მამა ნექტარიოსი. მამა აზარიას ჰყავდა ბიძაშვილი, რომელსაც ანდრიას ეძახდნენ.
როდესაც მამა აზარიამ, მყუდროებისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, ყველასთან მხოლოდ ჟესტებით იწყო ურთიერთობა, კალივის ხელმძღვანელობა მისმა ბიძაშვილმა ჩაიბარა. ერთხელ ის ჭასთან მივიდა და მოკვდა. დაკრძალვის მერე მამა აზარია მის შემცვლელს დიდხანს ეძებდა კალივებში. ბოლოს იპოვა მამა ნექტარიოსი. თავიდან მამა ნექტარიოსი ქრისტეს შობის კალივაში ცხოვრობდა. იქიდან მთავარანგელოზის კალივაში გადავიდა და ემსახურებოდა (უვლიდა) მამა ანტონს, რომელიც წარმოშობით კიფერის ცირნოდან იყო. მისი მორჩილი გახლდათ მამა ქრისანთე - სწორედ ის, რომელიც სკიტის ტაძარში 18 წელი ფეხშიშველი მნათეობდა. მუდმივი დგომისა და ფეხშიშველა სიარულის გამო ფეხები დაულპა და მოწამესავით გარდაიცვალა.
მამა ანტონს მამა აზარიამ ნათლისმცემლის კალივაში უხმო. იქ ბერმა დიდსულოვნად გაუძლო ყველა განსაცდელს და გამოცდილი შეიქმნა მონაზვნური ცხოვრების წესში.
შემდგომში მამა ნექტარიოსთან კალივაში მისი ორი ძმისშვილი მოვიდა, მათ შეემატა კიდევ ერთი ახალბედა კაბოსანი მონაზონი ისიქი, რომელიც თავიდან წმინდა მარკოზის მონასტერში მოღაწეობდა. მერე მეც მოვედი. მის ერთ ნათესავს აღკვეცისას იოანე დაარქვეს წმინდა იოანე ნთლისმცემლის პატივსაცემად, მე კი ქრისანთე მიწოდეს, მთავარანგელოზის კალივაში მოწამებრივად აღსრულებული, მამა ანტონის მოწაფის, ღირსი ქრისანთეს პატივსაცემად.
მალევე ტაძრად მიყვანების კალივაში მამა ნექტარიოსის მიღებული კიდევ სხვა ორი ძმაც აღკვეცეს. ქიოსელმა ისიქიმ ანტონის სახელი მიიღო, მამა ანტონის პატივსაცემად, მეორე ძმისშვილს კი ნეტარი მამის, ამბერკის პატივსაცემად ამბერკი უწოდეს. ის 1978 წელს გარდაიცვალა, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს და მამებმა სააღდგომო საგალობლების გალობით დაკრძალეს. ნეტარი გახლდათ მისი აღსასრული: ის სკიტის საერთო ლოცვიდან დაბრუნდა, მიწვა და მიიძინა.
მამა ნექტარიოსი იმდენად მოწყალე იყო, რომ შეძლებოდა, წმინდა ნათლისმცემლის კალივის კედლებსაც კი მოწყალებად დაურიგებდა მეუდაბნოეებსა და თურქებისგან დამონებულ მრავალრიცხოვან ძმას. მისი შინაგანი მუშაკობის ამბავი მხოლოდ ნეტარხსენებულმა მამა აზარიამ იცოდა.
ერთხელ ბოსტნის ბარვისას მითხრა:
- მამა ნექტარიოსი მწუხრის მერე მეუდაბნოეებთან მიდის და მთელ ნამუშევარს მოწყალებად მათ ურიგებს.
გავიდა დრო და ის სკიტის დიკეა გახდა, ანუ წინამძღვარი სკიტისა ერთი წლით. დიკეოსის ვადის გავლის მერე მამა ნექტარიოსმა სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, ქიოსის მოპირდაპირედ, სმირნის ქვემოთ, ვურლაში.
მე მაშინ ამომრიცხეს ნათლისმცემლის კალივის ძმათა რიცხვიდან და მიბრძანეს, გადავსულიყავი მამა არსენის მორჩილებაში, რომლის მემკვიდრეც სალამინში მამა ნექტარიოსი გახდა.
