ის, რომ "არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი", კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომაც დაუტევებდნენ ამ ცრუ საწუთროს და მონასტერში მიდიოდნენ.
ასე იქცეოდნენ თვით სამეფო გვარის შვილებიც. მხოლოდ რამდენიმე მათგანი ვახსენოთ: მეფე დემეტრე I (ბერობაში დამიანე); მეფე ალექსანდრე I - "დიდად" წოდებული (ბერობაში ათანასე) - მის კელიას დღესაც განახებენ დავითგარეჯის მონასტერში; მეფე ბაგრატის და, მონაზონი გაიანე (1508წ.); მეფე კონსტანტინე II (ბერობაში კირილე), მისი მეუღლე თამარი (მონაზვნობაში თეკლა), მისი შვილები: მეფე დავით X (ბერობაში დამიანე), მეფე გიორგი IX (ბერობაში გერასიმე), მელქისედექ II ქართლის კათალიკოსი, ბაგრატი - ბერობაში დამიანე. მეფე ლუარსაბ I-ის ძმა რამაზი (ბერობაში რომანოზი), მეუღლე მისი ხვარამზე (მონაზვნობაში ქრისტინე), მეფე გიორგი პირველის ასული ქეთევანი (მონაზვნობაში ქრისტინე), მეფე ალექსანდრე II-ის და ქეთეონი, აკურის მონასტრის წინამძღვარი და მისი და თეკლა (მონაზონი) და მრავალი სხვანი. თუ ამათ მივუმატებთ თავადაზნაურთა წრიდან მონაზვნად წასულებს, მართლაც დიდებული და სანიმუშო კრებული წარმოგვიდგება თვალწინ.
* როცა წმინდა ალექსანდრე სვირელს სიკვდილის წინ ერთმა სულიერმა შვილმა ჰკითხა: "მამაო, სად დაგმარხოთო", წმინდა ალექსანდრემ უპასუხა: "ძმანო, ჩემს ცოდვილ სხეულს თოკი მოაბით და ჭაობში ჩაფლეთ, ჩემი ძვლები კი ფეხით გათელეთ". "ამის გაკეთება არ შეგვიძლიაო", - მონაზვნებმა. "თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ უფლის ფერისცვალების ეკლესიასთან დამმარხეთო", - დასძინა ღირსმა მამამ. ამის მერე დალოცა ძმები და ილოცა: "ხელთა შენთა ჩავაბარებ სულსა ჩემსა" და წარვიდა ზეცად.
* ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი წვავდა მამა გაბრიელს (ურგებაძე), ამიტომაც მას ყინვა და სიცივე ვერაფერს ვნებდა. მამა არჩილ მინდიაშვილი ჰყვება, რომ ბერი გაბრიელი 1981 წლის ნოემბერში გაიცნო და შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გახდა: "სენაკად ვიტყვი, თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო, ფიცრული, საქათმე უწინ. ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია, როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული, სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე, შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის, უთქვამს: - მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო. იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი".
იგი საოცრად მკაცრი მმარხველი იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ: ხშირად თვეობით ჩაიკეტებოდა თავის კელიაში და საჭმელს არ იღებდა. იტყოდა: "ჩემი საქართველო საყვარელ საჭმელზე როგორ გავცვალო? ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პური მყოფნისო". ამბობდა ხოლმე: "კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო".
* ერთხელ, როცა დავით წინასწარმეტყველი წარმართ ფილისტიმელებს ებრძოდა, რომელთაც ბეთლემი ჰქონდათ დაკავებული, მოსწყურდა და მოინდომა ბეთლემის ჭის წყლის დალევა, საიდანაც ადრე, ცხვრების მწყემსვისას, ხშირად იღებდა წყალს. მეფემ თავის მეომრებს ჰკითხა: - ვინ გაბედავს, გაიაროს ფილისტიმელთა დაცვა და ჭის წყალი მოიტანოსო. წინ სამი მხნე მამაკაცი წარდგა, რომელთაც შეასრულეს მეფის სურვილი, თავი საფრთხეში ჩაიგდეს და ჭის წყალი მოუტანეს მეფეს. დავითს გული შეემუსრა, არ მოისურვა ამის დალევა. "ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს გავაკეთო, - წამოიძახა, - განა დავლევ ამ კაცების სისხლს, რომელთაც სული თვისი დადეს ჩემთვის! სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და წყალი მომიტანეს". მეფემ წყალი აღარ დალია და დააქცია სადიდებლად უფლისა".
* სქემიღუმენი სერაფიმე (კოვში) იხსენებს თავისი ერისკაცობის ამბავს, როცა ის ერთ მდიდარ კაცს ემსახურებოდა. ამ კაცს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომლის შერთვასაც მიტროფანეს (ასეთი იყო მამა სერაფიმეს ერისკაცობის სახელი) სთავაზობდა: "ეს ხომ გაგაბედნიერებს, ღმერთი ამ ბედს მოთმინებისთვის გაძლევს. ქორწილისთვის 70 ოქროს მონეტას მოგცემ, ჯვრისწერის მერე კი შინ წაგიყვან და იმდენ ოქროს მოგცემ, სიცოცხლეში რომ არ გინახავს!" ძნელი იყო ამის დათმენა იმ ყმაწვილისთვის, ვისაც ბერობა ენატრებოდა. მშობლები აღარ ჰყავდა, რჩევა ვერავის ჰკითხა და უეცარი დამუნჯება მოიგონა, პირში ქვა ჩაიდო. რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა, მაგრამ ყმაწვილი თავისაზე იდგა. ბატონმა წვეულებაც კი გამართა, სასიდედრომ ქუდი და თბილი ქურთუკი დაუმალა, რომ არ გაპარულიყო. მაგრამ მიტროფანე ღუმელზე აძვრა და მიუხედავად დიდი თხოვნისა, დაბლა არ ჩამოსულა. საღამოს კი წერილი დაწერა: "ნეტარ იყვნენ, ვინც სიგლახაკე და უპოვარება შეიყვარა. ძებნას ნუ დამიწყებთ. ოთხივე მხრივ გზა ხსნილი მაქვს". შუაღამისას დაუტევა ბატონის სახლი და მონასტერში წავიდა.
* თავადი ნიკოლოზ ჟივახოვი (წარმოშობით ჯავახიშვილი) აღფრთოვანებით ჰყვება ნიკოლოზ ივანენკოზე. ნიკოლოზი, საიმპერატორო სასწავლებლის დამთავრების მერე, საოლქო პროკურორად გაუშვეს ერთ-ერთ პროვინციაში. ეს მოსაწყენ საქმიანობად ეჩვენა. თავი დაანება სამსახურს, თავის ერთ-ერთ მამულში დასახლდა და მეურნეობას შეუდგა - მშობლები ადრე დაეხოცა და ზღაპრული სიმდიდრის პატრონი გახდა. მას მილიონობით მანეთის ქონება ჰქონდა სხვადასხვა გუბერნიაში, ფაბრიკები, ქარხნები, მიწები. ახალგაზრდა იყო, ჯანმრთელი, ძალზე ლამაზი, ცხოვრების ნებიერი. მეურნეობაც მოსწყინდა და საზღვარგარეთ გადასახლდა. ძირითადად ლონდონსა და პარიზში ცხოვრობდა. მისი ყოველწლიური გასავალი 750000 მანეთი იყო. სამშობლოში იშვიათად ჩამოდიოდა.
ერთხელ, თეატრიდან გამოსულმა, ეტლი გაუშვა და პარიზის განათებულ ბულვარს გაუყვა. ერთ ბოძთან ტალახში გადაშლილი წიგნი დაინახა. აიღო და იმ ტექსტს მიაქცია ყურადღება, რომელიც ტალახით უფრო იყო დასვრილი. დანით ტალახი მოაცილა და წაიკითხა: "ჰრქუა მას იესუ: უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვე და შემომიდეგ მე" (მათე 19,21).
ნიკოლოზი მყისიერად შეიცვალა: იმან, რომ იგი ყოველთვის დახურული ეტლით დადიოდა, ახლა კი ფეხით გაისერინა და პარიზის ქუჩაში რუსული სახარება იპოვა, ასევე ტალახით დაფარულმა სახარების ტექსტმა ააღელვა, აატირა. ამაში ღვთის მოწოდება დაინახა და მიჰყვა კიდეც. საზღვარგარეთ საქმიანობა და ნაცნობებთან კავშირი გაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნდა. მიწების ნაწილი ღარიბ გლეხებს დაურიგა, დანარჩენი გაყიდა და აღებული ფულით სხვადასხვა სოფელში 34 ტაძარი ააშენებინა. თვითონ კი, ადამიანურ დიდებას გარიდებული, უსახლკარო მწირად იქცა და მონასტრიდან მონასტერში გადადიოდა. სადაც თავშესაფარს პოვებდა, იმ სავანესაც მატერიალურად ეხმარებოდა. მილიონობით ქონების განკარგვა ადვილი არ იყო. ნიკოლოზი რამდენიმე წლის მანძილზე ფულს (პროცენტებს) იღებდა და გასცემდა. ორმოცი წლისა მოიქცა ღვთისკენ, ოცდასამი წელი მწირობაში გაატარა, ბოლოს ღირსი პაფნუტი ბოროველის მონასტერში დასახლდა. სიცოცხლის ბოლოს მადლით განწმენდილს ერთგვარი დაფარულმცოდნელობის ნიჭი მიეცა. "მე, ცოდვილს, მქონდა ყველა მიწიერი სიკეთე, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, არ მახსოვს, უარი მეთქვას ხორცის მოთხოვნილებებზე, მაგრამ ვერც ერთმა ამ მატერიალურმა სიკეთემ ბედნიერება ვერ მომცა, რომელიც მხოლოდ მაშინ მეწვია, როცა ამ სიკეთეებზე უარი ვთქვი. არ არის კაცი, ამ სიკეთეებისკენ რომ არ ისწრაფოდეს, რამეთუ არ იცის, რომ ისინი მომხიბვლელნი გეჩვენებიან იმ დრომდე, ვიდრე მათკენ ისწრაფვი და აუტანელ სიმძიმედ და ჭაპნად იქცევა მათთვის, ვინც მათ დაეუფლება".
* სულიერი სრულყოფილებისთვის საჭიროა გონებისმიერი ლოცვის შეძენა. წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "მტერი მოგცემთ ყველაფერს, რაც გინდათ - მღვდელმონაზვნობას, ხელმწიფეობას, წინამძღვრობას, თვით პატრიარქობასაც კი, ოღონდ იესოს ლოცვა არ მოგცეთ (არ შეიძინოთ)".
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: "ერთი მდიდარი ვაჭრის შვილი ერთ-ერთ სავანეში მოეწყო, მაგრამ იქ ვერ გაძლო და ერში წავიდა: მოკლედ, მეფის სასახლეში ცხოვრების მერე ჭაობში ჩაეფლო. დაქორწინდა, შვილები ეყოლა. თუმც სავანიდან წასვლის მერე მალევე მიხვდა, რას მოაკლდა. გვიან იყო. ერთხელაც სადღაც ძველი, გაცრეცილი სამორჩილო კაბა იშოვა და შინ მიიტანა. დიდ დღესასწაულებზე განმარტოვდებოდა ხოლმე სახლის განაპირას, სამლოცველო ოთახში, და დიდხანს ტიროდა, იხსენებდა სავანეში ცხოვრებას".
* ათონზე, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში, ცხოვრობდა ოთხი ხორციელი ძმა: მღვდელმონაზონი გაბრიელი, მოძღვარი კალივისა, მამა სერფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი ერისკაცობაში გვარად კარცონესები იყვნენ და მესინის ქალაქისთავის შვილები გახლდნენ. მაგრამ რადგანაც "არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი", მათ სიყმაწვილეშივე მოისურვეს მონაზვნობა და მამამაც, ამ კეთილშობილმა ადამიანმა, თვითონვე მიიყვანა შვილები ათონზე. ისინი დიდებული ხატმწერები იყვნენ და არასოდეს უღალატიათ აღთქმისთვის, მონაზვნად აღკვეცისას რომ დადეს. თუმცა ბევრ ადამიანს იცნობდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობით არასოდეს შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები.
* ქალწული მონონი, რომელმაც მონაზვნობა სიყმაწვილეში გარეგნულად მიიღო, სინამდვილეში კი კერპთაყვანისმცემელი გახლდათ, სიმდიდრეს აგროვებდა და მოწყალებას არ გასცემდა. უნდოდა, ძმისწული მდიდარი კაცისთვის მიეთხოვებინა.
წმინდა მაკარს, რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავდა და მათთვის სახლი ჰქონდა აგებული, აწუხებდა მისი საქციელი. წმინდა მაკარი ახალგაზრდობაში ძვირფასი ქვების საუკეთესო დამწახნაგებელი იყო და მონონიც ასე იცნობდა. ერთხელ წმინდა მაკარმა მონაზონს უთხრა: - მავანი ორ უძვირფასეს ზურმუხტისა და იაგუნდის ქვას ყიდის. არ ვიცი, საკუთარია თუ ნაქურდალი, მაგრამ გარწმუნებ, რომ საუკეთესო სამკაული იქნება შენი ძმისშვილისთვის. თანაც ძვირიც არ არის, 500 ოქროს აფასებსო. მონონი შეეხვეწა, ხელიდან არ გაუშვა ეგ საგანძურიო და ხუთასი ოქრო გადასცა. ღვთისმოშიში მაკარი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, მონაზონს შეხსენება ერიდებოდა, რადგან იგი ყველასგან პატივცემული კაცი იყო. ერთხელ ეკლესიაში შეხვდა და ჰკითხა, - ქვები ხომ არ გიყიდიაო. შინ მაქვსო, - უთხრა წმინდანმა, - წამოდი, ნახე. თუ მოგეწონება, წაიღე, თუ არადა, ფული დაიბრუნეო. მონონი სიხარულით გაჰყვა.
"პირველად რისი ნახვა გინდა, ზურმუხტის თუ იაგუნდის?" - ჰკითხა ღირსმა მაკარმა. "რომელსაც შენ ინებებ", - მიუგო მონაზონმა. წმინდა მაკარი ერთ ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდას მამაკაცები მისხდომოდნენ და ღმერთს მის ჯანმრთელობას ავედრებდნენ. "აი, შენი იაგუნდი", - მიუთითა მათზე წმინდა მაკარმა. მერე მეორე ოთახში შეიყვანა, სადაც მოხუცებული, სნეული დედაკაცები მისხდომოდნენ სუფრას და ღმერთს მონონისთვის ევედრებოდნენ. "ესეც შენი ზურმუხტი, - უთხრა წმინდა მაკარმა, - რას იტყვი ამ ძვირფას ქვებზე? თუ გინდა, აიღე, თუ არადა შენს ფულს დაგიბრუნებო". შერცხვენილმა მონაზონმა არ იცოდა, რა ეთქვა და შინ დაბრუნდა.
გაახსენდა მონონს თავისი წარსული, ერთი კეთილი საქმეც ვერ მოიგონა და ისე შეწუხდა, რომ ლოგინად ჩავარდა. ამ დროს ეჩვენა ჯოჯოხეთის ცეცხლი, კაცი დიდებული, რომელმაც ამ საშინელებისკენ მიუთითა და უთხრა: "აი, ის საშინელებები, რომელთაგან ხსნა მხოლოდ იმ ზურმუხტსა და იაგუნდს შეუძლია, რომლებიც წმინდა მაკარმა შეიძინაო". ამ ამბის შემდეგ მონონმა თავის სულსაც მიხედა და დიდად ზრუნავდა გლახაკებისთვის.
* მამა ეგნატე კატუნაკელი (ერისკაცობაში იოანე) ათონზე დასახლდა და მორჩილად მამა ნეოფიტეს დაუდგა. ერთხელაც გაუმხილა: - მამაო, სოფელში ყოფნისას ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი ფული - სამასი გირვანქა მოვაგროვე. მინდა გადმოგცეთო. წმინდა ნეოფიტეს გაეცინა: - აქ რაში გვჭირდება? თუ მართლა გინდა მონაზონი გახდე, მაშინ უნდა განთავისუფლდე ამ ტვირთისგან. აიღე ეს ფული და მთელი მთაწმინდა მოიარე. სადაც გაჭირვებულ მონაზონს შეხვდები, ცოტა მიეცი და ხელწერილი ჩამოართვი. უკან დაბრუნებისას ამ ხელწერილებს მაჩვენებ და მაშინ მიგიღებო. იოანეს ეგონა, ეს ადვილი საქმე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბევრი მონაზონი, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, უარს ამბობდა ფულის აღებაზე. ოთხი თვე იწვალა, რომ ისეთი ბერები მოენახა, ვინც ამ ფულის აღებას დასთანხმდებოდა. ამ ოთხ თვეში მან ასკეტიზმის გაკვეთილები მიიღო და შემდგომში სხვებსაც ასწავლიდა, რომ არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი