"შენ უნდა მოინახულო მონასტრები. თითოეულ მათგანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საკუთარი შესხმის ლოცვები აქვთ დაწესებული.
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციე ივერონისა და ვათოპედის მონასტრებს: რადგანაც ამ სავანეებში არსებული ღვთისმშობლის ხატების წინ კანონები იგალობება. ვათოპედის მონასტერში ყველაზე პატივმიგებული ღვთისმშობლის ხატია მნათედ (ვიმატარის) წოდებული. დამანგრეველი ხანძრის მერე ეს ხატი უვნებელი იპოვა მნათე გენადიმ, რომელიც კრეტაზე ჰყავდათ დატყვევებული, მერე გაათავისუფლეს და ათონზე დაბრუნდა.
უსმინე საგალობლებს, რომელსაც კეთილკრძალული მონაზვნები აღასრულებენ. მახსენდება ის დიდებული დრო, როცა მონაზვნები ჰიმნებს უგალობდნენ ღმერთს და სული სიხარულით მევსებოდა. დაუტევებდნენ რა ყოველგვარ მიწიერ გულისთქმას, გონება მათი ღვთაებრივი სიყვარულით აღიტაცებოდა. ამ არამიწიერ სიყვარულს მონაზვნები განსაკუთრებით ყოვლადწმინდა დედოფლის, ჩვენი ღვთისმშობლისადმი განიცდიდნენ".
კვირა დღე იყო. ღვთისმშობლის აკათისტოს ყოველთვის გულწრფელი სურვილით წაკითხვის სასწავლებლად მოძღვრმა ღვთისმსხურების მერე ღირსი დიონისეს მონასტერში წამიყვანა. ამ მონასტრის მაშინდელი მამები სრულ მდუმარებას იმარხავდნენ. მოძღვარმა "აკათისტოდ" წოდებული ღვთისმშობლის ხატის ეკვდერში შემიყვანა და მითხრა: "ეს ხატი კანკელზე კი არ მდებარეობს, არამედ ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერშია, რათა ყველამ შეძლოს მასთან მისვლა... ყოველთვის შიშით და თავმდაბლობით უცქირე ამ წმინდა ხატს. ძველად ამ ხატიდან უხვად მოედინებოდა წმინდა მირონი, ამიტომ დღეს ის ცომივით ამობურცულია და მისგან გამოუთქმელი კეთილსურნელება მოედინება. ყურადღებით დააკვირდი მამათა სახეებს: როგორი სიხარულით, აღფრთოვანებით და განსაკუთრებული განწყობით გალობენ კანონებს თვენიდან და მათ ღვთისმშობლის აკათისტოს უმატებენ. აგვისტო ის თვეა, როცა მონაზვნის გონება აქა-იქ მიმოიტაცება, მაგრამ კანონებისა და აკათისტოს წყალობით ადვილად მოსწყდება მიწიერ საქმეებს. ამიტომაც ყოველთვის ფხიზლად იყავი. დაე, შენი გონება ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისკენ იყოს მიმართული. წაიკითხე წმინდა იოანე დამასკელის სამოძღვრებო სიტყვები, რომელიც ვათოპედის მონასტრის ხელნაწერებში ინახება, ასევე ხარების დღესასწაულის კითხვა-მიგებითი მსახურება - მთავარანგელოზ მიქაელის საუბარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და დაინახავ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმნა ადამიანთა მოდგმა ჩვენი დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით.
არ მაქვს დრო მოგითხრო ყველა იმ უცნაურ სასწაულზე, რომლებიც ჩვენს დროშიც ხდება, მხოლოდ ერთს გეტყვი: ყოველთვის კეთილმოკრძალება გქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რათა არ დაკარგო ცხოვრების დრონი. ახლანდელი თვე გასწავლის, როგორ მოსწყვიტო გონება მიწიერ საგნებს და ჩვენი შემყვარებლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიმართო".
მრავალი სხვა რამეც მითხრა მოძღვარმა, რომელთა მოთხრობაც აქ არ ძალმიძს.
როცა ვკითხულობდი "თეოთოკარიონს" (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კრებული), სავედრებელ კანონს ანუ აკათისტოს, ძლივს გავბედე წმინდა ხატისთვის შეხედვა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ უღირსი ვიყავი, მენახა კანკელის ღვთისმშობლის ხატი - ოდიგიტრია.
ერთხელ გულისთქმა მომივიდა. ხატს თუ მარცხნიდან მიუდგები, დაინახავ, როგორ გიყურებს ღვთისმშობელი, თუ მარჯვნიდან დადგები, იმნაირადვე შემოგხედავს. თუ პირისპირ დადგები, იგივე იქნება. გადავწყვიტე, გულისთქმა შემემოწმებინა. მართალი აღმოჩნდა. შემეშინდა, ხიბლში ხომ არ ჩავვარდი-მეთქი. როცა მოძღვარი მოვიდა, მას ვკითხე ამის შესახებ.
- ჩემო მეგობარო, ამ გულისთქმებით შენ ქილანდარის მონასტერში უნდა წახვიდე. იქ არ ჰყავთ იღუმენი, რადგან მონასტრის იღუმენი თვითონ ყოვლადწმინდა ქალწულია. ამ მონასტერში იღუმენის ტახტზე დგას "სამხელად" წოდებული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია და მონასტრის მსახურნი, ვიდრე მუშაობას შეუდგებიან, ამ ხატს მიწამდე თაყვანს სცემენ. თუ მათი გულისთქმები წმინდაა, ისინი ხატზე გახარებულ სახეს ხედავენ - ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თითქოს გულში აკურთხებს მათ ხატის მიერ. თუ შესაფერისი გულისთქმები არ აქვთ, მიახლებას და მუხლის მოდრეკას ვერც კი ბედავენ. ამგვარად, შენი გულისთქმა ხიბლი სულაც არ არის. პირიქით, ის მიგანიშნებს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განუგეშებს მარტოობაში. უბრალოდ, შენი სული მიხვდა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მას აცხოვნებს. ამაზე იფიქრე ამ მიმდინარე თვეს. მაშინ მოერევი სნეულებას და შემოდგომისას არ მოიწყენ.
ბევრი ილოცე - და გექნება დიდი სიხარული, რომლის ღირსიც გაგვხადა ყოვლადწმინდა ქალწულმა. მან ჩვენ სოფლიდან გამოგვიტაცა და თავის ბაღში მოგვიყვანა.
მარტო აქ კი არ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - ყველას დედა, არამედ ყველგან, სადაც მონასტერი და ეკლესიაა მისი სახელის პატივად აგებული. იქ ის მზრუნველია, მანუგეშებელი და მომნიჭებელია გულით აღსრულებული გონებისმიერი ლოცვისა.
მამა ონუფრეს სწავლანი. მოძღვრის სულიერი დარიგება, თომას კვირას ნათქვამი.
ვცხოვრობ აქ და აღარაფერზე ვფიქრობ, აღდგომის ამ სასიხარულო დღეების გარდა.
თომას კვირას ვისხედით და შევექცეოდით მწარე ფესვებითა და პიტნით შეზავებულ მარულის სალათს. ნეტარხსენებულმა მამა ონუფრემ საუბარი წამოიწყო და გასაოცარი შეკითხვები დამისვა. სხვათა შორის, ჩვენი საუბარი შეეხო თომას კვირას სახარებისეული საკითხავის აზრის განმარტებას.
"ამ საღამოს უფალმა თავის მოციქულებს სულიწმინდა გარდამოუვლინა და მასთან ერთად ადამიანთა ცოდვების შეკვრისა და მიტევების ხელმწიფებაც მისცა. მე, მამა სერაფიმე აბრაამელის წმინდა კურთხევით, შენი სულიერი დამრიგებელი გავხდი. დამპირდი, რომ უმცირესშიც დამემორჩილები. ამის მერე მაშინვე მოგითხრობ უმაღლეს დოგმატებზე, ვინაიდან, თუმცა ასაკით ნორჩი ხარ, სკიტში მოსვლის დღიდან შენში მოხუცებულის გონება დავინახე.
პირველ რიგში, მოკლედ აგიხსნი, რას ნიშნავს "ვისაც შეკრავთ, შეიკვრება". მერე მოგიყვები იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს მოვლენა "მერვე დღეს", რამეთუ ამაში უსაზღვროდ ამაღლებული აზრი ძევს.
თომას "ტყუპი" (მრჩობლი) ჰქვია, მონაზონიც ორჯერ არის მონათლული.
პირველი ნათლისღებისას წინაპართა ცოდვებს მოშორდა, მეორით კი ჭვრეტის სიმაღლეზე ავიდა.
თომას ძალიან უნდოდა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ენახა. მისი ნახვის მერე კი სიხარულით და მხიარულებით აღივსო. თუ გესმის ახლა, რას უნდა ერქვას ღვთის ჭვრეტა? თომა არ დაფრთხა და არ შეშინდა, როცა მეუფე ქრისტემ მიიხმო. იხილა თავის წინ მდგარი სრული ღმერთი და სრული კაცი, მან დაინახა, როგორ ამოვიდა მზე აღდგომის (მაცხოვრის) მერე, მზემ სიმართლისამ, ჩვენმა ქრისტე ღმერთმა კეთილინება, რომ აღდგომის სხივნი მოჰფენოდა თომას და აღეხილნა მისთვის თვალნი.
მან თავისთან უხმო თომას და უთხრა: "მოდი, ჩემო საყვარელო მოწაფე თომა. შენ თანამოძმე მოციქულებს ეუბნებოდი: მოდით, მოვკვდეთ მასთან ერთადო. მოდი ახლა და შენი ღმერთისგან მიიღე საზღაური შენი ჩემდამი სიყვარულისთვის. რამდენჯერაც გინდა, გასინჯე წყლულები, რამეთუ ამ წამს აღმაღლდები ყველა ზეციურ დასზე: ისინი ჩემს შემოხედვას ვერ ბედავენ და სახეს იფარავენ, შენ კი შენს ხელებს ჩემს წყლულებში დებ. აისრულე ნატვრა!"
აბა, სხვა რით განძღებოდა თომას გაუმაძღარი გონება! როცა ის თავის წმინდა თითებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყლულებში დებდა, მაშინ მსგავსი იყო მწყურვალი ირმისა და ბოლოს, სიყვარულით შეპყრობილმა, მთელი ხმით ამოიძახა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".
თომას სახით შენ მთელ მონაზონთა დასს ხედავ, ყველა წმინდა მამას, ჩვენამდე ვინც ცხოვრობდა. ისინი იგემებდნენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღვთაებრივ სიყვარულს და ვერ განძღებოდნენ. მაგალითად ჰყავდათ მოციქული თომა, რომლის ქადაგებაც საზღვრებს გასცდა. იგი კორეამდე მივიდა და აუწყა მათ თავის მიერ შეცნობილი ღმერთკაცი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
თავიანთი უბრალეობის წყალობით უვნებლობას მიღწეულ ჩვენს მამებს თვალწინ ერთი მაგალითი ჰქონდათ - როგორ სინჯავდა მოციქული თომა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყლულებს და ვერ განძღებოდა ზეციური სიყვარულის წყაროს ხმევით. როცა ისინი ამაზე ჭვრეტის სახით ფიქრობდნენ, მათი გონება და ფიქრი მყუდროებას მიაღწევდა, საქმესთან შეუღლებული კი ჭვრეტასაც. ისინი ყოველ წამს განიწმენდდნენ გულს და ყურადღებით იყვნენ, რომ დაუდევრობით არ შესულიყო მასში რაიმე გულისთქმა, უმცირესიც კი".
მე მას სხვა კითხვებიც დავუსვი სახარების ამ საკითხავზე. ბერმა მიპასუხა: "ყველა კანონი შეგიძლია იპოვო თანამედროვე ენაზე გადმოთარგმნილი, თვით ანტიპასექის კანონიც კი, ხოლო თომას კვირის კანონს ვერსად ნახავ. ძალზე ამაღლებულია მასში ყველა აზრი და კაცის გონებას მათი ახსნა არ შეუძლია.
წერია: მერვე დღესო. შვიდი - ადამიანის ასაკია, ამ დროის მანძილზე მონაზონი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების უმაღლეს მწვერვალებზე ასვლას ახერხებს. როცა ის მთლიანად აღივსება საღვთო სიყვარულით, მაშინ მიაღწევს მერვე დღეს - ღვთაებრივი განგებულების აღდგინების დღეს და დროც კი არ დარჩება რაიმე ამსოფლური მოვლენისთვის.
როცა მონაზონი ასეთ სიმაღლეს მიაღწევს, მაშინ ის ყველა მადლმოსილი ნიჭის ღირსი შეიქნება, მათ შორის ღმერთთან მოუკლებელი საუბრისა. ვიცით, რომ ჩვენს მამებს ზამთარში წმინდა ანგელოზები ემსახურებოდნენ.
შენ მარტო ცხოვრობ კელიაში და არაფერი გაქვს, გარდა ღვთის ნებით ჩემ მიერ მოცემული რჩევისა. ეს რჩევები ადრინდელი მამებისგან მიმიღია. მე იმას ვასწავლი, რაც თვითონ ვიცი და გიჩვენებ ადგილებს წმინდა მამათა წიგნებიდან, რათა შეიყვარო წმინდად ცხოვრება და შენს გარშემო უფრო მეტად მოჰფინო სათნოებები და მყუდროება.
გაიხსენე იოანე ღვთისმეტყველის მიერ გამოცხადებაში დაწერილი: "ნეტარ არიან მკვდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან" (გამოცხ. 14,13).
ხალხი შეწყვეტს ამის თქმას: "მე შევცოდე, დამნაშავე ვარ, მაპატიე" - და მხოლოდ შეეკითხებიან: "რატომ?" ამ შეკითხვას შემკითხველი საცდურში შეჰყავს, ამიტომაც ხალხი დაივიწყებს შინაგან ბრძოლას და მხოლოდ სხვის გაკიცხვას შეუდგება: ვინ ერეტიკოსია, ვინ ასეთია, ვინ - ისეთი. ეს საბოლოოდ იქნება სულიერი სიკვდილი.
მაგრამ სახიერი ღმერთი აღადგენს მაშინ მონაზონთა დასს, რათა მათ ქვეყნის აღსასრულამდე ყველა კაცს შეახსენონ, როგორ უნდა აღიარონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოუხმონ მის წმინდა სახელს. სულიერად მკვდარი ხალხი, ანუ ვინც დაივიწყა სულიერი მოღვაწეობა, ქრისტესკენ მოიქცევა. აღიარებენ ჯვარცმულ ქრისტეს და თავანთი უკანასკნელი ამოსუნთქვის ჟამს ღირსნი შეიქნებიან ღვთის სასუფევლისა და სიხარულით აღვსებულნი, წარვლენ ადგილსა განსვენებისასა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ სულიერი პასუხისმგებლობა მაქვს შენი სულის ცხონებისთვის, მაგრამ უპირველესად იმის გამო, რომ შენ "ტყუპი" ხარ, ანუ ორჯერ მონათლული: პირველად - როცა დაიმარხე პირველქმნილი ცოდვა და მეორედ - როცა ღირსი გახდი ანგელოზებრივი მონაზვნური ცხოვრებისა. ჭეშმარიტი მონაზონი თავის წინ ჭვრეტს გამოცხადებულ უფალს, რომელსაც სურს, ყველას წმინდა ანგელოზად ხედავდეს".
მე უკვე დამავიწყდა, რაც შენთვის კალენდარსა და სხვა საგნებზე უნდა მეთქვა. დაე, ამის შესახებ ჩემზე გამოცდილებმა გითხრან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი