მამა ეფრემ კატუნაკელი
ახალბედას განსაცდელები. მამა ეფრემი იგონებდა წმინდა პავლეს მონასტერში მყოფობას. ერთხელ მან შეიცნო სიტყვა "შემინდეს" ძალა.
მამა ეფრემი, მაშინ ევენგელე, მონასტერში სავანის ბოლოს მდებარე ბაღის გავლით დადიოდა. მებაღე სხვადასხვა პროდუქტს უდებდა აბგაში კატუნაკელი მამებისთვის. იღუმენმა, მამა სერაფიმემ ევანგელე გააფრთხილა: - შვილო, ჩვენი მებაღე, მამა ბენედიქტე, ცოტა უხიაკია, ამიტომ მასთან ახლო ურთიერთობა არ იქონიოო.ერთხელ მას მებაღემ დასაკემსად შარვალი მისცა. ევანგელემ გამზადებული შარვალი, სხვა ტანსაცმელთან ერთად, იღუმენთან დატოვა, ბაღი გადაიარა და მამა ბენედიქტესაც შეხვდა.
- სად არის ჩემი შარვალი? - ჰკითხა განრისხებულმა ბერმა.
- იღუმენს დავუტოვე, - მიუგო მორჩილმა.
- შენ რა, ის იღუმენმა მოგცა? - უყვირა მამა ბენედიქტემ.
- სინდისი რომ გქონდეს, მადლობას მეტყოდი შარვლის შეკეთებისთვის, ბაღიდანაც რამეს გამატანდი და ჩემს გზას მშვიდად გავუდგებოდი, - მიახალა კადნიერად ახალგაზრდამ.
გამწარებული მებაღე დაიხარა და მიწაზე ქვას დაუწყო ძებნა. უფალმა გულისხმაყო ახალგაზრდა მორჩილი და ისიც დაემხო მებაღის წინაშე:
- შემინდე, მამაო, შევცოდე!
- უნდა გენახათ, მერე რაც მოხდა, - იხსენებდა "შემინდეს" ძალით აღფრთოვანებული მამა ეფრემი, - მებაღე წელში გაიმართა და ხელები უღონოდ ჩამოყარა.
- აბა რაღა უნდა გიყო? - თქვა მორჩილის თავმდაბლობით "განიარაღებულმა" მამა ბენედიქტემ.
- შემინდე, მამაო, ადამიანური უძლურების გამო ზედმეტი წამომცდა, შემინდე!
- ჰო, კარგი, საკმარისია, ღმერთმა შეგინდოს, - უთხრა მებაღემ. ეგ იყო და ეგ, მას მერე ყოველთვის ბოსტნეულით დატვირთავდა ხოლმე, როცა ბაღს გვერდით ჩაუვლიდა.
თუმცა ეშმაკი თავს არ ანებებდა და ათასნაირ გულისთქმას მოუვლენდა. ზოგიერთი წვრილმანი მამათა ცხოვრებიდან ტანჯავდა და კატუნაკიდან წასვლას აიძულებდა. ერთხელ ფიქრარეული კალივასთან იჯდა. გვერდით ბერმა ჩაუარა და დაღონების მიზეზი ჰკითხა. "აქაური მდგომარეობა დამთრგუნავს", - უპასუხა მორჩილმა. "მთაწმინდაზე სხვა ნავსაყუდელნიც ხომ არის?" - ჰკითხა მონაზონმა. "არა, მამაო, - გადაჭრით უპასუხა ახალგაზრდამ, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აქ მომიყვანა და ბოლომდე აქვე უნდა დავრჩე".
მაგრამ ის ღმერთს უნუგეშოდ არ დაუტოვებია, დროთა განმავლობაში გულის შემუსვრილებაც ეწვია. "შემეძლო, მეტირა, როცა მინდოდა და რამდენიც მინდოდა. ერთხელ ეკლესიაში ერთი ძმა ლოცვებს კითხულობდა. ამ დროს ისეთი დიდი შემუსვრილება მეწვია, რომ ჩემმა სულმა კლდისკენ ისწრაფა და ყველა ქმნილებას ღვთის დიდებისკენ მოუწოდა. ეს რა იყო? ვის ვკითხო? - ვფიქრობდი", - ჰყვებოდა მამა ეფრემი.
