ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
მამათა დარიგებანი
მამა გაბრიელ მეუდაბნოე (XXს.). იანაკოპულელ მამა გაბრიელს მორჩილებმა საღვთო ლიტურგიის მერე დასვენება შესთავაზეს.
იუარა: "არ გამოგვადგება ჩვენ საღმრთო ლიტურგიისა და საღმრთო ზიარების მერე დაძინება, რამეთუ მივიღეთ ქრისტეს უწმინდესი საიდუმლონი და საყოველთაო მტერმა, ეშმაკმა მძინარეს არ უნდა წაგვასწროს, თორემ გვაცდუნებს და შეგვიბილწავს სხეულს და სულს, ჩაგვიდებს ბილწ გულისთქმებს და მავნე სურვილებს, რომლისგანაც განქარდება ჩვენში საღმრთო ზიარების მერე შემოსული მადლი ღვთისა". მამათა დარიგებანი
მან ასევე თქვა: - ყველა სათნოების საფუძველი და საძირკველიცაა მარხვა და თავმდაბლობა, თუ პირველი ან მეორე არ აქვს კაცს, ვერანაირ სწორ და ნამდვილ სათნოებას ვერ მოიპოვებსო.
მამა მაკარი, ყუთლუმუშის იღუმენი: "ეშმაკისგან ხორციელი ვნებების ბადეში გახლართული უყურადღებო მონაზონი სიბერემდე ადვილად ვერ დაიხსნის მისგან თავს, ეშმაკისაგან იქნება დათრგუნვილი".
სიმონ კავსოკალიველი (XXს.): "მიეცი სისხლი და მიიღე სული; სათნოებები დიდი შრომით შეიძინება".
"მუცელი არ მეგობრობს სულთან. ბევრი ჭამა განდევნის მადლს, მარხვა კი მიიზიდავს".
მამა პეტრე მეუდაბნოე (XXს.): "კაცმა ღვთის სიტყვა ფეხზე მდგარმა უნდა წარმოთქვას და არა მჯდომარემ".
"თავმდაბლის ლოცვა მოსდრეკს ღმერთს".
"როცა არხში წყალი არ მოედინება, ის გახმება და ბაყაყებიც დაიხოცებიან" (ანუ თუ მუცელში საჭმელი არ მოხვდება, ვნებები გამოიფიტება და მოკვდება).
მამა ფილარეტ კარულიელი (XXს.) ერთხელ აუცილებელი საქმის გამო სოფელში წავიდა. დაბრუნებულს მონაზვნებმა ჰკითხეს, - სოფელი როგორი მოგეჩვენაო. უპასუხა: "ძმებო, მთელი სოფელი თავისი ცხოვნებისთვის ზრუნავს, ჩემ ცოდვილის გარდა".
მამა არსენ დაყუდებული (XX ს-ის დასასრული): "მონაზონმა თავიდან ჯერ საკუთარ თავში ქრისტე წარმოსახოს, ანუ შინაგანად გახდეს მონაზონი, შემდეგ გარეგნულადაც, ანუ ანგელოზის სქემა შეიმოსოს".
ნეტარი მღვდელმონაზონი ელპიტე ახალსკიტელი (XXს.): როგორც ქსელში ჩაურთველი ელექტროლამპა თავისთავად ვერ გაანათებს, ასევე სულიც, თუ ღმერთს ლოცვით არ შეუერთდება, ვერ განათლდება და ყოვლადწმინდა სულის ნიჭებსაც ვერ მიიღებს.
მამა გერასიმე ჰიმნოგრაფი, წმინდა ანას სკიტელი (XX ს-ის დასასრული). ბერმა თქვა: "სადაც არ უნდა ცხოვრობდეს მონაზონი - სკიტში იქნება, კელიასა თუ მონასტერში - თუ ღვთის შიში ექნება, ცხონდება".
მანვე თქვა: "წმინდად წოდებული ათონი კიდობანია მართალ დოგმატთა და წმინდა მამათა გარდამოცემის განძთსაცავია".
კელიოტი მონაზონი, მამა ნიკიტა (XX ს-ის დასასრ.): "მონაზვნისთვის კელია და მონასტერი ნებაყოფლობითი ციხეა".
ძველი ათონური აფორიზმები:
"ათონის მთას თოკით მიები და მთელ მთაწმინდაზე იარე, ოღონდ მის საზღვრებს ნუ გასცდები". "აქ ყველა სულისთვის საკმარისი მონასტერი, კალივა, კელია და სკიტია".
"როცა მონასტერში მოდიხარ, უნდა გქონდეს კეთილმოკრძალება და მოშურნეობა ათონის მიმართ".
"სჯობს სკვნილით მოხვდე სამოთხეში, ვიდრე ოლარით - ჯოჯოხეთში".
მამა მაქსიმე ივერიელი. მღვდელმონაზონი მამა მაქსიმე ამბობდა: "მტკიცედ იდექით და დაიცავით გარდამოცემა, რამეთუ თუ ვიტყვით, არ გვინდა მარხვა, ანდა ერთი დღე მარხვა საკმარისიაო, ნელ-ნელა სრულ გახრწნამდე მივალთ".
"მორჩილისთვის მორჩილება უმაღლესი სათნოებაა. თუ მოძღვარი მორჩილს უბრძანებს, იატაკი ზეთით დაასველოს, ეს მან უყოყმანოდ უნდა შეასრულოს".
"მონაზვნობა ყველგან ერთი და იგივეა, თუ მონაზვნის მოვალეობას აღასრულებ".
"მე არასოდეს მუცლისთვის არ მისიამოვნებია, მარხვა - საფუძველია ლოცვისა".
"მარხვის გარეშე ლოცვა უფრთო ჩიტს ჰგავს. იგი დაბლა ეცემა და ღვთის ტრაპეზის წინაშე წარდგომა აღარ შეუძლია. ამიტომაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოველთვის ყველაფერში მეხმარება".
"მარხვით დათმენილი განსაცდელი ღვთის მადლს მოიკრებს".
"სიმღერითა და სიცილით სამოთხეში არავინ შესულა".
მამა ეფრემ კატუნაკელი: "კაცი, რომელსაც ღვთის შიში არა აქვს, აუცილებლად შესცოდავს ან ახალგაზრდობისას, ან შუა ხანში; ყველაზე საშინელი ცოდვის ჩადენა სიბერეშიც კი შეუძლია".
მან ასევე თქვა: "სათნოებათა ზანზალაკი, მონაზვნისა და ყოველი ქრისტიანის სამკაული - მოთმინებაა, ხოლო ვინც სხვისთვის ლოცულობს, მასთან ერთად იტანჯება".
მამა ხარლამპე. ბერმა ახალგაზრდა ღვთისმოშიშ ქრისტიანს უთხრა: "თუ ნაპერწკალს დროზე არ ჩააქრობ, მაშინ ხანძარი გაჩაღდება და დიდი გაჭირვებითღა ჩააქრობ. თუ ცოდვიან გულისთქმებს მაშინვე უარყოფ, ანდა მის ნაჩვენებ საცთურს ლოცვით უკუაგდებ, მაშინ სული გათავისუფლდება ცოდვის ტყვეობისგან".
მანვე თქვა: "მორჩილის ცხონება სანახევროდ დამოკიდებულია მორჩილებაზე, სანახევროდ - ლოცვაზე".
მამა ეფრემ დაყუდებული: "ყოვლადსახიერმა და მრავალმოწყალე ღმერთმა დრო მოგვცა, სინანული შევძლოთ".
მამა დამასკინი, ყუთლუმუშის სკიტელი: "მონაზვნის ცხოვრება განსაცდელებთან ბრძოლაა. მაგალითად, თუ სნეულება შეეყარა, გაივლის. მერე მწუხარება მოდის. წავა ისიც და ხორციელი ბრძოლა იწყება. ისიც წავა და სხვადასხვა განსაცდელი მოდის. ეს მუდმივი ბრძოლაა მონაზვნისა სიცოცხლის ბოლომდე".
მან ასევე თქვა: "როცა მონაზონი შესცოდავს, ის მალევე უნდა გამოსწორდეს სინანულით და სასოებით, ვიდრე სასოწარკვეთის სული არ სწვევია".
უცნობი კარულიელი მეუდაბნოე: "ღმერთი ეცხადება და ესაუბრება ადამიანს. შეიძლება მისი შეცნობაც, რამეთუ იგია ნათელი. "საღვთო ნათელი" - ეს ალეგორია კი არ არის, ანდა განყენებული ცნება, მისტიკური გამოცდილების ფაქტია".
მონაზონი ანანია კავსოკალიველი: "მონაზვნისთვის სინანული არც სწრაფწარმავალი და არც დროებითი საფეხურია, არამედ მდგომარეობაა, რომელიც მუდმივად გრძელდება. ეს მეორე შობაა, ღვთისგან ნათლისღებით მოცემული, შესაძლებლობაა მამასთან დაბრუნებისა. ამგვარად, რამდენადაც ადამიანი ღმერთთან ერთობაში შედის, უფრო მეტად შეიცნობს საკუთარ არასრულყოფილებას. ამ სინანულის შედეგი კი შინაგანი შემუსვრილებაა, ცრემლებია".
ის ასევე ამბობდა: "მონაზვნისთვის ლოცვა - მამოძრავებელი ძალა, სულიერ ცხოვრებაში ყველა საქმის დასაწყისია".
მამა გაბრიელ კავსოკალიველი. ბერმა თქვა: "ჩვენ ამა სოფლის მგზავრები ვართ. "მაკურთხე" - "ღმერთმა გაკურთხოს". მეტი არაფერი. მრავლისმეტყველება საჭირო არ არის. მან ასევე თქვა: "მოთმინება, ყურადღება, ლოცვა - ეს სამი საგანი სჭირდება მონაზონს და საერთოდ ადამიანს".
მონაზონი თეოფილაქტე დიონისიატელი: "სამყარო სავსეა მაღალი გონების, მაგრამ ეკლესიისთვის სახიფათო ადამიანებით. სოფელს ყველა დროში სიწმინდე სჭირდებოდა და სჭირდება".
"მხოლოდ ქრისტეს მიერ და მისი მცნებებით შევიძენთ ღმერთს, ჭეშმარიტად და მშვიდად გავეხვევით მის ნათელში".
არქიმანდრიტი პართენი, წმინდა პავლეს მონასტრიდან. "მონაზვნობა - მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნებაა".
არქიმანდრიტი ქრისტოდულო ყუთლუმუშელი: "კაბით შემოსვა - სავანესთან მონაზვნის დაწინდვაა, ანგელოზის სქემით შემოსვა კი მათი ქორწინება".
არქიმანდრიტი ეფრემ ვათოპედელი. "მონაზვნობის უარმყოფელი მონაზონი, რომელიც შავ კაბას გაიხდის და სოფლის სიამტკბილობით დასატკბობად წავა, ბოლოს ყველაფერს "შავად" დაინახავს.
მონასტერში მყოფი მონაზონი კი, რომელსაც ნათელი გული აქვს, ყველაფერს გაბრწყინებულად და ნათლად ხედავს".
თანამედროვე მონაზონთა სხვა გამონათქვამები:
"მონაზონი, რომელიც ხშირად ტოვებს მთაწმინდას, სიცოცხლეს ან სოფელში დაასრულებს, ან უნაყოფოდ დარჩება".
"გინახავს კაცი, რომელიც ვინმეს განიკითხავს შენთან? დარწმუნებული იყავი, რომ შენც როდისმე აუცილებლად განგვიკითხავს სხვებთან".
"უფლისმიერი მეუდაბნოე ცხოვრება ძირეულად აღმოფხვრის და აღხოცს ვნებებს. ერისკაცული ცხოვრება (მონაზვნისა) კვებავს, წამოზრდის და განამშვენებს ვნებებით".
"ხშირად ეშმაკი თავისი მძვინვარებით, ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, ღვთის ძაღლად იქცევა, რომელიც გვიყეფს, გვკბენს და ღვთის საცხვრეში შეგვრეკავს".
"მონაზონი, რომელიც თავისი სქემით ამაყობს, ჰგავს იმ ჯარისკაცს, რომელსაც ბრძოლის დროს იარაღი მხარზე ჰკიდია".
"ვინც ფიქრობს, რომ მონაზვნებმა სოფელში უნდა იარონ და იქადაგონ, მაგონებს იმ ხალხს, რომლებიც თვლიან, რომ ექიმებმა უნდა მიატოვონ საავადმყოფოები და კლინიკები და სოფელში აპარატებით იარონ წნევისა და სიცხის გასაზომად".
"თუ წინასწარმეტყველი მეორედ მოსვლის, ანდა ანტიქრისტეს გამოჩენის წელს ან თარიღს დაასახელებს, მარტო ამით იცოდე, რომ ის ცრუ წინასწარმეტყველია".
"მონანულმა ცოდვილმა, ისე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია, დააჭირა ღვთის სამართლიანი რისხვის ამომრთველს".
"თუ უდაბნოში, სიმყუდროვისთვის განდეგილი მონაზონი თავის ღვაწლს საფუძვლად სიმდაბლეს დაუდებს, მაშინ სულიწმინდა ასწავლის, თუ როგორ ააშენოს თავისი ცხონების სახლი. მაგრამ თუ საფუძვლად ეგოიზმს ჩაუდებს, მაშინ მას ეშმაკი ასწავლის, როგორ ააშენოს თავისი წარწყმედის სახლი".
"ყრმებსა და მოხუცებს ხორციელი დახმარება სჭირდებათ, ახალბედებს და ხიბლში ჩავარდნილთ კი სულიერი შეწევნა".
"ვინც რჩევისთვის არავის ეთათბირება, მას თვით გამოცდილება ასწავლის, რომელიც ხშირად მწარეა ხოლმე".
"ვისაც მოყვასის უსაზღვრო სიყვარული აქვს, ღვთის მადლს მოიხვეჭს, მეუდაბნოე მოსაგრე ცხოვრების მადლი კი მას განაცხოველებს".
"მოძღვარი სულიერი როზეტია, საიდანაც მორჩილი სულიერ დენს იღებს, რომელიც მარადული წყაროდან - ღვთისაგან მოედინება. დენის წყარო - ღმერთია, სულიერი დენის გამტარი კი მოძღვარი".
"კაცი, რომელიც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, ხშირად დაეცემა და მოკვდება კიდეც. მაგრამ ვინც თავის სინდისს უჯერებს, ყოველთვის ხელმძღვანელობს მისით ცხოვრებისა და სასუფევლის გზაზე, რამეთუ ადამიანის სინდისი - მისი სულის ხომალდის საჭეა".
...დასასრულს კი ვიტყვი, რომ ეს წიგნი დავწერე მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერი სიკეთისათვის, პატივად და შესხმად მთაწმინდის მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და სადიდებლად ყოვლადწმინდა სამებისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.