არსენი! გაიქეცი კაცთაგან და ცხონდები
წმინდა იოანე კლემაქსის "სათნოებათა კიბის" პირველ სამ საფეხურად დასახელებულია:
I. სოფლისაგან განშორებისათვის; II. ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის; III. უცხოობისათვის; თითოეულ ქრისტიანს (არა მარტო მონაზვნებს, ერისკაცებსაც) გვმართებს განვეშოროთ ამა სოფელს, ამსოფლიურ საქმეებს, საცთურებს, რათა უცხო გახდეს იგი ჩვენთვის. ვიცით, რომ ვძულვართ ამ სოფელს, რადგან პირველად ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე მოიძულა, მერე კი მისი მიმდევრები. ჰოდა, თუ ვიცით, რომ ვძულვართ სოფელს, გავხდეთ არაამსოფლისაგანნი, ზეციური იერუსალიმის მოქალაქენი.ვიხილოთ წმინდა მამათა ცხოვრებიდან მაგალითები, ავიდეთ ამ საფეხურებზე და "მასზედ აღმსვლელი "ნურღარა მიხედავ მარჯულ, გინა მარცხულ" (მეორე სჯულ. 5,32).
* ამ სოფლიდან განშორების გარეშე ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური, - განშორებას ვეძახი არა ხორცით გადასახლებას, არამედ ამსოფლიურ საქმეთაგან განდგომას. ამ სოფლიდან განდგომის სათნოება ის არის, რომ გონება სოფელზე აღარ ფიქრობდეს.
* ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: ამსოფლიურ საგანთა, ცოლის, ქონების და სხვათა უარმყოფელმა საკუთარი თავი გარეგნულად გახადა მონაზვნად, მაგრამ შინაგანად ჯერ არ გაუხდია, ხოლო თუკი იგი უკუაგდებს ცოდვიან გულისთქმებს, შინაგანადაც გახდის მონაზვნად. ანუ კაცის გონება გარეგნულად ადვილად შეიძლება გახდეს მონაზონი, თუკი მოისურვებს, მაგრამ ცოტა შრომა არ სჭირდება მონაზვნად შინაგანადაც გახდომას.
* სამცხელი აზნაურის ძეს, წმინდა ზენონს და მის დას მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონება დარჩათ. ზენონს ბერობა სურდა, მაგრამ განაზრახის ასრულება გაუჭიანურდა. ამასობაში ერთმა უკეთურმა შეაცდინა მისი და და შავშეთს წაიყვანა. ზენონმა შეიტყო ეს, აისხა იარაღი, ამხედრდა და მის კვალს დაადგა. კარგა მანძილი რომ განვლო, იფიქრა: სახელოვანი ჭაბუკი ვარ, ხოლო ის, ვისაც მივდევ, უღირსი კაცია; რომ დავეწიო და მოვკლა, ცოდვაში ჩავვარდები, ხოლო თუ ხელცარიელი გავბრუნდი უკან, სირცხვილით თავი აღარსად გამომეყოფა. მოდი, მონაზვნობის აღთქმას მაინც აღვუსრულებო უფალს. თქვა და შეასრულა კიდეც, გამოისახა ჯვარი, კლარჯეთში გადავიდა და ბერად აღიკვეცა.
* წმინდა მაკარი დიდი ეუბნებოდა სავანის ძმებს: - ივლტოდეთ, ძმანო! ამ უდაბნოს იქით სადღა გავიქცეთო, - ჰკითხეს. ღირსმა მამამ პირზე თითი დაიდო და: ამისგან ივლტოდეთ, ძმანო, რათა ვცხონდეთო. ერთხელ მას მამა ესაიამ ჰკითხა, - რა არის კაცთაგან გაქცევაო. ბერმა მიუგო: ეს არის, რომ დაჯდე შენს სენაკში და ტიროდე შენს ცოდვებსო.
* ერთხელ მეუდაბნოე მამა ათანასე ბალაამელს ძმა გაესაუბრა. იცოდა, რომ მამა ათანასე ტულიდან იყო და ამ ქალაქის ახალ ამბებს მოუთხრობდა, ახალ შენობებს, ქუჩებს, მოედნებს აღუწერდა... მეუდაბნოემ შეხედა ბერს და უთხრა: - ძმაო, უმჯობესია, მითხრა, რამდენი ფიცარი დამჭირდება კუბოსთვის და მიწის დიდი ბორცვი თუ აღიმართება ჩემს საფლავზეო.
* მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) ჰყვებოდა: ათონის მთაზე ბერობის მსურველი ახალგაზრდა მიიღეს მორჩილად. მოძღვარმა ურჩია, აღარ ეფიქრა ოჯახზე და მასზე ზრუნვა უფლისთვის მიენდო. ერთხელ მათთან, სენაკში, ერთი გლახაკი მივიდა. ახალგაზრდა მორჩილს დაავიწყდა მოძღვრის კურთხევა და ვინაობა ჰკითხა. გლახაკი მისი ქალაქიდან აღმოჩნდა. ვაჟმა ახლა თავისი ქვრივი დედისა და დების ამბავი ჰკითხა. ერისკაცმა აუწყა, - უჭირთ, თავის სარჩენად ათასგვარ სამუშაოს ასრულებენ და მრავალ ხიფათს ხვდებიანო. "ჰყავდათ ძმა, - უთხრა გლახაკმა, - მაგრამ მან ისინი მიატოვა და ბერად წავიდა ათონზე".
მორჩილს ოჯახზე ფიქრი შეუჩნდა და თუმცა მოძღვარი უშლიდა, მშობლიური ქალაქის გზას დაადგა. ერთგან შეისვენა. ჩამოჯდა და დაღლილს ჩაეძინა. ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა: - რაც ათონზე წახვედი უფლის სამსახურისთვის, ღმერთმა შენს მაგივრად გამომგზავნა შენი დედისა და დების მფარველად. ახლა, რაკი უკან ბრუნდები და გსურს, თავად იზრუნო მათზე, მე საჭირო აღარ ვარ, მივდივარ და ვტოვებ მათო. გაიღვიძა ბერმა და შეშინებულმა ისევ თავის მოძღვარს მიაშურა. რა კარგია, შვილო, რომ დაბრუნდი, - უთხრა მან, - რაც წახვედი, სულ ამას ვევედრებოდი უფალს, გაენათებინა შენთვის გონება და გაქცეოდი ეშმაკის საფრთხესო.
* მამა ანტონ ბალაამელი უდაბნოში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა ის ადგილი. როცა მონასტერში გადასვლის კურთხევა მისცეს, შეწუხდა, მივიდა წინამძღვართან და თავისი კუნკულ-ბარტყული ფეხთით დაუდო - უდაბნოდან მიგყავართ და ბარემ ბერობაც ჩამომართვითო.
* როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ძალიან ენატრებოდა დედა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე, ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო. უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო, - სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო. "ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა", - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარასოდეს უნახავს თავისი ხარლამპე.
* ბერად შემდგარ წმინდა იოანე-თორნიკეს, მხედართმთავარყოფილს, ძმებთან ომების გახსენება უყვარდა. წმინდა იოანე მთაწმინდელმა პირდაპირ მხილება ვერ შეჰკადრა და მხოლოდ ეს ურჩია: ვხედავ, მამაო, ღვთის მადლით წარემატები სულიერად, ამიტომაც არ მინდა ზიანი მოგადგეს. ამიერიდან სოფლის საქმეებზე მხოლოდ გაბრიელ ხუცესს უთხარი და სხვას არავისო. წმინდა გაბრიელზე კი ამბობენ: მას ბაგეთაგან ამსოფლიურ ამბებზე სიტყვა არ დასცდებოდა, ლაპარაკობდა მხოლოდ საღვთო და სულიერ საგნებზე. ცრემლმორეულმა წმინდა იოანე-თორნიკეყოფილმა მოძღვარს შეჰკადრა, რატომ აქამდე არ მამხილეო და შენდობა ითხოვა. ის დღე იყო და ის დღე, წმინდა იოანე-თორნიკე მონასტრის ძმათაგან არავის ეზრახებოდა, მხოლოდ მონასტერში მოსულ სტუმარს ეტყოდა ორიოდე სიტყვას და გაჩუმდებოდა.
* წმინდა იოანე მთაწმინდელმა დატოვა სიმდიდრე, ოჯახი, სახელი და ბერად აღკვეცილი ჯერ ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდა, მაგრამ იქიდანაც ადამიანურ დიდებას გაქცეული, ულუმბოს მთაზე, ერთ მონასტერში ჯორების მწყემსად შედგა და სხვა "უნდონი მსახურებანი" სიმდაბლით აღასრულა, მხოლოდ მას მერე გამოამჟღავნა თავი, რაც მისი შვილი მძევლად გადასცეს ბერძენთა მეფეს. მოჰკიდა შვილს, ექვთიმეს ხელი და ულუმბოზე დაბრუნდა; მაგრამ ვინაიდან სახელი გაუვარდა და უკვე პატივს სცემდნენ ძმები, მთაწმინდაზე დასახლდა წმინდა ათანასეს ლავრაში. "აქვნდა თავი თვისი ფარულად", და მზარეულობის მორჩილებაში ორ წელიწადზე მეტი დაჰყო.
* როცა პატრიარქი დავითი მღვდელმთავრად ხელდასხმის წინ მონაზვნად აღიკვეცა, თქვა, რომ ამიერიდან აღარასოდეს გადააბიჯებდა თავისი სახლის ზღურბლს. შეასრულა კიდეც. მაშინაც კი, როცა მისი ცოლყოფილი გარდაიცვალა, დასამშვიდობებლად არ მისულა. უთქვამს: მიცვალებულისათვის ლოცვაც საკმარისიაო. ასე დაიმარხა მან თავისი მონაზვნობა.
* მამა გერასიმე ათონელმა (მოლდაველი, +1820) სიზმრად სამი მამა იხილა, რომელთაც უთხრეს: "ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ, მაგრამ ყველას გადაეცი, ნურც ისინი და ნურც თქვენ ნუ შეგვაწუხებთო". მამა გერასიმემ ეს სიზმარი თავის მოძღვარს, დიდ მამას, ნეოფიტე კარამანლისს უამბო. მამა ნეოფიტე მეუდაბნოე მამებთან მიდიოდა ხოლმე და აზიარებდა. ამიტომაც მიხვდა, რომ ეს სამი მამა გარდაცვლილიყო. მათი საფლავის მოძიება მოისურვა. შემოიარა მღვიმეები, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ერთგან, წმინდა ნილოს მირონმდინარის სენაკისკენ მიმავალ გზაზე, მუდამ კეთილსურნელებას გრძნობდა. ერთხელაც ისეთი მძაფრი სურნელი იგრძნო, რომ უნებურად შეჩერდა. კეთილსურნელება თითქოს ნისლად ჩამოწოლილიყო ირგვლივ. სურნელის წყაროს ძიება დაიწყო. ერთ ქვაყრილთან შეჩერდა. ქვები გამოაცალა და მღვიმეში შესასვლელი აღმოაჩინა. უეცრად მღვიმიდან ხმა მოესმა: ჩვენ სამნი აქ ვცხოვრობდით და აქვე დავიმარხეთ, ახლა კი არ გვსურს, ვინმემ შეგვაწუხოსო! მამა ნეოფიტემ შესასვლელი ამოქოლა და იქაურობას გაერიდა.
* მამა ბენედიქტე (ქიოტიშვილი) წმინდა სოლომონ მეფის მოძღვარი იყო. ცოლ-შვილის სიკვდილის მერე მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმში გაემგზავრა, სადაც ოთხი წელი მცხოვრის საფლავზე სწირავდა. მერე კი ათონზე გაემგზავრა და პანტელეიმონის მონასტერში დასახლდა. მან თავი არ გამოამჟღავნა და სხვა მუშებთან ერთად ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა. ერთმა სტუმარმა, რომელსაც ადრე იერუსალიმში ჰყავდა ნანახი მამა ბენედიქტე, თვალი მოჰკრა ტვირთაკიდებულს და იღუმენს უსაყვედურა: - რატომ ექცევით ასე მღვდელს და უკანასკელ სამუშაოს ასრულებინებთ? მე ეგ უფლის საფლავზე მწირველი მინახავსო! იღუმენმა მაშინვე გამოჰკითხა მამა ბენედიქტეს ვინაობა და ეპიტიმიაც დაადო ვინაობის დაფარვისათვის.
* ანდრია ბულისკირიამ (შემდგომში მამა გიორგი) წმინდა ალექსის (შუშანია) გაცნობის მერე ბერად შედგომა მოისურვა. დედა კი ამ დროს სარძლოებს ურჩევდა. როცა ანდრიამ გაუმხილა თავისი სურვილი, ქალი ისე ატირდა, თითქოს შვილი მოკვდომოდეს. ჯერ ევედრა, გადაიფიქრეო, მერე სიკვდილით დაემუქრა, ბოლოს კი შვილის გაჩენის დღე დაწყევლა. ანდრიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მდაბლად თავი მოუდრიკა. იმავე ღამეს დატოვა მამის სახლი და მამა ალექსისთან მივიდა. ის თითქოს ელოდებოდა მის მისვლას. მაშინვე სარეკომენდაციო წერილით ერთ-ერთ მონასტერში გაგზავნა.
* ერთხელ ამბა ანტონმა იმპერატორ კონსტანცისაგან წერილი მიიღო - კონსტანტინოპოლში ეპატიჟებოდა. რა ვქნაო, ფიქრობდა ღირსი ანტონი, მერე კი თავის მოწაფეს, პავლეს ჰკითხა: უნდა წავიდეო? მან უპასუხა: თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არ წახვალ, ამბა ანტონიო... მამა ანტონიც არ წავიდა.
* ღირსი აღათონი ამბობდა: - მე რომ ვინმე ძლიერ მიყვარდეს და ვიცოდე, ცოდვისკენ მიბიძგებს, მაშინვე განვაგდებდი ჩემგანო.
* მამა სისოს მოწაფე ხშირად ეტყოდა ხოლმე: ამბა, ავდგეთ, ვიტრაპეზოთო! ბერი პასუხობდა: ნუთუ არ გვიტრაპეზია, შვილო? - არა, მამაოო. თუკი ასეა, მაშინ მოიტანე პური და ვჭამოთო, - ეტყოდა ბერი.
* ერთხელ ერთი ბერი მონასტერში წავიდა თავისი ავადმყოფი დის სანახავად. ის კი, დიდი რწმენით აღვსებული, საკუთარ თავს მამაკაცის ხილვის ნებას არ აძლევდა და არ დათანხმდა, რომ მისი ხორციელი ძმა ავადმყოფობის მიზეზით დედათა შორის შესულიყო. მან ძმას შეატყობინა: წადი, ძმაო, და ილოცე ჩემთვის. ქრისტეს მადლით მე შენ ზეციურ სასუფეველში გიხილავო.
* ერთხელ ვინმე ბერი მონაზვნებს შეხვდა და გზიდან გადავიდა. იღუმენიამ უთხრა: - შენ რომ სრულყოფილი მონაზონი იყო, როგორც დედაკაცებს, ისე არ შემოგვხედავდიო.
* წმინდა არსენი დიდი მეფის შვილების გამზრდელი იყო. სამეფო პალატში მყოფი, უფალს ევედრებოდა: "მასწავლე, რაითა ვყო ნება შენი?" და მან მოისმინა ხმა, რომელიც ეტყოდა: "არსენი! გაიქეცი კაცთაგან და ცხონდები". განმარტოებით მყოფი ისევ ამას ლოცულობდა და კვლავ მოესმა: "არსენი! გაიქეცი, დადუმდი, დაეყუდე, რამეთუ ამაშია ძირი წმინდა ცხოვრებისა".
* ამბა ორი ამბობდა: "ან გაიქეცი სოფლიდან, ანდა მრავალ შემთხვევაში თავი სულელად მოაჩვენე სოფელსა და მის მკვიდრთ".
* ძმამ ჰკითხა ამბა ესაიას: როგორ უნდა დავეყუდოთ კელიაში? ბერმა უპასუხა: კელიაში დაყუდება ნიშნავს დაემხო ღვთის წინაშე და მთელი ძალით შეეწინააღმდეგო ბოროტის მიერ დათესილ გულისთქმებს. აი, ამას ნიშნავს სოფლიდან განდგომა.
* ერთხელ აქლემის მწყემსი მივიდა ამბა იოანესთან, რათა მისი კალათები სადღაც წაეღო. ამბა კელიაში შევიდა დაწნული კალათების გამოსატანად, მაგრამ დაავიწყდა, რადგან გონება ღვთისკენ ჰქონდა მიმართული. მწყემსი კვლავ აკაკუნებდა კარებზე და კალათებს ითხოვდა. გარეთ გამოსული მამა იოანე კვლავ შებრუნდა და კვლავ დაავიწყდა სათხოვარი. მწყემსმა კვლავ სთხოვა, რომ არ დავიწყებოდა. მამა იოანე თავისთვის იმეორებდა: "კალათა-აქლემი, კალათა-აქლემი".
* ერთხელ ამბა სილუანე სინას მთაზე მივიდა. მისი მორჩილის, მარკოზის დედამ სთხოვა, - ჩემი შვილი გამოუშვი, რათა ვნახოო. ბერმა გაუშვა მარკოზი. მარკოზი წასასვლელად მოემზადა, ლაბადა მოისხა და დასამშვიდობებლად მოძღვართან მივიდა. მაგრამ უეცრად ატირდა და... აღარ წავიდა.