მამა მინა ჩერნოგორიელი
(გაგრძელება)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნათ კაცი, რათა თქვენთვის მომეწერა ათონის წმინდა მთაზე, ჩემს ადრინდელ ცხოვრებაზე.
(გაგრძელება)
თქვენ კარგად იცნობთ იმ დროს, როცა სინანულის კალივაში ვცხოვრობდი. ყოველთვის, როცა თავს კაეშანი დამესხმებოდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნუგეშისმცემელ მონაზონთა სანახავად გამომიგზავნიდა ჩემს სულიერ მოძღვარს, მამა ონუფრეს და ჩვენ საღვთისმეტყველო საკითხებზე ვმსჯელობდით და წმინდა მთის მიწაზე მდგარნი ზეცამდე აღვიწეოდით.
თუმცა მოძღვარი ყოველთვის უბრალო არ იყო ჩემ მიმართ, ვცდილობდი, მორჩილი ვყოფილიყავი ჩემი მიმრქმელი მამისა. მოძღვარს ყოველთვის უწევს ადამიანთა უძლურების ტვირთვა, ეს რომ არა, ხალხი მიატოვებდა ათონის მთას.
ერთ კვირა საღამოს ვსაუბრობდით ჩვენს წმინდა მამებზე, რომლებიც სკიტიდან ათონის მწვერვალამდე ხის კიბით ადიოდნენ, რომელიც "ბაბილედ" წოდებული შტოდან იწყებოდა.
მოძღვარმა ამიხსნა, რომ მთისკენ მიმავალმა უნდა ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ მიდიოდნენ ამავე გზით წმინდა სასწაულმოქმედი მამები, რომლებიც მგზავრობისას იხსენებდნენ წმინდა ექვთიმე ივერიელის მაგალითს და სურვილი წვავდათ, ენახათ უფლის საშინელი ფერისცვალების ტაძარი და ღვთისთვის თაყვანი ეცათ.
მამებს დათოვლილ მწვერვალზე მგალობლები ვერ მიჰყავდათ, მაგრამ ესმოდათ ანგელოზთა მიერ წმინდა ექვთიმესთან ერთად აღვლენილი "წმინდა არსის" გალობა.
თავისივე მონათხრობით შეძრული მოძღვარი აგრძელებდა დამოძღვრას: "ჩვენმა მამებმა ამგვარი ჭვრეტა მოიპოვეს. მწვერვალზე მემარხულენი ადიოდნენ, საკუთარ თავს წვეთი წყლის დალევის ნებასაც არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალზე ასვლისას კაცს აუტანელი წყურვილი ტანჯავს. ისინი წმინდა გერონტის წყაროდანაც კი არა სვამდნენ წყალს. წმინდა ფერისცვალების მწვერვალზე მუხლს მოიდრეკდნენ და მადლით აღვსებულნი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღუდას სავანეში ჩადიოდნენ. თუმცა წყალს არც უკან მომავალნი სვამდნენ - ბაძავდნენ წმინდა მაქსიმეს, რომელიც კავსოკალივაში უსაგზლოდ დადიოდა. ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, თუ როგორ ეშვებოდა წმინდა მაქსიმე არწივივით, ფართოდ ფრთებგაშლილი, ათონის მწვერვალიდან კავსოკალივაში, თავის ქოხში. მამები ხედავდნენ, რომ იგი ზეციურ პურს ეზიარებოდა, საიდანაც გამოუთქმელი კეთილსურნელება იფრქვეოდა. წმინდა მაქსიმე კი თავს უგუნურად აჩვენებდა, კვერებს აცხობდა და მათ ურიგებდა, რათა არავისთვის ეთქვათ ნანახის შესახებ.
ჩვენ კი, ქრისანთე, შვილნი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, როცა მწვერვალზე ავდიოდით, ჩემს განსვენებულ მოძღვართან, მამა მინასთან ერთად, გონებით ჭვრეტას მივეცემოდით და სასმელ-საჭმელზე აღარ ვფიქრობდით.
ნეტარხსენებულმა მამა მინამ იცოდა ღარტაფი, სადაც კარგი შეშის დამზადება შეიძლებოდა. სამუშაოს გვიიოლებდა მისი სულის მარგებელი საკვირველი სწავლანი. როცა მორს ქვემოთ ვაცურებდით, არ ეშინოდა მათი დაკარგვისა. მეუბნებოდა: - ეს მორები სკიტში უნდა დავამუშაოთ. შრომა წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, ეცადე, გეზი პანტელეიმონის სკიტისკენ აიღონო.
მონაზონმა უნდა იცოდეს, რა იარაღით დაიმუშაოს თავი. მათგან უმთავრესი სოფელს განშორებაა, უმნიშვნელოვანესი კი გულისმიერი ლოცვაა. თუ მონაზონი ამგვარი ლოცვის სიტკბოებას შეიცნობს, მაშინ ათონის კედლებისა და სკიტის შენობების დანახვისას ადრინდელი მამები გაახსენდება. მისი გონება ჭვრეტაში ჩაიძირება, გული კი, ამ წმინდა ადგილის სულიერი ნიჭებით დატყვევებული, ყველაფერს ივიწყებს.
როგორც ქვაბს ვადევნებთ თვალყურს, რომ არ დაგვიჟანგდეს, ასევე უნდა ფრთხილობდეს თითოეული მონაზონი, რათა კეთილმოკრძალება არ დაკარგოს. ის მარადის ჭვრეტის მდგომარეობაში უნდა იყოს და თვალწინ ედგას წყალობა ღვთისა".
მამა ონუფრე მარტო მოღვაწებას მირჩევდა და მასწავლიდა, რომ კელიაში არავინ მიმეღო.
ამას მეუბნებოდა, როგორც სულიერი დამრიგებელი. მაგრამ ჩემს მოძღვარს, მამა აზარიას, ეშინოდა, რომ ხიბლში ჩავვარდებოდი და მორჩილებები მომცა. მათ გამო წავედი სოფელში და უკვე არ ვიცი, როგორი აღსასრული მექნება. შესთხოვეთ ღვთის დედას, მშვიდობიანი აღსასრული მიბოძოს.
***
1913 წელს წმინდა ანას სკიტის შემადგენლობაში შედიოდა კალივად წოდებული 54 სავანე. ამ შენობის ზემოთ, სადაც ახლა წმინდა ევსტატეს კალივაა, გადმოკიდებული იყო უზარმაზარი კლდე, რომელიც დაცემისას დაანგრევდა ყველაფერს. სკიტელმა მამებმა სთხოვეს ნეტარ მამა მინას კურთხევა ამ კლდის მონგრევისა; მაგრამ მას ეშინოდა, ავი არაფერი მომხდარიყო. ბოლოს აწ განსვენებულმა მამა ონუფრემ დაარწმუნა იგი, სამუშაოს შესდგომოდა. ისიც დამორჩილდა, რამეთუ ეს მთაწმინდელი მოძღვარი მონაზონთა შორის ყველაზე უმცირესსაც კი ემორჩილებოდა. მან მონაზვნებს უბრძანა, ემარხულათ და წმინდა ანასადმი ელოცათ. მერე კი ბრძანა, მოეტანათ თოკები, შემოეხვიათ კლდისთვის და ზღვის მხარეს გადაეგდოთ. ყველა დამორჩილდა. 'დაფიქრდი, ძვირფასო მკითხველო, განა შესაძლებელი იყო, უბრალო თოკებით დაეძრათ ეს უზარმაზარი კლდე?!
როგორც კი თოკი კლდეს მიამაგრეს, მამა მინა გასწორდა, გონებაში ილოცა და დაიყვირა: - მამებო და ძმებო, შევევედროთ წმინდა ანას, დაგვეხმაროსო და დაიწყო თოკის მოქაჩვა. ჰოი, ეს სიყვარული და შეწევნა მართალი ანასი თავისი შვილების მიმართ! - კლდე მაშინვე დაიძრა, თავიდან მისი წვერი წმინდა ევსტატეს სავანისკენ გადაიხარა, მაგრამ მერე სიმძიმემ გადაძალა და მდინარე ქრისოპოტამის კალაპოტისკენ დაინთქა.
ეს სასწაული ყველამ მამა მინას მართალი ანასადმი დიდ სიყვარულად და კადნიერებად მიიჩნია. მან სცადა, ადამიანურ შექებას გაქცეოდა და გვითხრა: - მამებო და ძმებო! ხედავთ, რაოდენ დიდი სიყვარული გამოაჩინა წმინდა ანამ ჩვენს მიმართ. თავისი განწმენდილი თითებით უბიძგა კლდეს ზღვისაკენ.
მამები ამ სასწაულს ცრემლმორეულნი, გულშემუსვრილნი, სულიერი სიხარულით უცქერდნენ და წმინდა ანას ადიდებდნენ. ნეტარხსენებული მამა მინა თავის მორჩილთან, მამა ონუფრესთან ერთად ამ ადგილიდან წავიდა, განადიდებდნენ რა ღმერთსა და მის წმინდანებს სკიტის განსაცდელისაგან გადარჩენისთვის.
***
მას მერე, რაც ყოვლადმოწყალე ტერფი ღვთის დედის, წმინდა ანასი მთაწმინდაზე დაბრძანდა, ყოვლადსახიერი ღმერთი მრავალ სასწაულს მოიმოქმედებს თავისი წმინდანის ნაწილთაგან. არ ვიცი, არსებობს თუ არა ხელნაწერი წიგნი, სადაც ყველა სასწაული იქნება აღნიშნული. მონასტრის ფარას მთაწმინდის გარეთ აძოვებდნენ. ამ ფარის წყალობით მონასტერში ყოველთვის იყო ცხვრის ყველი, რომელსაც სკიტელ მამებს ურიგებდნენ. ფარა მონასტერს ერთმა თურქმა შესწირა და აი, რისთვის:
ეს თურქი უშვილო იყო. მან ქალკედონელი ქრისტიანებისგან შეიტყო, რომ ზოგიერთი სულიერი მამა ათონს რამდენიმე დღით ტოვებდა ხოლმე და დამონებულ ბერძნებს სახლსა და ქონებას უკურთხებდა. ერთმა ბერძენმა უთხრა თურქს: - ძვირფასო აღა, წადი მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში და წმინდანს სთხოვე, შვილი მოგცესო.
