წმინდა მამა დავით გარეჯელი რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა. როცა იერუსალიმი გამოჩნდა, წმინდა დავითი მიწაზე დაეცა და აცრემლებულმა უფალს შეჰღაღადა:
ჩემი ცოდვების გამო არ ვარ ღირსი იმ ადგილის ხილვისა, სადაც წმინდა ფერხნი დადგი. ჩემთვის საკმარისია ის მადლი, რაც ამ ადგილთა ხილვით მივიღეო. მერე თანამგზავრები იერუსალიმში გაგზავნა, თვითონ კი ფრიადი ვედრებისა და ცრემლთა ღვრის შემდეგ მიწიდან სამი ქვა აიღო იმ რწმენით, თითქოს მაცხოვრის საფლავიდან ყოფილიყო ჩამოკვეთილი, ჩაიდო აბგაში და დაადგა სამშობლოს გზას. იმ ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქს, ელიას და უთხრა: იერუსალიმამდე მოაღწია ჩემმა საკუთარმა მონამ დავითმა და თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი წაიღო. აბგაში კურთხევის ნიშნად აღებული სამი ქვა უდევს. ორი გამოართვი და ერთი დაუტოვე. უფლის სახელით უთხარი: "სათნო მიჩნდა, ორი ქვა დამებრუნებინა, იერუსალიმი მადლისგან სრულად რომ არ განძარცვულიყო, ხოლო მესამედი მადლისა მომინიჭებია და წაიღე შენს უდაბნოში". გაღვიძებულმა პატრიარქმა მაშინვე ხალხი დაადევნა მამა დავითს. გადასცეს პატრიარქის დანაბარები ღირს მამას, ჩამოართვეს ორი ქვა, იერუსალიმში მიიპატიჟეს, მაგრამ ვერ დაითანხმეს წმინდა ქალაქში შესულიყო. ასე ჩამოაბრძანა ღირსმა დავითმა მადლის ქვა - იერუსალიმის მადლის მესამედი.
* თხზულებაში "ძეგლი ერისთავთა" ვკითხულობთ: მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო. დიდად შეწუხდა მეფე გიორგი, იერუსალიმში დიდი ძღვნით გაგზავნა შალვა ერისთავის ძე პიპა. სულთანმა სიხარულით მიიღო ძღვენი და მისცა კლიტენი იერუსალიმისანი - მაცხოვრის საფლავის ტაძრის გასაღებით. პიპა გახარებული მივიდა მაცხოვრის საფლავთან, ეამბორა, აწირვინა, ეზიარა, თანამგზავრი დეკანოზი იოანე ბანდაისძე მოძღვართმოძღვრად აკურთხებინა. ეს ამბავი მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს მომხდარა.
* ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: 1529 წელს ქართველებს იერუსალიმი აუღიათ. სულთან სულეიმანს გიორგი - ქართლის, ბაგრატ - იმერეთის და ლევან - კახთა მეფეებისთვის კაცი გამოუგზავნია: "თქვენი რჯულის წმინდა ადგილი, იერუსალიმი, უსჯულოებმა დაიპყრეს. ქალაქი თქვენთვის მომიცია, მოდით, გაყარეთ და თქვენი იყოსო". ქართველმა მეფეებმა სიხარულით შეკრიბეს სპა, მათ შეუერთდა ყვარყვარე ათაბაგი და მიადგნენ იერუსალიმს. ქალაქის დამცველებმა შემოუთვალეს: "გვითხარით, ვინ ხართ, თუ მტრები ხართ, მცირედ მიგვაჩნიხართ, ხოლო თუ სტუმრები - ბევრნი ხართო". ქართველებმა შეუთვალეს, - საბრძოლველად მოვსულვართო. გამოვიდნენ უსჯულონი და შეებნენ ქართველებს. ღმერთმა გამარჯვება მისცა ქართველებს. შევიდნენ ივერნი, გაათავისუფლეს წმინდა ქალაქი და ხელთ უამრავი ალაფი იგდეს. ეს რომ ხონთქარმა გაიგო, ქართველებს მიანიჭა: ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვრის მონასტერი.
* იმ დროს ოქროს ხანა იყო იერუსალიმელი ქართველებისთვის. თანამედროვე უცხოელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით - საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი - ყოველგვარი ბაჟის გარეშე შედიოდნენ იერუსალიმში.