1934 წელს ევანგელე ბერად აღკვეცეს და ლონგინოზი უწოდეს. მამა ეფრემი იმ დროს ძალზე ცუდად იყო და ორ დღეში გარდაიცვალა კიდეც. კალივის მოძღვარი გახდა მღვდელმონაზონი ნიკიფორე, რომელმაც 1935 წლის 28 იანვარს (ძვ. სტ.), წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს, მონაზონი ლონგინოზი დიდ სქემაში შემოსა და მას ახალგარდაცვლილი მოძღვრის სახელი - ეფრემი უწოდა. მისი კეთილი მორჩილება რომ იხილა მამა ნიკიფორემ, იგი ერთხელ თებეში წაიყვანა და ეპისკოპოსს დიაკვანად აკურთხებინა. როცა მღვდელმთავარმა მამა ეფრემი ახლოს გაიცნო, მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, მღვდლად დაასხა ხელი.
მამა იოსებ ისიქასტთან. მამა იოსები დიდი ლავრის წმინდა ბასილის სკიტში, ღვთისმშობლის შობის კალივაში ცხოვრობდა. ეს სკიტი კატუნაკის ზემოთ მდებარეობს. მამა ნიკიფორე მამა იოსებთან ადიოდა ხოლმე და კალივის ეკლესიაში წირვას აყენებდა. მამა ნიკიფორეს თავისი მორჩილიც თან მიჰყავდა. ერთხელ მამა იოსებმა ჰკითხა მამა ნიკიფორეს: - მამაო, ეფრემი ხომ გიჯერებსო.
"იმ წუთში მიწაზე დამხობა და მამა იოსების ფერხთა ამბორისყოფა მინდოდა, - ჰყვებოდა მამა ეფრემი, - მივხვდი, რომ მასზე ღვთაებრივი მადლი განისვენებდა, ვინაიდან ასეთი შეკითხვა არავისგან გამიგონია. საბედნიეროდ, მამა ნიკიფორე არ შეწინააღმდეგებია ჩემს სურვილს, მევლო მამა იოსებთან და მისგან წმინდა მამათა გარდამოცემები მესწავლა".
როცა მღვდელი გახდა, მამა ეფრემმა მამა იოსების მიწვევა მიიღო, - ლიტურგია ჩაეტარებინა წმინდა ბასილის სკიტში. ლიტურგიის მერე მამა იოსებს უთხრა, - გულისთქმები უნდა გაგიმხილოო. შეთანხმდნენ, კიდევ შეხვედროდნენ ერთმანეთს. როცა მამა ეფრემი ზევით ავიდა, მამა იოსებს ჯერ არ დაემთავრებინა შუაღამიანის ლოცვა. ეფრემი სკამზე ჩამოჯდა, ლოდინი დაუწყო. მთელი ხუთი საათი თვალთაგან ცრემლი სდიოდა. მამა იოსებს ამ დროს ეჭვი ღრღნიდა: - ნეტავ თუ მიღირს მამა ეფრემი მივიღო, ის ხომ სხვებს ჰგავსო. ლოცვის მერე მოუხმო ახალგაზრდა მღვდელს. მამა ეფრემმა მას სამი შემთხვევა მოუყვა იმ სულიერ მდგომარეობაზე, მას რომ შემთხვეოდა. მამა იოსებმა უყოყმანოდ უთხრა: "შენ მე მეძებდი, მე კი შენ". იმ დღიდან იგი მამა იოსებს თავის მოძღვარს ეძახდა და შემდგომში აღიარებდა: - ამქვეყნად მასავით არავინ მიყვარდა და მეშინოდაო.
მას მერე მამა ეფრემმა რეგულარულად, კვირაში ოთხჯერ იწყო წმინდა ბასილის სკიტში სიარული ლიტურგიის შესასრულებლად. კატუნაკიდან წმინდა ბასილის კალივამდე საკმაოდ ციცაბო აღმართია და ახალგაზრდა მღვდელი თავისი საღვთო მოშურნეობით ადვილად სძლევდა მას. ხშირად ადრეც მიდიოდა და მოთმინებით ელოდა კალივის კარის გაღებას. მამა იოსები თავის ტიპიკონს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და დროზე ადრე კარს არ გააღებდა. თუ ვინმე დაუკაკუნებდა, მას გაეპასუხებოდა: - ანგელოზიც რომ იყო, ამ დროს არ მიგიღებო!
იყო დრო, როცა მამა ეფრემს მამა ნიკიფორესგან წამოსვლა უნდოდა, რადგან მასში სულიერ წინამძღვარს ვერ ხედავდა. მაგრამ მამა იოსებმა ურჩია დარჩენა. დაჰპირდა, სულიერად გვერდით დაგიდგებიო.
- ის ჩემში ყველაფერს ხედავდა, - ამბობდა მამა ეფრემი, - დაწვრილებით აღმიწერა ყველაფერი, რაც თავს გადამხდებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ახლა ყველაფერი მიცხადდება და ვხვდები, თუ რას ნიშნავს ღვთის კაცი, წმინდანი.
ერთხელ, ნაწირვებს, მამა იოსებმა მამა ეფრემი შეაჩერა და უთხრა: - ვიცი შენი გულისთქმები და შენი მდგომარეობა. ნუ გეშინია, მარტოს არ დაგტოვებო.
მამა იოსებმა მას თავიდან მუშაკობის და ჭვრეტის არსი განუმარტა. განსაკუთრებით დაწვრილებით ისაუბრა გონებისმიერი მუშაკობის და შინაგანი ჭვრეტის ნაყოფებზე:
- საღვთო მადლი, რომელიც უკვე განისვენებს შენს სულში, გამრავლდება ისე, როგორც თვითონ ინებებს და გექცევა შენ "ყოვლად ყოველსა შინა" (კოლასელთა 3,11). უეცარი გასაჭირისას იგი სხვადასხვანაირ სახეს მიიღებს და დაგეხმარება, მოგიტანს სიმშვიდეს მღელვარების ჟამს და განგიღებს გონებას საღვთო განგებულების საიდუმლოებათა შესაცნობად, იმ საიდუმლოებათა, რომელიც შეგხვდება.
მან განუსაზღვრა ის პროგრამა, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა მამა ეფრემის ლოცვით მუშაკობას: - თავიდან ერთი საათი წართქვამ ლოცვას "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ოღონდ ამის შესახებ უთხარი მოძღვარს, რომ თვითნებობად არ ჩაგითვალოს.
მამა ნიკიფორე უბრალო კაცი იყო და უარი არ უთქვამს.
როცა მამა ეფრემი კვლავ მივიდა ლიტურგიის ჩასატარებლად, მამა იოსებმა ჰკითხა, - თუ ასრულებ დადგენილსო. მან უპასუხა: - მამაო, ამ ლოცვისგან ცრემლთა მდინარეები მოედინება ჩემს თვალთაგან, შიგნით კი გიზგიზს ვგრძნობ. ქრისტესმიერი ცეცხლი გულს მიწვავს.
