მამა ხარლამპე დიონისიატელი
გონებისმიერ ლოცვაზე. წერილი სულიერ შვილს (გაგრძელება). არიან ისეთი ერისკაცნი, რომლებიც უფრო მარიამს ჰგვანან და არიან ისეთი მონაზვნები, რომლებიც თავიანთი გრძნობათა აგებულებით მართასაც არ ემსგავსებიან.
თესალონიკელთა ერთი ოჯახის აღსარებას ვიბარებ. გაოცებული ვარ მათი მართალი ცხოვრებით. მათი სახლი მონასტერს ჰგავს. ცოლი გარეთ მხოლოდ საყიდლებზე გამოდის და მაშინ, როცა გადაუდებელი საქმეები მოითხოვს. სამი შვილი ჰყავთ. როცა ბავშვები სკოლაში მიდიან და ქმარი - სამსახურში, ქალი ჯდება და ორი საათი იესოს ლოცვას იმეორებს... მერე დგება და ოჯახის საქმეს შეუდგება, ლოცვას კი აგრძელებს - ხან ბაგეებით წარმოთქვამს და ხან გონებით.
სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი თავისი დროის უდიდეს ნაწილს ლოცვას, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვას უთმობს.
ბავშვებიც მიეჩვივნენ ასეთ განრიგს. აი, რა მომწერა ამ დღეებში ამ ოჯახის დიასახლისმა: "ჩვენი შვილები სკოლაში ლოცვასაც კი მიეჩვივნენ. როცა შინ ბრუნდებიან, მე უკვე მოთავებული მაქვს ოჯახის საქმეები, სადილიც მზად მაქვს და კვლავ სალოცავ კუთხეში მივდივარ. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მეკითხებიან, - იქ რას აკეთებ, დედიკოო. ჩვენს მფარველობას შევთხოვ უფალს-მეთქი. შეიძლება შენთან ერთად ვილოცოთო? "რა თქმა უნდა, შვილებო, ქრისტეს თქვენ უყვარხართ და სურს, რომ ესაუბროთ". ამგვარად, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ შუადღისას 15-20 წუთი ვილოცოთ, მერე ვსადილობთ.
საღამოთი ბრუნდება მამა და ყველა ერთად საეკლესიო წიგნებს ვკითხულობთ, ანდა მე მათ წაკითხული წიგნებიდან ამბებს ვუყვები.
ზოგჯერ სტუმარი ცოტათი გვირღვევს განრიგს, მაგრამ უმეტესობა, მას მერე, რაც ახლოს გაგვიცნო, შემოდის ჩვენთან, რათა სულისმარგებელ საუბარში მონაწილეობა მიიღოს, ან იმ მეგობართან მიდია, რომელიც უფრო ეწყობა მათ ხასიათით. ზოგჯერ ლოცვისთვის ღამითაც ვდგებით, ანდა ცოტას ვკითხულობთ წმინდა მამათა ნაწერებიდან. კვირა დღეს კი მთელი ოჯახი წირვაზე მივდივართ და ვეზიარებით.
უფლის მადლით, ჩვენი შვილები მიეჩვივნენ ასეთ განრიგს და ხალისით ასრულებენ. მათი სკოლის მეგობრები მარხვას არ იცავენ, მაგრამ ბავშვებს ეს არ აცთუნებთ".
წერილის ბოლოს ეს კურთხეული დედაკაცი წერს: "აი, ასე მიედინება ჩვენი ცხოვრება, თუმცა გარშემო ეშმაკის შურით აღძრული ბევრი განსაცდელია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენს სახლში მეფობს ქრისტე და ძალზე კმაყოფილნი და ბედნიერნი ვართ.
აი, მაგალითი ერისკაცთა ცხოვრებისა, რათა მიხვდე, რომ ღმერთი პირუთვნელია, იგი ყოველთვის გარდამოავლენს თავის მადლს, მაგრამ მისი უმაღლესი საფეხურების წვდომა ერში ძალზე ძნელია.
თავიდან იესოს ლოცვის გამუდმებით წარმოთქმას ვსწავლობთ. რამდენადაც ჩვენთვის არის შესაძლებელი, ამ ლოცვას საკმაოდ სწრაფად და ხმამაღლა წარმოვთქვამთ. თუმცა დამწყები ჯერ არ არის განმტკიცებული და ეშმაკიც ცდილობს, გონება სხვადასხვა წარმოდგენით აუმღვრიოს. ლოცვის მოუკლებლად და სწრაფად წარმოთქმით შენ არ აძლევ ნებას ამ წარმოდგენებს, გონებაში გაგიბატონდნენ. განსაკუთრებით მიაქციე ყურადღება და ლოცვის დროს მთელი ძალით განაგდე ყველანაირი წარმოდგენა, თუნდაც ის კეთილად მოგეჩვენოს. განაგდე შენგან, რამეთუ სატანამ უკვე ჩასჭიდა მას ხელი. ეცადე, მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმული ლოცვის სიტყვები გესმოდეს.
წარმოიდგინე კაცი, რომლის სახლიც ავაზაკებმა ალყაში მოაქციეს. იგი იძულებული გახდება, იყვიროს, - მიშველეთ, ბანდიტები დამესხნენ... საფრთხეში ვარო.
ასე იქცევა დამწყებიც. ის იძახის (ზოგჯერ ხმამაღლაც კი): "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე", "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე".
აღსარებაზე მონაზვნებმა მითხრეს, რომ დროდადრო სატანა მათ სხვადახვა ამაო გულისთქმით, მათ შორის ხორციელი ფიქრებითაც შეუტევს ხოლმე და ამიტომ ძალების მაქსიმალური დაძაბვით ლოცულობენ. ეს ხდება მათთვის წმინდა ლოცვის შეძენის მიზეზი.
ზოგიერთი, ღვთის დაშვებით, ცხადაც ხედავს გამძვინვარებულ სატანას. იგი საშინელი შესახედაობისაა, იმუქრება, ურტყამს, ყელშიც კი სწვდება, რომ ლოცვა შეწყვიტოს. ასე ძრწის ის ქრისტეს სახელის გაგონებით. მაშინ სამასეულ სკვნილს ერთ წუთში ჩამომარცვლავ და ლოცვა ისეთი წმინდა ხდება, რომ ერთიანად ჩაიძირები ქრისტეში.
ერთმა მონაზონმა მიამბო, რომ ერთხელ ლოცვისას იგრძნო, სატანამ როგორ შეუბოჭა გული, თითქოს უზარმაზარი კლდე დააწვა მკერდზე. ვერც ბაგეებით და ვერც გონებით ლოცვის სიტყვების წარმოთქმა ვერ შეძლო. ჯვრის გამოსახვა სცადა და ეშმაკმა ორივე ხელი შეუკრა. თუმცა უფალმა ის გულისხმაჰყო და მან თავით ჰაერში ჯვარი გამოსახა. ეს საკმარისი აღმოჩნდა - სატანამ მაშინვე გაუთავისუფლა ხელები და მკერდი. ძმამ უმალ იწყო სწრაფი და წმინდა გონებისმიერი ლოცვის წართქმა. მე მას ვუთხარი: "უნდა მადლობდე სატანას, რომელმაც ლოცვა გასწავლა. ახლა კი ეცადე მის შენარჩუნებას".
"გონებისმიერ" ლოცვას "გულისმიერიც" ეწოდება. მეკითხები, შეიძლება თუ არა ბაგეებით ლოცვას გულისმიერი ვუწოდოთო.
ლოცვა, თუ ის წმინდაა, გონებისმიერი იქნება თუ ბაგისმიერი, გულისმიერია.
ლოცვა გულისმიერი მაშინ ხდება, როცა გონება გულის მიერ არის სრულიად შთანთქმული: თუნდაც ბომბები ფეთქდებოდეს, სახლს ცეცხლი წაეკიდოს, თუნდაც ადამიანს ცოცხლად დაწვა ელოდეს, ის მასში დარჩება.
შენთვის გასაგები რომ გახდეს, წაიკითხე წმინდა ირინე ქრიზოვოლანელის ცხოვრება. სატანამ ტანსაცმელზე ცეცხლი შეუნთო, მთელი სხეული ეწვოდა, მაგრამ ის სანთელივით გაუნძრევლად იდგა.
სწორედ ეს არის ნამდვილი ლოცვა, რომელიც ელვასავით აღიწევა ზეცამდე და ღვთის საყდრამდე მიაღწევს: ბაგეგანუხსნელად, მდუმარედ მლოცველ მოსეს მოესმა უფლის სიტყვები: "რასა ღაღადებთ ჩემსა მომართ" (გამოსვლათა 14,15). ეს ნიშნავს, რომ ლოცვა შიგნიდან გამოდიოდა და გულიდან გამომკრთალმა ელვამ ზეცამდე მიაღწია.
ახალდამწყების ბაგეებით ლოცვები სხვადასხვა გულისთქმაშია არეული და არ არის წმინდა. აბა, მას როგორ დაერქმევა გულისმიერი? სწორედ ასეთ ლოცვაზე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: "ღაღადვყავ შენდამი, უფალო" (ფს. 15,22).
ქანანელი როცა ქრისტეს თავის შვილზე შესთხოვდა ბაგეებით, ასევე სიღრმით გულისათაც ევედრებოდა. ეს იყო გულისმიერი ლოცვა. შვილო ჩემო, როცა გონება ღმერთში ჩაიძირება, მაშინ, თუნდაც ბაგეებით წარმოთქვამდე ლოცვას, ასეთ ლოცვას "გულისმიერს" ეძახიან. ის გულის სიღრმეებიდან გამოდის. გული და გონება ღმერთში ერთდება.
არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: თავისუფლად რომ ივარჯიშო გონებისმიერ ლოცვაში, სინდისი აუცილებლად სუფთა უნდა გქონდეს.
მაგალითად, შენ ცხოვრობ მონასტერში, რომლის თემიც ორმოცდაათი ძმისგან შედგება. შენი ვალია, მათთან მშვიდობითა და სიყვარულით იცხოვრო. თუ სათნო ეყოფი ორმოცდაცხრას და უგულებელყოფ ერთ-ერთ მათგანს, ის ერთი გადასწონის ყველაფერს და ლოცვა არ წაგივა, ეს უგულებელყოფა დაგაბრკოლებს.
ზოგჯერ სხვა არის დამნაშავე, მაგრამ ის არ ჩქარობს შენგან შენდობის თხოვნას. მაგრამ თუ გსურს ლოცვისას ღმერთი შეიძინო, მისი დანაშაული უნდა იტვირთო, სთხოვო შენდობა, მისთვის ილოცო, ყველაფერი გააკეთო მის შესარიგებლად. თუმცა ის თუ ეშმაკით არის შეპყრობილი და გაგირბის, მაშინ დიდმოთმინებით აღჭურვა გმართებს. ზოგიერთი მკვლელობის დემონით არის შეპყრობილი, რომელიც უბნელებს გონებას. ასეთ ადამიანებთან შეუძლებელია საუბარი, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, გვიყვარდეს ისინი და ვილოცოთ მათთვის.
შენ სოფელში ცხოვრობ. გაქვს სახლი, სამსახური. იყავი ყველას მიმართ თავაზიანი. გაექეცი მათ, ვინც შეიძლება გაწყენინოს და ნუ უჩვენებ დანარჩენებისადმი შენს მეგობრულ დამოკიდებულებას. ისინი ამას აუცილებლად შეამჩნევენ და ზედმეტი უსიამოვნება გექნება.
მწერ, ზოგჯერ მკერდში ტკივილს ვგრძნობ, ეს მთრგუნავს და სულს მიხუთავსო. ამ დროს უნდა ვიფრთხილოთ: არსებობს ტკივილი, რომელიც ლოცვის წყურვილისგან წარმოიშობა, მაგრამ არსებობს სხვაც, რომლის საბაბიც ჩვენ მივეცით ჩვენი ჩვეული განრიგის (ტიპიკონის) დარღვევით.
აბა, მიაქციე ყურადღება: ზოგჯერ, როცა სადილობას დააგვიანებ, კუჭი ამას მაშინვე შეგატყობინებს და ტკივილს გრძნობ გულის კოვზთან. იგივე ემართება იმის სულსაც, ვისაც ჩვევად აქვს განაძღოს ის სულიერი საკვებით. ამგვარი რამ მეც მემართება. თუ საზრუნავისა და მოულოდნელ წინააღმდეგობათა გამო განსაზღვრულ დროს ლოცვაზე დადგომას ვერ შევძლებ, გულში იმგვარი ტკივილი მეწყება, იმგვარი ლოცვის წყურვილი ამიტანს, რომ ერთი შეხედვით სრულიად უმიზეზოდ ვიტანჯები. იძულებული ვარ, კელიაში გავიქცე, რამდენადაც ძალი მეყოფა, შევიკავო სუნთქვა და ლოცვა წარმოვთქვა.
ლოცვა ისე სწრაფად და წმინდად წარმოითქმება, რომ გონება გულის სიღრმეებში ჩაეშვება. გული და გონება სუნთქვის შეკავებისგან უსაზღვროდ იტანჯება. ეს ტკივილი რჩება. მაგრამ ამას სული მოითხოვს. საკუთარი თავის დიდი იძულების მერე დგება განცხრომის ჟამი. სული უტკბესი ცრემლების ღვრით ინეტარებს. შიგნით უფლის მოსვლას გრძნობ. ისეთი მხურვალე, აღნთებული სიყვარული გიჩნდება ქრისტესა და მისი უწმინდესი დედის მიმართ, იმ წუთში უფლის გულისთვის თავი რომ მოეკვეთათ, უდიდესი ნეტარება იქნებოდა შენთვის. ასეთ დროს მივხვდი, თუ როგორი ნეტარება იყო წამება ჩვენი წმინდანებისთვის - საკუთარი თავი მთლიანად ქრისტეს მიუძღვნეს, ამიტომაც მათში მუდამ ეს უდიდესი სიყვარული მეფობდა.
ზოგჯერ, თუმცა სულს არ მოჰკლებია ლოცვის საკვები, შიგნით მაინც ტკივილს გრძნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვაიძულოთ თავს ლოცვა, ეს უწყებაა იმისა, რომ რაღაც განსაცდელი გველის. ამიტომაც შევიარაღდეთ. მაგრამ ზოგჯერ ტკივილი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას სჭირდება ჩვენი ლოცვისმიერი შეწევნა. წარემატები რა ლოცვის მეცნიერებაში, შენთვის ეს ყველაფერი გასაგები ხდება. ვიგრძნობ რა ტკივილს, ვიწყებ ლოცვას და ვიხსენებ მათ, ვისაც ვიცნობ. როცა ვიხსენებ იმას, ვინც განსაკუთრებულად მოითხოვს შეწევნას, სული პასუხობს და მხურვალე ცრემლებით ივსება. მაშინ გული შერბილდება, ტკივილიც გაივლის, სული კი აღივსება სიყვარულით ღვთისადმი და იმ ძმისა, რომელმაც შეწევნა გთხოვა.
მოგვიანებით ეს კაცი თვითონვე გეტყვით, რომ იმ წუთში მას მართლაც სჭირდებოდა დახმარება. ნამდვილ მოსაგრეებში ეს ტკივილი მრავალგზის ძლიერდება მაშინ, როცა შეწევნა სჭირდება მთელ ეკლესიას, ხალხს ანდა სამყაროს. ჩემი წმინდა მოძღვარი, მამა იოსები მეუბნებოდა, - როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, შიგნით ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ბუხარში ცეცხლი აგიზგიზდაო. იძულებული გავხდი, ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და დღედაღამ განძლიერებულად ისე მელოცა, არასოდეს რომ არ მილოციაო. მოძღვარი მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა. მალე ომის დაწყების ამბავი მოვიდა. იცი, რამდენი ჯარისკაცი იხსნა ტყვიისგან მისმა მხურვალე ლოცვამ?