მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამა გერმანე. მამა გერმანემ მირჩია, მოუკლებლად მელოცა:
- თუ ვერ შეძლებ იესოს ლოცვის მთლიანად წარმოთქმას, მაშინ ღამით წამოდექი, მიწაზე მუხლი მოიდრიკე, ხელები ზეცად აღაპყარი და წარმოთქვი: "უფალო, შემიწყალე". თუ ლოცვისას ცრემლები წამოგივა, რამდენადაც შეძლებ, შეიჩერე. მცირე საკვებით დაკმაყოფილდი. ნუ წუხხარ იმაზე, რომ თურქებს ხარკს უხდი - დამპყრობელთა წინაშე შენი სიმტკიცე და მოთმინება სამოთხის გზას გიჩვენებს.
მამა გერმანე, ბრძნულ დარიგებებთან ერთად, რამდენადაც შეეძლო, მნახველებს მოწყალებასაც აძლევდა. უპოვარი, საღამოსთვის გროშსაც კი არ იტოვებდა.
როგორც წმინდა ანას სკიტის ყველა მკვიდრი, წუხდა, როცა სამუშაოზე უარს ამბობდნენ. თუ ვინმეს მუშაობა არ უნდოდა, მიდიოდა მასთან ტრაპეზობის ჟამს და ეუბნებოდა: - რაოდენ საოცარია სულიერი საკვების ხმევა, კარიესში სულიერ საკვებზე უკეთესი საკვები არ არსებობსო. იგი გულისხმობდა მოხუც მონაზვნებს: ზოგი მათგანი ვაზის ლერწით კალათებს წნავდა, ზოგი ქსიროპოტამის მინდვრებში ღორისქადას აგროვებდა, ზოგიც - ათონის კბოდეებზე ამარანტოს, ერთნი თავშავას ზეთს ხდიდნენ, მეორენი - დაფნის თესლისას. ყველაფერს ყიდდნენ და პროდუქტებს ყიდულობდნენ.
მამა გერმანე ყველას ურჩევდა, არსობის პურისთვის მშრომელი მამებისათვის მიებაძათ. თვითონ მას ხშირად შეაწყენდა უსაქმურობის ვნება. ხშირად, როცა ვნება მუშაობის ნებას არ აძლევდა, არ დაუთმობდა ხოლმე მას. ქვაბის სახურავს ახდიდა და საჭმელში ჩააფურთხებდა: "გსიამოვნებს ჭამა ისე, რომ არაფერი გააკეთო? ყოველდღე ჩავაფურთხებ ასეთ საჭმელს". წავიდოდა და შეუდგებოდა საქმიანობას.
როცა კარიესში წავედი, მამა საბას მოწაფემ, ნეტარსახსენებელმა მამა კოზმამ და მამა არეთმა მითხრეს, - აიღე ჩანთა და სამუშაოდ წადი. მამა გერმანე ხომ გასწავლიდა, რომ მუდმივად უნდა მუშაობდეო.
ასე მივხვდი, რომ შრომა მონაზვნისთვის უმთავრესი საქმეა: იგი ფუტკარივით დაუღალავად უნდა ირჯებოდეს.
ნეტარსახსენებელი მამა გერმანე კარიესში მაგალითი გახდა ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრებისა.
იგი თავის გზას შეუდგა, როგორც მოციქული და გარდაიცვალა, ვითარცა ღირსი მამა.
მამა აზარია (ნაწყვეტი წერილიდან). დღეს ჩვენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენებას ვდღესასწაულობთ, წმინდა ტრაპეზის დღესასწაულია კალივაში, სადაც ცხოვრება გაატარა ნეტარსახსენებელმა მამა გრიგოლმა. ის ათონის უდაბნოების შიშველ მოსაგრეებს ემსახურებოდა. მეტი მყუდროებისა და ხალხისგან თავის ასარიდებლად წმინდა ანას მცირე სკიტში გადავიდა, კალივაში კი დატოვა სმირნელი მიტროპოლიტის, ბასილის ძმისშვილი მამა ამბერკი. მიტროპოლიტი იმდენად წმინდა გახლდათ, რომ მასთან მალულად თურქებიც კი მოდიოდნენ განკურნებისთვის. როცა მამა ამბერკი მიიცვალა, მისი მემკვიდრე შეიქნა მორჩილი მამა აზარია, სწორედ ის, მე ბერად რომ აღმკვეცა. მამა აზარია წარმოშობით სმირნელი იყო და ერისკაცობაში ანასტასი მუსტაფისი ერქვა.
ის არასდროს არავის ეკამათებოდა. ხშირად ავადმყოფობდა, მთელი სიცოცხლე მძიმე სნეულებით იტანჯებოდა, მაგრამ არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის ნება, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ზეთიანი საკვები მიეღო. ტაძარში ყოველდღიურად ყველა მსახურებას ესწრებოდა, საყდარში პირველი შედიოდა და ბოლო გამოდიოდა.
როცა ღამისთევის ლოცვას აღავლენდნენ (იმ დროს მონასტერში კვირაში ორ-სამჯერ ატარებდნენ ღამისთევის ლოცვას), ტაძარში მიდიოდა და წირვის დასრულებისთანავე მუშაობას შეუდგებოდა ხოლმე, რათა თავისი შესვენებით ძმები არ დაებრკოლებინა. ხელში იღებდა დაუმთავრებელ ნამუშევარს, გამოხატავდა მონაზვნურ სირბილეს და ხელსაქმის გაყიდვით აღებულ საფასურს მთლიანად ძმობას აძლევდა.
ჩვენ ხშირად ვსხდებოდით ხოლმე მის გვერდით. მე, მზაკვარი და ზარმაცი, ყველაფერ ამის მხილველი ვიყავი, რადგან ჩემი კელია მის გვერდით გახლდათ. ვხედავდი, რომ ის უმკაცრესი სახით აღასრულებდა მონაზვნურ კანონს და მდუმარებაში ჩაძირული, მოუკლებლად ლოცულობდა.
მის ბაგეებს არ დასცდენია უკადრისი სიტყვა: ჰბაძავდა ნეტარსახსენებელ მამა ამბერკის, იგი უსაზღვრო მდუმარებას იმარხავდა.
მე, რაც შემეძლო, მას ვბაძავდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი საკუთარ სულში ატეხილ შფოთსა და ქარიშხალს. იგი არასოდეს ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არასოდეს შეუწუხებია არაწმინდა გულისთქმებსა და სახეებს. ყოველთვის იხსენებდა ნეტარსახსენებელ მამა გრიგოლს, რომელიც მამებს ემსახურებოდა და საღვთო მშვენიერების ჭვრეტისკენ აღიტაცებოდა.
მისი საყვარელი საკითხავი გახლდათ ფსალმუნთა "მუხლების" განმარტებები, წმინდა ნიკოდიმოსის წიგნი "ახალი კიბე".
ჩვევად ჰქონდა: ყოველ ორშაბათის საღამოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის აკათისტოს კითხულობდა. ამ დროს ის სტასიდიიდან ჩამოდიოდა და ვხედავდით, როგორ უბრწყინავდა სახე სიხარულით.
მეტიც, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს მისი ფერნაცვალი სახე მხიარული და მადლმოსილი ხდებოდა, ხოლო როცა მონასტრის კეთილად აღმშენებლებს (ქტიტორებს) მოიხსენიებდნენ, განკრძალული და თვალზე გულშემუსვრილების ცრემლებმომდგარი უსმენდა მგალობელ მღვდლებს.
მამა აზარიას პატარა ნავი ჰქონდა, რომლითაც თევზს იჭერდა. სკიტელი მამები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ მიუხედავად პატარა ნავისა, იგი უკან უამრავი თევზით ბრუნდებოდა, რომლითაც მამებს უმასპინძლდებოდა.
უკან ნადავლით მომავალს იმ მიდამოს კატები ხვდებოდნენ, მაგრამ იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა, არც კი ეფერებოდა, თუმცა კი ყველას ლუკმას უზიარებდა, რადგან ისინი კალივაში გველებს აფრთხობდნენ.
მამა აზარია ურჩი მონაზვნის გამო ტიროდა და ჯავრობდა. როცა ეკითხებოდნენ, რატომ ხარ დამწუხრებულიო, პასუხობდა: - მოძღვარი თუნდაც შორს წავიდეს, იგი ლოცვით ყოველთვის თავისი მორჩილის გვერდით არის და იფარავს მრავალი ბოროტებისგან. მშობლის ლოცვა ხომ ყველაზე საიმედო საფარველია. და თუ მორჩილი ჭირვეულია, იგი შეიძლება შევადაროთ უბალასტო, მჩატე ხომალდს. როგორც კი ზვირთი დაარტყამს, იგი სწრაფადვე გვერდზე გადაიხრება, კიდევ ერთი ტალღა და - წყლით აივსება და ფსკერისკენ წავა. იგივე დაემართება უწესო მონაზონს, როცა ის თავის მოძღვარს დაივიწყებს.
მამა აზარია მონაზვნური ცხოვრების პრაქტიკას ცოცხალი მაგალითებით მასწავლიდა. მხოლოდ მაგალითმა შეიძლება გააძლიეროს ის მონაზონი, რომელსაც დევნიან და დასცინიან. მრავალი მაგალითი არსებობს ღირს მამათა დიდ სიწმინდესა და სათნოებებზე. ნასწავლი მეხსიერებაში კარგად რომ ჩამრჩენოდა და მაშინ მომეგონებინა, როცა მსახურებაზე დავიღლებოდი, ანდა როცა ხელსაქმის გასაყიდად სოფელში მიშვებდნენ, ამ გაკვეთილებს მიმეორებდნენ ხოლმე. ყოველთვის უნდა გვხსომებოდა, თუ რა მიზეზით დავტოვეთ სოფელი. მაგრამ მე კარგი მოწაფე არ ვიყავი: მე ხომ სიმონ-პეტრას მონასტერი დავტოვე და დიდი მოღვაწეობისთვის წმინდა ანას კლდეებისკენ გავეშურე.
ნეტარსახსენებელი, დაყუდებული ბერი მამა აზარია, მოძღვარი ჩემი, დაითმინა რა უმძიმესი სნეულება, მიიცვალა 1947 წლის 1 ივნისს, შაბათ დღეს, 80 წლისა.
რატომ მოგიყევი ეს? რათა იცოდე, თუ რაოდენ დიდი წყალობის ღირსი გაგხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. შენ შეიქენი მემკვიდრე წმინდა კაცთა და სულიერი შვილი უდიდეს მამათა.
ჩვენი ვალია, მათ მივბაძოთ, არ მივბაძავთ და - დავიღუპებით.
თქვენ მკვიდრნი ხართ წმინდა იოანე ნათლისმცემლის კალივისა! დღედაღამ ევედრეთ თქვენს ზეციურ მფარველს, რათა დაგიფაროთ ყოველგვარი განსაცდელისგან, ნუ დაუტევებთ ლოცვას, ერთმანეთს პატივი მიაგეთ და ერთმანეთს ნუ ეურჩებით. შეიყვარეთ ისიქასტ მამათა ნაწერების კითხვა. მონაზონთა შორის ყოველგვარ კამათს უკადრის საქციელამდე მიჰყავს ისინი. როცა ასეთი რამ მოხდება, ნიშნავს, რომ საბერო კანონის კითხვისას რომელიღაც ეთიოპმა დაგვიბნელა გონება იმ ურჩობის გამო, იმ დღეს რომ ჩავიდინეთ.
წმინდა არსენი, იმისთვის, რომ თავისი გონება წმინდად შეენახა და ღვთის ჭვრეტა არ დაეკარგა, შინიდან გამოსვლისას სახეს იფარავდა.
ჩვენს დროშიც მრავალი მამა იფარავს სახეს, რათა არ დაინახოს და არ მოუსმინოს სხვა ძმებს. ამას აკეთებდნენ მამა ონუფრე, ნეტარი მამა მინა და მრავალი სხვა.
თუ გსურს, რომ მეუფე ქრისტეს უტკბესმა სახელმა ლუქუმივით დაგიტკბოს ბაგეები, ჩვენს მამათა საქციელს განუსჯელად მიბაძე. პირველ რიგში ამაზე დღეს იფიქრე, მონაზვნობის ფუძემდებლის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა, ჭამდა თაფლს და ბალახის ყლორტებს.
თაფლი - კეთილმოკრძალებული ჭვრეტაა ღვთისა, ხოლო ბალახის საკვები შეახსენებს ადამიანს, რომ მიწისაგან არის აღებული.
მონაზონმა საკუთარ თავში უნდა დაიმარხოს სულიერი ჭვრეტის სიტკბოება, რომელსაც იგი უდიდეს სიმაღლეებამდე აჰყავს. ამ სიმაღლეებს მიაღწია ნეტარსახსენებელმა ჩვენმა პაპამ, მამა გრიგოლმა და მრავალმა სხვამ.
საუბედუროდ, ახლა გრიგორიანული კალენდრის შემოღებამ შფოთი შეიტანა მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს წმინდა ალაგშიც. ყველამ დაუტევა საუბარი ღვთის ჭვრეტის სიტკბოებაზე და განიხილავენ იმას, რაც დაყუდებული მონაზვნის საქმე არ არის.
მიხედე მყუდროებას, რომელიც ყველა სათნოების დედაა. შენ უკვე მიეჩვიე იმის ხილვას, რომ სხვა ყველანი უკვე სამოთხეში არიან და მარტო შენ, ერთადერთი, მიეცემი სატანჯველს. თქვი გონებით: "იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი".
ვიდრე მონაზონი ამგვარად იქცევა, მას არ დააინტერესებს, რა ხდება სოფელში.
აი, მოკლედ, რაც მსურდა ამ საგანზე მომეწერა. შენ კი ევედრე უფალს ჩემთვის.