23.06.2011
ერთი წმინდა მამა ჰყვებოდა: ერთხელ პაისიოს განდეგილთან წავედი. მისი მღვიმიდან ხმა მომესმა. ერთი ჟამი ვუცადე, არავინ გამოსულა.
მაშინ ვილოცე და შიგ შევედი. მხოლოდ ბერი პაისიოსი დამხვდა. მისი დარიგებები მოვისმინე და მერე ვკითხე: - სანამ შემოვიდოდი, საუბარი მომესმა. ვის ელაპარაკებოდი-მეთქი. "რადგან ღმერთმა გამოგიცხადა, აღარც მე დაგიფარავ. ზეციდან დიდი და კეთილმორწმუნე მეფე კონსტანტინე ჩამოვიდა ჩემს სანუგეშებლად და მითხრა, - არ ვიცოდი, თუ მონაზვნებს, რომელთაც ქრისტეს სიყვარულისთვის თავი თვისი ნებით დაიგლახაკეს, ზეცაში ასეთი პატივი მიეცემოდათ. ეს რომ მცოდნოდა, დავუტევებდი ჩემს მცირე ჟამის მეფობას, გვირგვინს, პორფირსა და სკიპტრას და მონაზვნად აღვიკვეცებოდიო! განა ღვთისგან დიდება და პატივი არ მოგენიჭა კეთილმსახურებით მეფობისთვის-მეთქი?! მოცემულ არს ჩემდა დიდება და პატივი, მაგრამ მონაზონთ უმეტესი აქვთ. ოქროსფერი ფრთები ასხიათ, რომელ სავანეშიც უნდათ, იქ მივლენ და თვით ქრისტემდეც კი აღწევენო. მეც დავუდასტურე: "სამართლიანია ეს დიდება მონაზონთათვის, შენ ამ სოფელში მეფობდი, კეთილი საქმეებისთვის უოხჭნო გვირგვინიც მიგიღია კაცთა შინა. მათ კი ყოველივე დაუტევეს და აქ, კლდის ნაპრალებში შემწყვდეულებმა, ნებსით დაითმინეს ყოველი შეჭირვება". ამ დროს შენც თქვი ლოცვა და წმინდა კონსტანტინეც ზეცად აღვიდა".