სასოწარკვეთილების მკვლელი და იმედის მიზეზი
"სათნოება ვაშლი არ არის, რომ უცებ შეჭამო, მის მოსაპოვებლად ღვაწლია საჭირო", - ამბობდა ერთ-ერთი ოპტელი ღირსი მამა.
წმინდა იოანემ თავისი "სათნოებათა კიბის" ბოლო სამ საფეხურად მიიჩნია: ლოცვა გონება შემოკრებილი, უვნებელობა, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. საფეხური 28. ლოცვის და ლოცვისას სულითა და ხორცით კეთილად დგომის შესახებ
* "ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით, ხოლო საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა შემმუსვრელი; ანგელოზთა საქმე და უხორცო ძალთა საკვები; საუკუნო ცხოვრების სიხარული; დაუსრულებელი საქმე და ყოველგვარ სათნოებათა წყარო; მადლის წინამძღვარი; უხილავი წარმატება; სულის საკვები; გონების სინათლე; სასოწარკვეთილების მკვლელი და იმედის მიზეზი; მწუხარების განმდევნელი; მონაზონთა სიმდიდრე; დაყუდებულთა საუნჯე; მრისხანების განმქარვებელი და სიმხნის მასწავლებელი", - გვასწავლის წმინდა იოანე სინელი. * წმინდა გრიგოლ ხანძთელს თავის სენაკში ცეცხლი და თვით კანდელიც არასოდეს აუნთია. ერთხელ, ცისკრის ჟამს, დეკანოზმა უთხრა მნათეს: წადი და ნახე, მამა გრიგოლს სძინავს თუ ღვიძავსო. მნათემ მამა გრიგოლის სენაკი გაბრდღვიალებული იხილა. გამოიქცა და დეკანოზს დაუძახა: - ცეცხლი მოსდებია მამა გრიგოლის სენაკსო. დეკანოზმა უთხრა: - დადუმდი და ნუ გეშინია, შვილო, არ არის ეგ ცეცხლი შემწველი, არამედ არის სული ღვთისა განმანათლებელიო. მას მრავალგზის ენახა ხილვა იგი დიდებული. წავიდა, სენაკში ჭუჭრუტანიდან შეიხედა და დაინახა ხელგანპყრობით ლოცვად მდგომარე წმინდა გრიგოლი. მისი სხეულიდან ჯვრის სახედ ნათლის ისარნი გამოდიოდნენ და სახე მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავდა. დეკანოზი სიხარულით მადლობდა ღმერთს და მცირე ხანს, სანამ სახილავი არ შეიცვალა, ლოცვისთვის ზარი არ დაარეკინა.
* წმინდა ანტონი დიდს სთხოვა ბერმა: - ილოცე ჩემთვის, მამაოო. მამა ანტონიმ მიუგო: - არც მე შეგიწყალო და არც ღმერთმა, უკეთუ შენ თვითონ არ გაირჯები და არ ითხოვ მისგან შეწყალებასო.
* ძმამ ჰკითხა ღირს აღათონს: - მოსაგრე ცხოვრებაში რომელ სათნოებას სჭირდება უმეტესი შრომა? მან უპასუხა: - შემინდეთ, ძმანო, ვფიქრობ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ღვაწლი, ვიდრე ღვთისადმი გონებაგანუფანტელად ლოცვაა, რამეთუ როცა კაცი ლოცვას მოისურვებს, მტერი ცდილობს გონება განუფანტოს, რადგან იციან დემონებმა, რომ ისე არაფერი წინაღუდგება მათ, როგორც ღვთისადმი ლოცვა. ამგვარად, ყოველი ღვაწლისას, რომელსაც გასწევს კაცი, ნუგეშს პოვებს ხოლმე, ლოცვისას კი ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა სჭირდება.
* ერთხელ ანტონი დიდის სანახავად მიმავალი წმინდა ამონი გზას ასცდა და დაღლილს მიეძინა, მერე წამოდგა და უფალს შესთხოვა: - გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დაღუპავ შენს ქმნილებასო. უცებ მის წინ გაჩნდა ჰაერში გამოკიდული კაცის ხელი, რომელიც გზას უჩვენებდა, მიუძღვა მამა ანტონის სენაკამდე და გაუჩინარდა...
* მამა ანდრონიკეს (ლუკაში, +1974) წესად ჰქონდა წირვის აღსრულების წინა საღამოს ტაძარში დარჩენა და დილამდე ლოცვა. ერთ საღამოს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის დარაჯმა სიბნელეში დაინახა, რომ განათებული ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო. მოსინჯა გასაღები და შეშინდა: - ეტყობა, როცა მეძინა, მაშინ შემეპარნენ ტაძარშიო. მაგრამ როგორ უნდა შესულიყვნენ და საერთოდ ვინ იყვნენ ეს მლოცველნი - ვერ ხვდებოდა. ძლივს გააღო კარები. შევიდა ტაძარში და შედგა განცვიფრებული - ხატის წინ მარტოდმარტო დამხობილიყო მამა ანდრონიკე და ლოცულობდა. მაგრამ ვინ იყვნენ ის მლოცველნი? ალბათ ზეციური სამყაროს მკვიდრნი ბრძანდებოდნენ, რომელნიც თანამსახურებდნენ "მიწის ანგელოზთან" ერთად.
* წმინდა ბარსანოფი ბრძანებდა: - ყველამ იცის, რომ მზესუმზირას თავი ყოველთვის მზისკენ აქვს მიქცეული, ამიტომაც ეძახიან "მზესუმზირას". მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარე მზისკენ აღარ ტრიალდება. მაშინ იტყვიან: დაჭიანდა, გაფუჭდა და უნდა მოვჭრათო. ღვთისაგან განმართლების მოსურნე სულიც მზესუმზირას მსგავსად ღვთისკენ - ნათლის წყაროსკენ - ისწრაფვის. თუ სული აღარ ეძიებს, მაშინ იღუპება. აუცილებელია სიცოცხლეშივე შევიგრძნოთ ქრისტე. ვინც მას აქ, მიწაზე, ვერ იხილავს, ვერც იქ ნახავს, საუკუნო ცხოვრებაში. როგორ ვიხილოთ ქრისტე? ეს შეგვიძლია განუწყვეტელი იესოს ლოცვით, რომელსაც ერთადერთს ძალუძს, ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს... წმინდა იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, რა არის ის უეჭველი ნიშნები, რომლებითაც შეიძლება შევიტყოთ, მიუახლოვდება სული ღმერთს თუ განშორდებაო. წმინდა მამამ უპასუხა, - სულის კვდომის უეჭველი ნიშანია ის, რომ საეკლესიო მსახურებას გაურბის. კაცი, რომელსაც გული უცივდება ღვთისადმი, თავიდან ცდილობს ლოცვისას დააგვიანოს, შემდეგ კი საერთოდ წყვეტს ტაძარში სიარულს.
* მამა ვიტალი სიდორენკო თავის სულიერ შვილებს არიგებდა: - რამდენიმე დღე რომ ილოცო შინ, ვერ შეცვლის ეს ტაძარში ერთ მუხლის მოდრეკას და აღვლენილ "უფალო, შეგვიწყალენს".
* მამა ამფილოქე ასწავლიდა სულიერ შვილებს: - გთხოვთ, ზოგჯერ, განსაკუთრებით კვირა დილით, გრძნობათა კარები ჩაკეტოთ და მცირე ხანს ლოცვაში დაჰყოთ. მაშინ თქვენი სული გაიგებს იმ თხოვნის სიტყვებს, თქვენთვის რომ ვაგზავნი, რადგან კვირას მე ოფიციალური აუდიენცია მაქვს მეუფე ქრისტესთან.
* წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: "უფრო ხშირად უნდა მოვიხსენიოთ ლოცვისას უფლის სახელი, ვიდრე ჰაერს ვსუნთქავთ. წმინდათა მცნებებს დამორჩილებულთ, ვალად გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენ ვილოცოთ მოუკლებლად, არამედ იგივე ვასწავლოთ სხვებსაც, ყველას: მონაზონსა და ერისკაცს, ბრძენსა და უბრალოს, მამაკაცსა და დედაკაცს, ბავშვსაც კი - მოუკლებელი ლოცვისთვის უნდა აღვძრათ ისინი. მაგრამ რას ამბობენ ერისკაცები? - "ცხოვრებისეული საზრუნავით და საქმეებით ვართ გარემოცულნი და აბა, როგორ შევძლებთ მოუკლებლად ლოცვას?" - შენ მათ უთხარი, რომ უფალს შეუძლებლის გაკეთება არ უბრძანებია, არამედ მხოლოდ იმის აღსრულება გვამცნო, რაც შეგვიძლია. როგორც გვარწმუნებენ ისტორიული ჩანაწერები, ერში უამრავ ადამიანს უცხოვრია, რომლებიც მთლიანად იყვნენ მიცემულნი იესოს ლოცვას. ამიტომაც გევედრებით წმინდა იოანე ოქროპირთან ერთად, რომ თქვენი სულის ცხონებისთვის ნუ დაიზარებთ ამგვარი ლოცვის აღსრულებას. შესაძლოა, ეს თავიდან ძალზე ძნელი გეჩვენოთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, როგორც თვით ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ, რომ თვით სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში, თანდათან მიეჩვევით ამ საქმეს და იგემებთ, თუ რაოდენ ტკბილია სახელი უფლისა. მაშინ გამოცდილებით შეიტყობთ, რომ არათუ ძნელია, არამედ ძალზე ადვილია ამის გაკეთება. წმინდა პავლე მოციქულმა იცოდა, რაოდენ დიდ სიკეთეს მოგვიტანდა ეს ლოცვა, ამიტომაც გვამცნო, მოუკლებლად ილოცეთო (2 თესალ. 5,12)".
* ამბა ტიფო როცა ლოცვაზე იდგა, თუ მაშინვე არ ჩამოუშვებდა აღპყრობილ ხელებს, მისი გონება ზეცად აღიტაცებოდა. ამიტომ, როცა ძმებთან ერთად ლოცულობდა, ცდილობდა, მალევე ჩამოეშვა ხელები, რათა ძმები არ დაეყოვნებინა.
* ერთხელ ერთი მამა მოვიდა სინას მთაზე, გზად ძმა შეხვდა, რომელმაც ამოოხვრით უთხრა: გვალვამ ძალზე შეგვაწუხაო. მამამ ჰკითხა: რატომ არ ლოცულობთ, რატომ არ მოუწოდებთ ღმერთსო. ძმამ უპასუხა: ვლოცულობთ კიდეც, ვევედრებით, მაგრამ წვიმა მაინც არ მოდისო. მაშინ ბერმა უთხრა: გულმოდგინედ რატომ არ ლოცულობთ? გინდა იცოდე, ეს რა არის? დავდგეთ, ვილოცოთ, აღაპყარი ზეცად ხელებიო. ილოცეს - და მაშინვე წვიმა წამოვიდა. შეშინებული ძმა დაეცა და თაყვანი სცა. ბერი სირბილით გასცილდა იქაურობას.
* ბერმა თქვა: საკვირველი ამბავია! როცა ლოცვისას ვევედრებით, წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი იქვეა და ისმენს ჩვენს სიტყვებს. ხოლო როცა ვცოდავთ, ისე ვიქცევით, თითქოს უფალი ვერ გვხედავდეს.
* წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: ლოცვის მოქმედება წმინდა მამებისთვის ნიშანი იყო სულიერი ცხოვრებისა, ისინი მას სულის სუნთქვას ეძახდნენ. თუ სუნთქავს სხეული, მაშინ იგი ცოცხლობს, შეწყდება სუნთქვა და შეწყდება სიცოცხლეც. ასევეა სულისთვისაც. თუ არის ლოცვა - ცოცხლობს სული, არ არის ლოცვა - სულიც კვდება.
* წმინდა ისააკ ასური გვასწავლის: როცა კაცი იმ საფეხურს მიაღწევს, რომ გული მისი ნამდვილად აღივსება რწმენით (სრულყოფილი და გამოცდილი რწმენით), მაშინ განეცხადება, თუ რაოდენ მრავალ სულიერ სიკეთეს შეუძლია მიაღწიოს ლოცვის წყალობით.
