* 324 წელს, დიოკლეტიანეს მეფობისას, რომში, თეატრის სცენაზე წმინდა ნათლისღების მკრეხელური სცენის წარმოდგენისას, სასწაული მოხდა. რომი მაქსიმიანეს ოცწლიან მეფობას აღნიშნავდა.
ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა დიოკლეტიანეც. ამ დღისთვის მრავალი გასართობი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის იყო თეატრალური სანახაობაც. სცენაზე გამოდიოდა ცნობილი კომედიანტი ჰენეზიც. იმპერატორისა და მაყურებელთა წინაშე მან ავადმყოფის როლი გაითამაშა. "ოჰ, მეგობრებო, რა მძიმედ ვარ, ნეტავ შემამსუბუქა რითიმე", - ყვიროდა "ავადმყოფი" ჰენეზი. "როგორ დაგეხმაროთ, ხომ არ გაგრანდოთ, რომ ცოტა გამსუბუქდე?" - ეკითხებოდნენ სხვები. "სულელებო, გარანდვა კი არა, ქრისტიანად სიკვდილი მსურს". რისთვისო, - დასცინოდნენ. იმიტომ, რომ იმ დიად დღეს ღმერთმა მიმიღოს, ვითარცა ლტოლვილიო. დაუძახეს მღვდლად და დიაკვნად გადაცმულ კომედიანტებს. ისინი მიუახლოვდნენ "ავადმყოფ" ჰენეზს - რისთვის გვიხმეო. მანაც, თითქოს სულიერად აღფრთოვანებულმა, მიუგო: - მინდა მივიღო მადლი იესო ქრისტესი, რათა მომეტევოს ცოდვები და სულიერად ავღორძინდეო. მათ ჰენეზი "მონათლეს", თეთრი სამოსი ჩააცვეს და ჯარისკაცებმა (კომედიანტებმა) მიიყვანეს იმპერატორთან "დასაკითხად", ვითარცა ქრისტეს რჯულის აღმსარებელი. ჰენეზი არც დაელოდა შეკითხვებს, ხმამაღლა აღმოთქვა: "ისმინეთ ჩემი, იმპერატორო და ყოველნო მსახურნო მისნო, ამ ქალაქის ბრძენო მცხოვრებნო. ყოველთვის, როცა მეძახდით ქრისტიანს, ზიზღს ვგრძნობდი და ვცდილობდი, შემელანძღა ამ სარწმუნოების წმინდა საიდუმლოებები. მე უარვყავი ჩემი მშობლები და ნათესაობა, რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ. შევიძულე მათი რწმენა იქამდე, რომ თქვენი სიამოვნებისთვის სცენაზე სამასხარაოდ გადმოვიტანე მათი წმინდა საიდუმლოებები. მაგრამ როცა ნათლისღების წყალი შემეხო გაშიშვლებულს და შეკითხვაზე, "გწამს თუ არა", ვუპასუხე, რომ მწამს, დავინახე ციდან დაშვებული ხელი, ბრწყინვალე ანგელოზნი, რომელთაც გადაეშალათ წიგნი და ჩემს ცოდვებს კითხულობდნენ, რომლებიც სიყრმიდან აქამდე ჩამედინა. შემდეგ ეს წიგნი ამოავლეს ნათლისღების წყალში და მისი ფურცლები თოვლივით განსპეტაკდა. ამიტომაც, იმპერატორო და აქ დამსწრენო, იწამეთ ჩემთან ერთად იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელი და ჭეშმარიტება. იგია ის, ვინც განგათავისუფლებთ ცოდვათაგან". გამწარებულმა იმპერატორმა ჰენეზის გაწკეპვლა ბრძანა და პრეფექტს უთხრა: - აიძულე, ქრისტე უარყოსო. ჰენეზმა დაითმინა ყოველგვარი სატანჯველი. საბოლოოდ, ქრისტეს სიყვარულისთვის თავიც წარკვეთეს.
* ეკლესიის ისტორიკოსი სოკრატე მოგვითხრობს: ერთი იუდეველი გარეგნულად მოიქცა ქრისტეს რწმენაზე და ღირსი შეიქნა ნათლისღებისაც. შემდგომ სხვა ქალაქში გადასახლდა და დაუბრუნდა იუდეველთა წესს. მალე ქრისტეს დასაცინად და შეღავათების მიღების მიზნით, რომელთაც ქრისტიანი იმპერატორები ურიათაგან ქრისტიანობაზე მოქცეულებს აძლევდნენ, გადაწყვიტა, მეორედ მონათლულიყო. იმ მხარის ეპისკოპოსმა არაფერი იცოდა მის მზაკვრობაზე, ნათლისღების წინ კათაკმეველს უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატები და შეუდგა წმინდა საიდუმლოების აღსრულებას. ეპისკოპოსმა ბრძანა, ემბაზი წყლით აევსოთ. მაგრამ იმ დროს, როცა ემბაზის წინ ლოცვებს კითხულობდა და ურია ნათლისღების წყალში უნდა შთაეფლა, ემბაზში წყალი გაქრა. ღვთისა და თავისი სინდისისგან მხილებული ურია მუხლებში ჩაუვარდა ეპისკოპოსს და აღიარა ჩადენილი მკრეხელობა.
* 1892 წელს "ტომსკის ეპარქიის უწყებანში" გამოქვეყნდა ასეთი ამბავი: ახალნათელღებულმა 89 წლის ალთაელმა გვამცნო იმ არაჩვეულებრივ მოვლენაზე, რომლის ხილვის ღირსიც შეიქმნა თავისი ოჯახის ნათლისღებისას. თვითონ ის ცოლ-შვილზე ერთი წლით ადრე მოუნათლავთ მისიონერებს. ცოლ-შვილის ნათლობისას მისი ყურადღება მიიპყრო ეკლესიის გუმბათიდან დაშვებულმა არაჩვეულებრივმა ნათლის სვეტმა, არადა მოღრუბლული დღე იყო. ნათლის სვეტიდან გამოდიოდა უამრავი ალი, გეგონებოდათ, უთვალავი სანთელი დაუნთიათო. ცეცხლის სვეტი ეშვებოდა და იფანტებოდა ემბაზში და აბრწყინებდა მას. ბერიკაცი ემბაზთან მივიდა ნათლის სვეტის შესახედად. სინათლე კი ერთ ადგილას შეიკრიბა ცეცხლოვანი კვერცხის სახით, ჩაეშვა ემბაზის ფსკერზე და გაქრა. ამის შესახებ მან მაშინვე მისიონერებს მოუთხრო. ეს იყო ხილული დადასტურება იმ მადლისა, რომელსაც იღებს და რომლითაც ბრწყინდება ახალნათელღებული.
* წმინდა მოწამე პორფირეზე მოგვითხრობენ: რომის იმპერატორი იულიანე განუდგა ქრისტეს, გადაწყვიტა ქრისტიანთა გაჟლეტა და თავის სამფლობელოში კერპთაყვანისცემის აღდგენა. მრავალი ტანჯვა-წამების გარდა, რომელსაც ის ქრისტიანებს შეამთხვევდა, სახალხოდ დასცინოდა ქრისტიანთა ღვთისმსახურებას და წეს-ჩვეულებებს. მეფის კარზე ერთი მასხარა იყო, სახელად პორფირე, რომელიც მეფეს ართობდა ქრისტიანული საიდუმლოების პაროდირებით. ერთხელ ნათლისღების დაცინვა გადაწყვიტა. დაიწყო მკრეხელურად ნათლისღების ლოცვის წაკითხვა თავის თავზე, შემდეგ შევიდა წყალში, სამჯერ შთაეფლო ყოვლადწმინდა სამების სახელზე და მოხდა სასწაული - ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება, რომელმაც უეცრად გარდაქმნა და ურწმუნო მკრეხელი მორწმუნე ქრისტიანად შექმნა. სულიერად აღორძინებულმა პორფირემ მაშინვე აღიარა ქრისტე ღმერთი და ამხილა მეფე ღვთის ღალატში. იულიანეს ბრძანებით და ღვთის მოწყალებით, წმინდა პორფირე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქმნა, მასაც, წმინდა ჰენეზივით, თავი წარკვეთეს ქრისტეს გულისთვის.
* წმინდა პელაგია ნათლისღების შემდეგ სრულიად შეიცვალა. ქრისტეს რწმენით განათებულმა ახალმა ნერგმა უფლის ეკლესიისამ აღარ ინება ძველი დიდებული ჩასაცმელი და ძვირფასეულობა და ყოველივე ეპისკოპოსს გადასცა, რომელმაც გაყიდა და გლახაკებს დაურიგა. პელაგიამ ჩაიცვა დაკონკილი სამოსი, დაუტევა ეს სოფელი და უდაბნოში განვიდა. ის, ვინც იყო ამაყი, თავნება, მრავლისმეტყველი, გახდა თავმდაბალი, უბრალო და დღედაღამ ღვთის მადიდებელი.
* 987 წელს კიევის მთავარი ვლადიმირი თავისი ჯარით შევიდან კორსუნში, დაიპყრო ქალაქი და ბიზანტიის იმპერატორს ცოლად და მოსთხოვა. შეუთვალეს, ჯერ მოინათლეო. მე დიდი ხანია შევიცანი და შევიყვარე ქრისტიანობაო, - უპასუხა მათ ვლადიმირმა, მაგრამ სინამდვილეში მცირედმორწმუნე გახლდათ. სანამ ანა, და იმპერატორისა, ჩამოვიდოდა კორსუნში, წარმართ მთავარს დაემართა ის, რაც შეემთხვა სავლეს, სანამ პავლე შეიქნებოდა - დაბრმავდა. კორსუნში ჩამოსულმა ანამ ეპისკოპოსს სთხოვა, ვლადიმირი დაუყოვნებლივ მოენათლა. ეპისკოპოსი დათანხმდა. მონათლა თავადი და როცა ემბაზიდან ამოსულს თავზე ხელნი დაასხა, უეცრად ვლადიმირს, რომელსაც ნათლისღებით ბასილი უწოდეს, აღეხილა თვალნი - ხორციელიც და სულიერიც. მან აღფრთოვანებით წამოიძახა: "აი, ახლა ვიხილე მე ჭეშმარიტი ღმერთი". ამ სასწაულის მოწმე ვლადიმირის მეგობრებმაც იწამეს ქრისტე და თავადის კვალად მოინათლნენ.
* მამა გიორგი ქარსლადისს (+1959) ბავშვობაში უფროსმა ძმამ სთხოვა, შვილი მომინათლეო. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას მან დაინახა, რომ წმინდა ემბაზს გარს ვეებერთელა გველი შემორტყმოდა. შეშინებული ბიჭი ეკლესიიდან გაიქცა. გველი მის გარდა, რა თქმა უნდა, არავის დაუნახავს. როცა შინ დაბრუნდა, მოუყვა თავისიანებს გაქცევის მიზეზს. როცა ამის შესახებ შეიტყო ნათლისღების საიდუმლოების აღმსრულებელმა მღვდელმა, მიხვდა, რომ ეს მისი ჩადენილი ერთი მძიმე ცოდვის ბრალი იყო.
* მამა პაისი ათონელი სიყრმიდანვე კრძალვით და შიშით აღასრულებდა ღვთის საქმეს. თხუთმეტი წლის იყო, მშობლებმა რომ სთხოვეს, მეგობრის ბავშვი მოგვინათლეო. უარისთვის ათასი რამ მოიმიზეზა, რადგან იცოდა, მონათვლა მხოლოდ სახელის დარქმევა არ არის, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას მიმრქმელი ყრმისა მიირქვამს იმ სერიოზულ პასუხისმგებლობასაც, რაც ბავშვის სულიერად აღზრდისთვის მართებს. ამას ეუბნებოდა კიდეც მშობლებს არსენი (მამა პაისის სახელი ერისკაცობაში), მაგრამ ისინი ეტყოდნენ: - თუ ყველა შენნაირად იმსჯელებს, მაშინ აღარავინ იქნება ღირსი ნათლიობისო. არსენი ყოველთვის ემორჩილებოდა მშობლებს და ახლაც დაუჯერა - მონათლა ბავშვი. როცა ნათლისღება დასრულდა, შინაურებმა უთხრეს, - ესაა ყველაფერი, შენ კი ერთი ამბავი ატეხეო. არსენმა მიუგო: - რადგან უღირსი ვარ, საკუთარი თავის შველა არ შემიძლია და მით უმეტეს - სხვისა, ნათლობისას უფალს ვთხოვე: უფალო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ჭვრეტ ყოველი კაცის გულს და იცი, როგორ ჩაივლის მისი ცხოვრება. თუ ხედავ, რომ იგი წესიერად იცხოვრებს, ხომ კარგი, მაგრამ თუ ჭვრეტ, რომ საფრთხე შეექმნება მის სულს და შეიძლება ვერ ცხონდეს, მე კი არ შემიძლია მის სულს დავეხმარო, მაშინ გაიყვანე ახლა, ვიდრე ჯერ კიდევ ანგელოზია". რამდენიმე თვის შემდეგ არსენის ნათლული გარდაიცვალა და ყველა განაცვიფრა ამ ამბავმა.
* ანტიოქია ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ნახევარმილიონიანი დედაქალაქი იყო აღმოსავლეთ იმპერიისა. წარმართობა, ყველა თავისი სისაძაგლით, არსად გავრცელებულა ისე სრულყოფილად, როგორც ამ ქალაქში. ანტიოქია იყო შესაკრებელი ქურუმთა, აქ აღესრულებოდა უსაზიზღრესი ორგიები. შვება-განცხრომით აღვსებული მოქალაქენი ათასნაირ გასართობს ეძებდნენ, ყველანაირი ცოდვით აბინძურებდნენ სულსა და სხეულს. როცა იქ ქრისტიანობა გავრცელდა, საოცრად იცვალა ფერი ქალაქმა. წმინდა იოანე ოქროპირის დროს ანტიოქიის გარეუბანში ცხოვრობდნენ დასნი და დასნი წმინდა ქალწულთა, რომელთაც უფლისთვის მიეძღვნათ თავი. აი, რას ეუბნება ანტიოქიელებს ერთ-ერთი საუბრისას წმინდა იოანე: - სათუთად გაზრდილი ქალწულნი, რომელთაც ოცი წელიც არ შესრულებიათ, უამრავი მსახურით გარემოცულნი ცხოვრებას განცხრომაში ატარებდნენ. არ აკლდათ რბილი საწოლი, გემრიელი საჭმელი და ალერსიანი მოპყრობა, ზრუნავდნენ მხოლოდ თავის მორთვაზე... უეცრად ისინი ქრისტეს ცეცხლმა მოიცვა. დატოვეს ყოველი სიმდიდრე, სამკაულები, ნუგბარი, დაივიწყეს თავიანთი სხეულის სინაზე, ასაკი, ყოველგვარი სიამოვნება და, მამაც მეომართა დარად, შეუდგნენ კეთილმოსაგრეობას... ამ ნაზმა ქალწულებმა მკაცრი ცხოვრების წესს მიაღწიეს. შიშველ სხეულზე ყველაზე უხეშ სამოსს იცვამდნენ, დადიოდნენ ფეხშიშველნი, საწოლად ჰქონდათ ლერწმის წნული, ღამის უმეტეს ნაწილს მღვიძარებაში ატარებდნენ. ტრაპეზობდნენ მხოლოდ საღამოობით, მათ სუფრაზე არ იყო არც მწვანილი და არც პური, მხოლოდ ცერცვით, ბარდით და ზეთისხილით საზრდოობდნენ. იმ ძნელ ხელსაქმეს ასრულებდნენ, რასაც წინათ მათი მოსამსახურეები აკეთებდნენ. უვლიდნენ ავადმყოფებს, გაჰქონდათ მათი ქოთნები, ბანდნენ და ასუფთავებდნენ. აი, ასეთი ძალა აქვს ქრისტეს ცეცხლს, ქრისტეს ნათელს, - დასძენს წმინდა იოანე.
* მამა პაისი ათონელი ბრძანებს: წმინდა ნათლისღებით ჩვენს სულში შემოდის მადლი ქრისტესი და ეს ნიჭი ყველასთვის ერთია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა ზოგიერთ წმინდანს მეტი მადლი მისცა, - რაც შეცდომაა. ქრისტეს ყველა შვილი ერთნაირად უყვარს, მაგრამ ყველას არა აქვს ერთნაირი კეთილმოკრძალება. თუ კაცი კეთილმოკრძალეა და სწამს, რომ ნათლისღებით მიღებული ქრისტეს მადლი ჩვენს სულში იმყოფება, იმდაბლებს საკუთარ ნებას, განიწმინდავს თავს, რათა მადლმა იმოქმედოს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მას ღმერთმა მეტი მადლი მისცა. ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სულმა მეტად შეიყვარა ქრისტე და თავისი სიმდაბლით ნება მისცა, იმოქმედოს მასში და მისი სულისთვის. ჩვენ არაფრით ჩამოვუვარდებით წმინდა მოციქულებს. მათ ხორციელად გვერდით ჰყავდათ უფალი, რომელიც მათ ეხმარებოდა. ჩვენს სულებშიც სიყრმის ასაკიდანვე, წმინდა ნათლისღების მადლით, იმყოფება უფალი. საჭიროა სული გავითავისუფლოთ ვნებებისგან და მივცეთ მადლს მოქმედების საშუალება. როცა სული საბოლოოდ განიწმინდება სურვილებისგან და სრულიად დამდაბლდება, მაშინ ქრისტეს მადლიც მოიხილავს და ქრისტეს ყველა დაპირება ასრულდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი