მამა ხარლამპე დიონისიტელი
მოძღვართ მოძღვარი - მღვდელთა და მონაზონთა. მამა ხარლამპეს სახელი თანდათან ცნობილი გახდა.
მასთან სააღსარებოდ მოდიოდნენ არა მარტო ათონელი მონაზვნები, არამედ სოფლის მღვდლებიც და ერისკაცნიც.ყველას სხვადასხვანაირად არიგებდა. ხელდასხმის წინ სააღსარებოდ მოსულთ გარკვეულ კანონს აძლევდა. როგორც ცოლოსან მღვდლებს, ისე უცოლოებს მოუწოდებდა, ყოველდღიურად აღესრულებინათ დადგენილი საეკლესიო ღვთისმსახურებანი, ანუ მწუხრი, სერობა, ცისკარი და რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, ხშირად ჩაეტარებინათ საღვთო ლიტურგია (სადაგ დღეებშიც კი).
როცა მასთან ჩიოდნენ, შუა კვირაში ღვთისმსახურებაზე ხალხი თითქმის არ დადისო, ეუბნებოდა: "მღვდელი შუამავალია. მისი ვალია - ყოველდღიურად აღავლინოს ლოცვები და ღვთაებრივი შესაწირი შესწიროს თავის სამწყსოსთვის".
ერთხელ ძალზე ღვთისმოსავმა მღვდელმა უთხრა, - როცა წესთა აღსასრულებლად მიხმობენ, თან მიმაქვს ძელიცხოვლის ნაწილიანი ჯვარი, იმით ვაკურთხებ ხალხს და მრავალი სასწაული-კურნება აღესრულებაო.
- რასაც შენ აკეთებ, მამაო, კარგი და საქებარია, - უთხრა მამა ხარლამპემ, - მაგრამ ამასთან ერთად უნდა აღასრულო ღვთისმსახურების ყოველდღიური ციკლი, ეს შენი ვალია. იქნებ ღირს არსენ კაპადუკიელზე სასწაულთმოქმედი ხარ? ეს დიდი წმინდანი და სასწაულმოქმედი ოთხშაბათსა და პარასკევს თავის კელიაში იკეტებოდა და არავის იღებდა, რადგან თავის ლოცვით ვალს აღასრულებდა და ახალი სასწაულთმოქმედებისთვის ძალებს იღებდა.
ერთხელ მამა ხარლამპესთან ბურეზარის კელიიდან მღვდელმონაზონი მოვიდა და უთხრა, - საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ვსწავლობ და თესალონიკში დასთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიაო. ბერმა უთხრა:
- ძალზე ფხიზლად იყავი, შვილო. მე ვიცი, რომ ის გოგონა შენი დაა და ორივეს ერთი სისხლი გაქვთ, მაგრამ ადამიანები მზაკვრები არიან, ამასთან ერთად, ქუჩაში ნურასოდეს გამოხვალ, სტუმრად ნურავის მიიღებ ბინაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ხარ. არაერთისთვის დაუწამებიათ უნებურად საშინელი ცილი. ზოგი კი, ისე რომ, ამის სურვილი არ ჰქონიათ, ეშმაკის დაგებულ მახეში გაბმულან.
უცოლო ღვთისმსახურთადმი მამა ხარლამპე უფრო მკაცრი იყო. ამბობდა, მარტოხელა მღვდლებმა, რომელთაც ეშმაკი განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძვის, საკმარისი არ არის ღვთისმსახურების დღიური ციკლი აღასრულონო. ასეთ ღვთისმსახურს ურჩევდა, რამდენიმე საათი განმარტოებულს გონებისმიერი მოუკლებელი ლოცვისთვის მიეძღვნა. მამა ხარლამპე აღსარების სათქმელად მისულ ყველა მონაზონს იღებდა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ თავიანთი მამა ჰყავდათ და მეტიც, მასთან თავიანთი მოძღვრისგან ფარულად მოდიოდნენ.
ჯერ კიდევ არ იყო დიონისიატის მონასტრის იღუმენი, როცა სავანის რამდენიმე მამა, თავიანთი იღუმენის, ღირსი გაბრიელის უკურთხებლად, მასთან სააღსარებოდ მივიდა. თავიდან მამა ხარლამპე ყოყმანობდა: - შეიძლება კი, მონაზონთაგან აღსარება ისე მივიღო, რომ მათ მოძღვარს არ შევატყობინოო.
ერთ დიდ დღესასწაულზე წმინდა პეტრეს ტაძარში შეხვდა იღუმენ გაბრიელს. ხელსაყრელი დრო შეარჩია და, როგორც ასაკით უფროსს და გამოცდილ მოძღვარს, ამის თაობაზე ჰკითხა. ბრძენმა მამამ უპასუხა: "წმინდაო მოძღვარო, შენ მოვალე ხარ, სააღსარებოდ მიიღო მონაზვნები, თუნდაც თავიანთი მოძღვრის კურთხევის გარეშე მოვიდნენ. შენი ვალია, მათ გვერდით დაუდგე, ანუგეშო. რადგან შენთან მოდიან, ესე იგი, მათ ეს სჭირდებათ".
სულიერი მამის მორჩილების გარეშე მყოფ მონაზვნებთან მამა ხარლამპე მკაცრი იყო. მრავალ მამათა გადმოცემით, მონაზონი, რომელსაც არ ჰყავს მოძღვარი, სიკვდილამდე რა მკაცრადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, თავისი ცხონების სახლს ქვიშაზე აშენებს, ყოველ ჟამს საფრთხე ელის გარშემო დაგებულ ეშმაკის მახეთაგან. ამიტომაც, როცა მასთან მორჩილების გარეშე მცხოვრები მონაზონი მიდიოდა, უხსნიდა, რომ ამგვარი ცხოვრება სიკეთეს არ მოუტანდა. ურჩევდა, ჯერ იმ მონასტერში დაბრუნებულიყო, რომელიც მიატოვა და ჰპირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში მისი მოძღვარი გახდებოდა. როცა მამა სხვადასხვა, თუნდაც სამართლიანი მიზეზებით უარობდა, მაშინ ის რბილად ურჩევდა, სთხოვდა კიდეც, სხვა ადგილას შემდგარიყო მორჩილად. უკიდურეს შემთხვევაში ამგვარ რჩევასაც კი აძლევდა: "თუ არ გსურთ, ცხოვრება მორჩილებაში გაატაროთ, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ვინმე მოხუცებული მოძღვარი მონახეთ, მამობა სთხოვეთ და მას მიხედეთ. როცა ის მოკვდება, თავისუფალი იქნებით, თქვენზე კი მისი კურთხევა იქნება".
მონაზონი, რომელსაც მორჩილებაში ცხოვრება არ უნდოდა. ერთმა ძმამ მიატოვა მონასტერი, რომლის მოძღვარიც მამა ხარლამპე იყო და მასთან სააღსარებოდ მივიდა. მამა ხარლამპემ უარი განუცხადა და უთხრა: - მხოლოდ მაშინ მიგიღებ, როცა უკან დაბრუნდებიო.
- ეს შეუძლებელია... ამის გაკეთება არ შემიძლია, - მიუგო მონაზონმა.
მამა ხარლამპე შეუვალი იყო, მაგრამ ძმაც უკან არ იხევდა. მაშინ მოძღვარმა უთხრა:
- თუ არ გსურს შენს იღუმენს დაემორჩილო, მაშინ სხვა ვინმე მამა მოძებნე და მას დაემორჩილე სიკვდილამდე. მაშინ მიგიღებ სააღსარებოდ.
მონაზონმა ძებნა დაიწყო და ბოლოს ერთი ასი წლის ბერი იპოვა, რომელსაც მარტო მოვლა უნდოდა და ძმასაც შანსი მიეცა, მოძღვრისგან კურთხევა მიეღო (ათონური ტრადიციით, მორჩილი, რომელიც მოუვლის და დამარხავს თავის მოძღვარს, ამ უკანასკნელისგან კურთხევას (მადლს) მიიღებს). "ეს ორი წელიღა თუ გაძლებს, მე კი მისგან კურთხევა და კელია დამრჩებაო", - ფიქრობდა მორჩილი.
მხიარულად დაბრუნდა მამა ხარლამპესთან და მანაც ვეღარ უთხრა უარი. ძმა მიბრუნდა ახალ საცხოვრებელში და იმ კელიის ფაქტობრივი ბატონ-პატრონი გახდა. მაგრამ ღმერთმა მისი განზრახვა გამოსცადა. იმ სკიტში რამდენიმე მონაზონმა ჯანყი წამოიწყო - თავიანთი ფიქრით, სურდათ, წესდება უფრო სრულყოფილი გაეხადათ. დანარჩენი ძმები წინააღმდეგნი წავიდნენ ამ სიახლეებისა. მოუწოდეს, ან თავი დაენებებინათ განმანათლებლობისთვის, ანდა სკიტი დაეტოვებინათ. ხსენებულმა მონაზვნებმა უკან არ დაიხიეს და სკიტი დატოვეს. მათ შორის ეს ძმაც იყო. ის მიადგა მამა ხარლამპეს და ყველაფერი უამბო. მან უთხრა:
- აბსოლუტურად მართლები ხართ, მაგრამ მონაზვნობაში სიმართლე არ უნდა ეძებო. მონაზონი მართალი ხდება მაშინ, როცა მორჩილების გზით მიდის, მოთმინებით დაითმენს უსამართლობასა და განსაცდელებს. თუ გინდა, დატოვე სკიტი - ამის უფლება გაქვს, მაგრამ ახლა შენ მოძღვარი გყავს. დაუთმე, ყოველ შემთხვევაში, დაიცადე მის გარდაცვლებამდე. მისი სიკვდილის შემდეგ მის კურთხევას აიღებ და მერე წადი, სადაც გინდა.
მაგრამ ამ მონაზონმა სკიტი მაინც დატოვა. თავის მოხუც მოძღვარს შესთავაზა, თან გაჰყოლოდა. უარი მიიღო: "მთელი წუთისოფელი აქ ვცხოვრობდი და ახლა სხვაგან უნდა მოვკვდეო?" მართლაც, მოძღვარი ორ თვეში გარდაიცვალა. მონაზონი კი, რომელმაც ის მიატოვა, მამის კურთხევის გარეშე დარჩა.
ახალ კელიაში. გენერალ-გუბერნატორი. 1967 წელს მამა ხარლამპეს მცირე ძმობა ქილანდარის კელიაში - ბურეზაში გადავიდა. მამა ხარლამპეს დიდი ჯაფა დაადგა - უამრავი აღმსარებელი აწუხებდა, ბევრი ერისკაცი მოდიოდა და დარჩენას ითხოვდა. მას ღამეს ათევინებდნენ. თუ დილით სურვილი ექნებოდა მონასტერში დარჩენისა, მამა ხარლამპე სამასეულ სკვნილს მისცემდა და ეტყოდა: "თუ მოგწონს ჩვენი განრიგი, ეს სკვნილი აიღე და იცხოვრე, რამდენ ხანსაც გინდა. ოღონდ, გთხოვ, ყოველთვის მომიყვე შენს ღამის მოღვაწეობაზე". ვინც რჩებოდა, სულიერად გამდიდრებული ბრუნდებოდა ერში და მიღებულ გამოცდილებას იყენებდა განსაცდელებთან ბრძოლაში.
1967 წელს საბერძნეთში ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ისინი ყველგან თავიანთ ხალხს ნიშნავდნენ. მთაწმინდის გუბერნატორად ერთი ღვთისმოშიში კაცი, გადამდგარი გენერალი
გ. კრეკუკიასი დანიშნეს.
შეიტყო საყოველთაოდ ცნობილი მოძღვრის ამბავი და მასთან უბრალო მომლოცველივით, ფარულად ფეხით მივიდა. აღსარებისას გაუმჟღავნა მოძღვარს, რომ მთაწმინდის ახალი გუბერნატორი იყო. პირველმა შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას მერე ხშირად დადიოდა მამა ხარლამპესთან აღსარებაზე და რჩევის საკითხავად.
გუბერნატორს მამა ხარლამპეს სათნოებათა შორის უფრო მეტად მისი უპოვარება მოსწონდა. ხედავდა, რომ ძმობას ბევრი რამ სჭირდებოდა და სთხოვა, დაფინანსების ნება მიეცა. მამა ხარლამპე უარობდა. გაოცებულმა გუბერნატორმა ჰკითხა: - დახმარებაზე უარს რატომ ამბობო.
- მე ფულს სისხლშერეული ოფლის ღვრით გამოვიმუშავებ, - უთხრა მამა ხარლამპემ, - ხომ ხედავ ჩვენს მონაზვნებს? ერთნი ხატებს ხატავენ, სხვები სეფისკვერების ბეჭდებს კვეთენ, მესამენი ბაღში შრომობენ. მე სოფლიდან ფულს მიგზავნიან შეკვეთილი წირვისთვის, ორმოცდღიანი მოსახსენებლისა და პანაშვიდ-პარაკლისისთვის. ეს ფული კურთხეულია, რადგან მათი მიღება გამართლებულია. შენგან ფულის მიღება როგორ გავამართლო?
- კარგი, ასე იყოს, - დაყაბულდა გუბერნატორი, - მოსახსენებლად სახელებს და ცოტა ფულს დაგიტოვებთ დიდი ავზის შესაკეთებლად, საიდანაც წყალი ჟონავს, თანახმა ხართ?
- კი, ახლა თანახმა ვარ.
გუბერნატორი წავიდა. მამა ხარლამპემ მისი დატოვებული კონვერტი გახსნა. შიგ ასი ათასი დრაქმა იდო. ეს მაშინ ძალზე დიდი ფული იყო. მამა ხარლამპე განერვიულდა, იმ ღამეს ვერც ძილი და ვერც ლოცვა ვერ შეძლო. დილით კი მივიდა გუბერნატორთან ფულის დასაბრუნებლად. მაგრამ რადგანაც მას თანხა საბუთებში გატარებული ჰქონდა, მოძღვარს სთხოვა, ფული სხვაგან შესწირეთ, სადაც საჭიროდ მიიჩნევთო. ამ ამბის მერე იგი უფრო მეტ პატივს სცემდა მოძღვარს.
ერთხელ გუბერნატორმა მამა ხარლამპეს თავისი დიდი ხნის გულისტკივილი გაანდო: - ჩემი ძმა ძალზე მიყვარდა. 1940 წელს ფრონტზე მოკლეს. მას მერე ერთხელაც არ დამსიზმრებია, რომ მენუგეშაო.
- ნუ განიცდი, შვილო, - დაამშვიდა მამა ხარლამპემ, - ამაღამ მისთვის საღვთო ლიტურგიას გადავიხდი და იმედი მაქვს, ღმერთი შენდა სანუგეშოდ გაჩვენებსო.
მართლაც, იმავე ღამეს გუბერნატორმა ძმა სიზმარში ნახა. მან გახარებულმა მადლობა გადაუხადა ლიტურგიისთვის და უთხრა, რომ ძალზე კარგ ადგილას იმყოფებოდა.
ამ ამბის შემდეგ გუბერნატორმა გადაწყვიტა, მადლობა იმით გადაეხადა, რომ მამა ხარლამპე ეპისკოპოსი გაეხადა. "რას ამბობ, შვილო, მე ხომ ათონი არასოდეს დამიტოვებია, ეპარქიას როგორ ვმართავ?" - შეწუხდა მამა ხარლამპე.
- მამაო, თქვენ აქ იქნებით ეპისკოპოსი, - ჩვენ მოვეთათბირებით პატრიარქს და ის მთაწმინდის მიტროპოლიტის ტიტულს დააწესებს.
- ბატონო გუბერნატორო, გთხოვთ, დაივიწყოთ ეს ამბავი. ჩემთვის საკმარისია ის ტვირთი, რაც მაწევს. ხომ ხედავთ ამ მონაზვნებს? მე ვიყავი მათი მიმრქმელი მათი ბერად აღკვეცისას და ღვთის წინაშე აღთქმა დავდე, რომ მათი სულიერი წარმატებისა და ცხონებისათვის ვიზრუნებდი. მათ გვერდით ვცხოვრობ და თვალყურს ვადევნებ, აღასრულებენ თუ არა მორჩილებას, ღამისთევის ლოცვებს, თუ ლოცულობენ, სწავლობენ იესოს ლოცვას. ღმერთმა ეს მცირე სამწყსო მომცა და მათ პასუხი უნდა მივცე. დიდი ტვირთის აწევა არ ძალმიძს. დაუთმეთ მღვდელმთავრობა მას, ვინც ამის ღირსია.
გუბერნატორი, რომელსაც ხუნტის დროს ძალზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა, პატივისცემით მოეპყრო მამა ხარლამპეს უარს და მისადმი მეტი კეთილმოკრძალებით განიმსჭვალა.