წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრება
მადლმოფენილი. ღირსი ამბროსი სიცოცხლეშივე მრავალგზის უხილავთ ღვთაებრივი მადლით მოსილი. თვითმხილველები ჰყვებიან:
"ღირს ამბროსის გამოსაჩენად ლოცვა არ უყვარდა. ერთხელ, ღვთისმშობლისადმი სავედრებელი კანონის კითხვისას, ერთმა სკიტელმა მონაზონმა მამა ამბროსისთან შესვლა მოისურვა. მამა ამბროსის თვალები ზეცად ჰქონდა აღპყრობილი, სიხარულით სახე უბრწყინავდა, მასზე ისეთი კაშკაშა ნათელი განისვენებდა, რომ ამ მღვდელმონაზონმა მისი დათმენა ვეღარ შეძლო და გარეთ გამოვიდა".
მამა ამბროსის სახე ფერს იცვლიდა ძირითადად დილაობით, ლოცვის კანონის კითხვის დროს, ანდა მას მერე. ერთხელ მან დილით, ვიდრე ხალხის მიღებას დაიწყებდა, რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე ერთი ცოლ-ქმარი დაიბარა. ისინი მასთან კელიაში შევიდნენ. დიდბერი საწოლზე იჯდა, ხელთ სკვნილი ეპყრა. სახე ფერნაცვალი ჰქონდა. ბერი უეცრად განსაკუთრებით გაბრწყინდა და კელიაში ყველაფერი საზეიმოდ აელვარდა. სტუმრებმა თრთოლა იგრძნეს და სული ბედნიერებით აევსოთ. მათ სიტყვაც კი ვერ წარმოთქვეს, დიდხანს იდგნენ გონებაწარტაცებულნი და მოძღვარს უცქერდნენ. ირგვლივ სიჩუმე იდგა, მამა ამბროსიც დუმდა. როგორც იქნა, კურთხევისთვის მივიდნენ. ბერმა მდუმარემ გადასახა ჯვარი. წასვლისას ცოლ-ქმარმა კიდევ ერთხელ შეხედა მოძღვარს და მეხსიერებაში აღიბეჭდა დიდებული სანახავი. ფერნაცვალი ბერი კი კვლავ ჭვრეტაში იყო ჩაღრმავებული.
წმინდა ამბროსის ერთგულმა სულიერმა შვილმა გაიხსენა:
"მამა ამბროსი ხალხს ესაუბრებოდა და პირდაპირ ვიღაცას უცქერდა. უეცრად მის თვალთაგან მზის სხივის მსგავსი ორი სხივი გამოვიდა. ადგილს მივეყინე. ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე მამა ამბროსი იმ ვიღაცას უცქერდა".
"საღამოს ათ საათზე, ვიდრე ხალხს გაუშვებდა, მოძღვარმა ჩემს ქალიშვილთან ერთად მიმიხმო. როცა მის წინაშე მუხლი მოვიდრიკე, მითხრა: - იძინეთ და განისვენეთ. ღამე მშვიდობისა. შემეშინდა: - ჩემო საყვარელო მამაო! ერთი წუთით მაინც დამტოვეთ მარტო, მე ხომ არაფერი მითქვამს-მეთქი. მოძღვარმა დამტოვა. კელიაში კანდელი და პატარა სანთელი ენთო. ბნელოდა და ჩანიშნულ ცოდვებს ვერ წავიკითხავდი. ჩქარ-ჩქარა ვთქვი, რაც მომაგონდა და დავუმატე: - მამაო, აღარ ვიცი რაღა ვთქვა, რა შევინანო - დამავიწყდა-მეთქი. მოძღვარმა ამის გამო დამტუქსა. მერე კი უეცრად წამოდგა საწოლიდან, ორი ნაბიჯის გადადგმა და შუა კელიაში აღმოჩნდა. მეც, მუხლმოდრეკილი, უნებურად მისკენ მივტრიალდი. მოძღვარი წელში გაიმართა, თავი ასწია და ლოცვის მდგომარეობაში ხელები ზევით აღმართა. ფეხებით მოსწყდა იატაკს და ჰაერში ზეაღიწია. ვუცქერდი მის გაბრწყინვებულ სახეს. მახსოვს, რომ კელიის ჭერი გაქრა. მოძღვარიც თითქოს თავით ზევით აიწია. ეს ყველაფერი ცხადად ვიხილე. ერთი წუთის მერე მოძღვარი ჩემკენ დაიხარა, ჯვარი გადამსახა და ნანახით გაოცებულს მითხრა: "გახსოვდეს, აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი სინანულმა. წადი!" ფეხათრევით გამოვედი, მთელი ღამე ჩემს უდებებასა და უგულისხმობაზე ვტიროდი. დილით საფოსტო ცხენები მოგვიყვანეს და გავემგზავრეთ. ბერის სიცოცხლეში ამის მოყოლა ვერავისთან გავბედე - გაფრთხილებული ვყავდი, ასეთ შემთხვევებზე არავისთვის მომეთხრო: - იტყვი და ჩემს შეწევნასა და მადლს მოაკლდებიო".
შამორდინოს მონასტრის დაარსება და წმინდა ამბროსის გარდაცვალება. ოპტის უდაბნოდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს შამორდინოს დედათა მონასტერი, რომელიც წმინდა ამბროსის კურთხევით დაარსდა. თავიდან შამორდინოს მამული იყიდა წმინდა ამბროსის მორჩილმა, მდიდარი მემამულის ქვრივმა, რომელსაც მონაზვნობაში ამბროსია უწოდეს. დედა ამბროსიას ტყუპი შვილიშვილი ჰყავდა. ბავშვებს დედა მოუკვდათ, მამამ სხვა ცოლი მოიყვანა და პატარა გოგონებს ბებია ზრდიდა. სწორედ მათთვის ააშენა ბებიამ ამ მამულში სახლი, სადაც წმინდა ამბროსი ხშირად სტუმრობდა ხოლმე და ამბობდა, - აქ მონასტერი გვექნებაო.
შამორდინოში, პატარა ქალბატონებთან ერთად, დასახლდა დედა ამბროსიას ზოგიერთი ყოფილი ყმაც, რომლებიც ლოცვასა და მყუდროებას ეძებდნენ. სახლში სამონასტრო გარემო შეიქმნა. მოძღვრის კურთხევით, დედა ამბროსიამ გარშემო სამი აგარაკი შეიძინა "შვილიშვილებისთვის". ბავშვები განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ, ხშირად ლოცულობდნენ, უყვარდათ ოპტის მონასტრის ღამისთევის ხანგრძლივ ლოცვებზე დასწრება. მოსაგრეობდნენ და ხორცს პირს არ აკარებდნენ, ვიდრე წმინდა ამბროსიმ არ დაარწმუნა ისინი, რომ ხორცი ეჭამათ. ბებიას ეშინოდა, ჯანმრთელობა შეერყევათო, რაზეც წმინდა ამბროსი პაუხობდა: - დაე, ილოცონ, ისინი სუსტები არიან. დედაბერს არ ესმოდა წმინდა მამის წინასწარმეტყველური ნათქვამისა. 1881 წელს დედა ამბროსია გარდაიცვალა. ბავშვებს ძალზე უყვარდათ ერთმანეთი. გული ღვთის სიყვარულით ჰქონდათ ავსებული. არაერთხელ უთქვამთ: - აღარ გვინდა, რომ თორმეტ წელზე მეტხანს ვიცოცხლოთ, სიცოცხლეში კარგი არაფერი ყრიაო. 1883 წელს ორივე გოგონას ტიფი შეეყარა და გარდაიცვალა, მათი სიკვდილის მერე, ბებიის ანდერძით, ბავშვების მამულები ახალდაარსებულ დედათა სავანეს დარჩა. დედათა რიცხვმა კი მამა ამბროსის გარდაცვალების ჟამს ხუთასს მიაღწია. ყველა მონაზვნის აღსარებას თვითონ ვერ მიიღებდა, ამიტომ სულიერ შვილთა ნაწილი თავის სულიერ შვილს, ღირს ანატოლის (ზერცალოვი) გადასცა. ღირსი ამბროსი შამორდინოში ხშირად რჩებოდა, სიცოცხლის ბოლო წლებში საერთოდ იქ გადასახლდა. ძალზე ადარდებდა ოპტელი ბერების სულიერი დამრიგებლის გარეშე დარჩენა. ეპარქიის ხელმძღვანელობაც წუხდა ოპტიდან მისი წასვლის გამო, წმინდა ბერს ათასნაირი ცილიც კი დასწამეს. უკვე 1891 წლის დასაწყისში იცოდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა.
ერთხელ ლექსი თქვა: "მეანდრას ნაპირზე უკანასკნელ სიმღერას მღერის გედი". ჩვენ კი ეს სიმღერა ასე გადავაკეთოთ: - "შამანდრას ნაპირას უკანასკნელ სიმღერას მღერის გედი". თუმცა ვერავინ მიუხვდა ნათქვამს. სექტემბერის ბოლოს ყური ასტკივდა, გაცივდა კიდეც. თვალსა და ხელს შუა ილეოდა. ამასობაში გაბრაზებულმა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, თვითონვე ჩასულიყო და ბერი თავისი კარეტით ოპტაში წაეყვანა.
დედებმა ღირს ამბროსის ჰკითხეს, - როგორ შევხვდეთ მეუფესო.
- ჩვენ მას კი არა, თვითონ შეგვხვდება!
- რა ვუგალობოთ მეუფეს?
- ჩვენ მას "ალილუიას" ვუგალობებთ.
მართლაც, როცა მეუფე მონასტერში შევიდა, წმინდა ამბროსი ტაძარში იყო დასვენებული და იქ მყოფნი "ალილუიას" გალობდნენ.
ათასობით ადამიანი მოაწყდა შამორდინოს მონასტერს. წვიმდა, მაგრამ სანთლები არ ქრებოდა. ცხედარი ოპტაში გადაასვენეს. პროცესია, შამორდინოდან ოპტამდე, ყველა სოფელში შეჩერდა და ლიტანია ყველგან გადაიხადეს.
