მამა ეფრემ კატუნაკელი
გვსურს, ღირსი მამის, იოსებ მღვიმელის კიდევ ერთი მოწაფე, მამა ეფრემ კატუნაკელი გაგაცნოთ. მისმა სულიერმა შვილებმა მოძღვრის ბიოგრაფია გამოსცეს.
მამა ეფრემზე დაწერა ღირსმა მამამ, იოსებ ვათოპედელმა. ჩვენ კი ამ ორი წიგნის შეჯერებულ ვარიანტს წარმოგიდგენთ.როგორი იყო მამა ეფრემ კატუნაკელი? არქიმანდრიტი ეფრემ ვათოპედელი გვიყვება: "საღმრთო ლიტურგიას ის მხურვალე გულით და მადლის სრული შეგრძნებით ატარებდა და ხშირად ცრემლის სიუხვისა და საღვთო გამოცხადების გამო ასამაღლებელთა წარმოთქმა აღარ შეეძლო. ვფიქრობ, რომ ის ამაში შეუდარებელი იყო. როგორც მეუბნებოდა, თავისი პირველი ლიტურგიიდან უკანასკნელამდე, ყოველთვის ერთგვარი "სულიერი სახით" ჭვრეტდა, თუ როგორ გადააქცევდა ღვთაებრივი მადლი პატიოსან ძღვენს ქრისტეს სისხლად და ხორცად. ფეშხუმზე ის ხშირად, ჩვენგან განსხვავებით, თვითონ იესო ქრისტეს ხედავდა. ხშირად კი, საღვთო ლიტურგიის შესრულებისას, თავის მარჯვნივ და მარცხნივ ანგელოზებს ჭვრეტდა.
ერისკაცობა. ევანგელე (მომავალი მამა ეფრემი) 1912 წლის 6 დეკემბერს დაიბადა ქალაქ თებეს ახლო სოფელში, იონაეს (იანისი) და ვიქტორიას ოჯახში. "ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ. მამას მცირე მიწა ჰქონდა, რომელიც ხან კარგ მოსავალს აძლევდა, ხან მხოლოდ სათესლეს იღებდა. დიდი ჯაფა ადგა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, ჩვენ გიმნაზიაში გვესწავლა". გაჭირვების გამო ისინი თებეში გადასახლდნენ.
ევანგელე იმ დროს დაიბადა, როცა მამამისი ჯარში იყო და სალონიკის განთავისუფლებისთვის იბრძოდა. ფეხმძიმე ვიქტორიას კი გულისთქმები ტანჯავდა. არ იცოდა, ქმარი ცოცხალი თუ დაუბრუნდებოდა. ხელში ორი წლის ბავშვი ეჭირა და ფიქრობდა: - კიდევ ერთი ბავშვი რაღად მინდაო. ამიტომ მუშაობისას თავს არ ზოგავდა. მოგვიანებით, როცა ვიქტორიამ თავისი შვილის, ეფრემის ათონზე სულიერი წარმატებების ამბავი შეიტყო, ტიროდა და აღიარებდა: "ჰოი, მე სულელს მაშინ მინდოდა, რომ შვილი მუცელში მომკვდომოდა. არადა იგი თავისი მართალი ცხოვრებითა და ლოცვებით მაცხოვნებსო". ვიქტორია მთელი სიცოცხლე შესთხოვდა ღმერთს, რომ მისი ვაჟის, ეფრემის ლოცვით შეენდო მისთვის და ანგელოზებრივი სქემის ღირსი გაეხადა.
ევანგელემ გიმნაზიის ექვსი კლასი დაამთავრა, კარგი შვილი იყო, მშობლების მორჩილი. ხშირად მეზობლად მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაში მიდიოდა ლოცვაზე. სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი მოძღვარი, მამა ეფრემი და მამა ნიკიფორე, რომლებიც წარმოშობით თებელები იყვნენ და სამშობლოში ჩამოვიდნენ ახლობელთა მოსანახულებლად, სკვნილზე ლოცულობდა და სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა. ათი წლით უმცროს ძმას, ხარლამპეს ხშირად აღვიძებდა მუხლის მოდრეკის დროს იატაკზე დაცემული ევანგელეს სკვნილის კაკუნი. უფროსი ძმა ამშვიდებდა ბავშვს და თავს იმართლებდა: - ხარლამპე, შუაღამისას ცა იხსნებაო.
ერთხელ ხარლამპე ევანგელემ რაღაცაზე გააბრაზა და მისი კურთხევის გარეშე წავიდა გიმნაზიაში, მათემატიკის გამოცდაზე. ადვილად გამოიყვანა ამოცანა და შედეგი 12/4 მიიღო. კლასელებმა უთხრეს, - სწორი პასუხი 3 უნდა იყოსო. ბევრი იფიქრა, მაგრამ შეცდომა ვერ დაინახა და ჩააბარა საგამოცდო ფურცელი. ეზოში გამოსული მიხვდა, რომ უმარტივესი შეცდომა დაუშვა, წილადის ნიშანი დატოვა და რიცხვები არ გაყო! ამ ამბავს მამა ეფრემი ხშირად ყვებოდა ხოლმე და შვილებისთვის მშობლის კურთხევის დიდ მნიშვნელობას აღნიშნავდა.
ოჯახური ატმოსფერო ხელს უწყობდა ევანგელეს სულიერ ზრდას. მამამისი მკაცრი, პატიოსანი, მშრომელი კაცი იყო. თუმცა ეკლესიაში კლიროსზე გალობდა, მას მაინც დიდად არ მოსწონდა, რომ ევანგელე ხშირად დადიოდა მონასტერში. მიუხედავად ამისა, ცხოვრების ბოლო წლებში იგი მონაზვნობის ღირსი შეიქმნა და საყვარელი ვაჟის გვერდით დასახლდა კატუნაკში.
ევანგელეს დედა დიდი გულის ადამიანი იყო, ყველა უყვარდა. უხვად გასცემდა მოწყალებას და მრავალი წლის განმავლობაში შესთხოვდა უფლის დედას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მე ცოდვილი დედაკაცი ვარ, მაგრამ გევედრები, თუ შესაძლებელია, შემეწიე, რომ მონაზონი გავხდე". მართლაც, ყოვლადწმინდა ქალწულმა იგი სიკვდილის წინ ღირსყო ანგელოზებრივი სქემის შემოსვისა.
გიმნაზიის დასრულების მერე ევანგელემ სკოლაში შესასვლელად გამოცდა ჩააბარა, მაგრამ პროტექცია არავინ გაუწია და არ მიიღეს. მფრინავთა სკოლაში შეიტანა საბუთები, მაგრამ ექიმებმა დაიწუნეს - ტაქიკარდია გჭირსო.
ხედავდა თავის გიმნაზიის მეგობრებს, რომლებიც კარიერას იკეთებდნენ, თვითონ კი ხელთ არაფერი ჰქონდა და შემთხვევით თუ რამე სამუშაო გამოჩნდებოდა, იმით ირჩენდა თავს. ბოლოს ჯარში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ალერგიის გამო ფეხები დაუწყლულდა და ორი წლით გადაუვადეს ჯარში წასვლა. ევანგელე დარწმუნდა, რომ უფალი ათონის მთისკენ მიუთითებდა. როცა მან მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, დედამისს, ვიქტორიას, ძილში გამოეცხადა ვიღაც პატივცემული კაცი (ღირსი ეფრემ ასური) და უთხრა: - შენი შვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ღვთის ნებაა და დიდ წარმატებას მიაღწევსო. ამგვარად, 1933 წლის 14 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაული ევანგელემ ათონზე, კატუნაკის უდაბნოში იზეიმა.
კატუნაკის უდაბნოში. ეგეოსის ზღვის პირას ათონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კატუნაკის ხეობა. კლდეებზე მიდგმული თოთხმეტი ქოხი შორიდან არწივთა ბუდეებს გაგონებს. ამბობენ, რომ ამ ადგილებში VII საუკუნეში დასახლებულან არაბების შემოსევებისას პალესტნიდან და ეგვიპტიდან გამოქცეული მონაზვნები, მაგრამ ვერ გაუძლეს მომატებულ ტენიანობას, ცივ ქარებს, სხვა სირთულეებს და ორ-სამ წელში ყველა გარდაიცვალა. შესაძლოა, მაშინ ააშენეს კიდეც აქ კალივები, რომლებიც უპატრონობამ აღგავა.
მკვიდრად აშენებული კალივები, პატარა საყდრებთან ერთად, კატუნაკის უდაბნოში XIX საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება. ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე მდებარეობს ღირსი ეფრემ ასურის სახელობის კალივა, რომელიც ნახევრად კლდეებშია შეყუჟული. ამ შენობას აგვირგვინებს მეორე სართულზე აშენებული ეკლესია თოთხმეტი სტისიდიით, რომელიც საკმაოდ ფართოა კატუნაკისთვის. ამ კალივის მაშენებელი იყო მამა ლონგინოზი - ქსენეფონტეს მონასტრის მონაზონი და სავანის ნავის კაპიტანი. ერთხელ, ცურვისას, მან იგრძნო, რომ ნავს წინსვლაში რაღაც ხელს უშლიდა, გადაიხედა კიჩოს წინ და თავისდა გასაოცრად ზედ "მიკრული" ღვთისმშობლის მომცრო ხატი, "ანგელოზთა დედოფალი" დაინახა. მამა ლონგინოზი კატუნაკში დასახლდა და თან ეს ხატიც მიაბრძანა ნიშნად ღვთისმშობლის შუამდგომლობისა. დაახლოებით XIX საუკუნის 50-იან წლებში იქ მან პატარა კელია ააშენა. მერე მასთან დასახლდა ენერგიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა მონაზონი ეფრემი. მან ააგო ეკლესია და ააშენა მთელი უდაბნო. თვითონვე იყო დამაარსებელი ღირსი ეფრემ ასურის სახელობის კელიისა. მან 1907 წელს დიდი და მკვრივი გალავანი აუშენა ეკლესიას. მალე მონაზონ ეფრემს შეუერთდნენ: მონაზონი ნიკიფორე, შემდგომში მღვდელმონაზონი, წარმოშობით თებელი, მონაზონი ლონგინოზი, მორჩილი ძველი ეფრემისა, რომელიც ვლახი იყო წარმოშობით და მონაზონი აბოკოვი, ისიც თებელი. მონაზონი ლონგინოზი მალევე გაიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან.
1933 წელს ამ ძმობას შეუერთდა ჩვენი ევანგელეც. მან მამა ეფრემს უკვე ძალზე ხანდაზმულს მიუსწრო. მამა ნიკიფორე და მამა პროკოფი შუახნისანი იყვნენ. მამა ეფრემი ღირსეული მონაზონი გახლდათ, მაგრამ ძალზე მკაცრი იყო. განათლებულ და ოჯახურ სითბოსა და სიყვარულში გაზრდილ ახალგაზრდას თავიდან ძალზე გაუჭირდა.
- არ იცი ცომის მოზელა? - ეკითხებოდა მოძღვარი და ბრაზობდა, - აბა, ეს დაამშვიდებს ჩემს სიბერეს? თუ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, რისთვის მოხვედი აქ...
- მაპატიეთ, ვეცდები, ვისწავლო.
- რაში მარგია შენი განსწავლულობა? - ჯავრობდა მოძღვარი და ეხებოდა მორჩილის მგრძნობიარე გულის სიმებს.
"დავმდაბლდი და ვმორჩილებდი, - ჰყვებოდა მოგვიანებით მამა ეფრემი, - მაგრამ ერთხელაც მოძღვრისადმი შეპასუხების სურვილი გამიჩნდა. მე წიგნიერი ვარ-მეთქი! თუმცა თავი შევიკავე". ზოგჯერ ბერიკაცს აღაფრთოვანებდა თავისი მოწაფის განსწავლულობა.
მამა ეფრემი არიგებდა მორჩილს, რომ ეკლესიის ხატების ამბორისყოფის მერე ტაძარში სამი მცირე მეტანია უნდა შეესრულებინა. პირველ ლიტურგიაზე დაინახა, რომ ახალბედა მონაზონმა დიდი მეტანია გააკეთა და თვითონაც ასე მოიქცა, რაზეც მოძღვრის სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა: "ესე იგი, გირჩევნია უცხო მონაზონს მიბაძო, ვიდრე საკუთარ მოძღვარს დაუჯერო?" აი, ასე მოთმინებით ებრძოდა შინაგან და გარეგნულ სიძნელეებს.
ერთხელ ძალიან მოენატრა დედა, - ერთი შემახედა და მერე თუნდაც მოვკვდეო. ავიდა ეკლესიაში, დადგა "ანგელოზთა დედოფლის" ხატის წინ და მიმართა: "ჩემო ყოვლადწმინდაო ღვთისშობელო, მას მერე, რაც მთაწმინდაზე მოვედი, მხოლოდ შენ მყავხარ საკუთარ დედად". იმწამსვე გულისთქმა, რომელიც აშფოთებდა, გაუქრა.
ახალბედა მორჩილი გულმოდგინედ შეუდგა მარხვის ღვაწლს, მაგრამ სხეულის უძლურების გამო ასეთი მარხვა ვეღარ გააგრძელა და ავად გახდა. ამის მერე იძულებული იყო, ზომიერად ემარხულა. მამა ნიკიფორე უფრო შემწყნარებელი იყო მის კვებასთან დაკავშირებით, თუმცა თავისთვის მაინც ამბობდა: "მამები გაიძახიან: მარხვა, მღვიძარება, ლოცვა, ეს ახალგაზრდობა კი საჭმელსა და ლოცვას ეძებს, განა ასე შეიძლება? მაგრამ, როცა მორჩილის მოშურნეობას და მორჩილებას ხედავდა, მარხვის შემსუბუქების ნებას აძლევდა. თანაც მათი ხელსაქმე - სეფისკვერების გამოსაცხობად ხის ბეჭდების გაკეთება - დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა. ნათხოვარი ჯორებით ძნელად მისადგომი ტყეებიდან მორები უნდა მოეთრიათ, ხელის ხერხით დაეხერხათ, ნაჯახით გაეთალათ, დაზგაზე დაემუშავებინათ და ბეჭდის ფორმა მიეცათ. ბოლოს კი ეს ყველაფერი ზურგით ნავსადგურამდე უნდა წაეღოთ. ფიზიკურ შრომას მიუჩვეველ ყმაწვილს თიაქარი ემუქრებოდა. ევანგელე წმინდა პარასკევას შესთხოვდა კურნებას. ერთხელ წმინდა პარასკევა ძილში გამოეცხადა და დაამშვიდა, - გამოჯანმრთელდებიო. უფლის მადლი იცავდა და შეეწეოდა მორჩილს.
ოდნავ წინ წავიწევთ და მამა ეფრემის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ, როცა ის მარტო დარჩა თავის დაუძლურებულ მამა ნიკიფორესთან ერთად.
- ერთხელ ტყეში ვიყავი, - ჰყვებოდა მამა ეფრემი, - ვცდილობდი მორების გადაგორებას, რომლისგანაც ბეჭდების გამოთლას ვაპირებდით. მარტო მე ამას ვერ მოვერეოდი. უეცრად საიდანღაც გაჩნდა ყმაწვილი, რომელიც ხალისით დამეხმარა მუშაობაში. როცა მოვბრუნდი მისთვის მადლობის გადასახდელად, გამქრალიყო. მაგრამ მან მითხრა, რომ თეოდორე ერქვა.
მძიმე ხელსაქმით დაღლილს საღვთო მადლი ეფინებოდა, ანუგეშებდა და მაშინ მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით ამბობდა: - ანგელოზებო და მთავარანგელოზებო, განზე გადექით, რათა დავინახო უფალი - სიყვარული ჩემი!