VII. პალადიოსი
(გაგრძელება)
2. იმავე დაბაში ყოველკვირა ბაზრობა იმართებოდა. უამრავი ხალხი იყრიდა თავს.
ერთხელ ერთმა ვაჭარმა ბლომად საქონელი გაყიდა, ბლომადვე ოქრო აიღო და ღამით შინისკენ გზას არხეინად გაუდგა. ყაჩაღმა, რომელმაც დაინახა ვაჭრის ოქრო, შურით ანთებულმა მისი გაძარცვა მოინდომა. გზად ჩაუსაფრდა, თავს დაესხა და მოკლა. ერთ ბოროტებას მეორე დაამატა: მოკლულს ოქრო ააცალა და გვამი დიდებული პალადიოსის კართან დააგდო. (გაგრძელება)
3. გათენდა. ბოროტმოქმედების ამბავი მთელ სოფელს მოედო. აღშფოთებულმა ხალხმა კარი შეუმტვრია ნეტარ პალადიოსს და მკვლელობისთვის მისი დასჯა მოინდომა. მათ შორის იყო ის მკვლელიც. ნეტარმა კაცმა ზეცას ახედა, გონებით ზეაღვიდა და ღმერთს დაუწყო ვედრება, ემხილებინა ცილისწამება და ჭეშმარიტება გამოეცხადებინა. მხურვალედ ილოცა, მიცვალებულს მარჯვენა ხელზე ხელი მოჰკიდა და წარმოთქვა: "თქვი, ყმაწვილო, ვინ მოგკლა, გვიჩვენე დამნაშავე და გადაარჩინე უდანაშაულო უწმინდური ცილისწამებისგან!" მიცვალებული წამოიწია, თვალი მიმოავლო იქ მყოფთ და მკვლელზე მიუთითა. სასწაულით გაოცებულმა ხალხმა იღრიალა, ბოროტმოქმედს სამოსი შემოახია, სისხლიანი დანა და ოქრო უპოვა, რომელიც გახდა მკვლელობის მიზეზი. ნეტარი პალადიოსი აქამდე აოცებდა ხალხს, ახლა კი უფრო მეტად განაცვიფრა ყველა. ერთი ამგვარი სასწაულიც საკმარისია, რომ ამ კაცის ღვთის წინაშე დიდ კადნიერებაზე დავამოწმოთ.
4. ამგვარ მოსაგრეთა რიგს მიეკუთვნებოდა საკვირველი აბრაამი, რომელიც პარატად წოდებულ ადგილას ცხოვრობდა და ირგვლივ აფრქვევდა სათნოებათა სხივებს. სიკვდილის შემდგომ მოხდენილი სასწაულები მოწმობენ მის დიდებულ ცხოვრებაზე. მისი კუბო დღესაც კურნავს თითო სახის სნეულებას. ამას მოწმობენ ისინი, რომელთაც თავიანთი რწმენის ძალისაებრ მოიპოვეს კურნება. მე კი, ინებოს ღმერთმა და, ვიყო მათი მფარველობის ქვეშ, ვის ხსოვნასაც სიტყვით პატივს მივაგებ.
VII აფრაატი. 1. ყველა კაცს რომ ერთნაირი ბუნება აქვს და ყველა მსურველს, ბერძენი იქნება თუ ბარბაროსი, ძალუძს სიბრძნისმოყვარეობისკენ სწრაფვა, ამაში მრავალი ხერხით დავრწმუნდებით. ნათელი მაგალითი კი ამისა გახლავთ აფრაატი. იგი დაიბადა და აღიზარდა უსჯულო სპარსთა შორის. მაგრამ მათ ტრადიციებზე გაზრდილმა ისეთ სათნოებებს მიაღწია, რომ დაჩრდილა კიდეც ღვთისმოსავ მშობელთაგან გაჩენილნი და სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებაში გაზრდილნი. თავიდან ჯერ უარყო თავისი ტომის სახელი და დიდება და ძველი მოგვების მსგავსად, უფლის თაყვანსაცემად მივიდა. მერე კი მოიძაგა თანატომელთა უწმინდურება, სამშობლოს უცხო ქვეყანა არჩია, ედესაში გაემგზავრა, გალავანგარეთ მონახა ქოხი, სადაც დაეყუდა და სულზე ზრუნვას მიეცა, კარგი მიწათმოქმედივით ამოძირკვა ვნებათა ეკალი, განწმინდა უფლის ყანა და მიართვა უფალს სახარებისეული თესლის კეთილი ნაყოფნი.
2. აქედან ის ანტიოქიაში გადავიდა, რომელსაც მაშინ ერეტიკული ქარიშხალი არყევდა. ქალაქგარეთ, სიბრძნისმოყვარეთა ერთ-ერთ თავშესაფარში შეჩერდა და მალე ბევრი მიიზიდა საღვთო სიტყვის მოსასმენად. ნახევრად ბარბაროსულ ენაზე თავისი გონების ნაყოფს გამოთქვამდა და უხვად წარმოაჩენდა სულიწმინდის მადლის წყაროებს. რომელ ერთ მჭევრმტყველს, ქედმაღალს, მედიდურს და ჩახლართული სილოგიზმით გატაცებულს შეეძლო მისი უსწავლელი და ბარბაროსული სიტყვის ძლევა? ფილოსოფოსთა დასკვნებს საღვთო განსჯით სძლევდა, ხოლო მათ ბრძნობას - ღვთაებრივი სიტყვებით, რამეთუ პავლესთან ერთად იძახდა: "და დაღათუ უცებ ვარ სიტყვითა, არამედ არა ცნობითაცა" (2 კორ. 11,6). იგი ამგვარი აღმსარებლობის ერთგული დარჩა, სიტყვისაებრ მოციქულისა: "არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა გულის სიტყვათა დავარღვევთ და ყოველსა სიმაღლესა, აღმაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა და წარმოვსტყვენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა" (2 კორ. 10,4-5). მასთან მიდიოდნენ უმაღლესი ხელისუფლებითა და პატივით შემოსილნი და სამხედრო დიდმოხელენიც და თავიანთ ხელთა ნამუშაკევით მცხოვრებნი: სამოქალაქო და სამხედრო პირნი, განათლებულნიც და ყოველგვარი მეცნიერების უცოდინარნი, ღარიბნიც და გარდამეტებულად მდიდარნიც. ერთნი მის ნათქვამს მდუმარედ ისმენდნენ, სხვები ეწინააღმდეგებოდნენ, მესამენი ეკითხებოდნენ და სასაუბროდ ახალ თემებს სთავაზობდნენ.
3. ამგვარად მოღვაწე უარს ამბობდა მესენაკის ყოლაზე, გარჯა ერჩივნა სხვების მომსახურებას. სტუმრებს კარს იქით ესაუბრებოდა; თუმცა მასთან შესვლის მსურველს კარს უღებდა და წამსვლელებს აცილებდა. არავისგან არაფერს იღებდა: არც პურს, არც მწვანილს, არც სამოსს; მხოლოდ ერთ მეგობარს მოჰქონდა მისთვის პური. ღრმა სიბერეში მზის ჩასვლის მერე ბოსტნეულსაც იხმევდა.
4. ჰყვებიან, რომ ანთიმოზმა, რომელიც შემდგომ პრეფექტი და კონსული გახდა, სპარსეთიდან აფრაატს სპარსული ქიტონი მოუტანა: "მამაო, ვიცი, რომ თითოეული ადამიანისთვის სასურველია საკუთარი სამშობლო, სასურველია იქაური ნაყოფნიც; ეს ქიტონი შენი სამშობლოდან ჩამოგიტანე, გთხოვ, საჩუქრად მიიღო და დამაჯილდოვო შენი კურთხევით". მოძღვარმა ჯერ სთხოვა, ქიტონი დახლზე დაედო, მერე დიდხანს ესაუბრა სხვადასხვა საგანზე. ბოლოს მწუხარებით უთხრა: შფოთიანი გული მაქვს, რადგან ერთი საკითხი ძალზე მაწუხებსო. ანთიმოზმა - რა არის ასეთიო. მან უპასუხა: "მე ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე, მხოლოდ ერთი მესენაკე მყოლოდა და უარი ვთქვი ორთან ერთად ცხოვრებაზე. ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩემთან 16 წელი იცხოვრა. ერთხელ თანამემამულე მეწვია და ჩემთან ცხოვრების სურვილი გამოთქვა. აი, ეს საკითხი ვერ გადამიჭრია, რამეთუ არ მსურს ორი კაცის გვერდით ცხოვრება. თანამემამულე მიყვარს როგორც თანამემამულე, მაგრამ უსამართლობად მიმაჩნია, უარვყო ძველი მეგობარი, რომელსაც ბევრჯერ უსიამოვნებია ჩემთვის". მაშინ ანთმოზმა უთხრა: "მართლაც ასეა, მამაო; უსამართლობა იქნება, როგორც უვარგისი, გაუშვა ის, ვინც ამდენ ხანს გემსახურა და მიიღო კაცი მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელსაც ჯერ არაფრით უჩვენებია თავისი კეთილი ზნე". ღვთაებრივმა აფრაათმა უთხრა: "ამიტომაც, საყვარელო, არ შემიძლია შენი ქიტონის აღება, არ მსურს ორი სამოსი მქონდეს, ჩემი აზრით და შენი აზრითაც, სჯობია ის, რომელიც უფრო დიდხანს მემსახურა". ამგვარი იგავით გულისხმაყო ანთიმოზი, უჩვენა მას თავისი გონებამახვილობა, ბერმა დაარწმუნა იგი, საერთოდ არ ეხსენებინა ქიტონი.
ეს კი ორი მიზეზით მოგითხრეთ: რათა მეჩვენებინა, რომ ეს საკვირველი კაცი მხოლოდ ერთი ადამიანისგან იღებდა სხეულისთვის აუცილებელ მომსახურებას, და მეორე - რათა წარმომედგინა, თუ რაოდენი სიბრძნით იყო ავსებული იგი - ქიტონის მჩუქებელი დაარწმუნა, რომ მისი აღება არ იყო საჭირო.
5. ახლა კი თავს ვანებებ ამგვარ თემაზე თხრობას და უფრო მნიშვნელოვანზე მოგითხრობთ. მას მერე, რაც ღვთისმოძულე იულიანე თავისი უწმინდურობის გამო მტრის მიწაზე დაისაჯა, ხოლო იობიანემ მიიღო მმართველობის საჭე რომის იმპერიაში, ღვთისმოსაობაში გაზრდილნი ერთხანს სიმშვიდით ტკბებოდნენ, მაგრამ როცა იობიანემ ძალზე მცირე ხნის მეფობის მერე თავისი ცხოვრება დაასრულა და აღმოსავლეთის მმართველობა ვალენტიმ მიიღო, კვლავ ქარებმა და ქარიშხლებმა ააღელვეს ზღვა ჩვენს წინააღმდეგ, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ღელვა დანთქმას უქადდა ეკლესიის ხომალდებს. ქარიშხალი იმითაც იყო საშიში, რომ არ იყვნენ მაშინ გამოცდილი მესაჭეები, რამეთუ მეფემ, მხოლოდ ღვთისმოსავთა წინააღმდეგ ბრძოლაში მამაცმა, ისინი უცხო მხარეში გადაასახლა. მერე განიზარახა გაეფანტა ღვთისმოსავთა ყველა საზოგადოება და მძვინვარე მხეცის მსგავსად განებნია ქრისტეს სამწყსო. ამ მიზნის მისაღწევად მართლმადიდებლებს დევნიდა არა მარტო ეკლესიებიდან, არამედ მთების კალთებიდან, მინდვრებიდან, სადაც სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ - რამეთუ ისინი (ქრისტიანები), შეიარაღებულ ძალას გაქცეულნი, მუდმივად იცვლიდნენ თავიანთი შეკრების ადგილს. სკვითებმა და სხვა ბარბაროსებმა გააპარტახეს მთელი თრაკია, მაგრამ ვალენტიმ, ხატოვნად რომ ვთქვათ, დაიხშო ყურები და ამ დარბევებზე არაფრის გაგება არ უნდოდა, იარაღი კი თავისი თანატომელი და ქვეშევრდომი ღვთისმოსაობით გაბრწყინვებული ხალხისკენ მიმართა.
6. ღვთისმოყვარე ხალხი ტიროდა ამ სისასტიკის გამო და გალობდა დავითის ფსალმუნს: "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩვენ სიონი" (ფს. 136,1). თუმცა შემდგომი სიტყვები არ არის შესაფერისი, რამეთუ აფრაატმა, ფლავიანემ და დიოდორემ არ დაუშვეს, რომ ქრისტიანებს დაეკიდათ "ძეწნათა ზედა" "საგალობელნი" მეცნიერებისა და ნება არ მისცეს ეთქვათ, "ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქვეყანასა უცხოსა?" (ფს. 136,4), არამედ მთებსა და მინდვრებში, ქალაქში, დაბებში და მოედნებზე მართლმადიდებლები განუწყვეტლივ უგალობდნენ უფალს. მათ დავითისგან ისწავლეს, რომ "უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა" (ფს. 23,1). ყურად იღებდნენ იმავე წინასწარმეტყველის სიტყვებს: "აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა" (ფს. 102,22), უსმენდნენ ღვთაებრივ პავლესაც, რომელიც ამცნევდა: "მნებავს უკვე ლოცვაი მამათა, ყოველსა ადგილსა აღპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა". თვით უფალიც ნათლად წინასწარმეტყველებდა ამას სამარიტელთან საუბრისას: "გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს თაყვანისცემდეთ მამასა" (იოანე 4,21). იცოდნენ ეს და ყველგან ქადაგებდნენ - სახლებშიც, მოედნებზეც, მოციქულის სიტყვისაებრ რომ ვთქვათ, "ერსა წინაშე და სახლსა შინა" (საქმე მოციქულთა 20,20), გამოცდილ მხედართმთავართა მსგავსად, ისინი მუდმივად ზრუნავდნენ თავიანთ მეომართა შესაიარაღებლად და ამარცხებდნენ მტერს.