მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს. მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხზე უნდა ეძინოს
სათნოებათა კიბეზე აღმავალი ქრისტიანი მარადის მღვიძარე უნდა იყოს და უფლის გარდა, არავისი ეშინოდეს.
წმინდა იოანე კლემაქსის "კიბეში" XX საფეხური გახლავთ "მღვიძარება ხორცისა", რომლისგანაც იშვება "მღვიძარება სულისა", ხოლო მასზე ამსვლელი "მიიღებს გულსა შინა თვისსა ნათელსა". XXI საფეხური კი მოშიშებაა, ანუ, "Gვენს" ენაზე რომ ვთქვათ, შიშია კაცობრივი, რომელიც "Gვეულება არს ყრმებრი, სულსა შინა ცუდად მზვაობარსა", იგი კი ღვთის შიშით უნდა დაიძლიოს. გავიხსენოთ მაგალითები ქრისტიანთა ცხოვრებიდან, რომლებიც დაგვეხმარება სათნოებათა კიბეებზე აღსვლისას.მღვიძარებისთვის
* ერთ დროს ათონზე, ყარაყალის მონასტრის იღუმენი გახლდათ მამა კონდრატე (+1940), მშვენება იმდროინდელი მონაზვნობისა. ნატრაპეზევს, შუადღისას, როცა სხვები ისვენებდნენ, თავის კელიაში არ მიდიოდა. ჩამოჯდებოდა ეზოში სკამზე, დაეყრდნობოდა კვერთხს და გონიერ ლოცვას მიეცემოდა ან სათვალეს გაიკეთებდა და წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდა. ხშირად უკითხავთ, - რას აკეთებ აქ, მამაოო. მძინავს, შვილოო, - პასუხობდა. სკამზე გძინავთ? - ჰო, მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს. მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხზე უნდა ეძინოსო. გრძნობდა იღუმენობის პასუხისმგებლობას - დაეცვა მიბარებულ ცხოვართა სულები და ამისთვის ძილის დროსაც კი აფხიზლებდა საკუთარ გულს.* ახალგაზრდა ქერუბინი 1940 წელს ყუთლუმუშის მონასტრის სკიტში მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივას ეწვია. ღირსმა მამამ დიდი სიყვარულით მიიღო იგი, ასადილა და მოსასვენებლად ერთ ოთახში შეიყვანა. ბალიშზე თავი მიდო თუ არა, იგრძნო, რომ ტანზე რაღაც ააცოცდა. გადაიძრო საბანი და რას ხედავს! ლეიბი ბაღლინჯოებითაა სავსე და შესატევად ემზადებიან. ქერუბინი ყვირილით წამოხტა ლოგინიდან. ხმაურზე მამები შევიდნენ. ქერუბინს ყვირილის მიზეზის გამჟღავნება არ უნდოდა. ღირსმა მამებმა თვითონვე თქვეს: მგონი, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ერთი ჩვენგანი ჩაწვა ლოგინში და ისინიც, საცოდავები, სასადილოდ მოვიდნენო. მამა ქერუბინ, ისინი ძალიან გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტხანს ძილის უფლებას არ გვაძლევენ. ამიტომაც მათი დიდად მადლიერნი ვართო.
მამა ნიკოლოზმა თავისი ჩვეული სიკეთითა და თავმდაბლობით დაამატა: მე აქ ორმოცდაათი წელია ვარ და ამ კეთილ მეგობრებს ერთი ღამითაც არ მივუტოვებივარ. მათ ჩვენთვის დიდი სიკეთე მოაქვთ, ძილს ჩვენზე გაბატონების ნებას არ აძლევენ. გვახსენებენ, რომ ბერი ღვთის წინაშე უფრო დიდხანს უნდა დადგეს და ილოცოს.
- რაც მოვისმინე, სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის, - ბრძანებს მამა ქერუბინი, - დავრწმუნდი, რომ ჩემ წინაშე დიდი მოღვაწეები იდგნენ. "მამა ნიკოლოზ, - ვთქვი ჩემთვის, - თუ ღვთის სიყვარულისთვის შენს მოკეთეებად თვლი ბაღლინჯოებს, რომლებისგანაც შეწუხებულია სამყარო, ვხვდები, როგორიცაა შენი ცხოვრება".
* მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს... ყოველდღე კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა. თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია?!" ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს". ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად.
* ნიკოფსიიდან დარუბანდამდე როგორ გადაჭიმა წმინდა მეფე დავითმა საქართველო? როგორ და - "არა სცა ძილი თვალთა, არცა ჰრული წამთა", არცა თავის სხეულს მისცა დასვენების უფლება, არც საჭმელ-სასმლის მიმართ მისდრკა და არც ხორცის ჭკუაზე წავიდა, დაივიწყა სიცილი და ხუმრობა, ასევე "საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულულე და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო" მის ლაშქარშიც. მარადის ფხიზლობდა მეფე და ჯარისკაცთაც მიიბაძავდა. მხოლოდ ღვთის სჯულს გამოეძიებდა და სასულიერო წიგნთა კითხვა იყო მისი საჭმელიც და სასმელიც.
* გავიხსენოთ ცხონებული მეფე ერეკლეც. ერთი გლეხი ტიროდა თურმე, - მიმეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო. მერე ასე როგორ ჩაგეძინაო? - ჰკითხა ერეკლემ. "რა ვიცოდი, მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო", - უპასუხა გლეხმა.
* დილეგში ჩამწყვდეულ წმინდა შუშანიკზე იაკობ ხუცესი ბრძანებს, - დიდმარხვის დროს, მთელი ექვსი წელი, არც დღისით და არც ღამით არ დაჯდებოდა, არც დაიძინებდა და არც საჭმელს მიიღებდა, კვირაობით ეზიარებოდა უფლის ხორცსა და სისხლს, მცირე რამ ბალახის ნახარშს შესვამდა. მღვიძარებით და ლოცვით განიწმინდა სული თვისი და განვიდა ფრიად დამაშვრალ, მატლისაგან შეჭმულ ხორცთაგან და შეუერთდა სასურველ უფალს.
* დიდად მოღვაწე ყოფილა იოსებ კათოლიკოსი, რომელიც ადრე დოდოს მონასტრის მონაზონი იყო. მრავალი სათნოებისთვის მღვდელმთავარი შეიქნა და ბოლოს მამამთავრადაც აკურთხეს. მრავალი დაფარული სათნოება ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი მღვიძარებაც გახლდათ. მისი პატრიარქობისას, საწოლს რომ გაუშლიდნენ, ჩუმად დანიშნავდნენ და მეორე დღეს ხედავდნენ, რომ საერთოდ არ დაწოლილიყო საწოლზე, თურმე მთელი ღამე განმარტოებით ლოცულობდა.
* წმინდა დავითის ლავრის ბერებზე ჰყვება წმინდა გაბრიელ მცირე. ერთ მის თანამედროვე კეთილ მონაზონს, ფრიად ლმობიერს, დუმილის შემატკბობელს, თავის სენაკში ჰქონდა წმინდა შიო ახლის თავის ქალა და მის წინ ყოველ ღამეს გლოვასა და ცრემლთა ღვრაში განლევდა. თუ სხვათა სიკვდილი ყოველთვის საშინელი და შემაძრწუნებელია, ამ ნეტარმა მამამ ყოველგვარი სნეულებისა და ტკივილის გარეშე საუკუნო ძილით მიიძინა.
* 1993 წლის 6 ივლისს მოწამებრივად აღესრულა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი. ის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მონათლულა. 1992 წლის 3 აპრილს ბერად აღიკვეცა. მკაცრი იყო ახალგაზრდა ბერის ცხოვრების წესი. საზრდოს მიღებაში თავშეკავებული გახლდათ. თითქმის სულ არ ეძინა. არავის შეეძლო ეთქვა, როდის ისვენებდა. რაც ბერად შედგა (და უფრო ადრიდანვეც კი), საწოლში არ სძინებია. საწოლის ნაცვლად ფიცრებს იყენებდა. იჯდა, ზურგით კედელს ეყრდნობოდა, ფეხები კი სკამზე ჰქონდა შემოწყობილი. მის სულს განმარტოება და იდუმალი საუბარი სწყუროდა ღმერთთან.
* ერთხელ წმინდა ექვთიმე ათონელმა ეკლესიაში უდებად მყოფი და მძინარე ძმა ნახა. ჰკითხა: რად გძინავს ეკლესიაში? არ გეყოფა სენაკში ძილი?
- შინ ვმღვიძარებ და ტაძარში იმიტომ მეძინებაო.
- ეგ, საყვარელო, ეშმაკის მახეა, - უთხრა წმინდა ექვთიმემ, - რათა მცირესთვის დიდი დაგაკარგვინოს. ეკლესიაში მიმავალი კაცისაგან ეძიებს ღმერთი, ფრთხილად და ლმობიერად იდგეს. ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე და სენაკში ძილით გაძღებოდე? აქ ნუ დაიძინებ, თუ არადა მძიმედ დაგსჯიო.
მოშიშებისთვის
* წმინდა იოანე კლემაქსი ბრძანებს: "ვინც მონა იყოს ღვთისა, მას მხოლოდ თავის უფლისა ეშინია. ხოლო ვისაც ღვთისა არ ეშინია, მას თავის ჩრდილისაც კი შეეშინდება".* "ვისაც ღვთისა ეეჭვება, იგი, ვითარცა კაენი, შიშსა და შფოთში იმყოფება", - გვასწავლის წმინდა ეფრემ ასური.
* 17 წლის იყო მამა ფილოთეოსი (ზერვაკოსი, +1980), როცა ბერობის სურვილი გაუჩნდა. იმავე ღამეს ძილში საშინელი გოლიათები გამოეცხადნენ, კბილების კრაჭუნით და ხმლებით ემუქრებოდნენ, - ეგ აზრი თავიდან ამოიგდე, თორემ აგკუწავთო. მშველელად ღვთისმშობელი მოევლინა. რამდენჯერმე დააპირეს მისკენ წამოსვლა, მაგრამ ბოროტი არსებები უფლის დედამ შეაშინა. იმ დღიდან ყმაწვილს მზის ჩასვლის მერე გარეთ გასვლისაც კი ეშინოდა, - ვაითუ იმ ურჩხულებს გადავეყაროო. ეშმაკს სხვა დროსაც გადაეყარა და დაემუქრა: - სატანავ, შენი არ მეშინია, მე ქრისტე შემეწევა! ქრისტემ გძლია და მისი ძალით მეც გძლევო. მაგრამ ბოროტი ძალები თავს არ ანებებდნენ და დროდადრო შიშსა და სულმოკლეობას ჰგვრიდნენ. განსაკუთრებით ეძგერებოდა ხოლმე გულისთქმები ღამღამობით, მარტო დარჩენილს. ფილოთეოსი შიშის ძლევას ცდილობდა. საკუთარ თავს ეკითხებოდა: "ასე რატომ ხდება? დღისით, ადამიანებს შორის არაფრის მეშინია, ღამით კი შიში მთანგავს. ნუთუ ღმერთი, დღისით რომ მიცავს, ღამე თავს მანებებს? თუ მოყვარული მშობლები თავს ევლებიან შვილებს, კრუხიც კი იცავს და იფარავს თავის წიწილებს, სიყვარულით აღსავსე ზეციური მამა მით უფრო დაგვიცავს და დაგვიფარავს დღისითაც და ღამითაც და ყოველსა ჟამსა. რისი მეშინია, მე ხომ ზეციური მამა მყავს, ჩემზე სიყვარულით მზრუნველი, რომელსაც ძალუძს, დამიცვას სულისა და სხეულის მომწყვლელი ბოროტისაგან". ასე იმხნევებდა თავს, ღამღამობით განმარტოებით მდგომ ეკვდერში დადიოდა და ლოცულობდა. ერთხელ ერთი ღამე სასაფლაოზე გაატარა, საფლავებს შორის ეძინა. ასე სძლია შიშს.
