მამა პროკოფი. საძმოში ასაკით უფროსი მამა პროკოფი გახლდათ. მან მთელი ცხოვრება მორჩილებაში გაატარა. მამა ეფრემი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა, "ამბას" ეძახდა.
სულიერადაც მხარში ედგა მაშინ, როცა მამა ნიკიფორეს მკაცრი და მომთხოვნი ხასიათის გამო სირთულეები წარმოიშვებოდა.
ადრე ათონზე ძნელად აღსასრულებელ მორჩილებად ზურგით ტვირთის გადაზიდვა ითვლებოდა. მით უმეტეს, თუ ბილიკები ციცაბო აღმართებს მიუყვებოდა. მამა პროკოფი სამორჩილო საქმეებზე ხშირად მიდიოდა ლავრაში (4 საათის სავალზე), ორმაგ ტვირთს აიკიდებდა და უკან ბრუნდებოდა. უცნაური ის იყო, რომ მრავალი წლის მანძილზე, ამდენი სიარულის მიუხედავად, ჩექმები ახლებივით ჰქონდა. როცა გარდაიცვალა, მამა ეფრემმა ეს ჩექმები მის სახელზე გააჩუქა.
იგი იმდენად დაოსტატებული მზარეული იყო, რომ როცა მეზობლებისთვის დახმარება უხდებოდა, ქვაბში ჩაყრიდა საჭირო პროდუქტს, ქვეშ გარკვეული რაოდენობის შეშას შეუწყობდა, ცეცხლს აანთებდა და მიდიოდა. შინ დაბრუნებულს საჭმელი გამზადებული ხვდებოდა. ხელსაქმედ მასაც სასეფისკვერე ბეჭდების გამოთლა ჰქონდა. კელიაში კერიაზე ცეცხლი ენთო და წყალი ცხელდებოდა ნამზადის დასარბილებლად. ერთხელ პროკოფი ხეს თლიდა და თან ლოცულობდა. ამ დროს ის მადლმოსილ მდგომარეობაში იყო. "ცეცხლი ჩაქრა", - დაუძახა მამა ეფრემმა. "ახლა, როცა საჭმელი მაქვს, მისით განვძღები, ცეცხლს კი მერე მივხედავო", - გაიფიქრა პროკოფიმ. მაშინვე მადლმოსილმა მდგომარეობამ დატოვა. ეტყობა, მამა პროკოფი იმ დროს განსაკუთრებული მადლით იყო მოსილი, რადგან ხშირად მამა ეფრემი კეთილსურნელებას გრძნობდა და მუშაობას წყვეტდა.
- მამაო, რისი სუნია? - კითხულობდა ეფრემი გულუბრყვილოდ.
- ქოთანია ამის მიზეზი, - პასუხობდა მამა პროკოფი და კელიის გარეთ, სარკმელთან მდგარ ქოთანზე მიუთითებდა.
- მაგრამ სარკმელი ხომ დახურულია?..
მამა პროკოფის ძალზე უჭირდა მამა ნიკიფორეს მორჩილება, ხშირად უფიქრია იქაურობის მიტოვება. ერთხელაც ვეღარ გაუძლო, აიკიდა აბგა და კელია დატოვა. როგორც კი სენაკიდან გამოვიდა, თავი წარწყმედილად იგრძნო და უკან დაბრუნდა. მამა ეფრემმა ურჩია, ახალ სკიტში წადი და მამა იოსების საფლავთან ილოცეო. პროკოფი ასეც მოიქცა, მერე კი, როცა კვლავ მოისურვა კელიიდან წასვლა, გარეთ გამოსულმა, კეთილსურნელება იგრძნო. წასვლის გულისთქმა კი საერთოდ გაუქრა.
