ოპტელი მამები
ღირსი ილარიონი. წმინდა ილარიონი, ერისკაცობაში როდიონ პონომარიოვი, 1805 წლის აღდგომა ღამეს დაიბადა ღვთისმოშიშ ოჯახში.
მამამისი, ნიკიტა თერძი იყო და შეკვეთების გამო ხშირად უხდებოდა სახლის მიტოვება, ოჯახურ საქმეებს კი მისი ცოლი, ეფემია უძღვებოდა. როდიონი როცა მოიზარდა, მხარში ამოუდგა მამას, თან თერძობაც მოსწონდა. ფიქრობდა, მომავალში მონასტერში ეს ხელობა გამომადგებაო. სრულყოფილ ასაკს რომ მიაღწია, უამრავი მონასტერი მოიარა, მისმა სულმა შვება მხოლოდ ოპტის უდაბნოში პოვა. ოპტის სკიტში თავიდან ბალაამის მონასტრის ყოფილი იღუმენის, მამა ვარლაამის გვერდით ცხოვრობდა, რომელიც თავისი მკაცრი მღვიძარებისა და მოსაგრე ცხოვრების მაგალითით, ბრძნული რჩევებით დამოძღვრიდა მორჩილს. "მივიდოდი მასთან, - ჰყვებოდა შემდგომში მამა ილარიონი, - ვეტყოდი: - მამაო, ესა და ეს გავიგე, დავინახე. ის კი მიპასუხებდა: "მერე ეს კარგია? სჯობს არაფერი დაინახო და არაფერი გაიგონო. ეცადე, ხშირად შეიმოწმო გული, ფიქრები". 1849 წელს იღუმენი ვარლაამი გარდაიცვალა. ოპტის სკიტის წინამძღვრად ღირსი ანტონის ნაცვლად მამა მაკარი დანიშნეს. როდიონი მამა მაკარის მესენაკედ განაწესეს და მის გვერდით იყო მთელი ოცი წელიწადი, მოძღვრის გარდაცვალებამდე. როდიონი აღსარებას წმინდა მაკარს აბარებდა, ხოლო ყოველდღიურად გულისთქმების გასამხელად წმინდა ლევთან მიდიოდა. მამა მაკარის დამოძღვრა, მისი მოსაგრე ცხოვრების ხილვა ღრმად დააჩნდა ახალგაზრდა ბერის გულს. მამა მაკარი მკაცრად ექცეოდა ახალმოსულებს და მათ უსიტყვო მონაზვნურ მორჩილებას ასწავლიდა. ამასთან ის ცდილობდა მოწაფეთა შორის მშვიდობის შენარჩუნებას, ასწავლიდა მათ მოყვასის სიყვარულს და განსაცდელების მოთმინებით ატანას.
მამა ილარიონს შეეძლო, ბევრი სხვებისთვის დაფარული დაენახა და გაეგონა. ამასთან იგი მონასტრის სხვა სამორჩილო საქმეებსაც ასრულებდა: ბოსტანსა და ბაღს უვლიდა, ბურახს ხარშავდა, პურს აცხობდა და მრავალ სამეურნეო საქმესაც აკეთებდა. მის გარეგნულ შრომას ყველა ხედავდა, მაგრამ სულიერი წარმატებების შესახებ მათთვის დაფარული იყო. თუმცა ჰყავდა დამფასებელი, თავისი მოძღვრის, მაკარის სახით, რომელმაც სიკვდილის წინ მასა და წმინდა ამბროსის გადასცა მრავალი სულიერი შვილი.
ასე ყოველდღიურ დიდ ღვაწლში განვლო მან ცხოვრება. უამრავი ადამიანი მოდიოდა მასთან და მისი ლოცვით კურნებას პოვებდა სულიერ თუ ხორციელ სნეულებათაგან. სიკვდილის წინ ორი წელი იავადმყოფა და 1873 წლის 18 სექტემბერს სული თვისი ჩააბარა უფალს.
სასწაულები. როგორც უკვე ვთქვით, წმინდა ილარიონს კურნების ნიჭი ჰქონდა. მასთან ბევრი ნერვიული და სულიერად სნეული ("გათვალული") მიჰყავდათ. წმინდა ილარიონს მტკიცედ სჯეროდა, რომ სრული გულწრფელი აღიარება ცოდვათა და შერიგება მაწყინართან საუკეთესო წამალი იყო სულიერ სნეულებათაგან განსაკურნებლად, რომელთა მიზეზიც ხშირად იყო მტრობა, ოჯახური განხეთქილებანი და მძიმე, მოუნანიებელი ცოდვები. მამა ილარიონი გამოჰკითხავდა ავადმყოფს, მის ნათესავებს, ხშირად "გათვალულთა" ყვირილში პოვებდა სნეულების მიზეზს. თუ ავადმყოფობის მიზეზი შეურიგებელი მტრობა იყო, მაშინ სნეულს ასწავლიდა, რომ შენდობა აეღო მაწყინარისგან, თუ ის ცოცხალი იყო, თუ არადა, მის საფლავზე პანაშვიდი გადაეხადა, კვეთაში მოეხსენიებინა, შინაც ელოცა, ცოდვა აღსარებაში ეთქვა, ეპიტიმია ეტვირთა და დაეწყო ღვთივსათნო ცხოვრება. ამის გარდა, იგი სნეულებს ნათლისღების წყალს, წმინდა არტოსს და მამა ლევის და მამა მაკარის საფლავების კანდელების ზეთს აძლევდა.
ერთხელ მამა ილარიონს უამრავი ხალხი ელოდა. ის კი თავისი კელიიდან დიდხანს არ გამოდიოდა. შევიდნენ ამბის გასაგებად. მასთან აღსარებაზე სულიერად აშლილი ქალი იყო. მოძღვარი აიძულებდა მას, ჯვრის ნიში გამოესახა და თავისი ცოდვები ეთქვა. ქალი ეწინააღმდგებოდა და ლანძღავდა მოძღვარს. მამა ილარიონი მის ლანძღვას ყურს არ უგდებდა და ცდილობდა, დედაკაცს ცოდვები ეთქვა. ბოლოს, დიდი ძალისხმევის მერე, ქალმა აღიარა დანაშაული და მოძღვარს დაჰპირდა, რომ მის ყველა რჩევას შეასრულებდა. გამომშვიდობებისას მოძღვარმა მას არტოსი და ნათლისღების წყალი გაატანა.
ერთი დედაკაცი მრავალი წლის მანძილზე კრუნჩხვებით იტანჯებოდა და შეტევისას სხვადასხვა ხმით ყვიროდა. ირგვლივ მყოფთ ლანძღავდა და ისეთ ძალას იძენდა, რომ რამდენიმე კაცს უჭირდა მისი გაკავება. მან და მისმა ახლობლებმა დახმარება ღირს ილარიონს სთხოვეს. მოძღვარმა მას აღსარება ათქმევინა და დაფარულ ცოდვათაგანაც განწმინდა, მას მერე ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა და დიდად მადლიერი, შემდგომში ხშირად ჩადიოდა ოპტაში.
ერთ ნოქარს მრავალი წლის მანძილზე აკვიატებული აზრი ტანჯავდა, თითქოს ყურში ვიღაც თავის მოკვლას ურჩევდა. "რად გინდა სიცოცხლე? თავი მდინარეში დაიხრჩვე!" ანდა დაინახავდა რაიმე მჭრელ იარაღს და მისი გულში ჩაცემის ფიქრები მოსდიოდა. საწყალი, გამხდარი და სულიერი სნეულებით გაწამებული, დედასთან ერთად ოპტის სავანეში მოვიდა. ასე რატომ შეგემთხვაო, - ჰკითხა მამა ილარიონმა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ დედამისმა იგი ორი წლისა დაწყევლა. გამოკვლევის შემდეგ მამა ილარიონმა კი დაასკვნა, რომ მისი სნეულების მიზეზი საკუთარ დედაზე მისი აკვიატებული აზრი იყო. დედა კეთილი ადამიანი გახლდათ და ძალზე უყვარდა შვილი... დიდი ძალისხმევის შემდეგ წმინდა ილარიონმა აღსარებაზე კაცი დაარწმუნა, რომ დედისგან შენდობა აეღო და მხოლოდ ამის შემდეგ აზიარებდა. კაცმა შეასრულა მოძღვრის დარიგება და მშვიდი და ბედნიერი დაუბრუნდა ცხოვრებას.