* კაცობრივი შიში არ იყო უცხო ქართველი წმინდა მამებისათვის, მაგრამ მას ღვთის დიდი რწმენით სძლევდნენ: ღვთისმშობლის ბრძანებით, იორდანიის უდაბნოდან სამშობლოში დაბრუნდა წმინდა ილარიონ ქართველი. მამისეული ქონება კეთილად განაგო, მამის სახლი დედათა მონასტრად გადააკეთა, სადაც დედა და და მონაზვნებად აღკვეცა. დედის სიკვდილის შემდეგ გარეჯის უდაბნოში წავიდა და მამა დავითის საფლავზე ეკლესია ააშენა. წმინდა ილარიონის კეთილ საქმეებს შეეწინააღმდეგა მისივე დედის ძმა - დაიფიცა, შეჩვენებული ვიყო, თუ არ მოვკლა და მაგის მონასტერი არ დავანგრიოო, კარზეც კი წააწერა: "სამი დღის მერე ყველა იხილავს ამ მონასტერს დამწვარს". მთელი ღამე ილოცა წმინდა ილარიონმა და განთიადისას მიერულა. გამოეცხადა კაცი ბრწყინვალედ მოსილი: "ნუ გეშინია, ილარიონ, დღესვე განისწავლის იგი და შეგივრდეს ფერხთა შენთა". მართლაც, როცა გათენდა, ეშმაკმა დააკვეთა მოღალატე ბიძა და მანამ არ განიკურნა, ვიდრე ილარიონმა ჯვარი არ გადასახა.
* როცა კონსტანტინე კახს ამირა ჯაფარი სიკვდილით დაემუქრა, მან უპასუხა, არ მეშინია შენი მახვილისგან, არამედ იმის მეშინია, ვისაც ჩემი სულის და ხორცის მოწყვეტა შეუძლიაო. წმინდა კონსტანტინემ დაითმინა ქრისტესთვის წამება და მონასტერში გადასახლდა.
* "რაც არის სხეულისათვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი: აქედან წარმოიშობა შიში და ლაჩრობა. რამეთუ ისე არავის ეშინია, როგორც ამა ცხოვრებას მიჯაჭვულს. ის კაენივით ყოველდღიურად შიშსა და ძრწოლაშია. ყველა მისი სურვილი მიმართულია სწრაფწარმავალი და სწრაფად განქარვებადი საგნებისკენ, თუმცა თვითონ ჯერ არ გამოუცდია ცვლილება (უკეთესისაკენ), მაგრამ ამას სხვებში ხედავს და ამიტომ საკუთარ თავს დაღუპულად თვლის. ამიტომ არის ასეთი კაცი ძალზე მშიშარა და სულმოკლე", - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "როცა გაწუხებს შიშის გულისთქმები მოსალოდნელ განსაცდელებზე, მას ნუ გაესაუბრები, უბრალოდ თქვი: "იყოს ნება უფლისა!" ეს ძალზე ამშვიდებს ადამიანს".
* მამა პაისი ათონელი ამბობდა: "რაც უფრო მშიშარაა კაცი, მით მეტად გამოცდის მას მტერი. ვისაც ცხოვრება უძნელდება შიშისგან, უნდა გმირულად განაძეოს იგი. პატარაობისას კონიცის სასაფლაოს გვერდით ჩავლისა მეშინოდა. ამიტომაც სამი ღამე სასაფლაოზე მეძინა და ეს შიში მომშორდა. ჯვარს ვისახავდი. როცა სასაფლაოზე წავედი, ფანარიც არ წამიღია, რომ არავინ შემეშინებინა".
* "ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.
თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".
მამა პაისივე ბრძანებდა: "როცა სიკვდილს გადაწყვეტ, უკვე აღარაფრის გეშინია. სიკვდილისთვის მზადყოფნა ათასი პირადი მცველის ძალას უდრის".