ნეტარი თეოდორიტე კვირელი
XII. ზენონი
1. ცოტანი იცნობენ საკვირველ ზენონს, მაგრამ ვინც იცნობს, უთუოდ გააოცებს მისი ღირსეულობა.
მან დაუტევა თავისი სამშობლო პონტო,უდიდესი სიმდიდრე და როგორც თვითონ ამბობდა, ბასილი დიდის კაპადუკიის მომრწყველი წყაროებით დარწყულებულმა, მორწყვის შესაფერისი ნაყოფი გამოიღო. XII. ზენონი
2. მეფე ვალენტის სიკვდილისთანავე ზენონმა დაუტევა სამხედრო სამსახური (ის მეფის კურიერი გახლდათ) და სამეფო პალატებიდან ანტიოქიის სიახლოვეს, მთაზე მდებარე ერთ-ერთ აკლდამაში გადასახლდა. ცხოვრობდა მარტო, განიწმენდდა სულს, გაიმახვილებდა სულიერ ზედვას, საღვთო ჭვრეტას იყო მიცემული და სიტყვისაებრ დავით წინასწარმეტყველისა: "აღსვლაი გულსა თავისსა დაიდვა" (ფს. 83,6). სურდა, მოსხმოდა "ფრთენი, ვითარცა ტრედისანი" (ფს. 54,7) და აფრენილიყო საღვთო განსვენებისკენ. ამიტომაც არ ჰქონდა არც საწოლი, არც კერია, არც ქოთანი, არც წიგნი და არც სხვა რამ. იცვამდა ძველ პერანგს, გაცვეთილ ფეხსაცმელს ფეხზე იკრავდა.
3. ზენონს ორ დღეში ერთხელ ერთ პურს ნაცნობი აწვდიდა. წყალი თვითონვე მოჰქონდა შორიდან. ერთხელ ვიღაცამ დახმარება შესთავაზა. ზენონი თავიდან შეეწინააღმდეგა - სხვის მოტანილ წყალს ვერ დავლევო. როცა ის არ დამორჩილდა, ერთი ჭურჭელი მისცა (ხელთ ორი ჭურჭელი ეპყრა); მაგრამ როგორც კი შევიდნენ ზენონის ბინის წინკარში, მან წყალი გადაღვარა და კვლავ წყაროზე წავიდა - საქმით დაამტკიცა თავისი ნათქვამი.
4. მეც პირველად მის გასაცნობად მთაზე ავედი. დავინახე კაცი, რომელსაც ხელთ ჭურჭელი ეკავა. სად არის საკვირველი ზენონის საცხოვრებელი-მეთქი, - ვკითხე. არ ვიცნობ მონაზონ ზენონსო. მისი თავმდაბლური პასუხით მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ზენონი და უკან გავყევი. შევედი მის ბინაში, ვნახე ჩალის საწოლი და ქვებზე დაყრილი ნაგავი, რათა ზედ რბილად დამჯდარიყვნენ. დიდხანს ვისაუბრეთ (მე ვეკითხებოდი და ის მიხსნიდა გაურკვეველ საკითხებს). შინ გამობრუნების დროც დადგა და გზის დალოცვა ვთხოვე. უარი მითხრა - სწორედ შენ გეკუთვნის ლოცვის აღვლენაო. თავის თავს ერისკაცს ეძახდა, მე კი მეომარს (იმ დროს ღვთის ხალხთა წინაშე საღვთო წერილის მკითხველი ვიყავი). როცა მე ჩემს სიყმაწვილესა და ნორჩ ასაკზე მივუთითე (ნიკაპი ახალშეღინღლული მქონდა) და დავიფიცე, თუ ამის გაკეთებას მაიძულებდა, მეტად აღარ მივიდოდი მასთან, როგორც იქნა, მიშუამდგომლა ღვთის წინაშე, თუმცა დიდი ბოდიშებით გამაფრთხილა, ეს მხოლოდ სიყვარულისა და მორჩილების გამო გავაკეთეო. მე ვისმენდი მის ლოცვას, რამდენადაც მის გვერდით ვიყავი.
5. ღირსეულად ვინ შეაფასებს დიდებულ სიმდაბლეს ამ ბერისას, რომელმაც ორმოცი წელი ღვაწლში გაატარა და უმაღლესი სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლეებს მიაღწია? ვის შეუძლია შეასხას მას მისივე ღვაწლის შესაფერისი ხოტბა? მდიდარი იყო სათნოებებით და იგი, თითქოს ყოვლადუქონელი, მორწმუნე ერთან ერთად კვირა დღეს ღვთის ტაძარში მიდიოდა, ისმენდა საღვთო სიტყვებს, მიუპყრობდა ყურს მოძღვართა ქადაგებებს და ეზიარებოდა საღვთო საიდუმლოს, მერე კი ბრუნდებოდა თავის უცნაურ ნავსაყუდელში, რომელსაც არც ურდული ჰქონდა, არც კლიტე და არც დარაჯი ჰყავდა. მას არც ყაჩაღთა შიში ჰქონდა. ვინმე მეგობარს წიგნს თუ გამოართმევდა, წაიკითხავდა, დაუბრუნებდა და მერე სთხოვდა მეორეს.
6. მას ღვთაებრივი მადლი იფარავდა. ჩვენ ეს დარწმუნებით ვიცით ერთი შემთხვევის მერე. როცა ისავრიელთა ბრბომ ციხესიმაგრე დაიკავა და დილით მთის წვერსაც მიაღწია, სადაც უმოწყალოდ მოწყვიტეს იქ მოსაგრედ მცხოვრები დედაკაცნი და მამაკაცნი, მაშინ ამ ღვთის კაცმა, ხედავდა რა სხვათა დაღუპვას, ლოცვით თვალნი დაუბინდა ისავრიელებს და ისინიც მიმოდიოდნენ მისი კარების წინ, მაგრამ შესასვლელი ვერ შეამჩნიეს და ზენონი, - როგორც ის ამას თვითონვე გვიყვებოდა და იმოწმებდა ჭეშმარიტებას, - ცხადად ხედავდა, როგორ გაყარა სამმა ახალგაზრდამ ბრბო. ეს კი აშკარა ნიშანი იყო ღვთის მადლის გამოჩენისა. ამიტომაც ამ ღვთის კაცზე დაწერილი გვიჩვენებს, თუ როგორ ცხოვრებას ეწეოდა იგი და რამხელა ღვთიური მადლის ღირსი შეიქნა.
თუმცა უნდა დავუმატოთ შემდეგიც: ის ძალზე შფოთავდა და ჯავრობდა, რომ მისი ქონება ხელუხლებელი დარჩა, არც გაყიდულა და არც გაცემულა სახარების მიხედვით. ამის მიზეზი იყო მისი ძმების უწლოვანება იყო. ძმებს საერთო ფული და ქონება ჰქონდათ. გასაყოფად შინ წასვლა არ უნდოდა, თვისი წილის ვინმესთვის მიყიდვაც ვერ გადაეწყვიტა, რადგან ეშინოდა, მყიდველი უსამართლოდ მოექცეოდა მის ძმებს და ამის გამო თვითონ მას გაკიცხავდნენ. ამგვარ ყოყმანში კარგა ხანი გავიდა. ბოლოს თავისი წილი ერთ ნაცნობს დიდ ფულად მიჰყიდა. ფულის უმეტესი ნაწილი დაარიგა, მერე ავადმყოფობამ აიძულა, დარჩენილ ნაწილზეც ეზრუნა. მოუხმო ქალაქის წინამძღვარს (იგი გახლდათ დიდებული ალექსანდრე ანტიოქიელი (411-421) - ლამპარი ღვთისმოშიშებისა, მაგალითი სათნომყოფელობისა და ღრმა სიმდაბლის მოყვარებისა). "ფრიად პატივცემულო მეთაურო, გთხოვ იყო კეთილგანმკარგველი ჩემი ქონებისა, გაყავი ის ღვთის ნების თანახმად და წარუდგინე ანგარიში ზეციურ მსაჯულს. თუმცა კი მე ისე დავარიგე, როგორც მომეჩვენა სამართლიანად. ვისურვებდი, დანარჩენებზეც ამნაირადვე ეზრუნათ. რადგანაც მე ამ ცხოვრების დატოვება მებრძანა, განმკარგავად შენ გტოვებ, მღვდელმთავარო ღვთისაო, ღირსეულს თავის სამღვდელმთავრო საყდარსა", - უთხრა მან მღვდელმთავარს. ამგვარად, ფული გადასცა ალექსანდრეს - ღვთისმოშიშ შემსმენელს. თვითონ კი მცირე ხნის მერე ძლევაშემოსილმა დატოვა სარბიელი და არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ ანგელოზთაგანაც მიიღო ხოტბა. მე კი მას შუამდგომლობას შევთხოვ ღვთის წინაშე და ახლა სხვაზე თხრობას შევუდგები.
XIII. მაკედონი
1. მაკედონს, მეტსახელად "კრიტოფაგს" (ეს სახელი მან თავისი კერძის გამო მიიღო), ყველა იცნობს: ფინიკიელები, ასურელები და კილიკიელებიც; იცნობდნენ მას მოსაზღვრე ხალხიც. ერთნი თვითონ იყვნენ მოწმენი მის მიერ მოხდენილი სასწაულებისა, სხვებს კი მასზე ხალხისგან შეეტყოთ. ყველა სამართლიანად იყო აღტაცებული ამ ამბებით. მე სხვებზე კარგად ვიცი ჩემი ღვთაებრივი დამრიგებლის თავგადასავალი (ხშირად დავდიოდი მის სანახავად) და შეძლებისამებრ გიამბობთ. 2. თავისი ღვაწლის სარბიელად მაკედონმა მთის მწვერვალი ირჩია, ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა, რათა გაქცეოდა ხალხს, რომელიც მისკენ ყოველი მხრიდან მოდიოდა. 45 წელს ამგვარად იცხოვრა, არც ბინა ჰქონდა, არც კარავი და სამყოფლად რომელიმე ღრმა მღვიმეს ირჩევდა. ამიტომაც ზოგიერთებმა მას გუვანი დაარქვეს, რაც ასურულად "მღვიმის ტბას" ნიშნავს. როცა ღრმა სიბერეს მიაღწია, სხვების თხოვნით, საცხოვრებელი აიშენა, მერე კი მეგობრების მიწვევით, სხვადასხვა ქოხში ცხოვრობდა, ასე გაგრძელდა კიდევ ოცდახუთი წელი. მისი მოსაგრე ცხოვრება სამოცდაათი წელი გაგრძელდა.