თურქმა დაუჯერა რჩევას, მივიდა სკიტში, სადაც მაშინ დიდსულიერი მამები ცხოვრობდნენ (ვფიქრობ, მათ შორის იყო მამა მინა ჩერნოგორიელიც). შვილიერებისთვის მლოცველს, სკიტის კანონით, უნდა მიეცეს ნაკურთხი წყალი და ანტიდორის ოთხმოცი ნაწილი კაცისთვის და მისი ცოლისთვის. მამებმა გადაწყვიტეს, რადგანაც მავედრებელი სხვა რწმენისა იყო, არ მიეცათ მისთვის ნაკურთხი წყალი და ანტიდორი, მაგრამ რომ არ გაენაწყენებინათ, საერთო ტრაპეზიდან მისცეს პურის ოთხმოცი ნაწილი და წყალი - ტაძრის წინ მდებარე წყაროდან.
თურქმა აიღო ძღვენი და შინ გაბრუნდა. ცოლ-ქმარმა იხმია პური და წყალი. წმინდა ანამ მაშინვე ვაჟი აჩუქა. მადლიერმა კაცმა სკიტს დიდი ფარა აჩუქა. ყველი, რომელსაც მონაზვნები ჭამენ, ყოველთვის შეახსენებს მათ ამ სასწაულს. მან ასევე აჩუქა სკიტს ვერცხლის კანდელი, რომელიც ახლა წმინდა ანას სასწაულმოქმედი ხატის წინ კიდია.
მამა ონუფრეს მონათხრობი ღირს მამა მინაზე
- ჩემს მოძღვარს, მამა მინას, ჩვევად ჰქონდა საღამოობით ყავის სმა, - გვიამბობდა მამა ონუფრე, - მივხვდი, რომ ყავა ვნებად ექცა. ამის თაობაზე ერთხელ ვუთხარი კიდეც. მან თვალი თვალში გამიყარა, მერე თავის კელიაში წავიდა და ორი-სამი დღით ჩაიკეტა. მე ჩემს ბიძაშვილს მოვეთათბირე: მამა ბიკენტი, გესმის: მოძღვარი ყავას ვნებიანად სვამდა. ამაში დასარწმუნებლად ყავადანი მოიტანე და ნახავ, რომ მის ჩხარუნზე მამა მინა გარეთ გამოვა-მეთქი. ასეც მოხდა. ამის მერე მან მითხრა, - გმადლობ, მამა ონუფრე, რომ მიხვდი, თუ როგორ ვნებად მექცა ყავა, რასაც თავი უნდა დავანებო, მერე რომ არ გამაწამოსო. მას მერე არ იხედებოდა ბერი იმ კარადისკენ, სადაც ყავა იდო. იგი თვლიდა, რომ მისი მზერა უნდა მოზღუდულიყო, რათა შემდგომ არ განვსჯილიყავით ჰაერის საზვერეებში. მონასტრის დიკეამ ჩვენი მოძღვარი ქალკედონის სოფლებში გაგზავნა აღსარებათა მისაღებად. გასამრჯელო დიკეას ხორბლით უნდა გადაეხადა, მაგრამ მან მოძღვარს მარცვალიც კი არ მისცა. ახალგაზრდა მონაზვნები გავბრაზდით. მან კი სიმტკიცისა და მოთმინების მაგალითი გვიჩვენა, რათა მიგვებაძა მისთვის და დაგვეთმინა აუცილებელი საკვების ნაკლულოვანებაც კი. მას შემდეგ საჭმლის უქონლობის გამო აღარ გავბრაზებულვართ.
უჭმელობის გამო სისხლის ხველება დავიწყე. მოძღვარი შეწუხდა, წავიდა სანაპიროზე და თევზი მომიტანა. მერე კი ჩვენი თავის დიკეები გავხდით. წმინდა ანამ გულისხმაყო ერთი მეცხვარე ქრისტიანი, რომელმაც ერთი თავი ყველი გამოგვიგზავნა. ნეტარმა ბერმა ყველი სკიტელ მამებს აჩვენა, რათა თუ ისინი აკურთხებდნენ - ჩემთვის მოეცა. მამათა ამ წმინდა კრებულმა სიხარულით უპასუხა: - რას ამბობ, სულიერო მამაო! შენი მორჩილი ონუფრე უნდა გადაარჩინო. მთელი კრებული კურთხევას გაძლევთ, რომ მან არათუ ყველი, არამედ სხვა საკვები, კვერცხი და სხვა რამეც ჭამოს, რადგან მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა ახლა მნიშვნელოვანიო. მე გამოვკეთდი, ავადმყოფობამ მხოლოდ ხმის სისუსტე დამიტოვა.