წმინდა ანას მცირე სკიტში გადასვლამდე მამა იოსებს მამა ეფრემი ორი თვე გვერდით ედგა და კალივის მოწყობაში ეხმარებოდა. მამა ეფრემი ჰყვებოდა: - ის ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა მადლის მოსაპოვებლად. ამის აუცილებელი პირობა გახლავთ ფხიზელი (მღვიძარე) ცხოვრება, განსაკუთრებით - საკუთარი ნების შემუსვრა და წმინდა ლოცვა. ერთხელ ჩემს კელიაში ვლოცულობდი, მთლიანად მოვიკრიბე გონება, ისე, როგორც მოძღვრისგან მესწავლა. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემს წინ სივრცე გადაიშალა და სამი ხატება გამომეცხადა. ჩემმა სულმა მკლავები გაშალა და მოეხვია შუაში მყოფს. იმას, რაც ვიგრძენი, სიტყვით ვერ გადმოვცემ. სულიერი გრძნობა მკარნახობდა, რომ იგი იყო ქრისტე ორ ანგელოზთან ერთად. გონს მოვედი თუ არა, ავიღე ფარანი და წმინდა ბასილი დიდის სკიტში წავედი. გზად დემონები შემომერტყნენ. შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო. დიდი გაჭირვებით მივაღწიე სკიტს. მამა ათანასეს ვუთხარი: მოძღვარს მოახსენე, სასწრაფოდ მინდა მისი ნახვა-მეთქი. მაშინვე მიმიღო და მკითხა, - რა მოხდაო. მოვუყევი, რაც შემემთხვა. მოძღვარი სიხარულით მომეხვია და მითხრა: - ეს, შვილო, მადლია, რომელზეც გასწავლიდი და რომლის შეცნობაც გსურდა. ეს პირველი საფეხურია, პირველი ნამდვილი წარმატებაა. ამიერიდან მოვა ის, რასაც აღგვიწერენ წმინდა მამები, რაც წაგიკითხავს და მეკითხებოდი. ვინ არ ეძებდა მას და გვიან ანდა დიდი ძალისხმევის შემდეგ პოვებდა! შენ კი ასე მალე და ასე წმინდად მოიპოვე. ახლა შენთვის სხვა გრძნობა იხსნება, სხვა სამყარო, სხვა სულიერი საკვები და ლოცვის სხვა დონე, ეს უფრო გრძნობაა ღმერთთან ნათესაობისა, რომელმაც "მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად" (იოანე 1,12).
ამ ამბის შემდეგ მამა ეფრემი მუდმივად მიდიოდა ხოლმე მამა იოსებთან და როცა მას მადლმოსილად მლოცველს იხილავდა, მასაც მოუნდებოდა მისი თანაზიარობა და ეტყოდა: - მარტო ჭამ ნამცხვარს, მამაო?!
მამა იოსებს ჩვევად ჰქონდა: როცა გრძნობდა, სულიერი შვილისთვის ერთგვარი ღვთაებრივი კურთხევა უნდა გადაეცა, მოეხვეოდა და ლოცულობდა. ერთხელ მამა იოსები თავზე მოეხვია მამა ეფრემს და დიდხანს ილოცა, მერე კი მხიარული სახით უთხრა: - შვილო, არა მარტო სიწმინდესა და პირდაპირობას ფლობ, არამედ შენი გაუხრწნელობით მადლის სამყოფელი და საყდარი ხარ. ყველაფერი, რაც ნახე და განიცადე, გამოცხადება იყო ზეითგან, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო შენთვის. მაგრამ ახლა დადგა დრო ჩვენი მსხვერპლშეწირვისა, რათა მოვიპოვოთ ღვთაებრივი ნიჭები. ახლა კი ჟამია მუშაკობისა, რომელიც გახლავთ ჭვრეტისკენ სწრაფვა.
მას მერე ახალგაზრდა მოსაგრემ უფრო დიდი მოშურნეობით ასწია ასკეზის ჯვარი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მორჩილებას ანიჭებდა - ამ ნამდვილ საფუძველს წარმატებისას.
მამა ეფრემი ეუბნებოდა სულიერ შვილებს: - როცა თითქმის ცნობისმოყვარეობით მივედი მამა იოსებთან და განმიცხადა, თუ ვინ ვიყავი, არც კი მიოცნებია, რომ მას შევუერთდებოდი და გავაგრძელებდი მის გარდამოცემას, ვიგემებდი იმას, რასაც ვკითხულობთ წმინდა მამებთან. ვაღიარებ, რომ არც ერთი კაცი ისე არ მიყვარდა და მეშინოდა, როგორც ამ მამისა, რომელიც ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა და დარჩა მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც მის სოცოცხლეში, ისე გარდაცვალების მერე. იგი გახდა ჩემი სამაშველო რგოლი, მარტო მისი გახსენებაც კი მიცავდა შეცდომებისგან და მთელი ცხოვრების მანძილზე წინ წამწევდა.