3. ის მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერით საზრდოობდა. ქერს დიდი ხნის მანძილზე დედაჩემი უზიდავდა, რომელიც მას კარგად იცნობდა. ერთხელ დედა მაკედონთან ავადმყოფი მივიდა, მაკედონმა როცა შეიტყო, რომ იგი უარს ამბობდა ჭამაზე (დედა იმ დროს მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა), დაარწმუნა, დამორჩილებოდა ექიმებს და საკვები წამლად, აუცილებლობის გამო მიეღო. "ხომ იცი, რომ მხოლოდ ქერს ვჭამ, - თქვა მან, - მაგრამ გუშინ სისუსტე ვიგრძენი და ჩემს მორჩილს ცოტა პური მოვატანინე. თუკი მოვკვდები, ჩემი სიკვდილის გამო პასუხი უნდა ვაგო სამართლიანი მსაჯულის წინაშე, რომ გავექეცი ღვაწლსა და საკუთარ თავზე ზრუნვას. რა დამიშავდებოდა იმით, რომ მცირე საკვებით შემეჩერებინა სიკვდილი, რათა მუშაკობითYარამიწიერი სიმდიდრე შემეგროვებინა? მაგრამ სიბრძნისმოყვარე ცხოვრებას შიმშილით სიკვდილი ვარჩიე. ამით შეშინებულმა გადავწყვიტე, გავქცეოდი სინდისის ქენჯნას და პური მოვითხოვე და ვჭამე. შენც გთხოვ, ამიერიდან ქერის ნაცვლად პური მომიტანო ხოლმე". მოძღვრის წრფელ ბაგეთაგან გვსმენია, რომ 45 წელი ქერით საზრდოობდა. აქედან აშკარად ჩანს, თუ რა მკაცრი და შრომისმოყვარე მოსაგრე იყო.
4. მისი სიწმინდისა და ზნის საჩვენებლად სხვა მაგალითსაც ვიტყვი. დიდებულმა ფლავიანემ ანტიოქიის პატრიარქად დადგინების შემდეგ (381წ.) შეიტყო ამ კაცის სათნოებების შესახებ და იხმო თითქოსდა მასთან შესული საჩივრის გამო. როცა მაკედონი მოვიდა, თავიდან ღვთისმსახურების საიდუმლოს აღსრულების წინ ფლავიანემ ის საკურთხეველში შეიყვანა და სამღვდელო დასს შეუერთა. როცა ლიტურგია დასრულდა, ვიღაცამ მაკედონს აუხსნა, რაც მოხდა, რამეთუ მან ბერძნული ენა ცუდად იცოდა. თავიდან ბერმა დალანძღა იქ მყოფნი, მერე კი მოიმარჯვა კვერთხი, რომელსაც სიბერის გამო ეყრდნობოდა ხოლმე და გამოენთო მღვდელმთავარსა და ყველას, ვინც იქ იყო, ეგონა, რომ ქიროტონია მთის მწვერვალისა და სასურველი ცხოვრების წესის მიტოვებას აიძულებდა. მისი მრისხანება ძლივს დააცხრეს მეგობრებმა. როცა ჩათავდა ერთკვირიანი ციკლი და კვლავ დადგა კვირა დღე, დიდებულმა ფლავიანემ კვლავ გაგზავნა ხალხი მაკედონთან და ღირს მამას დღესასწაულზე შეერთება სთხოვა. მან კი შემოუთვალა: "განა საკმარისი არ იყო, რაც მოხდა, თქვენ გინდათ, კვლავ მღვდლად მაკურთხოთ?" თუმცა ეუბნებოდნენ, ორჯერ მღვდლად ხელდასხმა არ შეიძლებაო, მან ნათქვამს ყური არ უგდო და არ მივიდა. მხოლოდ დროის გასვლის და მეგობრების მრავალგზის შეგონების მერე შეურიგდა მომხდარს.
5. ვიცი, რომ ეს ამბავი არცთუ ბევრს აღაფრთოვანებს, მაგრამ გადავწყვიტე, ეს მისი გულისთქმების უბრალოებისა და სულიერი სიწმინდის დასამოწმებლად მომეთხრო. სწორედ მისნაირებს დაჰპირდა უფალი ცათა სასუფეველს: "ამენ გეტყვი თქვენ: უკეთუ არა მიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 18,3). მაკედონის სულიერი ხასიათის უმთავრესი თვისებების ჩვენების მერე შევუდგებით მისი ღვთისადმი კადნიერების აღწერას, რომელიც მისივე სათნოებებიდან მომდინარეობდა.