მაგრამ გავიდა დრო და ქართველებმა იერუსალიმის მონასტრები დაკარგეს. მონაზონი მართა იერუსალიმიდან გულისტკივილით სწერს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს გრიგოლს (1696-1742): "ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დაკარგეთ? ეგებ არ მოხსენებოდეს, თვარემ საქონელი და სიმდიდრე ორივე აქ არის, ეს სოფელიცა და მერმეცა... წამობრძანდით, ამათა აღარ უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენი მონასტრებისა!.. ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს, ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვოს და თქვენ სულ იერუსალიმი დაკარგეთ! ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ეხლა ლამის რომ სულა გამოვარდეთ... ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიის, ან ოდიშის, იმერეთს და ქართლს პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა გექნებათ. თუ იერუსალიმი დაგეკარგვიან, რაღა რჯული და ან რაღა პირჯვრის წერა გექმნებათ..."
* XIX საუკუნის დამდეგს მღვდელმონაზონი ლავრენტი გოგოლაძე იერუსალიმს ეწვია. მან ზოგი იერუსალიმური ხელნაწერი სამშობლოში ჩამოაბრძანა. ერთ-ერთი ხელნაწერისთვის მიუწერია: "ამას ვიტყვი, რათა თქვენ სცხონდეთ, პატიოსანო მამანო, ქართველნო და იმერელნო, და უფროსღა ამას დაკვირვებული ვარ, რასათვის გაგიშვიათ და დაგივიწყებიათ დიდებული და ნათლით შემოსილი ესე ქალაქი იერუსალიმი. ჰოი, უდებებასა და უსასოებასა ჩვენის ქვეყნისასა, რამეთუ უფრო შორიდამ მოდიან ქრისტეს საფლავის სიყვარულისთვის და ჩვენის ქვეყნისა აქ აღარავინ მოდიხართ. და ამას თქვენის უმჯობესისთვის ვსწერ, რათა თქვენ ცხონდეთ..."
* ერთ დროს სინას მთის იღუმენი იყო მამა გიორგი, დიდად მოღვაწე ბერი. დიდ შაბათს იჯდა თავის კელიაში და ფიქრობდა, - წმინდა აღდგომის შესახვედრად წავალ იერუსალიმში და წმინდა ტაძარში მაცხოვრის აღდგომას ვეზიარები წმინდა საიდუმლოსო. მთელი დღე ფიქრობდა და ლოცულობდა. საღამოს კი მორჩილი კანონის შესასრულებლად გაუშვა და აკურთხა: წმინდა ზიარების დრო რომ დადგება, მაშინ მოდიო. თვითონ კი ამ დროს ღვთის განგებულებით უეცრად აღმოჩნდა იერუსალიმის მთავარეპისკოპოს პეტრეს სიახლოვეს. იგი სხვებთან ერთად პატრიარქმა აზიარა. თავის სვინკელს, მინას ჰკითხა: - სინას მთის ამბა როდის მოვიდაო. არ ვიცი, ახლა მეც პირველად დავინახეო, - უპასუხა მინამ. მაშინ პატრიარქმა ბრძანა: - უთხარით, რომ მერე ჩემთან ერთად ტრაპეზი გაიზიაროსო. გადასცეს დანაბარები მამა გიორგის. როგორც ღვთის ნება იქნებაო, - თქვა მან. იღუმენი ეამბორა მაცხოვრის საფლავს და კვლავ თავის კელიაში აღმოჩნდა. ამ დროს კი მოწაფემ დაუკაკუნა კარზე, ზიარების დროაო. ამასობაში პატრიარქი პეტრე შეწუხდა, რომ იღუმენი გიორგი ეურჩა და საყვედურის ეპისტოლე გაუგზავნა "დამნაშავეს". ასევე წერილები გაუგზავნა ფარანის ეპისკოპოსს და სხვა ცნობილ სინელ მამებს. ამბა გიორგიმ სამი დეკანოზი გაუგზავნა პატრიარქს და თან მისწერა, "უწყოდეს თქვენმა ნეტარებამ, რომ ექვსი თვის შემდეგ ერთმანეთს იესო ქრისტეს წინ წარმდგარნი შევხვდებით". დეკანოზებმა წერილი გადასცეს და უთხრეს, მრავალი წელია, რაც ამბა გიორგი პალესტინაში არ ყოფილაო, იმავეს ატყობინებდა ფარანის ეპისკოპოსის მიერ საპასუხოდ გამოგზავნილი წერილი: წმინდა მამა უკვე სამოცდაათი წელია სინას წმინდა მთას არ გაშორებიაო. პატრიარქმა კი მათ თვითონაც დაუდასტურა და ის ხალხი წარმოუდგინა, ვინც ამბა გიორგის თვითმხილველი იყო და ამბორუყო მას. ექვსი თვის მერე მამა გიორგის ნათქვამი აცხადდა: პატრიარქი და ბერი თითქმის ერთ დროს გარდაიცვალნენ.
* იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი. სავანის მთავარი სიწმინდეა ქვა, რომელზეც, გადმოცემით, იჯდა ყრმა იესო, როცა ის იერუსალიმის ტაძარში ხანდაზმულ ებრაელებს ესაუბრებოდა. ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია: XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა.
* მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, ერთ-ერთ ეკვდერში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატია, "მწუხარედ" წოდებული. უფლის დედას თვალები აქვს დახუჭული. მრავალი ხნის მანძილზე ხატი გამუქებულა, ფერდაკარგული იყო და იშვიათად თუ ვინმე ანთებდა მის წინ სანთელს. 1986 წელს, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ვინმე მუსულმანი პოლიციელი ტაძარში ჩვეულებრივ შემოვლას ატარებდა. როცა ამ ეკვდერში შეიხედა, შეშინებული გაიქცა აღდგომის ბერძნულ ტაძარში და მღვდლებს უთხრა: იმ ეკვდერში ღვთისმშობლის ხატის გარეშემო გაბრწყინებულია. თვითონ ხატი ცოცხალივით გამოიყურება, ახელს თვალებს და ტირისო. მართლაც, ხატი სასწაულებრივად განახლდა. მას მერე ბევრს უნახავს, თვალს რომ ახელდა, ზოგიერთს კი მტირალიც უხილავს.
* იერუსალიმის ახლოს მდებარეობს გორნენის დედათა რუსული მონასტერი. აქ 1967 წლიდან მოღვაწეობდა ხორციელი დედა-შვილი, მონაზონი ბარბარე და მონაზონი ვერონიკა. 1983 წლის 19 მაისს ბარბარე და ვერონიკა მონასტერში მარტონი დარჩნენ, რადგან მონასტრის დანარჩენი მკვიდრნი გენესარეთის ტბასთან მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის მონასტერში წავიდნენ. მეორე დღეს, როცა ცისკრის ლოცვაზე დედა-შვილი არ მივიდა, მოსაძებნად ხალხი გაგზავნეს. მონაზვნები კელიაში დახოცილები იპოვეს. იპოვეს მკვლელი, რომელიც ამბობდა: "ჩემმა ღმერთმა მიბრძანაო", ანდა "მე კი არ მოვკალი, არამედ ამა და ამ სულმაო". "წმინდა მიწა როგორც ძველად, ისე ახლაც მოწამეთა სისხლით განიბანებაო", - ანუგეშა სავანის დედები მონასტერში მოსულმა იერუსალიმის პატრიარქმა. მკვლელი კი... როგორც შეურაცხადი, ისრაელიდან გააძევეს.
* 2001 წლის დიდმარხვაში წმინდა მიწაზე ღირსი გერასიმე იორდანელის მონასტრის მონაზვნები და მრევლი სასწაულის მოწმენი შეიქნენ: დიდ შაბათს, განთიადისას, გარდამოხსნის გამობრძანების მერე, უამრავი ხალხის თვალწინ მირონმა იწყო დენა. მირონი უხვად მოდიოდა ყველა ხატიდან, ფრესკებიდან და გუმბათიდან. ეს სასწაული რამდენიმე დღე გაგრძელდა.