ვისაც სურს, უფალი თავის შიგნით იხილოს, დაე, მთელი ძალისხმევა გამოიჩინოს იმისთვის, რომ მარადის ღვთის ხსოვნით განიწმინდოს გული. ამგვარი ნათელი გონებით იგი მარადჟამს უფალს იხილავს.
* წმინდა იოანე სინელი გვასწავლის: დაე, იესოს ხსოვნა შეერიოს შენს სუნთქვას, მაშინ შეიცნობ მყუდროების სიკეთეს.
* წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვასწავლის: დაე, არა მხოლოდ სიტყვებით ვილოცოთ, არამედ გონებითაც, არა მხოლოდ გონებით, გულითაც: დაე, გონება ცხადად ხედავდეს და ესმოდეს, რაც სიტყვით წარმოითქმება, ხოლო გულიც გრძნობდეს იმას, რასაც გონება განიზრახავს. ყოველივე ეს, ერთობით, არის კიდეც ნამდვილი ლოცვა. და თუ შენს ლოცვას ამათგან რომელიმე აკლია, იგი ან არასრულყოფილია, ან საერთოდ არ არის ლოცვა.
საფეხური 29. უვნებელობისა და სისრულის და საყოველთაო აღდგომამდე სულის აღდგომის შესახებ
წმინდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვისაებრ, უვნებელობა აღდგომაა სულისა სხეულის საყოველთაო აღდგომამდე.უვნებელობა სხვადასხვა საზომისაა. უვნებელობიდან გამოყოფენ არასრულყოფილ და სრუყოფილ უვნებელობას. არასრულყოფილი უვნებელობის თანაზიარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ცოდვასთან ბრძოლის ღვაწლშია. ასეთი უვნებელობა ნაყოფია მადლის მოქმედებისა, რომლის ძალითაც კაცი ვნებების მიხედვით არ ცხოვრობს, მაგრამ ისინი ჯერ სრულიად არ აღხოცილან სულიდან. ასეთ მდგომარეობაში მადლმოსილ ძალით გარემოცული ადამიანი თავს იკავებს ბოროტ საქმეთაგან, განაგდებს ბოროტ გულისთქმებს და ვნებებაღუძვრელს შეუძლია სათნოებათა ქმნა.
მხოლოდ სრულყოფილ უვნებელობისას შეიძენს ქრისტიანი მოღვაწე ვნებათაგან სრულიად განწმენდას. ასე რომ, მასზე არათუ ვნებები აღარ მოქმედებენ, მათზე სურვილიც კი აღარ აღეძვრება. მოსაგრე ასეთ მდგომარეობაში ვნებებს აღარ ებრძვის.
გავიხსენოთ, რას გვასწავლიან წმინდა მამები უვნებელობაზე:
* უვნებელობა ის სიყვარულია, რომლის ქონასაც ასწავლიდა ყველას ქრისტე.
უვნებელობას არ ჰყავს მტერი, არ ეშინია დაცემის, უცხოა მისთვის ურწმუნოება, არ აღშფოთდება, არ აქვს სურვილი რაიმე საგნისა.
ვიდრე ცოდვა მიგიზიდავს, თავს უვნებოდ ნუ ჩათვლი.
ვისაც უყვარს ადამიანური დიდება, იგი არ შეიძლება იყოს უვნებელი, არამედ შური და სიძულვილი იმყოფება მასში.
ვიდრე ვინმეს გულიდან გამოდის განკითხვა, მანამდე მისთვის უცხოა უვნებელობა (ამბა ესაია).
* დავუბრუნდეთ პირვანდელ მადლს, რომელსაც ცოდვის მიერ გავუუცხოვდით, და კვლავ განვამშვენებთ საკუთარ თავში ღვთის ხატებას, უვნებელობით რომ მიემსგავსება შემოქმედს (წმინდა ბასილი დიდი).
* ვინც მკაცრად დაიმორჩილებს თავის სხეულს, იგი მიაღწევს უვნებელობას (ამბა ევაგრე).
* უვნებელობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვნებები ვერ იგრძნო, არამედ ისაა, რომ საერთოდ არ მიიღო ისინი (ღირსი ისააკ ასური).
* ჩვენი უვნებელი ცხოვრებით მეგობრად გავიხადოთ წმინდა ანგელოზები, რათა სულის აღმოსვლისას მეგობრულად აღგვიყვანონ მეუფესთან (ღირსი თეოდორე სტუდიელი).
* სხვა არის უვნებელობა სულისა, სხვაა უვნებელობა ხორცისა. სულის უვნებელობა ხორცსაც განწმენდს; მაგრამ მხოლოდ ხორცის უვნებელობას სიკეთის მოტანა არ შეუძლია მისთვის, ვინც იგი მოიპოვა (წმინდა სვიმეონ ღვთისმეტყველი).
* უვნებელობის მიღწევა, განწმენდა, ანუ ქრისტიანული სრულყოფილება, შეუძლებელია გონებისმიერი ლოცვის გარეშე (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
* წმინდა იოანე სინელი გვასწავლის: "ცოდვათა მიტევება ბევრმა მალე მიიღო, მაგრამ უვნებელობა სწრაფად ვერავინ შეიძინა... უვნებელობის მოსაპოვებლად საჭიროა დიდი დრო, დიდი ძალისხმევა, მრავალი ღვაწლი სიყვარულისა და შეწევნა ღვთისა.
საფეხური 30. სამი სათნოების - სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის შესახებ
ჯერ წმინდა იოანე სინელს მოვუსმინოთ: "ახლა კი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ "ესერა ჰგიეს სარწმუნეობა, სასოება და სიყვარული, სამი ესე და უფროის ამათსა სიყვარული არს"; რადგან ღმერთს სწორედ ასე ეწოდება. მე კი პირველ მათგანს - სარწმუნეობას მხურვალებას ვუწოდებდი; მეორეს - სასოებას ანუ იმედს - სინათლეს; ხოლო მესამეს - სიყვარულს - მზისთვალს. სამივეს ერთად კი - ბრწყინვალებასა და შარავანდს. რადგანაც პირველ მათგანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია; მეორეს ღვთის მოწყალება შეურცხვენლად იცავს; მესამე კი არასოდეს "დავარდების", არც მისი სრბოლა შეჩერდება; მის მიერ დაჭრილ გულს ღვთის ტრფიალება არასოდეს მოასვენებს".ღირსი დიოდოხოსი ბრძანებს: "ღვთის მოყვარულთ გულწრფელად სწამთ და სარწმუნოების საქმეებს ღირსეულად აღასრულებენ. ხოლო მორწმუნეებს, რომლებიც სიყვარულში არ იმყოფებიან, არც ის რწმენა აქვთ, რომ ჰგონიათ, ფლობენ. მხოლოდ "სარწმუნოებაი, სიყუარულისაგან შეწევნული" (გალატ. 5,6), არის სათნოებათა უმაღლესი მეთაური.
ვისაც საკუთარი თავი უყვარს, მას ღვთის შეყვარება არ შეუძლია, ხოლო ვისაც ღვთის სიყვარულის გარდამეტებული სიმდიდრის გამო არ უყვარს საკუთარი თავი, მას მხოლოს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი".
* "ღმერთი სიყვარულია, - ფიქრობდა ბერი ტიხონი (სქემარქიმანდრიტი გაბრიელ ზირინიანოვი), - ადამიანი კი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ამიტომაც სიყვარულის ენერგიას შეუძლია განაქარვოს ყველანაირი ბოროტება - კაცობრიობაშიც და თითოეულ ადამიანშიც. უნდა გვქონდეს სიყვარული და ბოროტება განქარდება. ამიტომაც პირველ რიგში ღმერთს შევთხოვ, - უფალო, მასწავლე, როგორ უნდა მიყვარდე. მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული-მეთქი". და მზად იყო, ამისთვის ფიზიკურად ეტანჯა კიდეც. ერთხელ ღვთისგან ხმა მოესმა, - ავად გახდები!.. სქემით შეგმოსავენ და მაშინ, როგორც გსურს, თავი გადაირჩინეო. მამა ტიხონი ავად გახდა. ხუთი წელიწადი იავადა. პირველი სამი წელი ყველაზე მძიმე იყო მისთვის, ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად - დღეში 4-5-ჯერ უჩერდებოდა გული. მაგრამ სულით ფხიზლად იყო, სიყვარულით აღსავსე, თავს "ღვთის გულმოწყალების აკვანში მწოლიარედ გრძნობდა, რომელსაც თვით შემოქმედი არწევს". უხაროდა ისიც, რომ ცოდვის ჩადენის საშუალება აღარ ჰქონდა. ამ მიწიერ სამყაროს სულით განრიდებული, თავის შინაგან გულისთქმებს ჭვრეტდა. ინანიებდა ცოდვებს და ნელ-ნელა განიწმინდებოდა. ღვთის სიყვარულმა გული გაუთბო. ამიტომაც შემდგომში სიტყვა "ღმერთს" გულგრილად ვეღარ წარმოთქვამდა, მადლიერებისგან თვალთაგან ცრემლი სდიოდა. ღვთისგან ბევრი ნიჭი მიემადლა ამ ღირს მამას: ლოცვის, მარხვის, აზრთა გამოცნობისა, მაგრამ უდიდესი მაინც ღვთისა და მოყვასის სახარებისეული სიყვარული იყო. მისთვის ყველაფრის საზომად სიყვარული იქცა. შემაწუხებელ კაცზე იტყოდა, - უსიყვარულოდ იქცევაო ანდა უსიყვარულოდ ცხოვრობსო და პირიქით, სათნოების მოქმედზე ამბობდა: სიყვარულით აკეთებსო.
* ანტონი დიდმა ბრძანა: "მე უკვე აღარ მეშინია ღმრთისა, არამედ მიყვარს იგი, რამეთუ სიყვარული განდევნის შიშს".
* ამბა ამუნი ნიტრიელი მივიდა ამბა ანტონთან და უთხრა: "ვხედავ, რომ მე შენზე მეტად ვიღვწვი, მაგრამ შენს სახელს ჩემზე მეტად რად განადიდებს ხალხიო?". ამბა ანტონმა მიუგო: "იმიტომ, რომ შენზე მეტად მიყვარს ღმერთიო".
* ძმამ ჰკითხა ბერს: როგორ შეიძლება მიიღოს კაცმა ღვთის სიყვარულის ნიჭიო. ბერმა უპასუხა: თუ ვინმე თავის ძმას ხედავს შემცოდეს და მისთვის შეჰღაღადებს ღმერთს, მაშინ მიიღებს გულისხმისყოფას, თუ როგორ უნდა უყვარდეს ღმერთი.
* 17 სექტემბერს (ძვ. სტილით) ეკლესია იხსენიებს ქრისტეს სიყვარულისთვის მოკლულ წმინდა სოფიოს და მის სამ ქალიშვილს: პისტის, ელპიტესა და აღაპის. ამ გოგონათა სახელები ქართულად რწმენას, იმედსა და სიყვარულს ნიშნავს, სოფიო კი - სიბრძნეს.
სოფიო, თავის ქალიშვილებთან ერთად, იმპერატორ ანდრიანეს წარუდგინეს. ქალმა თამამად აღიარა ქრისტე. სოფიოს სიბრძნით და სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორმა სამი დღით გადადო მათი წამება. დედა განამტკიცებდა ქალიშვილებს: - ბედნიერი ვიქნები, თუ მოწამეთა დედად ვიწოდებიო. მესამე დღეს ანდრიანეს მიუყვანეს 12 წლის პისტი, 10 წლის ელპიტე და 9 წლის აღაპი. ანდრიანემ გოგონებს უთხრა, თუ კერპებს ეთაყვანებით, ჩემს ქალიშვილებად გაღიარებთ, თუ არადა წამებით სიკვდილი გელითო. გოგონებმა ერთხმად შესძახეს: "ჩვენი მამა ღმერთია, რომელ არს ცათა შინა. ის ფიქრობს და ზრუნავს ჩვენზე. მას მხოლოსა ვცემთ თაყვანს, შენი მუქარის კი არ გვეშინია, რადგან ქრისტესთვის მოწამეობის სურვილი გვაქვსო".
პირველად პისტი (რწმენა) გაიყვანეს საწამებლად. უღმერთოებმა მას პატარა ძუძუები მოჰკვეთეს, საიდანაც სისხლის მაგივრად რძე წარმოდინდა. ხალხი გააკვირვა ანდრიანეს უგუნურებამ. მერე გახურებულ რკინის ბადეზე დააწვინეს. ორი საათი იწვა ზედ და ღმერთმა დაიფარა. მერე ფისით და ზეთით მოთუხთუხე ქვაბში ჩააგდეს და უვნებელი დარჩა. ანდრიანემ ის მახვილით განაგმირინა.
დადგა ელპიტეს რიგიც. განა მეც იმავე დედამ არ გამზარდა, იგივე ძუძუ არ მიწოვია? პისტივით მოწამეობა მსურსო, - უთხრა ელპიტემ იმპერატორს. ელპიტეს იმდენ ხანს სცემდნენ ჯალათები, რომ დაიღალნენ. გოგონა კი დუმდა, თითქოს ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა. მერე კი რკინის კაუჭებით ააგლიჯეს ხორცი. სისხლი ღვარად სდიოდა, ჭრილობები კეთილსურნელებდა. გოგონას სახე სულიწმინდის მადლით ჰქოდა გაბრწყინებული და ღიმილი დასთამაშებდა. წმინდა ელპიტე არცხვენდა ჯალათებს, - ქრისტეა შეწევნა ჩემი და არათუ მეშინია ტანჯვის, არამედ სამოთხის ნეტარებასავით მსურს. ასე სასურველია ჩემთვის ქრისტესთვის წამება. შენ კი, ჯალათო, ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიწევს ტანჯვა, იმ ეშმაკებთან ერთად, შენ რომ ღმერთებს ეძახიო. მასაც მახვილით წარჰკვეთეს თავი.
აღაპი, თავისი საყვარელი დების მოწამეობის შემყურე, არათუ შეშინდა, უფრო გამტკიცდა. გოგონა ბორბალზე გააკრეს და იმდენი ურტყეს ჯოხი, რომ მისი სისხლით მიწა მოირწყო. მერე კი ღუმელი გაახურეს. აღაპი თვითონვე შევიდა ცეცხლში და ისე დადიოდა, თითქოს გრილი ყოფილიყოს. ამ დროს ღუმლიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა იქვე მდგომი ცნობისმოყვარენი ფერფლად აქცია. ცეცხლმა თვით ანდრიანემდეც კი მიაღწია და ჭკუის სასწავლებლად დაწვა. მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. გოგონას სხეული დაუბურღეს და თავი მოჰკვეთეს.
შვილების სხეულები სოფიოს გადასცეს. დედამ ძვირფას კუბოში ჩაასვენა შვილები, განამშვენა მათი სხეულები და ქალაქგარეთ ერთ მაღალ გორაკზე დაკრძალა. სამი დღე ლოცულობდა შვილების საფლავთან, აღესრულა და იქვე დაასაფლავეს. ასე გამოიღო ზეციურმა სიბრძნემ ნაყოფად რწმენა, იმედი და სიყვარული.
* "გეშინოდეს ღმერთის მისი სიყვარულის გამო, და არა მისთვის მიცემული მრისხანე სახელისათვის", - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური. მაშ, ძმებო, გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა" (ეს. 2,3), მასთან, ვინც "განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე" (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის: ისწრაფოდეთ, "ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა". ქრისტე მოინათლა, როდესაც ხორციელად 30 წლის ასაკში იყო და ამ კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული, რადგანაც ღმერთი სიყვარულია, რომლის არს გალობა, რომლის არს სიმტკიცე, რომლის არს ძალი, რომელიც ყოველივე მიზეზი კეთილთა არს და იყოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!" - წმინდა იოანე სინელი.