მძიმე მუშაობამ მამა პროკოფის ორმხრივი თიაქარი გაუჩინა. ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და პირეაში გაემგზავრა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ. მამა ეფრემი მისთვის ლოცულობდა, ვინაიდან ბერი 40 წელი სოფელში არ იყო ნამყოფი და რაიმე პრობლემას აუცილებლად გადააწყდებოდა. "რიცხვი და საათი აღნიშნე, მამაო. პროკოფი ახლა გაემგზავრა", - უთხრა ეფრემმა მამა ნიკიფორეს. გავიდა რამდენიმე დღე, მამა ეფრემმა ძალზე ძლიერი სულიერი ტკივილი იგრძნო, მიირბინა მოძღვართან და უთხრა: "მამაო, ახლა ან ოპერაცია ვერ შედგა, ან არასასურველი რამ ხდება. არ ვიცი, ზუსტად რაშია საქმე. თუმცა მე ვიტანჯები. მოდი, მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლოება ჩავატაროთ (ბერძნული ტრადიციით, ზეთის კურთხევის საიდუმლოების ჩატარება დაუსწრებლადაც შეიძლება, - კ.კ.) და ღმერთი შეეწევა. ერთი თვის შემდეგ პროკოფი ნაოპერაციები დაბრუნდა. ჰყვებოდა, - პირეაში ჩასული უმწეოდ ვიყურებოდი აქეთ-იქით, არ ვიცოდი, ნათესავებამდე როგორ მიმეღწია. ამ დროს ორი ყმაწვილი მოვიდა, ჩანთებს ხელი მოჰკიდეს და ნათესავებთან მიმიყვანეს. ორივეს თეოდორე ერქვა. მათ ჩანთები დადეს და სახლი მიჩვენეს. უკან რომ მოვიხედე, იქ აღარ იყვნენ. ცხადი სასწაულით განცვიფრებულმა ესღა წავიბუტბუტე: "წმინდანო თეოდორენო, გმადლობთ თქვენ". ძმებმა შეამოწმეს ჩანიშნული თარიღი და საათი - ყველაფერი დაემთხვა. ხოლო ის განსაცდელი, რომელიც ეფრემმა იგრძნო, დაემუქრა პროკოფის მონაზვნობის ღირსებას და არა სიცოცხლეს. გამოკვლევისას მთავარმა ქირურგმა სამედიცინო პერსონალისა და ავადმყოფების წინაშე განაშიშვლა. "ამ ურწმუნო მასონმა ექიმმა მონაზონი კი არა, ღმერთი შეურაცხყო და ამიტომ ვიტანჯებოდიო", - თქვა მამა ეფრემმა. პროკოფი 1968 წელს გარდაიცვალა.
მამა. როგორც ვთქვით, მამა ეფრემთან მისი ხორციელი მამაც მივიდა და დასახლდა. მამა ნიკიფორემ ეჭვიანობა დაიწყო და იმ პატარა ზრუნვასაც კი, რომელსაც ეფრემი ხორციელი მამის მიმართ იჩენდა, ვერ ითმენდა და ჩხუბობდა. ვიდრე მამა იოსები ცოცხალი იყო, ამშვიდებდა და ამხნევებდა ეფრემს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ძალზე გაუჭირა. მოხუცებულ მამას მოვლა სჭირდებოდა, თანაც მოძღვარიც უნდა დაემშვიდებინა. მთელი რვა წელი ამგვარი ყოფით იტანჯებოდა. იმდროინდელ ფოტოებზე ეფრემი თავის ბერიკაცებზე მოხუცად გამოიყურება. ამ მდგომარეობით სული ისე გაეტანჯა, რომ ერთხელაც შეჰღაღადა, როგორც მართალმა იობმა: "ვინ ჩადგება მსაჯულად ჩვენ შორის? რატომ მიბოძე ეს დაუთმენელი განსაცდელი, ღმერთო ჩემო". წუხდა მამამისიც, მონაზონი იობი: ეჰ, შვილო, რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა, ჩემთვის გზა რომ ფულით მოეფინათ, მაინც არ წამოვიდოდიო. ბერი იობი მთელი დღეები იჯდა კელიაში და იესოს ლოცვას ან "გიხაროდენს" იმეორებდა.
ერთხელაც იობმა შვილს უთხრა: - აქ ვიჯექი და ჩავთვლიმე. გაიღო კარი და სამი ქალბატონი შემოვიდა. შუათანას თავზე გვირგვინი ედგა. მან მკითხა, - როგორ ხარო. გული ჯავრიანი მაქვს-მეთქი. ამიტომაც მოვედი, რომ გითხრა: ნურაფერზე იჯავრებ. არ მინდა, რომ წუხდეო და სამივე უჩინო შეიქნაო.
- ეჰ, მამიკო, ეს ხომ ღვთისმშობელი იყო, - თქვა ეფრემმა, - მიხვდი, რაც გითხრა? მას უნდა, რომ აქ იყო და არსად წახვიდე.
ფიცხი მამა იობი მშვიდ ბატკნად გადაიქცა, რითაც ეფრემი ძალზე გაახარა. ბერი იობი 1971 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.
დედა. იანისის მთაწმინდაზე წასვლის მერე, 1963 წელს, ვნების პარასკევს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. იგი გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შემოსეს სქემაში. იგი ავად გახდა, ჰოსპიტალში დააწვინეს და ეს მამა ეფრემს შეატყობინეს. შვილმა მას მონაზვნის სქემა და პარამანი გაუგზავნა.
აი, რას ჰყვება მამა ეფრემის და: "როცა დედაჩემი საავადმყოფოში სქემაში შევმოსეთ (მას ხომ მთელი ცხოვრება მონაზვნობა სურდა), აღკვეცის დღესა და საღამოს იგი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, არადა წინა დღეებში უმეტესად დუმდა. იმ ღამეს მის გვერდით ვიჯექი, სახე გაუბრწყინდა, ის რაღაცას ამბობდა და მაღლა იყურებოდა.
- რას ამბობ, დედა, რას ხედავ?
- აბა, რა გითხრა, შვილო, ისეთი მშვენიერებაა! ჰოი, რა ვიხილე...
როცა გონს მოვიდოდა, ხვდებოდა, რომ ჰოსპიტალში იწვა.
ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში, თითქოს უნდა გამოეწერათ, მაგრამ უცბად სიცხემ აუწია და გარდაიცვალა. მივიდა მისი მიმრქმელი მონაზონი და შესამოსელი გამოუცვალა. ამ დროს პალატაში საოცარი, ენით აუწერელი კეთილსურნელება ვიგრძენი. ნუთუ მონაზვნები ნელსაცხებლებს ხმარობთ მიცვალებულისთვის-მეთქი, - ვკითხე. "არა, ქალბატონო ელენე, - მიპასუხა მან, - კეთილსურნელება კი მაშინვე ვიგრძენი, როცა სამოსი გამოვუცვალე. იგი დედათქვენის სხეულიდან იფრქვევა. ველოდებოდი, როდის იგრძნობდით ამას და მკითხავდით. ეს წმინდანობის აშკარა ნიშანია, დედათქვენი ცხონდა".
დაკრძალვისას გაოცებული მღვდელი ამბობდა, - იგი წმინდა სულის ადამიანი ყოფილაო. დედას მირონი ოფლივით სდიოდა. როცა მას ამბორსვუყოფდით, ვეხვეოდით და ვემშვიდობებოდით, ჩვენი სამოსი ერთი კვირა კეთილსურნელებდა. დაკრძალვისას დედაჩემი უფრო მეტად კეთილსურნელებდა, ვიდრე ყვავილებით მორთული გარდამოხსნა".
მამა ეფრემი აღიარებდა: "ხედავთ, რა მოხდა? მე რაღაცნაირად შურითაც კი შევცოდე. ვაღიარებ ამას. უბრალო სოფლელმა უბირმა დედაკაცმა რას მიაღწია! როცა მისთვის ვლოცულობდი, მაშინ ვიღებდი და არ გავცემდი, სიხარულით ავსებული. ხილვასავით ვნახე: მიდის დედაჩემი ქრისტესთან. უფალი კი: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ, კეთილი იყოს შენი მობრძანება!" ჩვენ აქ წლობით ვშრომობთ, რომ ამგვარ მდგომარეობას მივაღწიოთ.
ხშირად ვხედავდი, რომ დედაჩემი - მამა იოსები იყო და მამა იოსები კი დედაჩემი. ორივე თითქოს ერთნი იყვნენ.
ამით მე ვხედავდი, რომ მისი სულიერი მდგომარეობა იმგვარივე იყო, როგორიც მამა იოსებისა. გარდაცვალებამდე და მას მერე მე ღვთისგან მეუწყა, რომ დედაჩემმა უდიდეს მადლს მიაღწია. დედაჩემს არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც მისთვის სამაგალითო იქნებოდა. იგი მარტო იყო და მწუხარებათა დათმენით გადარჩა.
მამა იოსების ცხოვრებაში ვკითხულობთ, როგორ დაითმენდა იგი მწუხარებებს. წმინდა იობზე წმინდა იოანე ოქროპირმა ბრძანა, - იობს უამრავი სათნოება ჰქონდა, მაგრამ ღვთისგან განიდიდებოდა უდიდესი მოთმინებისა და უდრტვინველობის გამოო.
სულიერი შემწე. მამა ეფრემი ლოცვით შეეწეოდა თავის და-ძმებს, ნათესავებს, როცა მათ სულიერად უჭირდათ.
მამა ეფრემი ჰყვებოდა: ერთხელ ძილში ვხედავ, თითქოს ჩემი ძმა ზღვაში ჩავარდა და არ ვიცი, დაიხრჩო თუ არა, თმაში ხელი ვტაცე და ძლივს ამოვათრიე. იმ დროს, როცა ეს სიზმარი ვნახე, ჩემი ძმა დაიჭრა და სასწაულებრივად გადარჩა. ტალღებზე სიარული და თმით ამოქაჩვა სკვნილზე ლოცვას ნიშნავდა, რომელსაც მე მისთვის ჩამოვმარცვლავ ხოლმე.
სხვა დროს კი ჩემი ძმა კომუნისტებმა ციხეში ჩასვეს. მისი მოკვლა უნდოდათ. იმ ღამეს მესიზმრა: თითქოს ჩემი ძმა დაეჭირათ რაღაც მიზეზის გამო. მას 150 ლირა ვალი აქვსო. ამოვიღე 200 ლირა და მივეცი. მაშინვე გამოუშვეს. მართლაც, ჩემი ძმა სასწაულებრივად გადარჩა და გაათავისუფლეს, მაშინ როცა სიკვდილი ჰქონდა მისჯილი".
მისი და ჰყვებოდა, თუ როგორ დაეხმარა ეფრემი საოჯახო პრობლემის მოგვარებაში: "ძალზე დადარდიანებული გახლდით, რადგან ქმართან გაყრის პირას ვიყავი მისული. ჩემი დედამთილი, 80 წლის დედაკაცი, შვილს არწმუნებდა, გამყროდა და ამისთვის საბაბს ეძებდა. ვფიქრობდი, რა გვეშველება მე და ჩემს ორ პატარა გოგონას-მეთქი.
ეფრემის ფოტოსურათს ვიღებდი, ვტიროდი და ვევედრებოდი, რომ ამ განსაცდელისგან დავეხსენი. ჩემი ძმა ხარლამპე იმ დროს მთაწმინდაზე იყო წასული ეფრემთან, რომელმაც უთხრა: "ჩვენი და ელენე გამუდმებით რატომ მაწუხებს? რატომ იღებს ჩემს ფოტოს, შესტირის და დახმარებას მთხოვს? უთხარი მას, დაე, ღვთისმშობლის ხატი აიღოს, მას შესთხოვოს შეწევნა. შეეწევა და სასწაულს მოახდენს".
იმ დღეებში ჩემი დედამთილისგან დეპეშა მივიღე - სასამართლოში უნდა გამოცხადდე გაყრის პროცესის დასაწყებადო. ჩავიკეტე ჩემს ოთახში, ავიღე ეფრემის გამოგზავნილი ხატი და გადარჩენა შევთხოვე. მეორე დღეს სოფლიდან დედამთილის უეცარი სიკვდილის ამბავი შემატყობინეს. საფრთხემ გადაიარა. დედის სიკვდილის მერე ჩემი ქმარი მკვეთრად შეიცვალა".
მამა ეფრემი ერთხელ თავისი ბიძაშვილისთვის ლოცულობდა, რომელიც სიცოცხლეში მაგიასთან იყო შეკრული. "იესო ქრისტე, შენ მიერ ჯვარზე დათხეული სისხლის გამო შეიწყალე ეს სული", - ლოცულობდა ეფრემი. მაგრამ უფალმა შეაჩერა იგი. "ასეთი კადნიერების გამო კარგი ალიყურიც მივიღე, - ჰყვებოდა მამა ეფრემი, - ღმერთი ყველაფერს ითმენს, მაგრამ მაგიისგან შორს იყავი!" კიდევ ერთხელ სცადა ამგვარი ლოცვა, მაგრამ კვლავ ღვთის რისხვა დაიმსახურა, მალევე გონს მოვიდა და სასჯელს გაექცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი