებულივით გულზე ხელებს დაიკრეფდა. მას მკერდამდე ტილოს აფარებდნენ, ხოლო გულზე სარკეს ადებდნენ. მწოლიარეს სარკეში დაჟინებით უნდა ეცქირა, სანამ სასურველ რამეს არ დაინახავდა. დანარჩენი გოგონები სარდაფში ჩადიოდნენ, მერე იქიდან სათითაოდ ამოდიოდნენ, მწოლიარესთან მოიდრეკდნენ მუხლს და ევედრებოდნენ, - მაპატიე და მაკურთხეო. პირველმა ორმა გოგონამ რა ნახა, არ ვიცით, მაგრამ როცა მესამის რიგი დადგა, საშინელება მოხდა. მან შენიშნა, რომ მწოლიარე არ იძვროდა და ღია თვალებით სარკეს მიშტერებოდა. დაუძახეს - პასუხი არ გასცა. ხელი შეახეს - საუკუნო ძილით ეძინა...
* ორ გოგონას უკანონო ურთიერთობა ჰქონდა ჯარისკაცებთან. ერთ საეკლესიო დღესასწაულზე, საღამოს, ძალზე მოიწყინეს და ინატრეს - ნეტავ ჩვენი საყვარლები აქ იყვნენ, კარგად მოვილხენდითო. ჯარისკაცები შორს გაეგზავნათ. გოგონებმა თქვეს, - მოდი, სარკეში ჩავიხედოთ და ვნახოთ, სად არიანო. ვნებით ანთებულებმა დაიწყეს სარკით მკითხაობა. უცბად ერთმა სიხარულით წამოიძახა: - მოდის, მოდისო. შუაღამისას ქუჩიდან ეტლის ხმა მოესმათ, მერე კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. ერთი გახარებული გაიქცა მათ შესახვედრად. მეორე შეშინდა. მოეჩვენა - სტუმართაგან თითქოს მიცვალებულისეული, სასაფლაოს სიცივე მოდიოდა და სისხლს უყინავდა. სტუმრები კი მისკენ დაიძრნენ. ვაჟი თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა, ლამის მზერით ჭამდა სატრფოს. შეშინებული გოგონა გარეთ გავარდა, საქათმეში შევიდა, ოთხივ მხრივ ჯვარი გადასახა კედლებს, კარებს, ფანჯარას და ცოცხალ-მკვდარი კუთხეში მიჯდა. ქოხიდან ცეკვა-თამაშის, სიმღერის და სტვენის ისეთი ხმა გამოდიოდა, რომ სახლი ზანზარებდა. გაილია ღამე, განთიადისას სტუმრები წასასვლელად გამოვიდნენ. გაჩერდნენ საქათმესთან და გოგონას დასცინოდნენ, - შე მშიშარავ, ეს რა ჯადოსნური ღამე დაკარგეო. თან დაჰპირდნენ, - კიდევ გეწვევით. ახლა ჯვარცმულის ძლიერების ნიშანი (პატიოსანი ჯვარი) ნებას არ გვაძლევს - საქათმის კედლებიდან ცეცხლი გამოდის და ვერ ვეკარებითო.
გათენდა. სოფელმა გაიღვიძა. მხოლოდ მხიარული გოგონები არ ჩანდნენ. ვიღაცამ მათ სახლში შესვლა მოისაზრა და სხვებსაც უხმო. ქოხში ყველაფერი თავდაყირა იყო. ერთი ქალიშვილი საქათმეში გონებამიხდილი ეგდო, მეორე კი სარდაფში, ბურახის კასრში წელამდე იჯდა. ისე იყო ნაცემი, მისი ცნობა გაუჭირდათ. პირველი გონს მოვიდა, მეზობლებს ყველაფერი უამბო. შემდგომში დაანება თავისუფალ ცხოვრებას თავი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში წავიდა. მისი მეგობარი კი იმ ღამის შემდეგ სამი თვე გონს ვერ მოვიდა. მერე ახლობელთა ლოცვით და მოწყალების გაცემით განიკურნა. ეს გაკვეთილად ექცა მას და უკვე სხვებსაც აფრთხილებდა, არ განეჭვრიტათ მომავალი. მათი სახლიდან კი კარგა ხანს ისმოდა ღრიანცელი, რომელიც მხოლოდ ლოცვისა და კურთხევის შემდეგ შეწყდა.