მამა არსენმა გამოისყიდა წმინდა სამების კალივა. მე მისი მორჩილი ვიყავი, როცა ის დიკეა გახდა. კურთხევა მივიღე, რომ სოფელში წავსულიყავი და იქ ეკლესიისთვის მეღვაწა.
როცა ათონზე დაბრუნებას ვაპირებდი, შეიტყო ჩემი ბავშვობის მეგობარმა, მამა პაისიმ და მითხრა: - დამიცადე, ქრისანთე, გული მეუბნება, რომ შენთან ერთად მთაწმინდაზე უნდა წამოვიდეო. ერთად გავემგზავრეთ.
როცა ხომალდიდან დაფნის ნავსადგურში ჩამოვედით, დავინახეთ მამა ნექტარიოსი და მამა პაისის სულიერი მოძღვარი მამა კირილე. ჩვეულებისამებრ მიწამდე თაყვანი ვეცი და ხელზე ვეამბორე მამა ნექტარიოსს. მღველვარებისგან თვალზე ცრემლმომდგარმა მითხრა:
- მაპატიე, რომ მაშინ გაგაბრაზე. შენ კეთილისმყოფელი ხარ ნათლისმცემლის კალივისა. როცა ინგლისელებმა და ფრანგებმა მონაზვნები აიძულეს, მორები ეთრიათ, ჩვენ შენს სოფელში გაგამგზავრეთ. ბერადაც დარჩი და ძალზე იყოჩაღე, კალივის ამდენი ნაწარმი გაყიდე და შენთვის გროშიც კი არ დაიტოვე. მე ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ძალზე მიჯაჭვული ვიყავი ჩემს ძმისშვილებს. მეშინოდა, რომ შენ, როგორც საბერძნეთის ძველი მიწების მკვიდრი, მათ შევიწროებას დაიწყებდი. ვიცოდი შენი წარმოშობის შესახებ, ვხედავდი, რომ ბერძნულად კარგად საუბრობ და კითხულობ.
ის აცრემლებული ჩავიდა ტრაპზე, ეტყობა, გრძნობდა თავის მოწამებრივ სიკვდილს ქემალის ხანჯლისგან (ქემალ ათათურქმა - თურქმა გენერალმა თურქეთის ერთიანობისთვის ბევრი აგრესიული საქციელი ჩაიდინა, მათ შორის - 1922 წელს ბერძნები დახოცა).
მამა კირილე, მამა პაისის მოძღვარიც, სოფელში ბრუნდებოდა და ურჩია თავის თანამემამულეს, მამა ნექტარიოსს, ვურლეში ოჯახი მოენახულებინათ.
სმირნაში თურქებმა ყველა მღვდელი და მონაზონი ერთ ბარჟაზე შეკრიბეს და დაცვა დაუყენეს. ზოგიერთმა მონაზონმა, რომელთაც წიგნებიდან ახსოვდათ წინასწარმეტყველებები, გაქცევა მოახერხეს და ქიოსსა და მიტილინეს მიაღწიეს. დანარჩენი ტყვეები, მღვდლები და მონაზვნები დახვრეტას ელოდნენ. მხოლოდ მამა ნექტარიოსი ამხნევებდა მათ:
- ძმანო, ჩვენ ქრისტეს გამო ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავტოვეთ სოფელი და ყოველივე, რაც სოფელშია. ყოვლადსახიერმა ღმერთმა განგვიკუთვნა მოწამეობა, ამიტომაც არ უნდა გვეშინოდეს. სჯობია, ერთმანეთს აღვუაროთ ჩვენი ცოდვები, რათა სიკვდილის შიში განგვეშოროს.
ყველა დაემორჩილა, აღსარება თქვეს, მოიპოვეს კადნიერება და მოწამებრივი აღსასრული მიიღეს. ღვთის განგებულებით, მხოლოდ ერთი დიაკონი გადარჩა, რომელიც ამ ამბავს ილესეში, წმინდა ფოტინეს ეკლესიაში ღამისთევის ლოცვაზე მოჰყვა.
ხედავ, რაოდენ ძლიერია მოწყალება? მამა ნექტარიოსი ყოველთვის მოწყალე იყო, არ ზოგავდა ძალას და როცა გარდაიცვალა, მოწყალება, ღვთის სათნოებათა შორის უპირველესი, დაეხმარა მას, ეხილვა სიკვდილი და ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულებულიყო.
მამა ნექტარიოსის მოწამეობა ჩემს სულში მადლმოსილ სარწმუნოების ნაპერწკლად აკიაფდა. უხილავი ხმა მეტყოდა, რომ თვალწინ სამაგალითოდ ყოველთვის მყოლოდა მამა ნექტარიოსი და სიკვდილის არასოდეს შემშინებოდა.
ამიტომაც, როცა ეკლესიაში ახალი სტილი შემოიღეს, სრულიად არ ვფიქრობდი სიკვდილზე და მხნედ ვუპასუხე მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსს (პაპადოპულოსი), პოლიციის უფროსის წინაშე, როცა ის წმინდა მართალი ანას სკიტიდან გასახლებით მემუქრებოდა: - მე ჩემს სახლში დავბრუნდები სინანულისთვის, მაგრამ კიდევ შეგხვდები საშინელ სამსჯავროზე, როცა განიხილება ყველა ის ბოროტება, რაც საბერძნეთის ეკლესიის წინაშე ჩაიდინე.
წმინდა სამების სკიტი. რა უთხრა მამა ონუფრემ მამა ქრისანთეს, ვიდრე მიიღებდა:
30 წლის ვიყავი, როცა წმინდა სამების კალივაში ჩამრიცხეს. მითხრეს, ჩემი მოძღვარი იქნებოდა ჩემივე ბიძაშვილი, სალამანელი მამა არსენი. მე კინოვიურ მონასტერში ცხოვრებაზე ვფიქრობდი და მონაზვნურ თემში მოხვედრას ვცდილობდი. გრიგორიანული კალენდრის შემოღებამდე მონაზვნური სათემო სამეუფეო გზასავით იყო, რომლის საშუალებითაც მორჩილს ადვილად შეეძლო უვნებლობამდე მისვლა - უვნებლობის მიერ კი იგი ყოვლადწმინდა სამებას იხილავდა.
ჩემმა ბიძაშვილმა და მოძღვარმა ძმობაში მიმიღო.
გადიოდა თვეები. დადგა აგვისტო. ვხედავდი, რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა: ხეები, ბუჩქები, წყაროები, მოკლედ, იცვლებოდა ბუნება მთაწმინდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღისა. თითქოს ჩამავალი მზის ნათელი ანათებდა თითოეული ბალახის ღეროს და მომავალი შემოდგომის ოქროსფერი ანარეკლი მაძრწუნებდა, არ ვიცი, რატომ, ამ ყველაფერს განვიცდიდი.
ნეტარხსენებულმა მამა ონუფრემ, მამა მინა მორჩილმა, ფერისცვალების კალივიდან წასვლა გადაწყვიტა. თავისი ჩვეულებისამებრ ის მაშინვე არ წავიდა, არამედ მხოლოდ მას მერე, რაც ყველა საქმე მოათავა. საერთოდაც მთელი მისი ცხოვრება მაგალითი იყო იმისა, რომ სხვებს საზრუნავი არ უნდა გაუჩინო.
ის წმინდა სამების კალივაში დასახლდა. მაშინ მე არაფერი მქონდა. პურის შოვნაც არ შემეძლო, რადგან ძმობაში არ შევდიოდი. მოძღვარმა მკითხა: - ძვირფასო მეგობარო, როგორ ხარ, რით ცხოვრობო. საპასუხო არაფერი მქონდა. თუმცა მას მე არ მივუღივარ, მაგრამ მისადმი კრძალვა მქონდა, ვხვდებოდი, რომ ის ყოველთვის ფიქრობდა ჩემი სულის ცხონებაზე.
მერე კი ვუთხარი: "ამ წმინდა ადგილას დამრიგებელი არ მყავს. ყველა მეუბნება, - მოძღვარი და კალივა უნდა შეიცვალოო. მორჩილად შედგომა მჭირდება, თორემ საჭმელად პურიც არ მექნება-მეთქი".
ჩვეულებისამებრ, მოძღვარი დუმდა, რათა არავინ განეკითხა. მაგრამ მოგვიანებით მიპასუხა: - აბა, მამაო, განა არ იცი, რომ ახლა აგვისტოა? იფიქრე იმაზე, რომ მომავალში ღვთისმშობლის ბაღში იყო. შენ უნდა დარჩე ჩვენს სკიტში, რომელსაც მისი დედის პატივად მართალი ანას სახელი ჰქვიაო.
მე მას ჩემს გარემოებებსა და განცდილზე მოვუყევი. ბერმა მიპასუხა: "გასულ კვირას მედავითნემ ილია მინიატისის ქადაგება წაიკითხა სოლომონის სიტყვებზე: "სთხოვე დედასა შენსა". ილია მინიატისის სამქადაგებლო ხელოვნება ნებას აძლევს ნებისმიერ მონაზონს, გონებით მოსწყდეს ყოველგვარ მიწიერს და უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუახლოვდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - ხორციელი დედაა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ხოლო მადლისმიერი დედაა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისა. ყველაზე მეტად მას უყვარს ის შვილები, რომლებიც მონაზონთა დასს შეუერთდნენ.
როცა მეუდაბნოეებთან გაემგზავრები - დააკვირდი იმ მონაზვნებს, რომლებიც მთაწმინდის მღვიმეებსა და ფუღუროებში ცხოვრობენ. ნახავ, რომ მათ შორის ყველაზე გლახაკიც კი ილია მინიატისის ამ ქადაგებას სიხარულის ცრემლებითა და აღტაცებით კითხულობს. ამ წმინდა ადგილის ყველა რჩეული, მინიატისის ქადაგებების გარდა, კითხულობს წიგნს ღვთისმშობლის სასწაულებზე, რომელიც ნეტარმა აღაპი კრიტელმა დაწერა, როცა ის წმინდა ანას მცირე სკიტის კუთვნილ მთავარანგელოზის მღვიმეში ცხოვრობდა. მრავალმა ჩვენმა მამამ ის ზეპირად ისწავლა და მათი მოგონებისას უდიდეს სიხარულსა და სიტკბოებას განიცდიდა.
როცა მონაზონი წიგნის კითხვისას მიაღწევს ათონზე "კარიბჭისად" წოდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივად მობრძანების ამბავს და წაიკითხავს იმას, რომ ამ ხატმა თავი მონასტრის "იკონომოსად" გამოაცხადა, ანუ გამგებად ყველა მისი საქმისა, ამ დროს აღფრთოვანებისგან გაყუჩდება, სიხარული გადმოეღვრება თვალთაგან და ხვდება, რომ ვიდრე არსებობს ხატი ღვთისმშობლისა და ყოველთა ქმნილებათა დედოფლისა, "იკონომოსად" წოდებული, მონასტერს არასოდეს მოაკლდება ყოველდღიური არსობის პური.
უნდა დაფიქრდეს იმ სასწაულზეც, რომელიც მამა პართენს შეემთხვა, წმინდა თომას კალივაში რომ ცხოვრობდა, წმინდა ანას სკიტში. ეს ყველამ იცის. მისმინე:
მღვიმეში, სადაც წმინდა დიონისე რიტორობდა და მორჩილი მიტროფანე მოღვაწეობდა, ოდესღაც ერთი უბრალო მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც მხოლოდ აღაპი კრიტელის წიგნს "ცოდვილთა ცხონებას" კითხულობდა. როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მივიდა მამა პართენთან, ეს წიგნი გადასცა და უთხრა, რომ მალე მოკვდებოდა.
მამა პართენმა დიდი კრძალვით მიირქვა წიგნი და ჰკითხა, სიკვდილის წინ რაიმეს თქმა ხომ არ გინდაო. მან კი ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვები ბრძანა: "მამა პართენ, მთაწმინდას სამი უბედურება შეემთხვევა. ვიღაცის ხელი შეიპარება კარიესში და ყველა მონასტრის მთელ ფულს წაიღებსო". ასე მოხდა კიდეც 1909 წელს, როცა მიტილენეს ბანკის გაძარცვისას მონასტრების მთელი ფული დაიკარგა. "მერე კი მოვლენ ფორნებით და მამებს მუშაობას აიძულებენ". ასე მოხდა 1914 წლის ომის დროს, როცა ფრანგულმა დესანტმა და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა დააპატიმრეს ყველა მონაზონი და აიძულეს ისინი, საუკუნოვანი ხეები მოეჭრათ და ფორნებით ზღვამდე ჩამოეზიდათ. "მესამე განსაცდელი იქნება ის, რომ მონაზვნები დაიწყებენ ფულადი დახმარებების მიღებას ერისკაცთაგანო". ეს დღეს ასეც ხდება: მონასტრები ერისკაცთა შემოწირულობითღა არსებობენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი