წმინდა მოსე ოპტელი
ამჯერად გვსურს წმინდა მოსე ოპტელზე გესაუბროთ. ღირსი მოსე, ერისკაცობაში ტიმოთე, უფროსი ვაჟი გახლდათ სერპუხოველი ივანე და ანა პუტილოვებისა.
ცოლ-ქმარს სულ ათი შვილი ჰყავდა, ოთხი ადრევე დაეხოცათ. ღვთის შიშით ზრდიდნენ პუტილოვები შვილებს. ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ, რადგან მამას ეშინოდა, ცუდ ამხანაგებს მათზე გავლენა არ მოეხდინათ და შვილებს შინ ასწავლიდა. დღესასწაულებზე მამას ისინი ეკლესიაში მიჰყავდა და იქიდან მობრუნებული მოსმენილ ღვთისმსახურებზე ეკითხებოდა. ივანეს კარგი ხმა ჰქონდა, კლიროსზე გალობდა და უყვარდა შინ ბავშვებთან ერთად გალობა. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ სულიერი კაცნი და პუტილოვის შვილები კეთილ გარემოში იზრდებოდნენ. უფროს ქალიშვილს მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ მამის სურვილით გათხოვდა, მალე გარდაიცვალა და მათი სიძე საროვის მონასტერში აღიკვეცა ბერად. 19 წლის ტიმოთე, 14 წლის ძმასთან, იონასთან ერთად, მამამ მოსკოვში მოიჯარესთან გაამწესა სამუშაოდ. მოსკოვის ტაძრები და სიწმინდენი უძლიერებდა ტიმოთეს სულიერ სწრაფვას. აქ ადვილი იყო სასულიერო ლიტერატურის შოვნა. ყმაწვილი წიგნს დახლთანაც კი არ იშორებდა. ახალგაზრდებს კავშირი ჰქონდათ ჭეშმარიტად სულიერ ადამიანებთან, რამაც მათ ბერობა გადააწყვეტინა. 1804 წელს 22 წლის ტიმოთე და მისი ძმა საროვის მონასტერს მიადგნენ. იქ უკვე ცხოვრობდა მათი სიძე. იცოდნენ, მამა კურთხევას არ მისცემდათ, ამიტომაც მისწერეს, ძველ უფროსს ვერ შევეგუეთ და ახალი პატრონი მოვძებნეთო. უკვე საროვიდან მოსწერეს განცხადებულად ყველაფერი. გაუჭირდა პუტილოვს შვილების გაშვება, მაგრამ დაჰყვა ღვთის ნებას. ამის მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. მისი საფლავის ქვას წლების მერე წააწერეს, რომ იგი აღმართეს ივანე "პუტილოვის შვილებმა: ოპტის უდაბნოს იღუმენმა მოსემ, საროვის მონასტრის იღუმენმა ესაიამ და მცირე იაროსლავის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის იღუმენმა ანტონმა". მართლაც რომ შთამბეჭდავია ეს წარწერა.
საროვში იმ დროს მართლაც ყვაოდა სასულიერო ცხოვრება. იქ ცხოვრობდნენ ღირსი მამა სერაფიმე, სქემმონაზონი მარკოზი, რომელიც სალოსობის ღვაწლს ეწეოდა, "პენსიაზე გასული" იღუმენი ნაზარი, ბალაამის მონასტრის აღმდგენელი, მონასტრის მაშენებელი ესაიაც ცნობილი იყო თავისი მკაცრი ცხოვრებით.
ტიმოთე 3 წლის მერე მორჩილად შედგა სვენის მიძინების მონასტერში. მისი ძმა, იონა, საროვში დარჩა და შემდგომში იღუმენიც შეიქნა. როსლავისა და რიაზანის ტყეებში იმ დროს ბევრი მეუდაბნოე მამა ცხოვრობდა. მათ მალევე შეუერთდა ტიმოთე.
ტიმოთემ იქ ათი წელი იცხოვრა, ის მღვდელსქემმონაზონ ათანასეს დაემორჩილა, რომელიც ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მოწაფე გახლდათ, მუდმივად სულიერად მღვიძარებდა და გონებისმიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა. ამ მამამ აღკვეცა მონაზვნად ტიმოთე და მოსე უწოდა, წმინდა მოსე შავის პატივად. ეს სახელი მეუდაბნოეთა საერთო აზრის მიხედვით ებოძა იმ დიდი სიყვარულის გამო, რასაც იგი იჩენდა უდაბნოში მოსული მწირების მიმართ.
როსლავის ტყეში ბერები სამ-სამნი ცხოვრობდნენ კელიაში. საეკლესიო მსახურებას იქვე აღასრულებდნენ, მხოლოდ კვირასა და სადღესასწაულო დღეებში იკრიბებოდნენ ლოცვისთვის. ქრისტეშობას, აღდგომას და დიდ დღესასწაულებზე მოდიოდა მათთან მღვდელი და აზიარებდა. ბერების ბოსტანში მხოლოდ თალგამი მოდიოდა, ზაფხულში აგროვებდნენ სოკოსა და კენკრას. მთელი ზამთარი მათ გარშემო მგლები ტრიალებდნენ. დათვებიც ხშირად უნადგურებდნენ ბოსტანს. ხან ყაჩაღები ესხმოდნენ თავს, ხანაც პოლიცია აწუხებდათ. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ქარიშხლები იყო, რომლებიც ფესვებიანად თხრიდა საუკუნოვან ხეებს.
1816 წელს ღირს მოსესთან მოვიდა მისი უმცროსი ძმა ალექსანდრე, რომელსაც ბერად შედგომა უნდოდა. ოთხი წლის მერე ალექსანდრე ბერად აღკვეცეს და ანტონი უწოდეს. მისი სულიერი ხელმძღვანელობა კი მეუდაბნოე მამებმა მამა მოსეს დააკისრეს, რომლის მიმართაც მან სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი მორჩილება გამოავლინა.
მეუდაბნოე ცხოვრებისას განძლიერდა და სულიერად მომწიფდა ღირსი მოსე, შეიძინა მღვიძარება, მდუმარება, სიფხიზლე, ნიჭი ლოცვისა და თავის დამდაბლებისა. მამა მოსეს სულიერ ბრძოლაზე მეტყველებს გაცრეცილი ფურცლები, სადაც იგი თავის ფიქრებს იწერდა ხოლმე. აი, მაგალითად: "14 დეკემბერი, 1819 წ. ზიარების მერე, კანონის წართქმისას, მომივიდა აზრად, რომ ღვთის შეწევნით გამოსწორებისას მარხვის ღვაწლი მხოლოდ უბრალო საჭმლის ჭამით კი არ ვისწავლო, არამედ ბაგეც შევიკრძალო, შევიცნო საკუთარი ცოდვები, თავი უღირსად ჩავთვალო ჩემი უწმინდური და გაუწვრთნელი გულისა და გონების გამო. ბაგეებით არავის არაფერი ვუთხრა, უკიდურეს შემთხვევაში, წერილობით მივმართო ძმას და სურვილი ამგვარად ავუხსნა. ღმერთო, შემეწიე, რომ აღვასრულო, რამეთუ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დაწყებული საქმე არ შევასრულო... 15 დეკემბერს გამიელვა თავში ფიქრმა, ჩემს თანასენაკელ ძმებთან დაკავშირებით, რათა ჩემს მიერ დანახული მათი შეცდომები მივიღო და შევინანო საკუთარ ცოდვასავით, არ განვიკითხო ისინი მკაცრად და რისხვით არ ავინთო. ძმების შეცდომები და ცოდვები, დაე, ჩემი იყოს".
წლების შემდეგ მოსეს ღმერთმა ახალი, რთული მოვალეობა დააკისრა. კალუგის მიტროპოლიტმა ფილარეტმა გადაწყვიტა, მდინარე ჟიზდრას ნაპირას, მონასტრის სიახლოვეს სკიტი აეგო. მას ეს განზრახვა ღირსი მოსესა და მის ძმის, ანტონის გაცნობის მერე განუმტკიცდა. საუკუნოვან ფიჭვებსა და თხილნარს შორის შეუდგნენ სკიტის მშენებლობას. პატარა კელიები ააგეს და შემოღობეს. აქვე ააშენეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.
1822 წელს ტაძარი აკურთხეს. მამა მოსეს დიდი სქემის შემოსვა სურდა, მღვდელმთავარი კი მღვდლად კურთხევას სთავაზობდა. ბრძენი ფილარეტი ხედავდა მოსეს სულიერ ნიჭებს და ამიტომაც არ უთმობდა, ბოლოს უთხრა, - თუ არ დამთანხმდები, უფლის წინაშე გიჩივლებ საშინელ სამსჯვროზეო. მაშინღა დადუმდა ღირსი მოსე და 1822 წლის 22 დეკემბერს მას მღვდლად ხელი დაასხეს და ოპტის სავანის მოძღვრად დაადგინეს. სამი წლის მერე იგი ამ წმინდა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 43 წლის იყო მაშინ ღირსი მოსე. 37 წელი მართავდა მონასტერს. მისი ღვაწლით ოპტის სავანე ძალზე შეიცვალა: გამრავლდა ძმათა რიცხვი, გაორმაგდა მონასტრის მიწები, გაშენდა ხეხილის ბაღები, გამრავლდა რქოსანი პირუტყვი. აშენდა მონასტრის ბიბლიოთეკა, აიგო ორი ტაძარი, სატრაპეზო, სასტუმრო, საჯინიბო და გომური, კელიების 7 კორპუსი, 2 ქარხანა, წისქვილი და სახელგანთქმული ოპტის სავანის თეთრი გალავანი.
ყველაფერი ეს კი წინამძღვრის დიდი რწმენით შენდებოდა. მამაო, ფული გაქვსო? - ეკითხებოდნენ ახლობლები რაიმე მშენებლობის წინ. მაქვს, - ეტყოდა და 15-20 მანეთს აჩვენებდა. "ეს რა ფულია. ამ საქმეს ათასი მანეთი მაინც უნდა", - ეტყოდნენ. ღირსი მოსე გაიღიმებდა, - ღმერთი კი დაგავიწყდათ. მე არა მაქვს, მაგრამ მას აქვსო, - და იმედიც არ გასცრუებია. ხშირად ყოფილა, რომ მუშებს ჯამაგირი მოუთხოვიათ, წინამძღვარს კი ამ დროს სულ რამდენიმე სპილენძის მონეტა ჰქონია. იგი მათ ორი-სამი დღით დაცდას სთხოვდა, ამ პერიოდში კი ვიღაც აუცილებლად შემოსწირავდა ფოსტით ფულს. ხოლო თუ ესეც არ იყო, ისესხებდა და პირველსავე შემთხვევაში ვალს მთლიანად აბრუნებდა.
სასტუმროს ქვის კორპუსები, რომლებისთვისაც მთა მოთხარეს და ტბაში ჩაყარეს, ასევე ქვის გალავანი მოუსავლიან წელს შენდებოდა, როცა ერთი ფუთი ხორბლის ფქვილი 5000 მანეთი ღირდა. პური ძმებსაც ცოტა ჰქონდათ, სავანე კი სავსე იყო მშიერი ხალხით. ღირსი მოსე სავანეს აშენებდა და თან ხალხს არჩენდა. ხალხის გაჭირვებამ მის გულში გაიარა. ერთხელ, როცა მისი დაყოლიება სცადეს, თავი ენებებინა მშენებლობისთვის, დიდად აღელვებულმა, თვალცრემლიანმა უპასუხა: "ეჰ, ძმაო, რადღა გვაცვია ანგელოზის სამოსი? ქრისტე მაცხოვარმა თავი თვისი რადღა დადო ჩვენთვის? სიყვარულის სიტყვები რადღა გვიქადაგა? იმისთვის ხომ არა, რომ მისი დიდებული სიტყვები მოყვასის სიყვარულზე მხოლოდ ბაგეებით ვიმეოროთ? რა გვენაღვლება, ხალხი შიმშილით თუ დაიხოცება? ისინი ქრისტეს სახელით ითხოვენ... გავიღოთ მოწყალება, ვიდრე უფალს არ აუღია ჩვენზე თავისი მოწყალე ხელი. იგი იმისთვის კი არ გვიგზავნის თავის ნიჭებს, რომ ცხრაკლიტულში დავალპოთ და ამ გაჭირვებულ წელს არ დავუბრუნოთ ხალხს, რომლისგანაც მიგვიღია".
მამა მოსეს გლახაკთმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ის ზოგჯერ უდიდეს საფასურს იხდიდა, ვიდრე სთხოვდნენ, რაიმე უსარგებლო ნივთში, ოღონდ გამყიდველს დახმარებოდა. მამა მოსეს დროს მომლოცველთა რიცხვი გამრავლდა ოპტაში. მათზე აქ აღმატებულად ზრუნავდნენ. თვითონ არქიმანდრიტი მიმოივლიდა სასტუმროებს და ნახულობდა სტუმრებს. მამა მოსეს დადგენილი ჰქონდა, რომ სასტუმროში ღამის გათევისთვის საფასური არ აეღოთ, მხოლოდ შესაწირს იღებდნენ. ერთმა მდიდარმა ვაჭარმა ჰკითხა წინამძღვარს, - არ გეშინიათ, რომ სასტუმროში ცხოვრებისთვის ფულს არავინ გადაიხდის და მონასტრის ხარჯზე იქნებიანო? წმინდანმა უპასუხა: "არ გადაიხდის ოთხმოცდაცხრამეტი, ღმერთი გამოგზავნის მეასეს, რომელიც ყველას მაგივრად გადაიხდისო". ვაჭარი ამ პასუხის მერე დიდი კეთილისმყოფელი გახდა ოპტისა.
მამა მოსეს არ უკვირდა, როცა დიდ თანხას სწირავდნენ მონასტერს. ერთმა მდიდარმა ოჯახმა, რომელსაც ბევრი რამ გაეღო ოპტისთვის, მესტუმრეს მასთან უჩივლა, თანაც თავისი ქველმოქმედება შეახსენა.
- ვფიქრობდით, რომ ღვთის გულისთვის ქველმოქმედებდით და მისგან ელით ჯილდოს, ჩვენ კი, გლახაკნი და უწვრთნელნი, სამაგიეროს რით მოგიზღავთ? - იკითხა ღირსმა მოსემ.
ოპტის უდაბნოში მიღებისთვის მამა მოსე შესაწირის შეტანას არ ითხოვდა. მას უყვარდა სავანეში მიეღო: სნეულები, უძლურები, ბრმები, რომლებიც ვერაფრით დაეხმარებოდნენ მონასტერს.
ძმების მიმართ ბრძნულად იქცეოდა. ბუნებით ფიცხი, საოცრად შეიცვალა და უჩვეულო სიმდაბლე შეიძინა. როცა რაიმეზე განრისხდებოდა, იქაურობას გაეცლებოდა, ლოცვით იმდაბლებდა თავს და უკან დამშვიდებული ბრუნდებოდა. არ უყვარდა ხელმწიფების გამოჩენა, თუმცა მონასტერი ხელში ეჭირა და სანაქებოდ მართავდა. მორჩილებისას სხვების მარცხს სრული სიმშვიდით უცქერდა და თვისი სიყვარულით ფარავდა.
ყველამ შეამჩნია, რომ ღირსი მოსე დამნაშავის შეგონებას ხშირად გადადებდა დიდი ხნით და მერე შეახსენებდა ნამოქმედარს. ამგვარი შეგონება ძლიერ მოქმედებდა. ვიდრე მონაზონს დაარიგებდა, წინასწარ მისთვის ლოცულობდა, აკვირდებოდა, მშვიდად იყო თუ არა ის, ვისაც უნდა გასაუბრებოდა.
მტკიცედ ახსოვდა წმინდა იოანე ოქროპირის ნათქვამი: - მისი გამოსწორების იმედი აღარ უნდა გქონდეს, ვინც ჯოჯოხეთში ეშმაკებთანააო. ღირს მოსეს დიდად სჯეროდა ადამიანის სინდისისა.
ერთმა მეღუმელემ მრავალგზის მოატყუა მამა მოსე, მან კი ბევრჯერ შეუნდო ცოდვები, რისთვისაც ეცოდებოდა იგი.
- არ გამოსწორდება, მამაო, - არწმუნებდა ეკონომოსი, - ის ცნობილი უვარგისიაო!
- როგორ, - უპასუხა ღირსმა მოსემ, - კაცს გამოსწორება სურს და შენ ამბობ, არამზადააო?! თვითონ ხარ უვარგისი, წადი აქედან!