* ერთი თევზის ვაჭარი ბაზარში ადრიანად მივიდა. მყიდველის მოლოდინში მოიწყინა და გონებით სცადა განეჭვრიტა, როგორი ვაჭრობა ექნებოდა - პირველი მყიდველი როგორიც იქნება, მთელი დღეც ისეთი მექნებაო. მერე ლოდინიც მოსწყინდა და ლანძღვა-გინება დაიწყო. ამ დროს მასთან ვიღაც ახმახი მივიდა და უთხრა: - შენმა ლოცვამ ჩვენი მეფის ყურამდე მიაღწია და მანაც მოწყალედ შეისმინაო. კაცმა ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია. როცა მან თევზი აიღო და ანგარიშს უსწორებდა, ვაჭარმა, ჩვეულებისამებრ, ჯვარი გამოისახა და თქვა: "უფალო, მაკურთხე". მყიდველი ჯვრის გამოსახვისთანავე გაქრა. ვაჭარი ყველას ყოველთვის ურჩევდა, ხშირად გამოესახათ ჯვარი, მოეხმოთ უფლისთვის და არასოდეს აჰყოლოდნენ სხვადასხვანაირ ცრურწმენას კაცთა მოდგმის მტრის გასახარად.
* წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: - მრავალ ქრისტიანს ჰგონია, რომ სრულიად უსაფრთხოა სხვადასხვა ნიშნების და მათი განმარტებების მოსმენა და დაჯერება... ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელიც ზეციურ მსაჯულს მოელის, იოლად ვარდება ამ ცოდვაში... განა არსებობს ეჭვით ცხოვრებაზე დიდი უბედურება, როცა ყველაფერში წინააღმდეგობას ხედავ. შემდეგ წმინდა ბასილი იმ ქრისტიანებზე საუბრობს, ჩიტების გადაფრენით, მათი ხმიერებით რომ წინასწარმეტყველებენ, ანდა თავზე ყვავის დაჩხავლება უბედურების ნიშანი რომ ჰგონიათ: "ჩიტს თვალწინაც რომ ჰქონდეს, არ იცის, რა საფრთხე ელის და შენ მომავალს როგორ გაუწყებს! მიფრინავს ხოლმე ბუდიდან ბარტყებისთვის საკვების მოსატანად, მაგრამ ხშირად ცარიელი ბრუნდება და ეს ამაო გარჯა შენთვის უტყუარი წინასწარმეტყველება და მომავლის გამოცხადებაა? შეიძლება ჩიტები ეშმაკთა მოქმედებით შენს საცდუნებლად დაფრინავენ. შენ კი პირდაღებული ნუ მიაჩერდები ეშმაკის ხიბლებს, ნუ ჩაუგდებ თავს ბოროტს ხელში. ერთხელ თუ მოიხელთა რომელიმე მერყევი სული, არ გაუშვებს და გამოიყენებს მას ყველა ბოროტ საქმეში".
* წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: - თუ შინიდან გამოსული კაცი გზად კოჭლს ან ცალთვალას გადაეყრება და ამას რაიმეს ნიშნად მიიღებს, მაშინ ის ეშმაკის საქმეს აკეთებს, რადგან ვინმეს შეხვედრა კი არ უქცევს დღეს უბედურად, არამედ ცოდვიანი ცხოვრებაო.