* გასული საუკუნის 80-იან წლებში ელეონის მთაზე დასახლდა არქიმანდრიტი იოაკიმე დედასთან ანასტასიასთან ერთად. მათ იერუსალიმის მერიას ეკლესიის აშენების ნებართვა სთხოვეს. თუმცა მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის, ნებართვა მაინც არ მისცეს. მაშინ მამა იოაკიმე, მართლმადიდებელი არაბების დახმარებით, მუშაობას ჩუმად შეუდგა. ქვიან გრუნტში ქვაბული გამოთხარეს და იქ ქვედა ტაძარი მოაწყვეს, რომელზეც ძირითადი ტაძარი დააშენეს, გუმბათზე ჯვარის დამაგრებაღა დარჩა... მაშინ, როცა მამა იოაკიმე და დედამისი წასულები იყვნენ, ხელისუფლებამ მიაყენა ბულდოზერი და დაანგრია ზედა ტაძარი, ქვედა ტაძრის რიგიც დადგა. და ამ დროს აუხსნელი რამ მოხდა. როცა იატაკის გათხრას შეუდგნენ, იმ ადგილას, სადაც პირველი ნახვრეტი გააკეთეს, დაეცა კედლიდან ამოვარდნილი ორმეტრიანი მაცხოვრის ხატი, რომელმაც ღერძის გარშემო ტრიალი დაიწყო. ამ მომენტში ყველანაირი ტექნიკა გაუჩერდათ დამანგრეველებს. შეეშინდათ და დანგრევას თავი ანებეს. ეს ამბავი 1992 წლის 22 ივლისს მოხდა.
თუმცა ამ ამბავმა უფრო გააღიზიანა ფანატიკოსები და მამა იოაკიმე რამდენჯერმე გააფრთხილეს, "მათი ტერიტორია" დაეტოვებინა. ამან რომ არ გაჭრა, მამა იოაკიმეს თავს დაესხნენ ტაძრის ტერიტორიაზე და საშინლად სცემეს. იგი სასწაულებრივად გაუსხლტა მკვლელებს და დედასთან მიირბინა. ანასტასია ფანატიკოსებს უკვე მოეკლათ, ქალისთვის ხელები შეეკრათ და დაეხრჩოთ. რამდენიმე წლის მერე, როცა იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ანასტასიას საფლავი გათხარეს, ის გაუხრწნელი დახვდათ. ეკლესიამ იგი ადგილობრივ წმინდანად შერაცხა. წმინდა ანასტასია მამა იოაკიმეს ძილში გამოეცხადა. მას შუბლზე სამი ჭრილობა ჰქონდა და სისხლი სდიოდა. წმინდანს უთქვამს: "ეს სისხლი ამ წმინდა ადგილის გამო დავღვარე, რათა აქ ტაძარი იყოსო". ათი წლის მერეღა მიიღო მამა იოაკიმემ აქ ტაძრის ხელახლა აშენების ნებართვა.
* 2006 წლის 24 იანვარს, სააგენტო "ინტერფაქს რელიგია", გაზეთ "ცხოვრებაზე" დაყრდნობით, გვაუწყებს: იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ, ღვთის განცხადების დღეს დიდი აიაზმის წესი შეასრულა მდინარე იორდანესთან. როცა ვერცხლის ჯვრები იორდანეში ჩაუშვეს, მშვიდად მომავალი მდინარე უცებ აღელდა, აჩუხჩუხდა, გამოჩნდა წყალგამყოფი და რამდენიმე წუთის მანძილზე მდინარემ უკან იწყო დენა. იორდანიის უდაბნოში მყოფ ხუთი ათას კაცს გაოცების შეძახილი აღმოხდა.
* ერთხელ ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი ილია, დიდ სქემაში იოანე, ღამე თავის კელიაში ლოცულობდა. უეცრად მოესმა იქვე წყლის ჭურჭელში წყლის ჩქაფუნი. მივიდა და ნახა, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო. ილოცა, ჭურჭელს ჯვარი გადასახა და შეკრა შიგ მყოფი ეშმაკი. ეშმამ მორთო გოდება: ცეცხლში ვიწვი, გამომიშვი აქედან, ღვთის წმინდანოო. წმინდანმა ჰკითხა: "ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდიო". "მე მზაკვრობის ეშმაკი ვარ. აქ შენს აღსაშფოთებლად მოვედი. მეგონა, ჩვეულებრივი ადამიანი იყავი, შეშინდებოდი და ლოცვას შეწყვეტდი. გამიშვი, ღვთის მონავ, და აქ აღარ მოვალო".
წმინდანმა უთხრა: "შენი კადნიერი საქციელის გამო გიბრძანებ, ამაღამ წამიყვანო ნოვგოროდიდან იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან, და ამაღამვე უკან დამაბრუნო. მხოლოდ მაშინ გაგიშვებო". ეშმაკმა შეჰფიცა. წმინდანმა გახსნა ეშმაკი, გამოუშვა და უთხრა: "ჩემი კელიის წინ იქეცი შეკაზმულ ცხენად, გამოვალ, შეგაჯდები და შევისრულებ სურვილსო". ეშმაკი შავ კვამლად გამოვიდა ჭურჭლიდან და ცხენის სახით დადგა იოანეს კელიის წინ. წმინდანმა ჯვარი გამოისახა, შეაჯდა "ცხენს" და იმავე ღამეს იერუსალიმში აღმოჩნდა. მაცხოვრის საფლავის ტაძრის კარები თავისით გაეღო. შევიდა, ილოცა, ეამბორა ძელიცხოველს, წმინდა ხატებს და, რაც მთავარია, მაცხოვრის საფლავს. გამოვიდა და მალევე ნოვგოროდში აღმოჩნდა. როცა ეშმაკი წმინდანის კელიიდან გადიოდა, უთხრა: "იოანე, არავის მოუყვე, რაც მე შემემთხვა, თორემ ცილს დაგწამებენო". წმინდანმა ჯვარი გამოისახა და ეშმაკი გაქრა.
* იერუსალიმის ეკლესიის ბოლო დროის წმინდანად შერაცხულ მამაზე, მღვდელმოწამე ფილუმენზეც უნდა მოგითხროთ. ქალაქ ნებლუსის ცენტრში, დიდი ტაძრის ქვეშ არის ცნობილი იაკობის ჭა, რომელზეც პრეტენზიას ებრაელებიც აცხადებენ. თუმცა მის გარშემო მღვიმის ტაძარია მოწყობილი და მართლმადიდებელთა ღვთისმსახურება აღევლინება. იქ მდებარე ბერძნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი ფილუმენი, რომელიც იმავე დროს წმინდა მიწაზე რამდენიმე ბერძნულ მონასტერსა და ტაძარს ხელმძღვანელობდა. იგი ცნობილი იყო დიდსულიერი ცხოვრებით და ტყუპისცალი გახლდათ არანაკლებ დიდსულიერი მამის, ელპიდესი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა ათონზე დაასრულა. მთელი ცხოვრება მათ ღმერთს მიუძღვნეს და არაფერი გააჩნდათ ანაფორების გარდა. მამა ფილუმენი კეთილშობილი სულისა იყო. ხშირად სალოსობდა და თავს იფარავდა კაცთაგან. მან ამით მრავალი არაბი ეშმაკეული განკურნა.
ერთი კვირით ადრე იაკობის ჭის მონასტერში ფანატიკოსები მოვიდნენ და მოითხოვეს ჯვრებისა და ხატების აღება - ეს ადგილი ებრაელთა სიწმინდეაო. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ბოლოს დატოვეს იქაურობა. 16/29 ნოემბერს, 1979 წელს, კოკისპირული წვიმის დროს ისინი შეიჭრნენ მონასტერში. შემოსილი მამა ფილუმენი მწუხრისთვის ემზადებოდა, თანაც იმ დღეს მისი მფარველი ანგელოზის, წმინდა ფილუმენის ხსენება იყო. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებნენ, ამას მოწმობს მარჯვენა ხელზე წაჭრილი სამი თითი, რომლითაც ის ჯვარს ისახავდა. სახე დაუჩეხეს, შებილწეს იქაურობა, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ. პატრიარქმა მოითხოვა, გადაეცათ გარდაცვლილის სხეული, რომელსაც ხუთი დღე სამედიცინო ექსპერტიზას უტარებდნენ. დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა. 1983 წლის 17/30 ნოემბერს მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს. იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა, სხეული გაუხრწნელი იყო, რაც მთავარია, დაჩეხილი სახე შეხორცებოდა და წვერიც კი გაზრდოდა მიცვალებულს (!). 2009 წლის 11 სექტემბერს მოხდა ღირსი ფილუმენის კანონიზება და მას მღვდელმოწამე ეწოდა. ამბობენ, როცა წმინდა ფილუმენს აწამებდნენ, ეს რაღაცნაირად იგრძნო და იხილა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ტყუპისცალმა მამა ელპიდემ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი