ვინც თავზე ზრუნავს, ვფიქრობ, ვერ გაექცევა საყვედურებს თავმოყვარეობის გამო
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
13. ასე რომ, ამ ბრძენკაცმა იცოდა ჟამი მარხვისა და ჟამი ძმათმოყვარებისა და განსხვავება სხვადასხვა სათნოებათა:
რომელმა მათგანმა რომელს უნდა დაუთმოს და რა დროით მართებს წინ სხვა სათნოება დააყენოს.ნეტარი თეოდორიტე კვირელი
14. კიდევ ერთი ამბავი ვიცი, რომელიც ღვთაებრივ საგნებში მის სრულყოფილებას გვიჩვენებს. მასთან სამშობლოდან მისი ხორციელი და მივიდა ვაჟთან ერთად, რომელიც უკვე მოწიფული კაცი იყო და ერთ-ერთი მოწინავე მოქალაქე გახლდათ ქალაქ კირში. უხვად მოუტანა მას ცხოვრებისთვის საჭირო ყოველივე. დას ნახვის ნება არ მისცა, დისწული კი შეუშვა, რამეთუ იდგა მისგან შეხვედრებისთვის დაწესებული ჟამი. როცა სთხოვეს, მიეღო, რაც მიუტანეს, იკითხა: - გზად ამდენი მონასტერი გამოიარეთ და თითოეულ მათგანს რამდენი უწილადეთო. დისწულს პასუხზე, არავისთვის არაფერი მიგვიციაო, უთხრა: "წადით და წაიღეთ ყველაფერი, რაც მოგვიტანეთ. ჩვენ არაფერი გვჭირდება, თუნდაც გვჭირდებოდეს, არ მივიღებდით, ვინაიდან კეთილმოქმედება თქვენ ბუნებრივი ნათესაობის გრძნობით აღძრულებმა მოისურვეთ და არა ღვთის სამსახურისთვის. თქვენ რომ მხოლოდ სისხლით ნათესაობას არ აფასებდეთ, მარტო ჩვენ არ მოგვიტანდით შესაწირს". ამის თქმის მერე დისწული დასთან გაგზავნა და ბრძანა, რომ შესაწირავიდან სულ უმნიშვნელო რამეც კი არ მიეღოთ.
15. მარკიანე უკვე აქვე გადასახლდა ზეციურ ცხოვრებაში. ვინ წარმოგვიდგენს უფრო ნათელ დადასტურებას იმისას, რომ იგი ღირსი იყო ღვთისა, თანახმად თვით ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვისა: "რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს, და რომელსა უყუარდეს ძე, ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,37). თუ მათი არდამტევებელი უფლის ღირსი არ არის, მაშინ, ცხადია, რომ მარკიანე, რომელმაც ყველა დაუტევა და ამასთან აღასრულა ეს მცნება სრულყოფილი სიზუსტით, სრულიად ღირსი იყო ღვთისა.
16. ამაზე მეტად მიკვირს მისი სიმკაცრე ღვთაებრივ დოგმატებში. ის აღშფოთდა არიოზულ უგუნურებაზე, რომელიც იმ დროს მეფის მფარველობით გაძლიერდა. ამგვარადვე მოიძაგა აპოლინარის გონების აშლა, მამაცურად ებრძოდა საბელიოსის თანამოაზრეებს, რომლებმაც სამი ღვთაებრივი იპოსტასი ერთში აურიეს. მოიძულა ე.წ. ევტიქელები, რომლებიც მონაზვნობის სახელით მანიქევლობით იტანჯებოდნენ.
17. მას იმგვარი მხურვალე მოშურნეობა ჰქონდა ღვთაებრივ დოგმატებში, რომ სამართლიან კამათში ჩაება ერთ ფრიად პატივცემულ და საკვირველ კაცთან. იმავე უდაბნოში ცხოვრობდა მამა აბრაამი, რომელსაც თეთრი თმა და მასზე უფრო ნათელი გონება ჰქონდა, ის ყოველგვარი სათნოებით ბრწყინავდა და მუდმივად ღვრიდა შემუსვრილების ცრემლებს. თავისი ბალღური უბრალოებით, თავდაპირველად ძველი ტრადიციის მიხედვით დღესასწაულობდა აღდგომას: ეტყობა, არ იცოდა ის კანონი, რომელიც განსაზღვრული იყო მამათა მიერ ნიკეაში და თავისი ქვეყნის ძველ ტრადიციას მისდევდა. იმავე დროს მრავალი სხვაც იტანჯებოდა ამგვარი უცოდინარობით. დიდებულმა მარკიანემ მრავალგზის სცადა მამა აბრაამი ეკლესიასთან შეეთანხმებინა, მაგრამ მისი მოუდრეკლობა როცა იხილა, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. მერე ღვთისმოშიშმა აბრაამმა უარყო უწმინდურება, დააფასა თანხმობა დღესასწაულის ჩატარების საკითხში, უარი თქვა ძველ ტრადიციაზე და გულწრფელად იგალობა: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან სჯულსა უფლისასა" (ფს. 118,1) - და ეს იყო ნაყოფი დიდებული მარკიანეს შეგონებისა.
18. ბევრმა ადამიანმა მარკიანესთვის საფლავის ეკვდერი სხვადასხვა ადგილას ააგო: კიროსში - მისმა ძმისშვილმა აღაპიმ, ქალკედონში - ვინმე ზინოვინამ, დიდებულმა უმდიდრესმა ქალბატონმა, რომელიც სათნოებებით გამოირჩეოდა, და მრავალმა სხვამ. ცდილობდნენ, ამ ძლევაშემოსილი მოსაგრის ყურადღება მიეპყროთ. ღვთის კაცმა ეს რომ შეიტყო, საკვირველ ევსევის დააფიცა, რომ მისი სხეული საიდუმლო ადგილას დაედო, ორი უახლოესი თანამოაზრის გარდა, არავის სცოდნოდა მისი დაკრძალვის ამბავი, ვიდრე საკმარისი დრო არ გავიდოდა. ფრიად პატივცემულმა ევსევიმ შეასრულა მისი ანდერძი. როცა ძლევაშემოსილი მარკიანე აღესრულა და ანგელოზთა დასმა მისი წმინდა და ნეტარი სული ზეციურ სავანეებში წარიყვანა, ევსევიმ, ვიდრე გამოაცხადებდა წმინდანის გარდაცვალებას, მამა მარკიანეს საყვარელ ორ მოწაფესთან ერთად გათხარა საფლავი, დაკრძალა სხეული და მიწა მოასწორა. ასე რომ, მთელი 50-ზე მეტი წლის მანძილზე მისი საფლავი უცნობი იყო. გარდაცვალებისას კი უამრავი ხალხი შეიკრიბა და ეძებდა მის საფლავს. შემდგომში თითოეულმა ზემოხსენებულმა ეკვდერმა მიირქვა: ერთმა - მოციქულთა, სხვებმა - მოწამეთა ნაწილნი. მარკიანეს ბინის მემკვიდრეებმა თამამად, ორ წელიწადში ააგეს ქვის აკლდამა და იქ გადაასვენეს მისი უძვირფასესი სხეული, რამეთუ მარკიანეს სამ მოწაფეთაგან ერთ-ერთმა, რომელიც მოძღვრის სიკვდილს შეესწრო და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, აჩვენა მისი საფლავი.
19. მარკიანეს სათნოებათა მოშურნემ, საკვირველმა ევსევიმ, მრავალი შრომით მოქანცა თავისი სხეული. ის მუდმივად ატარებდა 120 ფუნტ რკინას, იტვირთა კიდევ საკვირველი აღაპიტისეული 50 ფუნტი, ამას დაუმატა დიდებული მაკრიანეს დარჩენილი 80 ფუნტი რკინაც. ლოცვისა და ცხოვრებისთვის ჰქონდა ერთი ამომშრალი ტბა. სამი წელი ეწეოდა ამგვარ ცხოვრებას. ეს იმიტომ ვახსენე, რომ მეჩვენებინა, თუ სათნოებებით როგორი დიდებული კაცნი გამოზარდა მარკიანემ.
20. მისი სიბრძნისმოყვარებაც სასიკეთოდ გამოადგა საკვირველ ვასილისაც, რომელმაც დიდი ხნის მერე სელევკოვილას (ქალაქი იყო ასურეთში) სიახლოვეს მოაწყო მონაზონთა სავანე და სადაც განდიდდა სათნოებათა მრავალი სახით, უმეტესად კი თავისი ღვთივსასურველი სიყვარულით და უცხოთშემწყნარებლობის ღვთაებრივი სათნოებით. იმდენი სათნოების მოქმედად წარდგა ეს ბასილი ღვთის წინაშე, სიტყვისაებრ მოციქულისა: "მუშაკად ურცხვენელად, წარმართებად სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა", რომ ძნელია მათი ჩამოთვლაც.
21. იყო ერთი მოწაფე, სახელად საბინი. მან თავისი სხეული დიდი შრომით მოქანცა. ის არ იღებდა პურს და არც სხვა საკვებს, ჭამდა მხოლოდ წყალში გაქნილ ფქვილს. ის ფქვილს წყალში თვეში ერთხელ ზელდა, რათა იგი დაობებულიყო და უსიამოვნო სუნი ჰქონოდა. უნდოდა, ამგვარი საჭმლით დაესუსტებინა ხორცის სურვილები, უსიამოვნო სუნით კი განექარვებინა საჭმლისგან მიღებული სიტკბოება. ამგვარად ცხოვრობდა ის თავისთვის, მაგრამ მასთან თუ ვინმე ნაცნობი მივიდოდა, მიიღებდა იმ საჭმელს, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ.