საახალწლოდ წარმოთქმულ ქადაგებაში კი წმინდა მღვდელმთავარი ბრძანებდა: "ყველაზე მეტად მაწუხებს ის თამაშობები, დღეს სასტუმროებში რომ აღესრულება, რადგან აღსავსენი არიან გარყვნილებით და უწმინდურობით. მოთამაშენი აღნიშნავენ დღეებს და მკითხაობენ. ჰგონიათ, თუ წლის პირველ დღეს მხიარულებასა და ნეტარებაში გაატარებენ, მთელი წელიწადი ასეთი უზრუნველი ექნებათ. მაგრამ ბედნიერი წელი მაშინ კი არ გექნება, პირველ დღეს თუ უზომოდ დალევ და დათვრები, არამედ მაშინ, პირველსა და შემდგომ დღეებში თუ ღვთივსათნოდ მოიქცევი. თუ დაუდევარი იქნები, კეთილის ქმნისთვის არ გაირჯები და შენს ბედნიერებას მოელოდები თვეთა დასაწყისიდან ან დღეთა გამოთვლით, მაშინ არანაირი სიკეთე არ მოგეცემა. დღეების გამოთვლას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ სიბრძნესთან. ეს ელინური ცთომილებაა".
წმინდა იოანე ამხილებდა მათ, ვინც დღეებს ბედნიერად და უბედურად თვლის: "ეშმაკი ცდილობს აღმოფხვრას ჩვენი კეთილი ღვაწლი, ჩააქროს ჩვენი სულის კეთილი მოძრაობა და შთაგვაგონოს, მარცხი თუ წარმატება დღეებს მივაწეროთ. ვისაც სწამს, რომ არსებობს ბედნიერი და უბედური დღეები, მაშინ "უბედურ" დღეს კარგის ქმნისთვის აღარ გაირჯება. იფიქრებს, ამ არახელსაყრელ დღეს ტყუილად რატომ ვიმუშაო, წარმატებას მაინც ვერ მივაღწევო. "ბედნიერ" დღესაც არაფერს გააკეთებს იმ იმედით, რომ ამ დღის გამო სიზარმაცით ცუდი არაფერი შეემთხვევა. ამგვარად, ერთიც და მეორეც დააბრკოლებს სულის ხსნაში.
წმინდა იოანე ოქროპირი ამხილებდა იმ ადამიანებსაც, ვინც ავადმყოფობებისგან თავს ათასგვარი თილისმით იცავს. "ახალშობილს ჟღარუნებით, წითელი ლენტებით თუ მაგიური მძივებით უმკობენ სახვევებს, ათასნაირ სიმბოლურ ნივთს ჩამოჰკიდებენ ყელზე მაშინ, როცა პატარას, მაცხოვნებელი ჯვრის გარდა, არაფერი არ უნდა გავაკაროთ. ჯვარს, რომელმაც მთელი სმაყარო მოაქცია, განგმირა ეშმაკი და დაამხო ყოველი ძალი მისი, არად მიიჩნევენ და ბავშვის უსაფრთხოებას ტყავის სამაჯურს და სხვა ამგვარ რამეს ანდობენ. ამბობენ, რომ ტალახი იცავს კაცს ავი თვალისგან, შურისა და სიძულვილისგანო. ვაი მათ, რადგან ტალახსა და ჟღარუნას მიაწერენ ისეთ ძალას, რომელსაც ეშმაკის ყოველგვარი ხლართის გახსნა შეუძლია! ნუთუ არ გრცხვენიათ, ნუთუ არ გესმით, რომ ამით ეშმაკი ადამიანს ნინველობიდანვე თავის ბადეში ნელ-ნელა ახვევს?! თუ ტალახს ასეთი ძალა აქვს, რატომ შენ არ ისვამ სხეულზე, შენ, რომელსაც ვაჟკაცობის ასაკამდე მიგიღწევია და უფრო მეტი მტერი გყავს, ვიდრე ყრმას? სატანა არა მარტო დასცინის ცდუნებულს, არამედ გეენიაშიც აგდებს. ეს რომ წარმართთა შორის ხდებოდეს, არ გამიკვირდებოდა. მაგრამ თუ ასე იქცევიან ჯვრის თაყვანისმცემლები და ზიარებულნი გამოუთქმელ საიდუმლოთ - მართლაც რომ დიდად სატირალია". წმინდა იოანე სხვა ადგილას მიმართავს "იმ ადამიანებს, ვინც თავსა და ფეხებზე ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებიან ბრინჯაოს მონეტას იკიდებდა: - მითხარით ერთი, განა ეს არის ჩვენი სასოება? ჯვრისა და უფლის სიკვდილის შემდეგ შენ, რა, წარმართი მეფის გამოსახულება გეიმედება?"