სასწაულები. ერთმა გლეხმა დაქორწინება გადაწყვიტა, რადგან მისი მოხუცი დედა დაუძლურდა, ოჯახს კი დიასახლისი სჭირდებოდა. მარიამობას მივიდა კურთხევისთვის მამა ამბროსისთან. მან ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულამდე ურჩია მოცდა. მოხუცი დედა უკმაყოფილო დარჩა მოძღვრის რჩევით. გლეხი პირველ ოქტომბერს მივიდა წმინდა ამბროსისთან. მან: "დაიცადე ნათლისღებამდე და მერე ვნახოთო". დედა საშველს არ აძლევდა. მივიდა ნათლისღებას და შესჩივლა, - დედაჩემის შემოტევას ვერ ვუძლებო. წმინდანმა უთხრა: "ვშიშობ, არ დამიჯერებ, ჩემი რჩევა კი ასეთია, რომ არ უნდა დაქორწინდე. დაიცადე და მერე ვნახოთ". გლეხი წავიდა და დაქორწინდა, ქორწინებიდან ორი თვის თავზე კი მოკვდა.
კოზელსკელ კაპიტონს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, მარჯვე, ლამაზი. გადაწყვიტა, სადმე მსახურად დაეყენებინა. მიიყვანა შვილი კურთხევისთვის წმინდა ამბროსისთან. დიდბერმა მოუწონა განზრახვა და ურჩია, კურსკში გაეგზავნა. კაპიტონი შეეწინააღმდეგა: - კურსკში ნაცნობი არავინ მყავს, მაკურთხეთ, რომ მოსკოვში გავუშვაო. წმინდანმა ხუმრობანარევი ტონით უთხრა: - მოსკოვში ცხვირში ურტყამენ და დაფებით დაამტვრევენ, კურსკში წავიდესო. კაპიტონმა შვილი მაინც მოსკოვში გაუშვა, სადაც მან მშენებლობაზე კარგი სამუშაო იშოვა. უეცრად მაღლიდან დაფები ჩამოცვივდა, ყმაწვილს ფეხებზე დაეცა და მოსტეხა. მაშინვე დეპეშით ამცნეს მამამისს. ატირებული კაცი მამა ამბროსისთან მივიდა, მაგრამ ის რაღას უშველიდა. ავადმყოფი შვილი მოსკოვიდან წამოიყვანა. ბიჭი დიდხანს იტანჯებოდა, თუმცა ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ სამუდამოდ ხეიბრად დარჩა.
კაშირის დედათა მონასტრის მონაზონი დედა ილარიონა ჰყვებოდა: "ნიკოლოზობამდე ორი დღით ადრე ცუდად ვიყავი. ვწუხდი, რომ სნეულების გამო კელიაში უნდა ვმჯდარიყავი და ტაძარში ლოცვას ვერ დავესწრებოდი. ავადმყოფი საღამოს ათ საათზე ლოგინში ჩავწექი და ჩავიძინე. ძილში ვხედავ: მოვიდა ჩემთან მამა ამბროსი და მეუბნება: "დროზე ადრე რას წუხხარ? - და ისე ძლიერ გამარტყა, რომ ყურიდან სისხლი წამსკდა. მერე დაუმატა, - წადი, სულელო, ტაძარში, დღესასწაულებს დაესწარი!" გამომეღვიძა, ბალიშისპირი და ხალათი სისხლით იყო მოთხვრილი. იმავე წამს თავი სრულიად ჯანმრთელად ვიგრძენი და ავადმყოფობის კვალიც არ დამრჩა".
სწავლებანი. გაგაცნობთ ღირსი ამბროსის მცირე სწავლებებს:
ერისკაცთათვის ყველა ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარეობაა, ხოლო მონაზონთათვის - თავმოთნეობა.
ადამიანი ხოჭოსავითაა: როცა თბილი დღეა და მზე ანათებს, დაფრინავს, საკუთარი თავით ამაყობს და ზუზუნებს: "მთელი ტყე ჩემია, მთელი მინდორი ჩემია!" როცა მზე მიიფარება, აცივდება და ქარი დაუბერავს, ხოჭო დაივიწყებს თავის სიმამაცეს, ფოთოლს მიეკვრება და იწყებს წრიპინს: "არ ჩამოვარდე".
ვინც ხორცით უძლურია და მრავალგზის შეუცოდავს, დაე, სიმდაბლის გზით წავიდეს.
იყავი ბრძენი, ვითარცა გველი (მათე 10,16). გველს როცა ძველი ტყავის გამოცვლა უნდა, ძალზე ვიწრო ადგილას გაძვრება და ამგვარად მოიშორებს მას. ასევე, ადამიანმაც, ვისაც თავისი ძველი კაცის მოშორება უნდა, სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა იაროს.
სულიერი სიბრძნე სიმდაბლით, ღვთის შიშით, სინდისის დამარხვით და განსაცდელების ჟამს მოთმინებით მოიპოვება.
ძველ ქრისტიანებს მტერი წამებით გამოცდიდა, ახლანდელებს კი სნეულებითა და გულისთქმებით.