22. საბინმა ღვთისგან უდიდესი მადლი მიიღო. ერთი დიდებული და ძალზე მდიდარი ქალბატონი ეახლა სავანეს და ითხოვა, ბერი დახმარებოდა ბოროტი სულით შეპყრობილ მის ქალიშვილს: - ძილში ვნახე ვიღაც, რომელმაც აქ მოსვლა მიბრძანა, რათა ამ სავანის წინამძღვრის ლოცვით გადავარჩინო ჩემი ქალიშვილიო. წინამძღვარმა შეუთვალა, - დედაკაცებთან საუბარი ჩვევად არ მაქვსო. ქალმა ტირილით დაუწყო ვედრება. წინამძღვარი გამოვიდა. ქალმა რომ დაინახა, თქვა, - ეს ის არ არისო და ითხოვა, ეჩვენებინათ წითური მამა, კისერზე გამონაყარით. ძლივს მიხვდნენ, ვის ეძებდა (საბინი მესამე კაცი იყო სავანეში და არა პირველი). სთხოვეს და მოიყვანეს ქალთან. მან საბინი უმალ იცნო და ბოროტმა სულმაც ყვირილით მაშინვე დატოვა ქალწული.
23. ამგვარი იყო საქმენი დიდებული მარკიანეს მოწაფეებისა. ამგვარი ნერგნი დანერგა ყველგან საკვირველმა მებაღემ!
მე კვლავ ვასრულებ თხრობას და ლოცვით შეწევნას შევთხოვ ყველას ჩემს საქმიანობაში.
IV ევსევი. 1. ადრინდელ მოთხრობებში ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, თუ რა სავსე და მწიფე ნაყოფნი მიართვა ღმერთს უნაყოფო უდაბნომ, მებაღეთათვის სასიამოვნო და სასურველი ყველა კეთილადმოფიქრალ კაცთათვის. და რომ არავინ იფიქროს, სათნოებები შემოიზღუდება რაიმე ერთი ადგილით და მხოლოდ უდაბნოს ძალუძს ამ სათნოებებამდე მიყვანა კაცთა, მოთხრობებში ვახსენებთ ახალდასახლებულ ადგილებს და ვაჩვენებთ, რომ ისინი სულაც არ ეწინააღმდეგებიან სიბრძნისმოყვარეობის მოხვეჭას.
2. ანტიოქიის აღმოსავლეთით და ვერიის დასავლეთით მაღალი მთაა. წვერით კონუსს მოგაგონებთ, ხოლო სიმაღლით აღემატება მახლობელ მთას. ამიტომ ხალხი მას კორიფოს (მწვერვალი) ეძახდა. მის მწვერვალზე ძველთაგანვე ეშმაკის ტაძარი იყო, იმ მხარის მცხოვრებთაგან ფრიად პატივცემული. მწვერვალის სამხრეთით იშლებოდა ბორცვებით გარშემორტყმული ველი. ბორცვები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალ მგზავრს გზას უბნელებდა. ამ ველზე იყო პატარა და დიდი დასახლებები, რომელთაც ყველა მხრიდან მთები ერტყა. თვითონ მთის ძირში ძალზე ვრცელ და ხალხმრავალ დასახლებას ადგილობრივი მკვიდრნი თავიანთ ენაზე ტელედას ეძახდნენ. მწვერვალის ცალ მხარეს ტყიანი, ციცაბო ფერდობია დაბისკენ მიქცეული. აქ მოაწყო თავისი საცხოვრებელი მრავალი სათნოებითა და განსაკუთრებით სხვებზე აღმატებული სიმშვიდით განდიდებულმა ღვთისმოყვარე კაცმა ამბიანემ. აი მტკიცებულება ამისა. მას შეეძლო, არა მარტო საკუთარი მოწაფეებისთვის, არამედ ორჯერ მეტი ხალხისთვის ესწავლებინა, მაგრამ დიდებულ ევსევისთან მიდიოდა, ევედრებოდა, მონაწილეობა მიეღო და დამრიგებელი და მასწავლებელი ყოფილიყო მის მიერ დაარსებული სამონასტრო სკოლისა.
3. ევსევი კი მისგან 25 სტასიდიის მანძილზე ცხოვრობდა ერთ ვიწრო და უსარკმლო ოთახში. ამგვარი სათნოება მას ასწავლა ბიძამისმა მარკიანემ, ღვთის ერთგულმა მსახურმა. ესეც საკმარისია ითქვას მასზე, რადგან უფალმა ამგვარი სიტყვებით მიაგო პატივი დიდებულ მოსესაც. მარკიანემ იხმია გემო ღვთაებრივი სიყვარულისა, არ სურდა მარტო თვითონ დამტკბარიყო ამ სათნოებებით, უნდოდა, სხვებიც გაეხადა მისი თანაზიარი. მიიზიდა დიდებული ევსევი და მისი ძმა - ძმა არა იმდენად წარმოშობით, რამდენადაც ცხოვრების წესით. რამეთუ თვლიდა, რომ არაკეთილგონივრული იქნებოდა სათნოებებისკენ მიეზიდა უცხო ხალხი და ნათესავები დაევიწყებინა. ორივე ნათესავი მოათავსა თავის ვიწრო ბინაში და მათ სახარებისეული ცხოვრების წესის სწავლება დაუწყო. მაგრამ ევსევის ძმის თავს დატეხილმა ავადმყოფობამ მას გზა გადაუღობა, იგი მას მერე, რაც ერიდან გამოვიდა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
4. დიდებული ევსევი თავის ნებაყოფლობით საპყრობილეში ცხოვრობდა, ვიდრე ბიძამისი ცოცხალი იყო. არავისთან უსაუბრია და არც დღის სინათლე უნახავს. ბიძის სიკვდილის მერეც კმაყოფილი იყო ამგვარი ცხოვრებით იმ დრომდე, ვიდრე საკვირველმა ამბიანემ არ დაარწმუნა ხანგრძლივი შეგონებებით: "ძვირფასო, ვისთვის არის სასიამოვნო, რომ ასეთი რთული და მკაცრი ცხოვრება ირჩიე?" ევსევიმ უთხრა, - ეს ესიამოვნება ღმერთს, რჯულისმდებელს და სათნოებათა მასწავლებელსო. ამბიანემ უთხრა: "რადგანაც გიყვარს ღმერთი, მე გიჩვენებ გზას, რომლის გაყოლითაც მეტი სიყვარულით აინთები და გულმოდგინებით ემსახურები მას, ვინც გიყვარს, რამეთუ ვინც თავზე ზრუნავს, ვფიქრობ, ვერ გაექცევა საყვედურებს თავმოყვარეობის გამო. ღვთაებრივი კანონები გვიბრძანებენ, მოყვასი საკუთარი თავივით გვიყვარდეს. სიყვარულის საქმეა და ვალია - მრავალნი აზიარო საკუთარ სიმდიდრეს. ღვთაებრივმა პავლემ სიყვარულს "აღმასრულებელი რჯულისა" (რომ. 13,10) უწოდა. შემდგომში კი ამბობს, რომ "შჯული ერთითა სიტყვითა აღესრულების - შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (გალატ. 5,14) და უფალმაც უბრძანა წმინდა პეტრეს, რომელიც ყველაზე მეტად სიყვარულს ჰპირდებოდა, დაემწყსო მისი ცხვრები (იოანე 21,15-17), საყვედურობს ამის არგამკეთებელს და წინასწარმეტყველის მიერ შესძახებს: "ჰოი, მწყემსნო ისრაელისანო, ნუ აძოებენ მწყემსნი თავთა თვისთა, არა ცხოვართა აძოებენ მწყემსნი?" (იეზეკ. 34,2). ამიტომაც უბრძანა დიდებულ ილიასაც, რომელიც ამგვარ ცხოვრებას ეწეოდა, წარმართებს შორის ყოფილიყო (3 მეფეთა 18). და სხვა ილია, წმინდა იოანე, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა, იორდანეს ნაპირას წარგზავნა საქადაგებლად და ნათლობისთვის. ამგვარად, რამდენადაც შენ მხურვალედ გიყვარს შემქმნელი და მაცხოვნებელი შენი ღმერთი, ამ სიყვარულამდე მიიყვანე სხვანიც. ეს ყველაზე მეტად ესიამოვნება უფალს. მან იეზეკიელს "ებგური" (მცველი) უწოდა და უბრძანა, ცოდვილთა წინაშე უფლის სახელით დაემოწმებინა. იონას უბრძანა, ნინევიაში წასულიყო. როცა მან ეს არ ისურვა, იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაგზავნა".
ამგვარად დაარწმუნა ამბიანემ ღვთაებრივი კაცი და მისი თანხმობის მერე ამ ნებაყოფლობით ციხეში გამოთხარა შესასვლელი, გამოუყვანა იგი თანამოძმეებს და მას მათზე ზრუნვა დაავალა.