ერთ ტულელ ვაჭარს კი ეჩვენებოდა, რომ მას ყველა დასცინოდა - ნაცნობიც და უცნობიც. ეს ფიქრები საშველს არ აძლევდა და თავის მოკვლისკენ უბიძგებდა. დიდი ხნის გამოძიების მერე მამა ილარიონმა აღმოაჩინა, რომ მას დაფარული ცოდვა ჰქონდა, რომელიც მოძღვრის წინაშე არ ეთქვა აღსარებაში - ეეჭვებოდა მისი შენდობა. "ღვთის კაცთმოყვარეობა ყველა ცოდვას აღემატებაო", - დაარწმუნა მოძღვარმა, დაფარული ცოდვაც ათქმევინა, შეუნდო და დამშვიდებული გაუშვა, ამის მერე იგი მტანჯველ გულისთქმებს აღარ შეუწუხებია.
ერთი ვაჭარი ორი წელი იყო საშინელი გულისთქმებით შეპყრობილი. ეჩვენებოდა, რომ მას ყველა მხრიდან უთალთვალებდნენ. ახლობლებს ეშინოდათ, თავი არ მოეკლა. მამა ილარიონი დიდხანს ესაუბრა კაცს და გამოარკვია, რომ მისი სნეულების მიზეზი მამისადმი ურჩობა და მტრობა იყო, რომელსაც გულში მალავდა. მამა ილარიონი დიდხანს არწმუნებდა კაცს, უკუეგდო მტრობა და მამისგან შენდობა გამოეთხოვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეწეოდა მას ღმერთი. ავადმყოფი დიდხანს ჯიუტობდა, ბოლოს, როგორც იქნა, დათანხმდა მოძღვარს. კაცი მონასტერში სამჯერ ეზიარა და შინ მამასთან სრულიად ჯანმრთელი წავიდა.
ბელეკელი ვაჭრის შვილი სულიერი აშლილობით იტანჯებოდა, გაურკვეველი შიშით შეპყრობილს ხშირად ხილული საგნები სხვანაირად წარმოუდგებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. წმინდა ილარიონმა მას აღსარება ათქმევინა და შეეწია თავისი რჩევით. კაცი მონასტერში დარჩა და მონაზვნადაც აღიკვეცა.
მრავალი მაგალითი არსებობს წმინდა ილარიონის ცხოვრებაში, რომლებიც მისი დაფარულმცოდნელობის და წინასწარხედვის ნიჭზეც მეტყველებს. მისი ლოცვით მორწმუნეებს შვილიც კი მისცემია. ერთხელ მასთან ერთი გამწარებული ქალი მივიდა, რომელიც 17 წელი ამაოდ ელოდა შვილს. მამა ილარიონმა აკურთხა, ზადონსკსა და ვორონეჟში წასულიყო მოსალოცად და დაუმატა: - გაისად აქ ბავშვით მოხვალო. ასეც მოხდა. ერთი წლის მერე ქალი მასთან თავის ბიჭუნასთან ერთად მივიდა.
სწავლანი. მამა ილარიონი ასწავლიდა შეურცხყოფის თავმდაბლობით, საკუთარი თავის განკითხვით დათმენას, როგორც ღვთის განგებულებით ჩვენი სულის სასარგებლოდ მოვლენილის.
"ნუ გრცხვენია მოძღვრისთვის შენი ცოდვების გამხელა და მზად იყავი, დაითმინო მათ გამო შეურაცხყოფაც, რათა გაექცე საუკუნო სირცხვილს".
"ეკლესია ჩვენთვის ზეცაა მიწაზე ჩამოსული, სადაც ღმერთი უხილავად იმყოფება და უცქერის იქ მყოფთ, ამიტომაც ტაძარში ღირსეულად, დიდი კრძალვით უნდა ვიდგეთ. იგი ჩვენთვის ნუგეში და შვებაა ჭირსა და სიხარულში".
"ყოველი საქმე ღვთის სახელის ხსენებით უნდა დავიწყოთ და შეწევნა მისგან გამოვითხოვოთ".
"როცა გრძნობ, მრისხანებამ შეგიპყრო, დუმილი დაიმარხე და მანამდე ნურაფერს იტყვი, ვიდრე მოუკლებელი ლოცვითა და თავის განკითხვით არ დაიმშვიდებ გულს".
"სულისთვის სასარგებლოა, რომ ყველაფერში თავი დამნაშავედ და ყველაზე უკანასკნელ ადამიანად ჩათვალო, ვიდრე თავის გამართლებას მიჰყო ხელი, რომელიც სიამაყისგან წარმოდგება, ამაყებს კი წინ ღმერთი აღუდგებათ, ხოლო მდაბალს - მადლს აძლევს".